"პირველად მაშინ ვნახე ქართულნომრებიანი მანქანა, მესმოდა ქართულად ლაპარაკი და რაღაც დამემართა..." - როგორ "იპოვა" სამშობლო ალი ოსმან ქიბარმა
ალი ოსმან ქიბარი საქართველოს ისტორიული მიწიდან, ტაო-კლარჯეთიდან არის. დაიბადა და გაიზარდა სოფელ ხევაიში, სადაც ქართველები დღემდე ქართველობენ და მშობლიურ ენაზე ლაპარაკობენ. უკვე მეოთხე წელია, აჭარაში, საპატრიარქოს უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს და ოცნებობს, როგორმე გამოადგეს ისტორიულ სამშობლოს, საქართველოს.
- ვინ ვარ? ქართველი უძველესი ფესვებით ტაო-კლარჯეთის მიწაში, სადაც ერთ დღეს საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს იდეა დაიბადა, მომწიფდა და აღსრულდა. მეამაყება, რომ ტაოს შვილი ვარ. იქ ცხოვრობს ჩემი ოჯახი.
ისეთ დროს დავიბადე, როდესაც მობილური ტელეფონები და ინტერნეტი ჯერ კიდევ აქტუალური არ იყო. ტექნოლოგიური მონაპოვრებიდან, მხოლოდ ტელევიზორით თურქულად ვეცნობოდით ამბებს. არავინ ახსენებდა საქართველოსა და ქართველებს და მეც დიდხანს არაფერი ვიცოდი ჩემი ისტორიული სამშობლოს შესახებ. თუმცა ოჯახში ყოველთვის ქართულად ლაპარკობდნენ და ენაც ქართულად ავიდგი.
ჩვენს სოფელში ტრადიციული სანახაობაა ხარების შეჭიდება. ბავშვები ამ სანახაობის მოლოდინში ხისგან გაკეთებული ხარების დაჭიდებით ვიკლავდით ჟინს ან ახლო ღელეზე კალმახზე ვთევზაობდით. ვუვლიდი საქონელს, ცხვარს, ქათამს, ვირებს, რომლებიც ჩვენს მთიან რელიეფზე დიდებული გადამტან-გადამყვანი საშუალებაა. ასე, ლაღად გადიოდა ჩემი ბავშვობა, საქართველოს გარეშე, ვიდრე გიორგი კალანდიას არ გადავეყარე. ვხედავ, უცხოები დგანან და მეზობლის ბალს ჭამენ.
უკვე ძალიან მწიფე, მატლიანი იყო და თურქულად დავუძახე, ნუ ჭამ, მატლიანია, გაწყენს-მეთქი. ვერაფერი გაიგო, გაკვირვებულმა გამომხედა და ჭამა განაგრძო. ქართულად დავუყვირე, ნუ ჭამ, კაცო, არ გესმის, გაწყენს-მეთქი. უცებ გაუშვა ხელი მისკენ მიწეულ ტოტს, თვალებგაფართოებულმა გამიღიმა და ჩემკენ დაიძრა.
პირველად მაშინ ვნახე ქართულნომრებიანი მანქანა, მესმოდა მათი ლაპარაკი, ქართული, მაგრამ განსხვავებული ჩვენი ქართულისგან. რაღაც დამემართა. მთელი არსებით ვგრძნობდი, რომ ჩვენები იყვნენ, ჩვენი მიწის, ჩვენი სისხლის და მაინც მამასთან გავიქეცი, ვინ არის ის ხალხი, საიდანაც მოვიდნენ-მეთქი. იმ ქვეყანას საქართველო ჰქვია, ისინი კი ჩვენსავით ქართველები არიანო.
იმხანად ჩვენთან ერთი აჭარელი ბაბუ ჯემალი მუშაობდა. რაღაცნაირი კაცი იყო, სათნო, რომანტიკული, ლექსებს წერდა და სულ მის ნაწერებს ვუტრიალებდი, მაგრამ ქართული წერა-კითხვა არ ვიცოდი. გინდა გასწავლოო, მკითხა ჯემალმა და ფურცელზე დამიწერა ქართული ასოები. ის იყო ჩემი პირველი გაკვეთილი ქართულ ენაში.
