"გამოიარა სოფლის სასაფლაო და ასე მოაღწია ჩვენამდე, შემოვარდა ოთახში და იძახდა, მიშველე, ბებია, მკლავენ, არსად გამიშვაო" - რას ჰყვებიან წალენჯიხაში 7 წლის ბავშვის ძალადობის ფაქტზე მამა და ბებია? - კვირის პალიტრა

"გამოიარა სოფლის სასაფლაო და ასე მოაღწია ჩვენამდე, შემოვარდა ოთახში და იძახდა, მიშველე, ბებია, მკლავენ, არსად გამიშვაო" - რას ჰყვებიან წალენჯიხაში 7 წლის ბავშვის ძალადობის ფაქტზე მამა და ბებია?

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია სამართალდამცავებმა წალენჯიხის ერთ- ერთ სოფელში დედა-შვილი დააკავეს. მათ ჯგუფურად არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით წაუყენეს ბრალი. გამოძიების მტკიცებით, 7 წლის ბავშვზე საკუთარმა დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს და არასრულწლოვანს ძალადობის შედეგად, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება აღენიშნება. მათთვის წაყენებული ბრალი 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არსებული ინფორმაციით, ნაცემი 7 წლის ბიჭუნა სახლიდან გაიქცა, მან ერთი კილომეტრიც მანძილი მარტო გაიარა და ამავე სოფელში მცხოვრებ მამის ბებიას მიმართა დახმარებისთვის. სწორედ ბებიამ ატეხა განგაში, როცა ნახა, რომ პატარა ბიჭს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. სამართალდამცავებმა ბავშვის დედას და ბებიას სახლში მიაკითხეს და იქიდან პოლიციაში გადაიყვანეს. როგორც შევიტყვეთ, ბავშვის მშობლები გაშორებულები არიან, პატარა დედის მშობლების სახლში ცხოვრობდა წალენჯიხის ერთ-ერთ სოფელში. მამა ემიგრაციაში იყო და იქ შეიტყო მის ერთადერთ შვილზე მომხდარი ძალადობის ფაქტი. ის სამშობლოში უკვე დაბრუნდა და ყოფილი მეუღლის და სიდედრის დასჯას ითხოვს. როგორც ირკვევა, საქმეში სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგიც ჩაერთო. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბავშვს მამალი დასდევდა და კბენდა, მან კი ჯოხი ჩაარტყა მამალს და მოკლა, სწორედ ამის გამო დასაჯეს დედამ და ბებიამ ასე მწარედ არასრულწლოვანი. როგორც ამბობენ, მას სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის ნაკბენიც, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ბავშვი რამდენიმე დღე დამწყვდეული ჰყავდათ საღორეში, თუმცა როგორც ირკვევა, ეს სიმართლე არ არის.

როგორც გავარკვიეთ, სკოლის პედაგოგებთან, ბავშვი სამშაბათს ჩვეულებრივ ესწრებოდა გაკვეთილებს, მაგრამ მას დაზიანება არ აღენიშნებოდაო. როგორ სთხოვა შველა დიდ ბებიას პატარამ, რა უამბო მას მომხდარზე, რას ამბობს ბავშვის მამა, ამ და ბევრ საინტერესო დეტალს შეიტყობთ ამ ინტერვიუდან. ჩვენ ვესაუბრეთ როგორც ბავშვის დიდ ბებიას, ასევე პოლონეთიდან ჩამოსულ ბავშვის მამას.

- ქალბატონო ნუცა, როგორც ვიცით, ნაცემი ბავშვი, თქვენი შვილთაშვილი მოვიდა თქვენთან და დახმარება გთხოვათ. რა გიამბოთ ბავშვმა?

