„13 წლის ასაკში დაჭერას და გადასახლებას გადავურჩი“
"ადამიანი, რომელსაც ჩემზე მოხდენილი უდიდესი შთაბეჭდილებით გავიხსენებ, დიდი მაესტრო თემურ ჩხეიძეა. მის შემოქმედებას ვიცნობდი, სპექტაკლებით მოხიბლული ვიყავი, მაგრამ ჩვენი გაცნობა და დამეგობრება მაშინ მოხდა, როდესაც პიესაზე "ზღავა, რომელიც შორია" მუშაობა დავიწყე", - ამბობს მწერალი გურამ ოდიშარია და თემურ ჩხეიძესთან ერთად გატარებულ დღეებთან ერთად ბავშვობაში თავს გადახდენილ ამბავსაც იხსენებს, რომელიც კენედის მკვლელობას უკავშირდება.
თემურ ჩხეიძე
- სანამ პიესაზე "ზღვა, რომელიც შორია" მუშაობას დავიწყებდი, ბატონმა თემურმა მთხოვა, მისთვის გადამეცა ჩემი ყველა წიგნი, ინტერვიუ, ჩემზე დაწერილი პუბლიკაციები. ის მაშინ სანქტ-პეტერბურგიდან ახალი ჩამოსული იყო, მოგეხსენებათ, იქ დიდი დრამატული თეატრის რეჟისორი გახლდათ.
2004 წელი იყო. შევხვდით და დიდხანს ვისაუბრეთ. იმ წლის დასაწყისში სოხუმში ვიყავი ჩასული და შთაბეჭდილებები გავუზიარე. აინტერესებდა, რაზე ვილაპარაკე, რაზე ვიკამათე აფხაზ მეგობრებთან, უნდოდა ეს ყველაფერი დამეწერა. შემდეგ თემური პეტერბურგში წავიდა, რამდენიმე თვეში დაბრუნდა და პიესა დავახვედრე. მუშაობის პროცესში ძალიან დავახლოვდით, მივდიოდი მასთან სახლში, მე ჩემს ცხოვრებაზე ვუყვებოდი, ის თავის ამბებს მიამბობდა... ამ პროცესში იძერწებოდა ამბავი, რომელიც სცენაზე უნდა გათამაშებულიყო. თემურს სცენაზე ფეიერვერკები დიდად არ უყვარდა, თავადაც ასე ცხოვრობდა, პომპეზურობის გარეშე.
ყველაფერს შემოქმედის თვალით უყურებდა, საკუთარ ბავშვობასაც რომ იხსენებდა, უკვე ჩანდა, ის ბავშვობაშიც "თემურ ჩხეიძე" იყო - ადამიანის მოყვარე, თავმდაბალი კაცი, რომელიც მუდამ გამოსახვის ახალ-ახალ საშუალებებს ეძებდა...
სპექტაკლში ქართველი გმირი აფხაზეთში ჩადის. აფხაზ მეგობარს ეუბნება, - სასაფლაოზე ვიყავი, ჩემი მშობლების საფლავები მოვლილიაო. აფხაზი პასუხობს, - ჩემებიც იქ არიან დასაფლავებულიო. იქ არსად იყო პირდაპირ ნათქვამი, რომ აფხაზი უვლიდა ქართველი მეგობრის მშობლების საფლავს, მაგრამ მის პასუხში ეს ხომ ჩანდა?.. ამ სპექტაკლში ძალიან ბევრი ქვეტექსტია. თემური მეუბნებოდა, რეპეტიციებს რომ დავიწყებ, ჩემ გვერდით იყავი, ნახე, პიესა სცენაზე თანდათან როგორ ადისო... თემურისგან ბევრი რამ ვისწავლე, რაც შემდეგ ძალიან გამომადგა. სულ მეუბნებოდა, შენი წიგნები კინემატოგრაფისტებივით იყურებიან, ისე წერ, თან რომანია და თან მზა სცენარიო. მეუბნებოდა, რა მოეწონა, რატომ მოეწონა, ამ ყველაფერმა კი წერის პროცესში ხელი შემიწყო, ვამბობდი, თემურის აკადემია მაქვს-მეთქი გავლილი.
- როგორი იყო რეპეტიციაზე?
