„თქვენ ოღონდ გაიმარჯვეთ და აზიდვები ჩემზე იყოს!“ - კვირის პალიტრა

„თქვენ ოღონდ გაიმარჯვეთ და აზიდვები ჩემზე იყოს!“

8 მაისი მორიგი გამარჯვების დღედ უნდა იქცეს: საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები ბერძნებს უმასპინძლებს და მოგებით ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საგზურს დაიბევებს! ფავორიტები კი ვართ, მაგრამ გულშემატკივრის მხარდაჭერა ძალიან გვჭირდებაო, მითხრა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ტიტე კალანდაძეს უახლოეს მატჩსა და სხვა საინტერესო თემებზე ველაპარაკეთ:

- 2024 წლის იანვარში საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. გუნდის თამაშისა და შედეგების ფონზე გულშემატკივარს აქვს იმედი და, გარკვეულწილად, მოთხოვნაც, რომ კონტინენტის პირველობაზე ჩვენი თამაში ტრადიციად იქცეს. ამჟამად, რა "მანძილი" გვაშორებს ევროპის ჩემპიონატისგან?

- გულშემატკივარი ჩვენგან თავდაუზოგავ ბრძოლას მიეჩვია, ბრძოლას კი ყოველთვის მოაქვს შედეგი. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს მხოლოდ ერთი გამარჯვება გვაშორებს, ბერძნები აუცილებლად უნდა დავამარცხოთ და ზედიზედ მეორედ გავიფორმოთ კონტინტენტის პირველობის საგზური.

- მესმის, რომ მატჩისწინა შეკრების დაწყებამდე რთულია შეგირდების კონდიციებზე ლაპარაკი, მაგრამ რაც ამ ეტაპზე იცით, კარს მომდგარ მატჩს როგორ ფორმაში ხვდებიან საქართველოს ნაკრების ხელბურთელები?

- საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა 90% საზღვარგარეთ თამაშობს, კლუბები მათ მხოლოდ მატჩამდე სამი დღით ადრე უშვებენ ეროვნულ გუნდში. სამწვრთნელო შტაბს, ფაქტობრივად, არ რჩება დრო გუნდის მოსამზადებლად, ნაკრების მოთამაშეები შეუძლებელს აკეთებენ და თამაშიდან თამაშამდე ვახერხებთ ფიზიკური თუ ტაქტიკური მომზადების გაუმჯობესებას. გუნდის წევრებთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს, რამდენიმეს მიკროტრავმაც აწუხებს, მაგრამ იმედია, მატჩის წინ ყველა მათგანი ჯანმრთელი იქნება. ერთი მოთამაშის გარდა, რომელიც უკვე ორი წელიწადია, გვაკლია...

- გასაგებია, რომ გულისხმობთ თქვენს შვილს, ნიკოლოზ კალანდაძეს, რომელიც ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა ტრავმის გამო ევროპის ისტორიული ჩემპიონატიც გამოტოვა და მოედანზე ჯერაც არ დაბრუნებულა...

- შარშან ვარჯიში ისეთ დროს დააწყებინეს, როცა ბოლომდე არ იყო გამოჯანმრთელებული. ახლა ნიკოლოზი მაშინდელზე უკეთეს კონდიციაშია, თუმცა ჩვეული ფორმის დაბრუნებამდე, სავარაუდოდ, კიდევ დასჭირდება 2-3 თვე...

- ევროპის შარშანდელ ჩემპიონატს დავუბრუნდეთ: რა უფრო ემოციურად გახსოვთ - საგზურის მოპოვება თუ ტურნირის პირველი მატჩი?