- პატარა ბიჭი ჩემი შვილიშვილის შვილია, მათი სახლიდან ჩემს სახლამდე ერთ კილომეტრზე მეტია მანძილი. როგორც მითხრა, ბავშვი ცენტრალური გზიდან არ წამოსულა, რადგან ეშინოდა დედას და ბებიას არ დაენახა და ამიტომ იარა სოფლის ჩიხებით, გამოიარა სოფლის სასაფლაო და ასე მოაღწია ჩვენს სახლამდე. საკმაო მანძილი, ერთი კილომეტრზე მეტი გამოიარა, სამის 20 წუთი იქნებოდა ბავშვი რომ მოვიდა. დრო იმიტომ მახსოვს, რომ ტელევიზორთან ვიჯექი და სერიალს ვუყურებდი. შემოვარდა ბავშვი ოთახში და იძახდა, მიშველე, ბებია, მიშველე, მკლავენ, არსად არ გამიშვა, შენ გამზარდე, იქ არ მინდაო. ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ავდექი და ვკითხე, რა მოხდა- მეთქი, მომკლა ცემით ბებია და დედამ, დამამწყვდიეს ოთახში, გამოვიპარე და მიშველეო. რომ ვნახე ბავშვი, გავგიჟდი, სისხლით მოსვრილი, ტალახიანი, ჭუჭყიანი იყო, გამხმარი სისხლი ჰქონდა სახეზე, თვალები დასივებული, თვალი ახლაც დასივებული აქვს, მაგრამ ახლა ცოტა უკეთესად არის, ბავშვს მთელ სხეულზე ჰქონდა დაზიანებები, უკანა მხარე, ზურგი, კბილებით არის ამოჭმული, წინა მხარე და ფეხებზე ფრჩხილებით იყო დაკაწრული. მთლიანად ატყვია ფრჩხილების კვალი, ეს ფრჩხილებით დედაჩემმა გამიკეთა და უკან ზურგზე ბებომ დამკბინაო. ბოდიში და საჯდომი მთლიანად დაშავებულია, მკლავი, ხელი, კბილით არის მოჭმული, რა ვიცი, რა ვთქვა, ისეთ დღეში ვნახე ბავშვი, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. მაშინვე ვთქვი, პოლიციას გამოვიძახებ მეთქი. სახლში ჩემი შვილიშვილი იყო და იმან მითხრა, ექიმს გამოვუძახოთ, ბავშვს რაიმე არ სჭირდესო, დავრეკეთ 112-ში, ვერ მოვითმინე და ვუთხარი ბავშვს რა სჭირდა ცუდად არის, ჩემი შვილთაშვილი, ბავშვი ამბობს მცემეს-მეთქი, მათ დაურეკავთ პოლიციისთვის და მოვიდა სასწრაფო და პოლიცია. მათ მოსვლამდე ბავშვს ტანზე გავხადე, რომ გამეწმინდა, ტალახიანი ჰქონდა ფეხებიც, საშინელ დღეში იყო ბავშვი, პოლიცია რომ მოვიდა შიშველი იჯდა ჩემს წინ ბავშვი და პოლიციელებმაც ნახეს როგორი მძიმე დაზიანებები ჰქონდა პატარას. თავზეც მირტყამდა დედაო, ამბობდა. საშინელება იყო ყურის მარცხენა მხარე, თვალი, სახე და ყურიც გაჩხაპნილი ჰქონდა. გუშინ ქუთაისში წავიყვანეთ ექსპერტიზაზე და იქ ჩაუტარდა ექსპერტიზა, დასკვნაშიც გამოჩნდება რა სახის დაზიანებები ჰქონდა პატარას. მერე იქიდან დაბრუნებულ ბავშვს ფსიქოლოგი დაელაპარაკა და თითქმის 10 საათი იქნებოდა ღამის, სახლში რომ მომიყვანეს. თავიდან ორი ღამე კარგად ეძინა, წუხელ დაძინებაც გაუჭირდა, არ უძინია ნორმალურად, ძალიან ცუდად იყო.

screenshot-2025-04-26-115312-1745654124.png

- თქვენთან ბავშვი ხუთშაბათს მოვიდა? ესე იგი თქვენთან ბავშვი ხუთშაბათს, 24 აპრილს მოვიდა? სკოლაში ამბობენ რომ ბავშვი სამშაბათს სკოლაში იყო და მას არანაირი დაზიანება არ ეტყობოდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვი თითქოს რამდენიმე დღე ჰყავდათ საღორეში გამომწყვდეული, ეს მართალია? რა გიამბოთ ბავშვმა?