- პროცესი ძალიან თავმდაბლად მიჰყავდა. მსახიობებმა მისი ფასი კარგად იცოდნენ, თითოეულ სიტყვას იჭერდნენ, რათა პერსონაჟი ისე წარმოეჩინათ, როგორც კონკრეტულ სცენას შეესაბამებოდა. ერთი შემთხვევა გამორჩეულად დამამახსოვრდა: მსახიობმა გაბრაზება კარგად ვერ გამოხატა. თემურმა აუხსნა, უფრო სხვაგვარი გაბრაზება მინდაო. ის ვერ მიუხვდა, თემურმა ხელი ჩაიქნია და ჩაილაპარაკა, მართალია, შენზე რომ ამბობენ, უნიჭოაო. მსახიობი წამოხტა, - ამას ვინ ამბობსო? თემური მიუბრუნდა და აი, ზუსტად ეს ემოცია მინდაო. თავისებური ხერხით მარტივად მიანიშნა, რა სჭირდებოდა. მსახიობებს სულ ასწავლიდა, არ არის საჭირო იყვირო, როგორ გიყვარს სამშობლო, როგორ გიყვარს მეგობრები, გგონია ამ განცდას, რაც უფრო მაღალი ხმით გამოთქვამ, უფრო ძლიერი იქნება? უხსნიდა, ხანდახან ჩურჩულით შეიძლება თქვა და ყველა მიხვდეს, სამშობლო როგორ გიყვარსო.
- ძალიან სიმბოლურია, ახლა ვსაუბრობთ თემურ ჩხეიძეზე და რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მისი სახელსონო დაიხურა. სახელოსნო, რომელიც თქვენი მინისტრობის პერიოდში გაიხსნა...
- არ ვიცი, ეს რატომ და როგორ მოხდა. ჩემი მინისტრობის დროს გაიხსნა ეს სახელოსნო. თემურს მხოლოდ საქართველო ხომ არ იცნობდა, მას მსოფლიოში ძალიან ცნობილი და დიდი ისტორიის მქონე თეატრებში დადგა სპექტაკლები, პლანეტარული გამოცდილება ჰქონდა, რომელსაც ახალ თაობას უზიარებდა და ეს იყო ბედიერება. რატომ დაიხურა სახელოსნო, ჩემთვის დეტალები უცნობია.
ჩვენ ბევრი იდეა და გეგმა გვქონდა, მაგრამ არ დაგვცალდა. თემურის ამ ქვეყნიდან წასვლა ჩემთვის უდიდესი ტრაგედია იყო. პიესა, რომელსაც თემურს დავპირდი, აუცილებლად მინდა დავწერო და დიდი მაესტროს ხსოვნას მივუძღვნა.
- რომელ რეჟისორს ანდობთ?
- ეგ ჯერ არ ვიცი, ალბათ, მისი რომელიმე მოსწავლიდან ერთ-ერთს შევარჩევ.
არიან რეჟისორები, რომლებიც მარტო მუშაობენ და რასაც იტყვიან, აღარ ცვლიან. თემურმა აზრის კითხვა სულ იცოდა, გააანალიზებდა, რას ეტყოდი. ამბიციური კაცი არ იყო. იფიქრებდა, ძირამდე ჩაჰყვებოდა. ჩემი მინისტრობის პერიოდმა, ჩინოვნიკურმა საქმიანობამ ცოტათი დაგვაშორა, მაგრამ მას ყოველთვის გამორჩეული ადგილი ექნება ჩემს ცხოვრებაში.
დაუვიწყარი ამბავი
- ახლახან ამერიკაში ვიყავი, ბოსტონში, ჰარვარდში, ნიუ-იორკში მქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები. ამერიკაში გამგზავრებისას, გონებაში ჩემი ბავშვობის დროინდელი ამბავი ამომიტივტივდა, რომელიც იქ ამერიკელებს ვუამბე და დიდი აღფრთოვანება გამოხატეს.
13 წლის ვიყავი, როდესაც პრეზიდენტი კენედი მოკლეს. მაშინ სოხუმში, ჩემს მშობლიურ ქალაქში ვცხოვრობდი. მე და ჩემს მეგობრებს კენედი მოგვწონდა, ახალგზარდა, სიმპათიური პრეზიდენტი იყო. ამ ამერიკელ კაცზე სოხუმელები ინფორმაციებს ვიძიებდით. მეზღვაურებს მოჰქონდათ და მათგან ვყიდულობდით საბჭოთა კავშირში აკრძალული მუსიკალური ჯგუფების ფირფიტებს, ამერიკულ ჯინსებს, საღეჭ რეზინს, "ფილიპ მორისს"... ამ ყველაფერთან ერთად, გემებს კიდევ მოჰქონდათ ძალიან კარგი ხარისხის პრიალა ჟურნალები, რომელშიც ეწერა, როგორ ვითარდებოდა ამერიკაში კოსმოსური პროგრამა, ბალეტი, მუსიკოსების ცხოვრება... იმ ჟურნალში წავიკითხეთ, როგორი იყო კენედის ცხოვრება. რაც უფრო გვიკრძალავდნენ და გვარწმუნებდნენ, ამერიკა ცუდი ქვეყანააო, უფრო ხარბად ვეწაფებოდით ამერიკულ ჟურნალებს. მაშინ საქართველოში სულ 2 სატელევიზიო არხი იყო. პოლიტბიუროს წევრებს ტელევიზორში ვხედავდით, გამოდიოდა რომელიღაც ლიდერი და უსასრულოდ ლაპარაკობდა, მოსმენა შეუძლებელი იყო. რაც მნიშვნელოვანია, არც ერთის ღიმილი ნანახი არ გვქონდა. ცეკას მდივნები არ იღიმოდნენ. იმ აკრძალულ ჟურნალებში კი კენედი იცინოდა...