ერთ დღესაც აწ გარდაცვლილი პროფესორი, დიდი ქართველი ტარიელ ფუტკარაძე გამოჩნდა ჩვენს ხეობაში. გავუმხილე, საქართველოში მინდა, მაგრამ ჯერ ბავშვი ვარ და არავინ გამიშვებს-მეთქი. მოემზადე, რომ იქ ისწავლოო. მეორედ რომ შევხვდი, უკვე ტრაპიზონში თურქულ ენას და ლიტერატურას ვსწავლობდი, უნივერსიტეტში. ვერ გამოვყევი ტარიელს საქართველოში. ვერც ის ფაკულტეტი დავამთავრე ოჯახური პირობების გამო. მერე, "კოვიდობის" ჟამს, თურქეთელი ქართველების უდიდესი მოამაგე, ტარიელ ფუტკარაძე გარდაიცვალა. თითქოს ჩემი ოცნებაც უნდა ჩამქრალიყო, მაგრამ გული საქართველოსკენ ისე მეწეოდა, ყველა გზას ვეძებდი ჩამოსასვლელად. დავუკავშირდი ქართულ უნივერსიტეტებს. 2.500 დოლარი სწავლაში მომთხოვეს, ბინის, საკვებისა და გზისთვისაც ხომ მჭირდებოდა ფული და ვერ შევძლებდი. ხელი ჩავიქნიე. მტკიოდა, რომ არ მქონდა შესაძლებლობა, ჩემს ისტორიულ სამშობლოში მესწავლა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა პროფესორი როინ მალაყმაძე და ზემო აჭარის, სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი. დამეხმარნენ საპატრიარქოს უნივერსიტეტში მესწავლა. ამასთან, მეუფესთან ვცხოვრობ, ის ზრუნავს ჩემს კვებაზე, შენახვაზე. მონასტერში ვეხმარები და ხელფასს მიხდის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მუსლიმი ვარ და არავინ მზღუდავს ამის გამო.
- ტაოში ახალგაზრდებს სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალება აქვთ?
- იქ სწავლა ყველგან უფასოა, ბაღშიც, სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც. სტუდენტს ხელმოკლეობის გამო თუ არ შეუძლია სწავლა განაგრძოს, სხვადასხვა ბიზნესი ეხმარება, რომ ბინის ქირა გადაუხადოს, სტიპენდია მისცეს კვებისთვის. თურქეთში განათლების მიღების შესანიშნავი შესაძლებლობაა, მაგრამ იქ ყველაფერი ისლამური პოლიტიკის გათვალისწინებით ისწავლება, გასწავლიან თურქეთის და არა ტაო-კლარჯეთის ან საქართველოს ისტორიას. მადლიერი ვარ თურქეთის, რომ მე და ჩემი ოჯახი მის პურს ვჭამთ, მაგრამ მინდა ყველაფერი ვიცოდე ჩემი წარმოშობის, ჩემი ისტორიული სამშობლოს შესახებ. ამიტომაც ვარ აქ, აჭარაში. მინდა მეც და ჩემი საქართველოც ისე გავძლიერდეთ, რომ ტაოში არავინ მეუბნებოდეს, ქართული ენის ცოდნა რად გინდა, რაში გარგიაო. მინდა ტაოში მეჩეთის გვერდით ეკლესია არ ინგრეოდეს და საქართველოს ისტორიას მიწა არ ჭამდეს. ჩემთვის საქართველო სამშობლოა და მიყვარს, როგორც ტაოელს.
- რას ნიშნავს შენთვის საქართველოში "დაბრუნება", ფიზიკური პროცესია, სულიერი თუ ორივე?
- ისედაც საქართველოს ტერიტორიაზე ვცხოვრობ, ტაო-კლარჯეთი საქართველოა. საქართველოში დაბრუნება ნიშნავს ვალდებულებას, ქართული და ჩვენი ქვეყნის ისტორია კარგად ვისწავლო, ვასწავლო შვილებს, ნათესავებს და სხვებს.
ეს "დაბრუნება" დროებითია. ტაოს ვერ დავტოვებ. ჩემს მიწაზე ვიღაც უცხო მივა და დასახლდება. ჩემმა წინაპრებმა შეინახეს ის მიწა, ენა და მეც ასე უნდა გავაგრძელო ცხოვრება. კოლხეთის სამეფოს დროსაც ჩემი წინაპრები იქ ცხოვრობდნენ და მე რატომ უნდა დავტოვო.
- ტაოს ახალგაზრდობაც შენსავით ფიქრობს?
- სანამ საქართველოში არ ჩამოვიყვანე, აქაურობა არ დავათვალიერებინე, არაფრად მიაჩნდათ ქართველობა. ახლა ქართველობენ, გურჯი ვარო, მაგასაც არ გეტყვიან, ქართველობას სიამოვნებით აცხადებენ. ჩამოვიდნენ და იგრძნეს, რომ ჩვენ ერთი ხალხი ვართ. უკვე ბევრს აინტერესებს საქართველოს ისტორია და კითხულობენ. თავიდან, აქ რომ მოვდიოდი, ამბობდნენ, სულელია ეს ბიჭი, მდიდარი თურქეთი დატოვა და საქართველოში წავიდა, აქ ფულია, იქ არაო, მაგრამ როცა აქაურობა ნახეს, მათი მიდგომები შეიცვალა. არაფერი იციან საქართველოზე და გასაკვირიც არ არის, რამდენი საუკუნეა მოწყვეტილები არიან სამშობლოს...