- დიახ, ბავშვი ხუთშაბათს, დაახლოებით 2 საათსა და 20 წუთზე მოვიდა ჩემთან. ამბობს თივაზე ვიწექიო, მერე ჩვენ გვითხრა, სადაც სიმინდი აქვთ დაყრილი იქ შემაგდეს, ბებიაჩემი გამხმარ პურს დამიგდებდა ოთახში და მეუბნებოდა ეს ჭამეო, წყალი იატაკზე დამიდგაო, ბავშვმა რაც თქვა, ის გავიმეორე იქაც, სადაც დამკითხეს და იმას ვამბობ თქვენთანაც, ყველას ამას ვეტყვი, ეს სადისტობა, ეს ადამიანობა არ არის, სისასტიკეა, არ ვიცი, როგორ უნდა აპატიოს ადამიანმა ასეთი წამება ბავშვის დედას და ბებიას. მე ვარ მისი მამის ბებია, დიდი ბებია. ბავშვმა ნორმალურად წერა-კითხვა არ იცის, ეს ვუთხარი მე დღეს მის მასწავლებელს და სკოლის დირექტორსაც, რომლებიც მოვიდნენ ჩვენთან. ამ კვირაში დავუჯდები და პირადად მე ვასწავლი მას. როცა ბავშვი სკოლიდან სახლში ბრუნდება, მას სჭირდება ოჯახის წევრების დახმარება. თითო საათი რომ იყოს, რაღაცას ხომ ასწავლი. მის პედაგოგს ვესაუბრე, ხვალ ველოდები მასწავლებლის გამოგზავნილ რვეულს, მე დავუწერ ციფრებს, ასე უფრო კარგად დაწერსო. ის მასწავლებელი ძალიან უყვარს, რომ მოვიდა მის სანახავად, ჩაეხუტა, ისე კარგად მოექცა მასწავლებელს ბავშვი. 79 წლის ქალი ვარ და ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს და არ გამიგია საკუთარი შვილის მიმართ ასეთი ძალადობა. სადისტივით არიან მოქცეულები, ბავშვი შეჭმულია.

- როდის მიაყენეს მას დაზიანება, რას ამბობს ბავშვი? სკოლაში ამბობენ, რომ სამშაბათს ის იყო სკოლაში და დაზიანება არ აღენიშნებოდა.

- ბავშვს მთლიანად სხეულზე აქვს დაზიანებები, აქვს სიშავეებიც, რომ გახდი ტანსაცმელს და დაათვალიერებ, გაგიჟდები. ჩემი აზრით, ეს დაზიანებები ერთ დღეში მიყენებული არ არის. არ მჯერა, რომ ის მარტო ერთი დღის ნაცემია. როგორ აწამეს ბავშვი ასე, ნუთუ არცერთმა არ გაიაზრა რას ჩადიოდა, ნუთუ არც ერთს მოუვიდა აზრად ბავშვი ცოდვა არისო, მე არ ვიცი, წარმოუდგენელი ამბავია.

- ბავშვი თქვენთან რომ მოდიოდა სხვა დროსაც ხომ არ გინახავთ ნაცემი, ან ხომ არ უთქვამთ მსგავსი რამ?

- არა, არ უთქვამს, თუმცა სხვა დროს მარტო არ მოსულა. მოჰყავდა დედას.

