"ურსა" ერთი დიდი ოჯახია, პირველ ადგილზე ძმობაა და მერე სხვა დანარჩენი. 15 წელია, ერთად მოვდივართ. ზუსტად ისეთები ვართ სცენაზე,­ როგორებიც - რეალურ ცხო - კვირის პალიტრა

"ურსა" ერთი დიდი ოჯახია, პირველ ადგილზე ძმობაა და მერე სხვა დანარჩენი. 15 წელია, ერთად მოვდივართ. ზუსტად ისეთები ვართ სცენაზე,­ როგორებიც - რეალურ ცხოვრებაში, არაფერს ვთამაშობთ. ძალიან იღბლიანი ვარ - არაჩვეულებრივი ოჯახი, მეუღლე, შვილები, მეგობრები"

"მიზანდასახული და მშრომელი" - ასე ახასიათებს საკუთარ თავს "ურსას" სოლი­სტი გიორგი ძოწენიძე. რას ნიშნავს მისთვის "ურსა" - ჯგუფი, რომლის სიმღერებსაც ინტერნეტსივრცეში მილიონობით ნახვა აქვს, რა იდეას ემსახურებიან და რა არის ამ ჯგუფის წარმატების საიდუმლო? - ამ ყველაფერზე გულახდილად გვესაუბრება.

- როდესაც მუსიკალურ სამყაროში პირველ ნაბიჯებს დგამდით, წარმოიდგენდით ასეთი პოპულარული თუ იქნებოდით?

- არც გვქონდა ამბიცია, ძალიან პოპულარულები ვყოფილიყავით. ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობდით, როცა "ურსას" შექმნა დიდი ენთუზიაზმითა და სიყვარულით დავიწყეთ. უკვე 15 წელია, ხუთი ადამიანი ერთად მოვდივართ. "ურსა" არის ერთი ოჯახი, სიტყვას "მეგობრები" აღარც ვამბობთ, ჩვენ ერთი ოჯახის წევრები ვართ. პირველ ადგილზე ძმობაა და შემდეგ მოდის ყველა დანარჩენი. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულისთვის სიმღერა ძალიან ბევრს ნიშნავს და მსმენელთან ჩვენი საკომუნ­იკაციო ენაა, პირველ ადგილზე მაინც ურთიერთობაა.

- თქვენი სასცენო იმიჯი და რეალური­ სახე ერთმანეთთან თანხვედრაშია?

- ჩვენ ზუსტად ისეთები ვართ სცენაზე,­ როგორი ადამიანებიც ვართ რეალურ ცხოვრებაში. სცენაზე არაფრის თამაში არ გვიწევს. ჩვენთვის მთავარია გულწრფელობა და ეს ძალიან ამართლებს.

- პირველი წარმატება გაიხსენეთ...

- 2016 წელს მეგაპროექტ "X ფაქტორის" ფინალზე მიგვიწვიეს, სადაც ავთო აბესლამიძესთან ერთად "გელინო" შევასრულეთ. მთელი სული და გული ჩავდეთ ამ სიმღერაში და როგორც ჩანს, მსმენელისთვის დასამახსოვრებელიც აღმოჩნდა. 2 დღის შემდეგ რუსთაველზე მივსეირნობდი,­ შორიდან გამოიქცა გოგონა, მოვიდა და მითხრა, შენ ძალიან, ძალიან კარგად მღერი­. ეს უცხო შეგრძნება იყო, აქამდე მსგავსი მხოლოდ ნაცნობს თუ ჰქონდა ნათქვამი. ეს წუთები სულ მემხასოვრება, ამ შემთხვევამ გამაბედნიერა...

ქართველებს დიდი სიყვარულის და სითბოს გამოხატვა შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ბევრი ნაკლიც გვაქვს, მაგრამ უმრავლესობა მაინც პოზიტივით სავსეა. როგორც სითბოს მიღება მჭირდება, იმავენაირად მჭირდება სითბოს გაცემა. შეიძლება ზოგჯერ სიმღერა კარგად ვერ გამოგივიდეს, არ იყო ფორმაში, მაგრამ მსმენელისგან დიდ სიყვარულს რომ იღებ, არ არსებობს, უკან დაბრუნება არ მოგინდეს. ჩვენი წარმატების საიდუმლოც, ალბათ, ეს არის - გულწრფელი ურთიერთობა.