- რას ნიშნავს შენთვის სამშობლო?
- ჩემი ძირია, ფესვები, რომელმაც უკუნითი უკუნისამდე უნდა შვას სიცოცხლე. ჩვენ უნდა გადავრჩეთ და გავძლიერდეთ.
მინდა დიდი საქართველოს შენებაში ჩემი წვლილი შევიტანო, ჩემი აგური დავდო. ამიტომაც ვსწავლობ ქართულს და საქართველოს ისტორიას ტაოსთვის.
წლების წინ სოციალური ქსელებით შემეხმიანა ქუთაისელი ნათია ჯიმშელეიშვილი. ჩამოდი, საქართველოს მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ გაგაცნობო. ბათუმში შევხვდით, მერე მომატარა ქუთაისი და მაშინ ვიგრძენი, რატომ უნდა ვიცხროვრო ამ ქვეყნისთვის. სამშობლო სიყვარულია და სიცოცხლის მარადიული საწვავივით არის. ტაოელი მოხუცებისთვის, ვისაც გენეტიკური მეხსიერებით გადაეცათ ქართველობა, სამშობლო სევდაა. დანანებით გეტყვიან, საქართველო ტრაპიზონამდე და იმის იქით მიწას ერქვაო. დარდიანად თავებს ჩაჰკიდებენ, თითქოს მათი დანაშაულია, რომ ერქვა და აღარ ჰქვია ჩვენს მიწას საქართველოსი. ჩვენთან სამშობლოს ხსოვნას მარადიულად აცოცხლებს მეფე თამარი. ისე გეტყვიან, თამარი ყველას გვახსოვსო, თითქოს მისი მეფობის ჟამი გამოევლოთ. ისე შეგადარებენ თამარს, თითქოს მისი ბრწყინვალე სილამაზე საკუთარი თვალით ენახოთ. ყველა ეკლესია, ყველა ნანგრევი ჩვენთან თამარს უკავშირდება. ძველისძველ სარწყავ არხს ისე უვლიან, თითქოს თამარი იდგა და აშენებდა. მისი დროინდელია, უნდა გავუფრთხილდეთო. ამ დროს ხსოვნაში ჩაკირულ სამშობლოს უფრთხილდებიან.
- მაგას ვერაფერი ვერ წაშლის?
- კი, წაშალეს.
ტაოში ძალიან ბევრმა არ იცის, რომ ქართველია, მათ შორის, ვინც გენეტიკური ანალიზი გაიკეთა, ასპროცენტიანი ქართველობა დაუმტკიცდა. ჩვენთან სკოლებში ისლამს, ყურანს ასწავლიან და ეს ზოგიერთში რაღაცნაირ, გაურკვეველ შიშს იწვევს ჯვრის, ქრისტიანობის და სხვათა მიმართ. გაურბიან ქრისტიანულ სიმბოლიკას, ქრისტიანებს, უცხოებს.
არავის სჯული არ მაშინებს. მაბედნიერებს ქართველობა და ვისაც სად უნდა, იქ ილოცოს. აჭარაში დიდებული ქართველები ვიცი, მუსლიმანები. სამშობლოს სიყვარულში არავინ გაეჯიბროთ.
- შენი ქართული გვარი იცი?
- რახან ხევაიში, უბანში სახელად მჭედლიანთკარში ვცხოვრობ, ე.ი. წინაპრები მჭედლიშვილები გვყავდნენ. ზუსტად არავინ იცის თავისი გვარი, სევდიანია ამის შეგრძნება, მაგრამ მჯერა, გენეტიკური ანალიზი რომ გაუკეთდეს, ტაოს მოსახლეობაში ბევრს, თავი რომ თურქი ჰგონია, ქართველი აღმოჩნდება. გვერდით სოფელში კაცს თავი ლაზად მოჰქონდა, გენეტიკური ანალიზი გაიკეთა და იმერელი ხარო, ტესტმა. ვინც კი გენეტიკური ტესტი გაიკეთა, ყველას ქართველობა დაუდასტურდა. ღიმილის მომგვრელი ამბავია. მოგინდება დაჯდე ან იდგე მთებთან ერთად, ტიკს (აჭარულად ჭიბონს) ჩაჰბერო და საუკუნეების წინ, გამარჯვების დროს რომ მღეროდნენ ქართველები ტაოში, იმ ტექსტით წაუმღერო.
პ.ს. როგორც საზღვრის იქით უწოდებენ, გზა დიდი საქართველოდან ტაო-კლარჯეთამდე შორი სულაც არ არის. არც ალის მიზნების მიღწევამდე გზა მგონია შორი. წარმატებები ტაოს შვილს.