- რას ამბობს ბავშვი, რატომ გაუსწორდნენ ასე სასტიკად? გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ბავშვმა მამალს ჯოხი ჩაარტყა და მოკლა და ამის გამო სცემეს

- დიახ, ამას ამბობს ბავშვი, რომ მკბენარა მამალი დასდევდა, მიკბინაო, შეეშინდა, ჯოხი ჩაარტყა, მოვკალი და ამიტომ მცემა ბებიამ და დედამო. რასაც ბავშვი ლაპარაკობს, იმას ვიმეორებ, მე იქ არ ვიყავი და არ მინახია. ძალიან აქტიური ბავშვია, კარგი, გონიერი ბავშვია, ჭკვიანია, მაგრამ პირველ კლასელ ბავშვს მშობელი დედა უნდა მიუჯდეს და უნდა ასწავლოს გაკვეთილი სახლში. ბავშვმა არ იცის წერა კითხვა კარგად. არადა ისეთი კარგი მასწავლებელი ჰყავს, ის ჩემი შვილიშვილის მასწავლებელიც იყო, სახლში რომ მოვიდოდა ბავშვი, გვერდით ვეჯექი და ვამეცადინებდი. ასე უნდა მოქცეულიყო დედა, ან ბებია. ამ ხალხს რა დაემართა, ასე როგორ მოექცნენ ბავშვს არ ვიცი, გაგიჟებული ვარ. ჩემს მეზობელ ქალს დედამისის სახელი ჰქვია რომ ახსენეს იმის სახელი, ბავშვი ახტა და გაიქცა კარის დასაკეტად არ მოვიდეს აქ და არ წამიყვანოს, არ მინდა ვნახო ისინიო. მამამისი ემიგრანტი იყო, სამუშაოდ იყო პოლონეთში წასული და ეს ამბავი როგორც კი გაიგო, წამოვიდა. დღეს ჩამოვიდა და ისიც ითხოვს დაისაჯონ ბავშვის დედა და ბებია.

- პატარა ბიჭის დიდ ბებოს ვთხოვეთ დაგვხმარებოდა, რომ ბავშვის მამასაც გავსაუბრებოდით, ისიც დაგვთანხმდა და გვესაუბრა ყოფილ მეუღლესთან არსებულ ურთიერთობაზე. როგორც თავად ამბობს, წყვილი 5 წელია ოფიციალურად გაშორებულია, ამის მიზეზი მათ შორის მომხდარი კონფლიქტები იყო.

- ბავშვის მამა, გია:

- ახლა ერთი საათია ჩამოვედი პოლონეთიდან, როგორც კი ეს ამბავი გავიგე, მაშინვე წამოვედი საქართველოში, რომ ჩემი შვილი მენახა. სასწაული დაზიანებები აქვს ბავშვს, ამიტომ მოვითხოვ კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს ბავშვის ბებია და დედა.

- ბავშვი რას გიამბობთ?

- ეს საშინელი ამბავი რომ გავიგე პოლონეთში, ცრემლები თავისით მოდიოდა, გაგიჟებული ვიყავი. არ ვიცი რა უნდა დავარქვა, ეს ჯოჯოხეთია, ასეთი რამ არავის გაუკეთებია თავისი შვილისთვის. ეს საპატიებელი არ არის, უნდა დაისაჯოს კანონით, სიმკაცრით. ახლა ჩამოვედი ერთი საათია და ნორმალურად ვერ დავალაპარაკე ბავშვს, უბრალოდ ცოტა დავილაპარაკეთ, ტანი დავუთვალიერე, რომ ჩემი თვალით მენახა რა ჭირს ბავშვს, გააზრება მიჭირს, ასე როგორ უნდა მოექცე ბავშვს. როგორც კი მითხრეს ეს ამბავი მაშინვე წამოვედი.

- გქონდათ შვილთან კომუნიკაცია ტელეფონით?

- რას წარმოვიდგენდი საკუთარ შვილს ასე თუ მოექცეოდა. მეგონა სანდო ხელში იყო ბავშვი. იმასაც გეტყვით, რომ მეც მქონდა მასთან კონფლიქტი, მეც ვიყავი თავგახეთქილი და ამ ფაქტის გამო გავშორდი მაშინ იმ ქალბატონს.

- რა კონფლიქტი მოგიხდათ ცოლ-ქმარს?