- რა თქმა უნდა, უნგრეთის ბოლო წამებზე დამარცხება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა დაუვიწყარია ნაკრების თითოეული წევრისთვის, მაგრამ როცა გერმანიაში ჩავედით, მხოლოდ მაშინ გავაცნობიერეთ ბოლომდე, რომ ევროპის უძლიერეს გუნდებს შორის ვიყავით. ჩვენთვის ეს აბსოლუტურად ახალი გარემო და ემოცია იყო... ევროპის ჩემპიონატი "სამოთხეა" სპორტსმენებისთვის და წარმომიდგენია, რა განცდა იქნება მსოფლიო პირველობაზე ან ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა. დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ისეთ დონეს მივაღწევთ, რომ ოლიმპიადაზეც მოვხვდებით. ეს სასწაული იქნება, თუმცა არც ისე წარმოუდგენელი, რადგან ჩვენმა ბიჭებმა უკვე არაერთხელ მოახდინეს სასწაული... მეტი რა მაგალითია საჭირო: რაც მე ვარ ნაკრების სათავეში, ერთხელაც არ გვითამაშია მეტოქესთან, რომელიც ჩვენზე სუსტი იყო, ანდა რეიტინგში მაინც ჩამოგვრჩებოდა!

tite-kalandaze-da-giorgi-cxovrebaze-1745768636.jpg

- ყველაფერზე იმედისმომცემი კი ის არის, რომ საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა უდიდესი ნაწილი ძალიან ახალგაზრდაა!

- დიახ, ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს, ვითარდებიან, გამოცდილებასაც აგროვებენ და უახლოეს წლებში კიდევ ბევრი ახალგაზრდა პერსპექტიული ხელბურთელი დაგვემატება. მთავარი სწორედ ეს არის - მუდმივად დაგვემატონ ახალი მოთამაშეები და იმავდროულად, მინიმუმ შევინარჩუნოთ ახლანდელი დონე.

- ვთქვით, რომ ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს მხოლოდ ერთი გამარჯვება გვაშორებს, მაგრამ იმისთვის, რომ კონტინენტის ზედიზედ მეორე პირველობამდე ერთ ნაბიჯზე აღმოვჩენილიყავით, უდიდესი როლი შეასრულა ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრების ორივე მატჩში დამარცხებამ...

- წინა წლებთან შედარებით ჩვენი გუნდი ძალიან გაიზარდა, უფრო შეიკრა ერთ მუშტად... სხვათა შორის, ბოსნიასთან თბილისში თამაში უფრო რთული იყო ჩვენთვის, ვიდრე სტუმრად. საქმე ის არის, თამაშისწინა დღეს ნაკრების წევრები ღირსების ორდენებით დაგვაჯილდოეს და ახალგაზრდა მოთამაშეებს ორმაგი წნეხით მოუხდათ თამაში... საბედნიეროდ, ყველამ ერთად გადავლახეთ ეს გამოწვევა და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. რაც შეეხება განმეორებით მატჩს, ბოსნია-ჰერცეგოვინაში მართლაც საოცარი გულშემატკივრობა ვნახეთ! ზოგჯერ დარბაზში ისეთი ხმაური იყო, ყვირილის გარეშე გვერდით მდგომს ვერაფერს გააგონებდი. ჩვენმა ბიჭებმა გაუძლეს ამ დიდ წნეხს, მეტიც, სიამოვნებდათ ასეთ საოცარ ატმოსფეროში თამაში. სხვათა შორის, სტუმრად გაცილებით თავისუფლად ითამაშეს, ვიდრე თბილისში, თანაც, საქართველოში გამართულ მატჩში ისეთი რამ მოხდა, მსგავსი არც მსმენია...

- რას გულსხმობთ?!