18 წლის ვიყავი, პირველად კონცერტი­ რომ ჩავატარეთ. ბევრი ადამიანი მოვიდა­, ტაში დაგვიკრეს. მახსოვს, ცოტა "თავში ამივარდა", მაგრამ ბავშვურად და რაც მთავარია, ის იქვე დარჩა. როდესაც ადამიანებს უყვარხარ, ბევრად დიდი გამო­წვევების წინაშე დგები. მით უმეტეს, ჩვენ გვისმენს ყველა თაობა. ბევრისთვის შეიძლ­ება მაგალითიც ვიყოთ, ეს გაცნობიერებული გვაქვს.

- პოლარიზებულ გარემოში, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, "ურსას" მისამართით "ტალახის სროლა" ნაკლებადაა... ამას როგორ ახერხებთ?

- "ურსა" ემსახურება იდეას, სიმღერა უნდა იყოს გამაერთიანებელი, გახლეჩილი საზოგადოების შემკვრელი. ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, რა პოლიტიკური შეხედულება და მრწამსი აქვს ადამიანს, თითოეული მსმენელი გვიყვარს, ჩვენ ყველასთვის ვმღერით!

ursa-1745769497.jpg

- საკუთარ თავს როგორ დაახასიათებთ?­

- ძალიან მიზანდასახული ვარ, მშრომელიც, მაგრამ ერთი მინუსი მაქვს, ზოგჯერ მიძინება ვიცი. შეიძლება 2 კვირის განმავლობაში არანაირი იდეა და შემართება არ მქონდეს, მაგრამ მომდევნო 2 კვირა იმდენად მოტივირებული და ენერგიული ვიყო, ამ ენერგიის ინერციით გავიყვანო ნახევარი თვე. მუხლჩაუხრელი შრომა მიყვარს, შეიძლება 9 საათი რეპეტიცია მქონდეს და არანაირი პრეტენზია არ გამოვთქვა, რადგან ვიცი, ეს ადრე თუ გვიან დიდ შედეგს დადებს.

- რა მოგწონთ ყველაზე მეტად საკუთარ ხასიათში?

- შრომისმოყვარეობა, გამძლეობა, ცხოვრებამ შეიძლება წარმატების ხელი ნებისმიერ მომენტში გამოგიწოდოს, შენ იმდენად ბევრი უნდა გქონდეს ნაშრომი, რომ მზად იყო, მიიღო ის სიკეთე, რასაც სამყარო გჩუქნის.

- თქვენ ეს შანსები გამოიყენეთ?

- ბევრი შანსი გამოვიყენე, თუმცა ბევრი სიკეთეც გავუშვი ხელიდან. ადამიანებს შესაძლებლობა ბევრჯერ გვეძლევა, მთავარია დანახვა შევძლოთ.

- გიორგი, იღბლიანი ხართ?

- ძალიან იღბლიანი ვარ. არაჩვეულებრივი ოჯახი, მეუღლე, შვილები, მეგობრები... სხვა რა არის საჭირო ბედნიერებისთვის? ჩემთვის იღბლიანობა კიდევ იცით რა არის? საქართველოში რომ დავიბადე. სხვა ქვეყანაში რომ დავბადებულიყავი, შეიძლება მომღერალი არც ვყოფილიყავი.

2-1745769496.jpg

- თქვენს წარმატებაში მიას (გიორგის მეუღლე) როლზე რას გვეტყვით?

- 50% მიას ეკუთვნის. როცა კონცერტზე მივდივარ, ჩემი გონების და გულის ნახევარი ყოველთვის ოჯახშია, ნახევარი - მსმენელთან. როცა ოჯახში სიმშვიდე მეგულება, ეს ბევრს ნიშნავს. სიმშვიდე თუ არ არის, ვერაფერს ვაკეთებ.

- როგორი მამა ხართ?

