138 გველი სარდაფში: შოკი, რომელიც დღემდე არ განელებულა - "გიურზას ნაკბენი პოტენციურად მომაკვდინებელია, მაგრამ..."
ქარელში, სოფელ ზემო ხვედურეთში, დღესაც შიშით იხსენებენ გასული წლის თებერვალში მომხდარ ისტორიას, როდესაც ძველ სარდაფში წითელმუცელა მცურავები (Dolichophis schmidti) აღმოაჩინეს. ჰერპეტოლოგებმა სარდაფიდან 138 გველის ერთდროული ამოყვანის კადრებიც გაავრცელეს, რომელთა შორის ყველაზე გრძელი 158 სმ, ყველაზე პატარა კი 82 სმ იყო. როგორ გაჩნდა ხვედურეთში ამდენი გველი, ჰერპეტოლოგებისთვის კი მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევის საფუძველი, ამის შესახებ ჰერპეტოლოგ გიორგი იანქოშვილს ვკითხეთ. ახალგაზრდა მკვლევარი ჰერპეტოლოგთაგან ერთ-ერთია, რომელსაც გველმა მინდორში უკბინა, თუმცა არ აუღია ხელი ამ დარგში მუშაობაზე.
- ბატონო გიორგი, ხვედურეთში 138 გველის ერთად აღმოჩენა მხოლოდ აქაურებისათვის კი არა, ბევრისთვის გამოდგა შოკის მომგვრელი.
- ეს ამბავი შემთხვევით შევიტყვე, გავრცელებული ვიდეო ნახა სტუდენტმა იოანე როსტიაშვილმა და გადავწყვიტეთ, ჩავრეულიყავით. ქვეწარმავლები ნახეს ძველი, უფუნქციო ბაგა-ბაღის სარდაფში, სადაც ახალ ნაგებობას აშენებდნენ. მან, ვინც ისინი აღმოაჩინა, საბედნიეროდ, იცოდა, რომ ეს არსებები ბუნების შექმნილ ერთ-ერთ სასიცოცხლო რგოლში არიან და მათი განადგურება ბუნებას ზიანს აყენებს. ამიტომაც მათთან მიახლოებას გამოცდილი სპეციალისტის, ბატონ შოთა ზანდუკელის რეკომენდაცია დასჭირდა. მან დაადასტურა, რომ ჩვენ ქვეწარმავლებს გამოვიკვლევდით და უსაფრთხო ადგილას გადავიყვანდით.
- რას უნდა მიეწეროს ერთ სოფელში ამდენი ქვეწარმავლის ერთსა და იმავე ნაგებობაში შეკრება?
- როგორც იქაურებმა გვითხრეს, წყალი სარდაფს სპეციალური მილით მიეწოდებოდა. დროთა განმავლობაში, როგორც ჩანს, მილი დაზიანდა და ქვეწარმავლებმა სარდაფში გამოსაზამთრებლად სწორედ მილის ამ დაზიანებული ადგილიდან შეაღწიეს. ქვეწარმავლები გამოსაზამთრებელ ადგილებს ტემპერატურის უზუსტესი ნიუანსებით არჩევენ - არც ისეთი სიცივე უნდა იყოს, სადაც გაიყინებიან, და არც ისეთი სითბო, რომელიც მოაშიებთ და გარეთ გამოსვლას აიძულებს. ამიტომ შედიან საშუალო ტემპერატურის ადგილებში და გაზაფხულამდე რჩებიან იქ ერთმანეთში გადახლართულები, რათა სხეულის ტემპერატურა შეინარჩუნონ, მერე კი გაზაფხულზე გარეთ გამოდიან.
- გველების გამოყვანისას ხალხი ალბათ ძალიან შეშინდა.
- არ შემინიშნავს შიში, მაგრამ, როდესაც ამ პროცესის ვიდეო გავრცელდა, მას 10000-მდე კომენტარი ჰქონდა, აქედან 90% უარყოფითი იყო. ზოგი დახოცვისკენ მოგვიწოდებდა. გული უფრო იმ კომენტარებმა დაგვწყვიტა, სადაც ჩვენს შრომას მოცლილი ადამიანების საქმედ აფასებდნენ.
დასანანია, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის, რა როლს ასრულებს ქვეწარმავალი ბუნებაში. ერთი რგოლის ამოვარდნით ზიანდება მთლიანი ეკოლოგიური ჯაჭვი, ამიტომაც აუცილებლობად მიმაჩნია მოსახლეობის ინფორმირებულობა, მით უფრო, რომ ჩვენთან გველების აბსოლუტური უმრავლესობა შხამიანი არ არის. იყო შემთხვევები, ეს ექიმებმაც არ იცოდნენ და არასათანადოდ მკურნალობდნენ გველის ნაკბენს.
რაც შეეხება ზემო ხვედურეთის გველებს, ისინი შოთა ზანდუკელის აგარაკზე გაზაფხულამდე კონტეინერებსა და ტომრებში გავაჩერეთ, ხოლო კვლევების ჩატარების შემდგომ ბუნებრივი პირობების მქონე ადგილებში გავუშვით.
- რას მოგვცემს ეს კვლევები?