მე და ჩემმა მეგობრებმა კენედის სიკვდილის ამბავი რომ გავიგეთ, ძალიან შევწუხდით. სოხუმის სანაპიროზე გაზრდილი ბიჭი ვარ, სამეგობროში 5-6 წლით უფროსი ბიჭებიც გვყავდნენ. ერთ დღეს მოვიფიქრეთ, ამერიკელი ხალხისთვის სამგლოვიარო დეპეშა გაგვეგზავნა. მიგვეწერა, რომ სოხუმელი ახალგაზრდები ძალიან განვიცდით მის მკვლელობას და ვიზიარებთ ამერიკელების მწუხარებას. დეპეშის ტექსტი დავწერეთ და ჩვენზე უფროსმა ზურაბ ჩხეტიამ თქვა, ახლა გასაგზავნი ფული შევაგროვოთო. მე ჩემი 50 კაპიკი დავდე, სხვებმაც - ვისაც რამდენი ჰქონდა. ზურა და 2 ბიჭი ფოსტაში დეპეშის გასაგზავნად წავიდნენ. იქ, რა თქმა უნდა, დეპეშა წაიკითხეს, საჭირო თანხა დაიტოვეს და ბიჭები გახარებულები წამოვიდნენ, მაგრამ...
მეორე დღეს ზურა გაკვეთილების შემდეგ გამოვიდა სანაპიროზე, ყურებჩამოყრილი იყო, ჩვენი დეპეშა არ წავიდაო. ფოსტიდან შინ რომ დავბრუნდი, მამაჩემთან ერთად ძალიან მკაცრი სახის კაცი დამხვდა ჰალსტუხით და კოსტიუმით, საკიდზე ცილინდრი ეკიდაო. ძნელი მისახვედრი არ იყო, ვინც იქნებოდა - მაშინდელი "კაგებეს" ოფიცერი. ზურასთვის უკითხავს, ამერიკაში დეპეშის გაგზავნა ვისი იდეა იყოო? ზურას უთქვამს, რომ ეს ახალგაზრდების იდეა იყო. თქვენ ყველანი დასაჭერები და გადასასახლებლები ხართ მხოლოდ იმის გამო, რომ თავში ასეთი იდეა მოგივიდათ, მაგრამ გაპატიებთ, რადგან ახალგაზრდები ხართ, იმ ქვეყანაში, რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენი საქმე არ არისო...
წელს ამ ქვეყანაში პირველად ვიყავი. ჩემი სამეგობროდან, მაშინ დეპეშას რომ ვგზავნიდით, ცოცხალი მხოლოდ მე დავრჩი. ეს ამბავი ამერიკელებს ვუამბე, მას შემდეგ 62 წელია გასული და ახლა როგორც ფოსტალიონი, ისე ჩამოვედი, რომ შეგატყობინოთ, მაშინ პრეზიდენტ კენედის სამძიმრის დეპეშამ თქვენამდე ვერ მოაღწია-მეთქი. ხალხს ეს ამბავი ისე მოეწონა, ფეხზე წამოდგნენ და ტაშს მიკრავდნენ... ასე გადავურჩი 13 წლის ასაკში დაჭერას და გადასახლებას.
სოხუმში "კაგებე" რბილად მოქმედებდა. ლამაზი ქალაქი იყო, მრავალეროვნული, თავის ყავახანებით, ჩემს ქალაქს სულ სხვა ხიბლი ჰქონდა. ჩვენ რომ მეზღავურებისგან აკრძალულ ნივთებს ვიძენდით, ეს, რა თქმა უნდა, "კაგებემ" იცოდა, მაგრამ ამის უფლებას გვაძლევდნენ. ბრეჟნევის პერიოდში ანეკდოტებსაც თავისუფლად ვყვებოდით საბჭოთა კავშირზე. სოხუმში მეტი თავისუფლება გვქონდა, ზღვამ იცის ასე.
დიდი შემოქმედი ფრანგი ფილოსოფოსი პრუდონი წერდა: "თავისუფლება ზღვის საჩუქარია". თავისუფლებით იყო გაჟღენთილი ჩემი სოხუმი.
თამუნა კვინიკაძე