რომის პაპი საქართველოში და "ლოკომოტივზე" შესრულებული "მშვიდობის მესა" - "ილია მეორემ ამ ვიზიტს ისტორიული უწოდა" - კვირის პალიტრა

რომის პაპი საქართველოში და "ლოკომოტივზე" შესრულებული "მშვიდობის მესა" - "ილია მეორემ ამ ვიზიტს ისტორიული უწოდა"

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ვატიკანმა ორშაბათს, 21 აპრილს გაავრცელა. "პაპი ფრანცისკე საქართველოში 2016 წლის 30 სექტემბერს ჩამოვიდა და 2 ოქტომბრამდე დარჩა. ეს იყო ისტორიული ვიზიტი, რომელიც შედგა როგორც საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის, ისე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით. მისი ჩამოსვლა არა მარტო ეკლესიური, არამედ დიდი კულტურული და პოლიტიკური მნიშვნელობის იყო", - ამბობს ისტორიკოსი გიორგი ჩუბინიძე.

- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა რომის პაპებთან ერთობ საინტერესო თემაა და დიდ კვლევასაც საჭიროებს. პირველად და ფუნდამენტურად ამ თემას მიხეილ თამარაშვილი შეეხო ნაშრომით ,,ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის", სადაც პაპების და საქართველოს მეფეების თუ კათალიკოსების ურთიერთობების საინტერესო დეტალებია. დიდი სქიზმის, ანუ 1054 წლის შემდეგ, საქართველო კვლავ მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდა რომის ეკლესიასთან, მუდმივად იყო ურთიერთდახმარება, დიალოგი და დიპლომატიური კავშირი, ვიდრე ეს საქართველოს რუსულმა ანექსიამ არ შეაჩერა. მანამდე თბილისში 1803 წელს მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკური ეკლესიის კურთხევას თავად კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II დაესწრო... როდესაც 1917 წლის 25 მარტს საქართველოს ეკლესიამ კვლავ აღიდგინა რუსეთის მიერ გაუქმებული ავტოკეფალია, კათოლიკოს-პატრიარქ კირიონის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი რომის იმდროინდელ პაპთან, ბენედიქტე XV-სთან წერილის გაგზავნა იყო, რომლითაც მან პეტრე და ანდრია მოციქულების, რომისა და საქართველოს ეკლესიების დაფუძნება და მათი ძმობა, მეგობრობა შეახსენა და თანამშრომლობის, ურთიერთკავშირის სურვილი გამოთქვა. მას შემდეგ განვითარებული მოვლენები მოგეხსენებათ, საბჭოთა მძიმე წლები და ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა დასავლეთთან, მათ შორის კათოლიკურ ეკლესიასთან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ კათოლიკე ქართველები, რომლებსაც უდიდესი კულტურული და სამეცნიერო წვლილი შეჰქონდათ საქართველოს მაშინდელ ყოფაში. თუნდაც ზაქარია ფალიაშვილის მუსიკით, რომლის კათოლიკური გალობანი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში 1960-იან წლებამდე ჟღერდა, მიხეილ თამარაშვილის, მიხეილ თარხნიშვილისა და სხვათა უდიდესი სამეცნიერო მემკვიდრეობა და ა.შ.

საბჭოთა კავშირის ათეისტური რეჟიმის დასუსტების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აღადგინა ურთიერთობა რომის კათოლიკურ ეკლესიასთან. როდესაც­ პავლე VI გარდაიცვალა, მან საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლობა გაგზავნა დაკრძალვაზე დასასწრებად. ეს ურთიერთობა, იოანე-პავლე II-ის საქართველოში ვიზიტით დაგვირგვინდა. 1999 წელს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისა და ილია II-ის მოწვევით პაპობის ისტორიაში კავკასიაში და მით უმეტეს, ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველად სწორედ საქართველოში დადგა ფეხი რომის ეკლესიის მეთაურმა, შემდგომ კი ახალშესვენებულმა პაპმა ფრანცისკე I-მა.

- რომის პაპის ფრანცისკეს საქართველოში­ ვიზიტზე გვესაუბრეთ.

- რომის პაპის საქართველოში ჩამოსვლა არა მარტო ეკლესიური, არამედ დიდი კულტურული და პოლიტიკური მნიშვნელობის იყო. თუმცა მის ვიზიტს პარალე­ლურად უძღოდა ფუნდამენტალისტთა პროტესტი, რომ პაპის ჩამოსვლით საქართ­ველოს მართლმადიდებელ მრევლს დიდი ცოდვა დაატყდებოდა თავს. ეს მენტალიტეტი, ფუნდამენტალისტური შეხედულებანი, როგორც ჩანს, იმ 70-წლიანმა ჩაკეტილობამ, ჯერ რუსულმა და მერე საბჭოურმა ანტიდასავლურმა კამპანიამ ჩანერგა ქართველ ერში. "მშვიდობის მესა" ლოკომოტივის სტადიონზე ნახევრად სავსე სტადიონზე მიმდინარეობდა. სამთავრობო­ წარმომადგენლობიდან მხოლოდ პრეზიდენტი­ მარგველაშვილი დაესწრო. ამ ისტორიულ ვიზიტს მხოლოდ კათოლიკე მრევლი და მართლმადიდებელი მრევლის უმცირესი­ ნაწილი დაესწრო ჯერ ლოკომოტივის სტადიონზე, შემდეგ სვეტიცხოველში, სადაც, ისევე როგორც იოანე-პავლე II, ისიც არა საკურთხევლის ამაღლებულ ადგილას, არამედ საკურთხველის ქვემოთ დააბრძანეს.