- საქართველო-ბოსნიის ოფიციალურ და ძალიან პრინციპულ მატჩზე... ბოსნიელმა მსაჯებმა იმუშავეს! პასპორტები ავსტრიისა ჰქონდათ, მაგრამ ბოსნიაში დაბადებულ-გაზრდილი არბიტრები არიან, რომლებმაც მოგვიანებით შეიცვალეს მოქალაქეობა და "ავსტრიელები" გახდნენ. ეს ამბავი ჩვენც მატჩის დასრულების შემდეგ, აეროპორტში შევიტყვეთ - საქართველოს ნაკრების წევრების უმეტესობამ, მეტ-ნაკლებად, კარგად იცის ბალკანური ენები და როცა არბიტრების საუბარს მოვკარით ყური და ვკითხეთ, სადაურები იყვნენ: არ დაუმალავთ, ბოსნიელები ვართო! მატჩის წინ, როცა მსაჯების გვარები ვნახე, მივხვდი, რომ ბალკანური წარმოშობისა იყვნენ, მაგრამ რას წარმოვიდგენდით, თუ ბოსნიასთან მატჩზე ბოსნიაში დაბადებულ-ჩამოყალიბებულ არბიტრებს დანიშნავდნენ?! ევროპის ხელბურთის ფედერაციას მეტი ყურადღება მართებს!

- ნახევრად ხუმრობით უნდა გკითხოთ: ბოსნიის ნაკრები უკვე "იოლი ლუკმა" გახდა ჩვენთვის? ზედიზედ მესამე თამაშია ვამარცხებთ და ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვებაც მათთან ჩავიწერეთ.

- ვინც ცუდად ერკვევა ხელბურთის ამბებში, ალბათ, მართლაც იფიქრებს, ქართველებმა ბოსნიელები დაიბრიყვეს, ყველანაირ მოედანზე უგებენ - შინ, სტუმრად თუ ნეიტრალურ­ არენაზეო, მაგრამ სინამდვილეში ბოსნია-ჰერცეგოვინას ძალიან ძლიერი ნაკრები და მოთამაშეები ჰყავს, ევროპის უძლიერესი კლუბების ღირსებასაც იცავენ. თავდაუზოგავად ვიბრძოლეთ, კონკრეტულ შეხვედრებში მათი სუსტი წერტილები გამოვიყენეთ და დავამარცხეთ, მთავარიც ესაა - არც ერთი არ ყოფილა შემთხვევითი გამარჯვება, ზედიზედ სამჯერ ძლიერ გუნდს "შემთხვევით" ვერ დაამარცხებ! მით უმეტეს, ხელბურთი სპორტის ძალიან ლოგიკური სახეობაა, ძლიერი თითქმის არასდროს აგებს თავისზე სუსტ გუნდთან. ამის მიუხედავად, ქართველი ბიჭები ისეთი მაგრები არიან, ხშირად ახერხებენ მსგავს "ფოკუსებს"და სენსაციურად გამარჯვებას.

- "ავსტრიელი" მსაჯები ვახსენეთ და, ორიოდ სიტყვით გავიხსენოთ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფიც, სადაც სწორედ ავსტრიასთან დავმარცხდით. თბილისური მატჩის 5-წუთიანი "კოშმარი" რომ არა (ამ მცირე მონაკვეთში საქართველოს ნაკრებმა ექვსი უპასუხო გოლი გაუშვა), საკუთარ მოედანზე მაინც უნდა მოგვეგო.

- ავსტრია ყოველთვის ძლიერი ნაკრებია და დიდ ტურნირებზეც სულ თამაშობენ, მაგრამ ჩვენ მაინცდამაინც მაშინ შევხვდით, როცა ისტორიაში ყველაზე ძლიერი გუნდი ჰყავთ! ამის მიუხედავად, მაინც შეიძლებოდა მათი დამარცხება, სამწუხაროდ, ჩამორჩენის გასაბათილებლად დრო აღარ გვეყო. არ ვამბობ, რომ ორი მატჩის ჯამში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩებოდა, მაგრამ თბილისში მოგება ნამდვილად შეგვეძლო. თქვენი ნახსენები ხუთწუთიანი ჩავრდნა კი გამოუცდელობის ბრალია.

- თქვენ მამისგან, ნოდარ კალანდაძისგან, გადმოგეცათ ხელბურთის სიყვარული და ცოდნა, თვითონ შვილს, ნიკოლოზს გადაეცით... რა უფრო რთულია, ხელბურთელის შვილობა თუ მამობა?