- სწორედ იმ სახლში მომიხდა კონფლიქტი, როგორ გითხრათ, შუშის ქილა ჩამარტყა თავში, მაშინ ჩემი ცოლი იყო და სისხლი მდიოდა, სახე დაზიანებული მქონდა. მაშინ არ მიჩივლია მისთვის, რადგან შვილი გვყავდა და მოვერიდე ჩივილს, საჩივარი არ დავწერე მის წინააღმდეგ. მე და ჩემი ცოლი ვიყავით მის სახლში, სიდედრი იყო სადღაც წასული, ხუთი წელია გასული ამ ინციდენტიდან და ჩვენ უკვე განქორწინებული ვართ ოფიციალურად. ჩემთვის ძალიან საშინელი ფაქტია გასახსენებლად, ამიტომ დეტალებზე არ ვისაუბრებ. ახლა მითუმეტეს ბავშვის ამბავი რომ დაემატა სიტყვები არ მაქვს.

- მაშინ გქონდათ თავში დაზიანება?

- მქონდა დაზიანება, სახეზე ახლაც მეტყობა, შრამი მაქვს, ქილა რომ ჩამარტყა თავი გახეთქილი მქონდა, დავრეკე ჩემებთან და ბებიაჩემი იმ სოფელში ცხოვრობს და ჩემი ბიძაშვილი, ჩემი ბიძა უცებ მოვიდნენ, დამაწყნარეს და უცებ გამომიყვანეს იქიდან, დაურეკეს მამაჩემს, მაშინ ცოცხალი იყო მამაჩემი, ისიც ჩამოვიდა სოფელში, ბებიაჩემის სახლში რომ მოვედი მერე ამომიღეს შუშის ნამსხვრევები თავიდან და ისე წამიყვანა მამაჩემმა სახლში. მეორე დღეს მამაჩემთან ერთად წავედი იუსტიციაში და მეორე დღესვე განქორწინებაზე შევიტანე განცხადება, მაშინ დავშორდით ერთმანეთს ოფიციალურად. ამ ქალბატონმა განქორწინების დღეს მოიყვანა ბავშვი იუსტიციაში, მაშინ პატარა იყო და ბავშვს ეუბნებოდა, უყურე მამაშენმა მიგატოვაო. მერე შემიზღუდეს სადღაც სამი თვე ბავშვთან საუბარიც კი, ალიმენტს ითხოვდა, ოღონდ არა ოფიციალურად, სარჩელი სასამართლოში არ შეგვიტანია, უბრალოდ ისე ვაძლევდი თანხას და ისიც არ ხმარდებოდა ჩემს შვილს. ეს ფული სად მიდიოდა, ყველაფერი ვიცი, რაღაცებს ყიდულობდა თავისთვის. მე რომ საქართველოში ვიყავი ზუგდიდთან ჩამოვდიოდი ბავშვის სანახავად და ხან ბებიაჩემის სახლში მიმყავდა ბავშვი, ხან ზუგდიდში. ესეც მას შემდეგ ხდებოდა, რომ დავიწყე სამსახური და დავიწყე გადახდა ფულის. მამაჩემი ცუდად გამიხდა და ვთხოვე წავიყვან ერთი ორი დღით მეთქი, მაგრამ უარი მითხრა, ბენზინგასამართ სადგურზე ვმუშაობდი ზუგდიდში სმენებით, ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა და ამიტომ ბევრი დროც არ მქონდა, რომ ჩამოვსულიყავი სოფელში და ბავშვი ხშირად მენახა, იმიტომ, ორი, სამი დღე-ღამეს ვატარებდი სამსახურში, გადაღლილი ვიყავი და ხშირად ვერ მოვდიოდი, დრო როცა გამომიჩნდებოდა, მაშინ მოვდიოდი ბავშვთან. ზუგდიდში ორი დღე მყავდა და ათჯერ რეკავდა რა ხდებაო, ბავშვსაც აშინებდა. ახლა ვფიქრობ, ბავშვს რომ ვურეკავდი სულ ბავშვის გვერდით იყო და მესმოდა როგორ არიგებდა რა ეთქვა ჩემთვის. აკონტროლებდნენ, მარტო დამოუკიდებლად საუბრის საშუალება არ ჰქონდა ბავშვს, თორემ რომ დაველაპარაკებოდი, მეტყოდა ყველაფერს, მამა ასე მჭირს, მოდი ჩქარა, დამეხმარეო. ბევრჯერ გამიგონია, ფული, ფული მოგიტანოსო, რომ ეუბნებოდნენ ეთქვა ჩემთვის. მე შევთავაზე სასამართლოში შეიტანე საჩივარი და ოფიციალურად გადავიხდი ალიმენტს, რამდენსაც დამინიშნავს სასამართლო- მეთქი, მაგრამ არ შეუტანია. იყო პერიოდი სამსახური რომ არ მქონდა და ყოველთვე ვერ ვუგზავნიდი. ახლა ბოლოს ნოემბერში გადმოვუგზავნე ფული ბავშვს, ჩემს ბიძაშვილს ჩავურიცხე და იმან მიაწოდა, იმიტომ რომ ვიღაც სხვა პირის ანგარიშის ნომერი გადმომიგდეს და იმას არ ვენდე. ბანკის ვალებიც აქვთ. 20 წელია მამამ რომ გარდაეცვალა, ძმა საზღვარგარეთ არის და მარტო ცხოვრობს დედა-შვილი. მეც მათ სახლში ვცხოვრობდი, რადგან იქ ვმუშაობდი მაშინ.