- ანიტას აღზრდაში მეტად ჩართული ვიყავი, "კოვიდი" იყო და, ფაქტობრივად, სულ შინ ვიყავი. ანდრიას შემთხვევაში ასე ვეღარ ვარ, მაგრამ ჩემი თავისუფალი დრო ოჯახს ეკუთვნის. ანდრია სანამ დაიბადებოდა, ექიმთან კონსულტაციებზე რომ დავდიოდით, საოცარი განცდა მქონდა, ვუყურებდი როგორ ვითარდებოდა ადამიანი დედის ორგანიზმში და ეს იყო უდიდესი სასწაული... შეიძლება ითქვას, რომ გამოცდილი მამა ვარ.

- ვინ არის ის ადამიანი, ვისი შეფა­სებაც­ თქვენთვის­ მნიშვნელოვანია,­ იცით, რომ მტკივნეულ სიმართლესაც დაუფარავად გეტყვით?

- ჩემი ჯგუფის წევრები. ჩვენ ერთმანეთს რჩევებს ვაძლევთ.­ "ურსას" მიღმა თითოეულს ჩვენი ცხოვრება გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, ისეთზეც, რომელიც ჩვენს კარიერას საერთოდ არ ეხება. შეგვიძლია არასწორ ნაბიჯებზე ერთმანეთს დაუფარავად მივუთითოთ. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც­ ერთმანეთთან არასდროს არაფერს ვმალავთ­.

- რისკზე თამამად მიდიხართ?

- სითამამე ხშირად საჭიროა. ყველაზე ბევრი ნახვა "სიყვარულის განდაგანას" აქვს, იმდენად კარგი გამოგვივიდა, ამ სიმღერის შემდეგ, შეიძლებოდა გვეთქვა, რაღა უნდა ვიმღეროთ, ამის შემდეგ რა მოეწონებათ? მაგრამ შემოქმედებით პროცეში იბადება ახალი იდეებიც.

- კომფორტის ზონიდან ხშირად გადიხართ?

- ხშირად და ეს პროცესი ძალიან მიყვარს. ახლახან დილის გადაცემის წამყვანი გავხდი, ეს არის სიახლე, საქმე, რომელშიც არანაირი გამოცდილება არ მქონდა. როცა ამ ნაბიჯს ვდგამდი, გაცნობიერებული მქონდა, ამ საქმეში უნიჭო თუ აღმოვჩნდებოდი, შეიძლებოდა ბევრი მსმენელი დამეკარგა, მაგრამ მირჩევნია, კომფორტის ზონიდან გამოვიდე და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს მივაღწიო. ამიტომ მსგავს გამოწვევებზე უარს არასდროს ვამბობ. ეს გამოწვევები ცხოვრებას მეტად საინტერესოს ხდის.

როდესაც სცენაზე ვდგავარ და მსმენელს ვუმღერი, კონკრეტულ ადამიანებს თვალებში ვუყურებ, ახლოსაც მივდივარ, ვესაუბრები, ჩემი ენერგიის შესავსებად ადამიანების თვალებს ვიყენებ. ტელევიზიის შემთხვევაში კი ასე არ არის, იქ არის კამერა, რომლის უკანაც დგას მაყურებელი და ის კამერა არ ჰგავს ადამიანების თვალებს. ამიტომ არის ეს საქმე კომფორტის ზონიდან გამოსვლა, სხვა თვისებების განვითარებას უწყობს ხელს.

ახლო მომავალში ერთ-ერთი მეგაპროექტის ჟიურის წევრადაც მიხილავთ, ესეც კომფორტის ზონიდან გამოსვლა იქნება.

- რომ არა სიმღერა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო გიორგი ძოწენიძე?

- აუცილებლად ვიქნებოდი კულინარი, შეფ-მზარეული.

- მეგონა, ფეხბურთელს იტყოდი.

- მართალია, ფეხბურთზე დავდიოდი, მიყვარდა, მაგრამ სხვები ჩემზე კარგად თამაშობდნენ. მივხვდი, მოედანზე ისეთივე შედეგს ვერ დავდებდი, როგორსაც სცენაზე და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

თამუნა კვინიკაძე