- მამობა! მკაცრი მწვრთნელი-მამა ვარ თუ არა? მომთხოვნს უფრო ვიტყოდი, რადგან სპორტში ასეა - უნდა მოითხოვო იმაზე მეტი, ვიდრე გინდა მიიღო!

- მით უმეტეს, შენი ნაკრების წევრი შვილისგან, სალაპარაკო რომ არავის მისცე!

- საბედნიეროდ, მაქვს იმის ფუფუნება, მსგავსი კითხვა არავის გაუჩნდეს! ნიკოლოზი ისეთი მოთამაშეა, ჩემს დანიშვნამდეც იყო ეროვნული ნაკრების წევრი და როცა ბოლომდე გამოჯანმრთელდება, გუნდს ისევ დაუბრუნდება. რაც მთავარია, ვერავინ იტყვის, რომ ოდესმე ნიკოლოზ კალანდაძე დაუმსახურებლად მიიწვიეს ნაკრებში.

- ცალკე უნდა გკითხოთ ნაკრების საუკეთესო ბომბარდირ გიორგი ცხოვრებაძეზე, რომელსაც ჯერ კიდევ მანამდე იცნობდით, სანამ ერთად მოგიწევდათ ნაკრებში მუშაობა. რა არის გიორგის მთავარი პლუს(ებ)ი?

- გიო 8 წლის ასაკიდან ვარჯიშობს, ფაქტობრივად, ჩემ თვალწინ გაიზარდა. ეს ახალგაზრდა კაცი სპორტის ნამდვილი "ბრილიანტია", ხელბურთის გარდა, ფანტასტიკურად თამაშობს ფეხბურთსა და კალათბურთს, ამ სახეობებშიც ძალიან წარმატებული იქნებოდა. საბედნიეროდ, ხელბურთზე შეაჩერა არჩევანი და ყველაფერი აქვს იმისთვის, უმაღლესი დონის, სანახაობრივი და შედეგიანი ხელბურთი აჩვენოს - სისწრაფე, ნახტომი, ტექნიკა. უკეთესი მაგალითი რად გვინდა - ევროპის ხელბურთის ფედერაცია გიორგის მომენტების ვიდეოკოლაჟებს იყენებს ხელბურთის პოპულარიზაციისთვის, იმის საჩვენებლად, თუ როგორი ლამაზი და დინამიკურია სპორტის ეს სახეობა...

- შარშანდელი ინტერვიუს დროს გიორგის ამიტომ ვუთხარი, "ხელბურთის კვარაცხელია" ხარ-მეთქი! სხვათა შორის, ორივე 2001 წლის თებერვალშია დაბადებული, ხვიჩა მხოლოდ ერთი კვირით არის გიოზე უფროსი.

- ეროვნულ ნაკრებში გიორგი გაცილებით თავისუფლად თამაშობს და როცა სპორტსმენი მოედანზე ლაღად გრძნობს თავს, მისი შეჩერება ურთულესია, მით უმეტეს, გიორგი ცხოვრებაძის მონაცემების პატრონისა. ხვიჩასთან შედარებასაც ვეთანხმები - ორივე არასტანდარტული, კაშკაშა, ყველასგან გამორჩეული სპორტსმენია.

- ხელბურთსა და გიორგი ცხოვრებაძეს დავუბრუნდეთ: გიომ ჩემთან საუბარში თქვა, ტიტე კალანდაძეს იმდენი რამ აქვს გაკეთებული ქართული ხელბურთისთვის, სიმბოლურია, რომ ევროპის ჩემპიონატზე პირველად სწორედ მისი თავკაცობით გავედითო! ვეთანხმები და თქვენც გისურვებთ ყოველი მატჩის შემდეგ გაგეკეთებინოთ აზიდვები, რომლებიც უკვე ტრადიციად იქცა...