- სხვა დროსაც გქონიათ კონფლიქტები?

- ბავშვის დაბადებამდე არა, მერე ბევრი კონფლიქტი იყო, მივდიოდი სახლიდან, ოთხ- ხუთჯერ წავედი და დავბრუნდი, ბავშვიდან გამომდინარე ვბრუნდებოდი. თვითონ მთხოვდა შერიგებას. ცხონებული მამაჩემი რომ გარდაიცვალა მაშინ დაშორებულები ვიყავით, მაგ დროს არავის არ უთქვამს მოდიო, მაგრამ ყველაზე პირველი მოვიდა. მერე გაირკვა რომ ჩემი მამის სახლის გადაფორმება უნდოდა თავის სახელზე... ერთხელ კიდევ წამოვიყვანე სახლში ბავშვი და თვითონაც წამოვიდა. ვაგდებდი სახლიდან, მაგრამ ვერ გავაგდე, არ მინდოდა ფიზიკურად ძალადობა, სიტყვიერად ვეუბნებოდი, ნინო, წადი სახლიდან, ბავშვი აგერ მეყოლება, როდესაც ბავშვი მოინდომებს მოვიყვან-მეთქი, არაო. სიყვარულით კი შეიქმნა ჩვენი ოჯახი, მაგრამ ერთი წელი, წელიწადნახევარში უკვე ვხედავდი რომ იკარგებოდა ყველანაირი ურთიერთობა, ურთიერთგაგებაც, ბავშვს რომ ასე გაუსწორდა, წარმოიდგინეთ როგორი ადამიანია. საუბარზეც აგრესია ეტყობოდა. ხანდახან ჩემი მხარე ეჭირა დედამისს. ეს არ არის მისი მხრიდან ბავშვზე ძალადობის პირველი ფაქტი. ბავშვი სახლში რომ მომყავდა და საღამოს ვბანდი, მინახავს ტაკუნაზე დანარტყამი, მაგრამ არ მეგონა, რომ ასეთ მდგომარეობამდე სცემდა ბავშვს. მაშინ ვკითხე კიდეც და მითხრა ღორს ჯოხი დავარტყდი და ამიტომ მცემაო. ერთი ორი წლის უკან იყო ეს. ალბათ დაინახა, როგორც ექცევიან ბავშვს, იმიტომაც ბავშვს გაუჩნდა აგრესია. ყველას გვყავს შვილები და შვილიშვილები, გაგიგონიათ ვინმეს ასეტი სისასტიკე? ისინი კანონი როგორც მოითხოვს ისე უნდა დაისაჯონ. მე ყველაფერი მივატოვე, დავბრუნდი საქართველოში და ერთი შვილი მყავს და მის გვერდით ვიქნები.

თეა ხურცილავა

(სპეციალურად საიტისთვის)