პაპი ჯერ საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა, მერე კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს ეწვია.

- მცხეთაში ვიზიტზე რას იტყვით?

- პაპი და პატრიარქი ერთად ჩავიდნენ მცხეთაში და მივიდნენ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. ეს ვიზიტი სიმბოლურადაც და სულიერადაც დიდი მნიშვნელობის იყო.

პატრიარქმა ამ ვიზიტს „ისტორიული უწოდა. ეს იყო მომენტი, რომელიც მრავალი ადამიანისთვის სამახსოვროდ დარჩა. ახლა როცა პაპი აღარაა, მისი მოღვაწეობა კიდევ უფრო საინტერესო შესაფასებელია, რადგან ის კათოლიკური ეკლესიის მოდერნიზაციას ცდილობდა. მისი ანდერძიც მისი უბრალოების დადასტურებაა.

"ეს დედამიწა ჩვენია და მშვიდობით თანაცხოვრება უნდა მოხერხდეს როგორც პოლიტიკურად, ისე რელიგიურად"

ეკა კაჭარავა ეკლესიაში უშვილობით გამოწვეულმა განსაცდელმა მიიყვანა. ნანატრი შვილი, ლუკა, 15 წლის შემდეგ, 2013 წელს შეეძინა. მისთვის ყოველთვის ამაღელვებელია იმის გახსენება, თუ როგორი იყო მისი გზა სამეგრელოს ლამაზი სოფლიდან კოლოსეუმის არენამდე:

"2004 წელს რომში პრეზიდენტ სააკაშვ­ილის ვიზიტი იგეგმებოდა და საქართველოს ელჩმა ვატიკანში ქეთევან ბაგრატიონმა გადაწყვიტა, იტალიურ გუნდს ქართული სიმღერები ემღერა და მთხოვა, მესწავლებინა. მან წამიყვანა გუნდის დირიჟორ დონ პაბლო კოლინოსთან, რომელიც ბერი გახლდათ. დაუვიწყარია შეგრძნება, როცა წმინდა პეტრეს ტაძარში ვგალობდი".

კოლოსეუმის არენაზე მსოფლიოს სხვადასხვა რელიგიური კონფესიის ლიდერებისა და წარმომადგენლების წინაშე კათოლიკური ორგანიზაცია წმინდა ეგიდიუსის თემის "მშვიდობისთვის" გამართულ ლოცვაზე ამავე საზოგადოების გუნდი ეკატერინე კაჭარავას ხელმძღვანელობით წარდგა. ვინაიდან ეკა კათოლიკურ ეკლესიაში რეგენტია, 2014, 2016, 2017, 2021 და 2022 წლებში პაპის ვიზიტისას ტაძარში თუ საერთაშორისო ღონისძიებაზე­ "ლოცვა მშვიდობისათვის" გუნდს დირიჟორობდა.

ეკა კაჭარავა იტალიიდან გვესაუბრა:

- ქალბატონო ეკა, თქვენ გხვდათ წილად პატივი გედირიჟორათ იქ, სადაც რომის პაპი და მსოფლიო ლიდერები იმყოფებოდნენ.

- ზოგჯერ ადამიანი ისეთ ადგილზე აღმოჩნდები, ოცნებასაც რომ ვერ გაბედავდი. ხუთჯერ მქონდა ასეთი განცდა კოლოსეუმის არენაზე, როდესაც მსოფლიოს ლიდერები იყვნენ ჩამოსული, არა მარტო სასულიერო პირები, არამედ პოლიტიკოსებიც: სერჯო მატარელა, ანგელა მერკელი, ემანუელ მაკრონი და სხვები... ჩემთვის ძალიან ძვირფასი სანახავი იყო, ერთმანეთის გვერდიგვერდ როგორ ისხდნენ - რომის პაპი, მსოფლიო პატრიარქი ბართლომე, იმამი და ებრაული თემის სულიერი მოძღვარი... ასეთY დროს აცნობიერებ, მშვიდობისთვის ლოცვა რამდენად მნიშვნელოვანია. მშვიდობისთვის გარჯა ყველას ვალია. ეს დედამიწა ჩვენია და მშვიდობით თანაცხოვრება უნდა მოხერხდეს როგორც პოლიტიკურად, ისე რელიგიურად.

მამუკა ცეცხლაძე: - 1985 წელს სამხატვრო აკადემიაში ხუთი ნახატი და ოცამდე ესკიზი შევასრულე თემაზე სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობა ევროპაში. დღეს ეს ნახატები გამოფენილია გია ჯოხთაბერიძის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. 2015 წელს ჩემმა მეგობარმა, ცნობილმა ჟურნალისტმა პაატა ნაცვლიშვილმა მითხრა, რომ 2016 წელს თბილისში ჩამობრძანდებოდა რომის პაპი ფრანცისკე და ერთი ცენტრალური ნახატის გამეორება, ოღონდ ცოტა შეცვლილი, დახატე და რომის პაპს საჩუქრად გადაეციო. პაატამ ჩემი ნახატების ამ თემის ფერადი კატალოგიც გამოსცა. მართლაც, 2016 წელს პაატას რჩევით დავხატე ნახატი და რომის პაპს საჩუქრად გადავეცი. ძალიან მოეწონა და მითხრა, ვატიკანში ჩემს ოთახში დავკიდებო.