- ბიჭებს შევპირდი, რომ ტრადიციად ქცეულ აზიდვებს საბერძნეთის ნაკრების დამარცხების შემდეგაც გავაკეთებ. სხვათა შორის, ძალიან რთულად შესასრულებელი ვარჯიშია, ბევრი ვერც აკეთებს (აზიდვა გასწორებული ხელით კეთდება - რ.შ.), თუმცა რატომღაც მე კარგად გამომდის და ბიჭებს სულ ვეუბნები, თქვენ ოღონდ გაიმარჯვეთ და აზიდვები ჩემზე იყოს-მეთქი.

- მეორე შვილზე - ანაზეც უნდა გკითხოთ (ანა კალანდაძე წარმატებული ფრენბურთელია, 2023 წლის თებერვალს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა), რომელიც ბოლო თვეებში თურქული "გალათასარაის" მაისურით თამაშობდა: სტამბოლში გასულ კვირას მიწისძვრის გამო პრობლემები ხომ არ ჰქონია?

- თურქეთის ჩემპიონატი დასრულდა და ჩემი შვილი იმ დღეს ბრუნდებოდა თბილისში, როცა მიწისძვრა მოხდა. ვიდეოზარით ველაპარაკებოდი და უცებ გაჩერდა, მაგრად შეგვაზანზარაო, ნახევარი საათით ადრე კი ისეთი მძლავრი ბიძგები იგრძნობოდა, მთელი სტამბოლი პანიკაში ყოფილა. ანა სასწრაფოდ გაემგზავრა აეროპორტში და უკვე სახლშია.

- ვიცი, რომ "გალათასარაიდან" მისი წამოსვლა უკვე გადაწყვეტილი ამბავია.

- უკვე მოაწერა ხელი კონტრაქტს და ახალი სეზონიდან ისევ თურქეთში, ამჯერად იზმირის "არას კარგოში" ითამაშებს. ბოლო პერიოდში "გალათასარაის" მწვრთნელი ცოტა სათამაშო დროს აძლევდა და სტამბოლურ კლუბში დარჩენამ აზრი დაკარგა.

- ხელბურთელების ოჯახში გაზრდილი გოგონა ფრენბურთში როგორ აღმოჩნდა?

- საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარის, როლანდ ერაძის, მეუღლე ფრენბურთელია, ჩვენი სახელგანთქმული მოთამაშის, ვიქტორია რავას და. როცა ისლანდიაში ვთამაშობდი, როლანდის ოჯახთანაც ხშირი ურთიერთობა მქონდა. სწორედ მათ შეამჩნიეს, რომ ჩემს ქალიშვილს ფრენბურთელისთვის საჭირო ყველა მონაცემი ჰქონდა და... ანას ხელბურთიც ძალიან უყვარს და კარგადაც თამაშობდა, მაგრამ საბოლოოდ ფრენბურთზე შეაჩერა არჩევანი და სწორადაც მოიქცა, რადგან არა მგონია, ხელბურთშიც იმდენისთვის მიეღწია, რაც ფრენბურთში შეძლო, თანაც, ხელბურთი გაცილებით კონტაქტური სახეობაა, ფრენბურთი კი არის სპორტი, სადაც ჯარიმა არ არსებობს, შენს ნახევარზე ხარ და თვითონ თუ არ " მოინდომე", ტრავმას ვერავინ მოგაყენებს. ამანაც იმოქმედა ჩვენს გადაწყვეტილებაზე - ერთი ოჯახისთვის ორი ტრავმირებული კაციც საკმარისია.

- ბერძნებთან მატჩის წინ რას ეტყვის ტიტე კალანდაძე ქართველ გულშემატკივარს?

- თქვენი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება! 8 მაისს თბილისის სპორტის სასახლის ტრიბუნებზე იმდენი ხალხი უნდა იყოს, ხელბურთზე აქამდე რომ არ გვინახავს.