- თითოეული გველი ავწონეთ, ავიღეთ პირის ღრუდან სინჯი და მუცლის ქერცლებზე კლოაკიდან თავის მიმართულებით შესაბამისი თანამიმდევრობით დავნიშნეთ. ვცდილობთ შევაგროვოთ ზოგადი ინფორმაცია გველებზე სამეცნიერო მიზნებისთვის, რაც შეიძლება გამოადგეს მოსახლეობას. ჩვენს არეალში ქვეწარმავლთა უმრავლესობა არ არის შხამიანი, გარდა გველგესლებისა, მათგან ყველაზე საშიში აღმოსავლეთ საქართველოშია, თუმცა ისიც კი სხვა გველებივით ადამიანს არ ვნებს, თუ თავად ადამიანი არ შეეხო. გიურზის ნაკბენზე, რომელიც პოტენციურად მომაკვდინებელია, იყენებენ ანტიგიურზინს, დანარჩენი გველის ნაკბენი კი მომაკვდინებელი არ არის.
არის თუ არა საქართველოში სხვა შხამიანი გველი? მომაკვდინებელი შხამით, არა! დასავლეთ საქართველოში არის კავკასიური გველგესლა, მთის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილში შეიძლება შეხვდეთ დინიკის გველგესლას, სამხრეთ ნაწილში კი ველის გველგესლასა და დარევსკის გველგესლას. მათმა ნაკბენმა ზოგიერთ ადამიანში შეიძლება მძიმე ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. თუმცა აღმოჩნდა, რომ მოსახლეობამ ეს არ იცის. ალბათ, იმიტომ, რომ ეს გველი, ასე ვთქვათ, თავისთვის არის, არავის ვნებს, თუ არ შეეხნენ. თუ მაინც შეეხნენ და გველმა უკბინა, შეიძლება მძიმე ალერგია განვითარდეს და მის დასაძლევად დექსამეტაზონს ვიყენებთ, ზოგიერთი ტოქსიკოლოგის და ექიმის მოსაზრებით ეს არასწორია, თუმცა სხვა სახის ინფორმაცია არა გვაქვს.
დასავლეთ საქართველოში იყო შემთხვევა, როდესაც ექიმები გველგესლას ნაკბენით დასივებულ ფეხს მოჭრას უპირებდნენ და მიზეზად განგრენას განვითარებას ასახელებდნენ. ეს მაშინ, როდესაც ასეთი გასივება ცხრება. გადამრჩენელი ერთ-ერთი ადგილობრივი აღმოჩნდა, რომელმაც ექიმებს პაციენტისთვის ფეხის მოჭრა არ დაანება და თავზე აიღო პასუხისმგებლობა, რომ ფეხზე განგრენა არ განვითარდებოდა.
სამეცნიერო ექსპედიციის დროს ერთ სახეობას დიდხანს ვეძებდი. ბალახებში გველი როგორც კი შევნიშნე, შიშველი ხელით დავაპირე თავით დამეჭირა. ერთი კბილით მომწვდა თითზე და ხელი რამდენიმე დღე მქონდა გასივებული. ექიმებს გაუძნელდათ დაჯერება, რომ ნაკბენი სასიკვდილო არ იყო, თუმცა ექიმებს ვერ დაადანაშაულებ, რადგან ამ სფეროში არც გამოცდილება აქვთ და არც სწავლება. მათი გაცნობიერება სპეციალისტების საქმეა, მაგრამ იმდენი ჰერპეტოლოგიც არა ვართ, რომ ყველასთან მივიტანოთ ინფორმაცია.
- შეიძლება გამოსაზამთრებლად გველები ისეთ სარდაფებში შევიდნენ, სადაც ადამიანიც ცხოვრობს?
- შეიძლება სარდაფში ისე გამოიზამთრონ, სახლის პატრონმა ვერც გაიგოს. ამაოა შიში, თუ რატომ ჩნდება ამა თუ იმ ადგილზე ბევრი ქვეწარმავალი. ზემო ხვედურეთში რატომ გაჩნდა 138 წითელმუცელა გველი? იმიტომ, რომ ეს კვებითი ჯაჭვის თავისებურებამ განაპირობა. როგორც იქაურებმა გვითხრეს, ძველად მარცვლეულის ნათესების გამო თაგვებს ხშირად წამლავდნენ, მაგრამ ახლა ამას არავინ აკეთებს და თაგვმაც მოიმატა და გველებმაც, ისინი თაგვებით იკვებებიან. მომავალში შეიძლება მოიმატოს იმ ფრინველების რაოდენობამ, რომლებიც გველებით იკვებებიან. ადამიანს შეუძლია არ გაჩეხოს ტყეები, რათა მტაცებელი ახლოს არ მივიდეს პირუტყვთან, ან არ დახოცოს ქვეწარმავლები, რათა ზომაზე მეტად არ გამრავლდენენ მღრღნელები. ასეთია ბუნების კანონი და უნდა ვიცოდეთ, რომ შიში არაფრის მომცემია, რადგან ეს კანონი უჩვენოდაც იარსებებს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დავემორჩილოთ ამ კანონს და დამაზიანებლად არ ჩავერიოთ.