"მგლები სოფელში დადიან, სახლებიდან 20 მეტრში, , მოსახლეობა დაუცველია..." - რა ხდება რაჭაში?! - კვირის პალიტრა

"მგლები სოფელში დადიან, სახლებიდან 20 მეტრში, , მოსახლეობა დაუცველია..." - რა ხდება რაჭაში?!

რამდენიმე წელიწადია სოფლებში მგლების შემოსევები გახშირდა, მათ შორის რაჭაშიც. სპეციალისტების თქმით, მგლების შემოსევის გახშირება ტყეების გაკაფვამ განაპირობა, ტყეში საკვების დაკარგვამ მტაცებელი აიძულა სოფელში ჩამოსულიყო. ამბროლაურელთა თქმით, მგლები ერთდროულად გამოჩნდნენ: სხვავაში, ცხმორში, ველევში, ახალსოფელში, კრიხში და ა.შ.

გავრცელებული ინფორმაციით, მგლებმა­ ამბროლაურში უკვე დაგლიჯეს ათი სული მსხვილფეხა პირუტყვი და ღორი. ვინაიდან ახლა მგლების ლეკვების გაჩენის დრო დადგა, მსხვერპლი, სავარაუდოდ, უფრო მეტი იქნება - ლეკვების გამო მგლებს უფრო მეტი კვება სჭირდება. სოციალურ ქსელში ადგილობრივები წერენ, რომ მგლები იმდენად გათამამდნენ, სოფლის გზაზე ღამღამობით ისევე დადიან, როგორც ადამიანები. მგლები გამოჩნდნენ სოფელ კრიხშიც, ზამთრობით აქ მოსახლეობის ნაწილი რჩება თავისი პირუტყვით, რომლის სუნზეც ხროვა ტყიდან გამოდის.

ნატო ნეფარიძე, კრიხის მცხოვრები:

- მგლები სოფლის შარაზე დადიან, საცხოვრებლებიდან 20 მეტრში. ზოგიერთ სოფელში მგლებმა ღორები ისე დაგლიჯეს, თავიც კი არ დაუტოვეს შეუჭმელი. მგელი მშიერია, მოსახლეობა კი დაუცველი. მუნიციპალიტეტები იძლევიან ნებას, მოკალითო,­ მაგრამ როგორ უნდა მოკლა, როდესაც ტყვია-წამალი ისე გაძვირდა, ვერ ყიდულობ, ნადირობასაც ხომ ორგანიზება სჭირდება.

ერთი ჩვენებური წერდა, მგლებისაგან დაგლეჯილი­ ჩემი ღორის ფოტო რომ გამოვაქვეყნე, "ფეისბუკმა" მაშინვე წამიშალა, ძალადობის­ შემცველიაო. ვინც არ იცის, პირუტყვის გაზრდასა და მოვლას რამხელა წვალება­ სჭირდება, მისთვის ადვილია მოსმენა, მგელმა ხალხს ძროხა და ღორი დაუგლიჯაო, ამიტომ მტაცებლისაგან დასაცავად რაჭის მონადირეების შეიარაღებაა საჭირო... თითო-ოროლა ოჯახი დარჩა და რა დიდი ჭკუა უნდა იმის მიხვედრას, რომ ისინიც არ გავაქციოთ.

მონადირე ამირან გვარჯალაძე ამბობს,­ რომ ტყეების შემცირებამ მტაცებელი გაამრავლა: - არა მარტო მგელი­ ჩამოვიდა სოფლად, არამედ ტურაც. ადრე, იმ ავადსახსენებელ წლებში, მონადირე მგლებზე ნადირობისთვის წახალისებული იყო. მგლის ტყავსაც კარგ ფასად იბარებდნენ. ამჟამად მონადირისთვის ტყვია-წამალსაც არავინ ყიდულობს. თუ სახელმწიფომ არ გაუკეთა მტაცებელზე ნადირობას ორგანიზება, შედეგი სავალალო იქნება.