ავი "წინასწარმეტყველება - "განტევების ვაცი: ტრამპ-პუტინის გარიგება ზელენსკის დასამხობად არის მიმართული“ - The Times
„განტევების ვაცი: ტრამპ-პუტინის გარიგება ზელენსკის დასამხობად არის მიმართული“, - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია როჯერ ბოიესი, დიპლომატიური კორესპონდენტი. იგი წერს, რომ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინის მიერ დაგებულ მახეში გაება - კრემლი თეთრ სახლს თავისი ინტერესების რეალიზებისათვის იყენებს.
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
ამბობდნენ, რომ მშვიდობის მქადაგებელ პაპ ფრანცისკას დაკრძალვის დღეს ცაში მშვიდობის მტრედი აფრინდება და რომში (ვატიკანში) შეკრებილი მსოფლიო ლიდერები უკრაინაში მშვიდობის დამყარებაზე მოილაპარაკებენო, მაგრამ სამწუხაროდ, შაბათს ვატიკანში მსგავსი არაფერი არ მომხდარა.
დიახ, რომში მყოფი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა დონალდ ტრამპს და სხვა ევროპული ქვეყნების ლიდერებს, მაგრამ რაიმე ერთობლივი დოკუმენტი არ მიუღიათ (და ვერც მიიღებდნენ, რადგან შეხვედრა არ იყო ოფიციალური ღონისძიება და მხოლოდ შეხვედრად დარჩა).
ამბობენ, დონალდ ტრამპს ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის მიმართ ეჭვები გაუჩნდა - მართლაც სურს თუ არა კრემლს მშვიდობის დამყარება, მაგრამ განა აშშ-ის პრეზიდენტი თავის „ქვაზე ამოკვეთილ“ გეგმას შეცვლის? ეს ნამდვილად არ არის საბაჟო-სავაჭრო ტარიფების შემთხვევა, როცა დონალდ ტრამპმა ჯერ გადაწყვეტილება მიიღო მათი გაზრდის შესახებ, მაგრამ შემდეგ პოზიცია შეიცვალა.
ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობა ხისტი ცაიტნოტის წინაშე აღმოჩნდა: არა მარტო იმის გამო, რომ დონალდ ტრამპს სურს გამარჯვების წრე დაარტყას თავისი პრეზიდენტობის მე-100 დღეს თეთრი სახლის გარშემო 30 აპრილს, არამედ იმიტომაც, რომ ვლადიმერ პუტინი სურს თავისი გენიოსობით წაიყოყოჩოს 9 მაისს დაგეგმილ სამხედრო აღლუმზე, ადოლფ ჰიტლერზე იოსებ სტალინის გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით.
დონალდ ტრამპის ე.წ. „სამშვიდობო გეგმა“ შემუშავების დღიდანვე სხვა არაფერი არ იყო, თუ არა რუსეთ-ამერიკის ერთობლივი გარიგება (პირის შეკვრა) უკრაინის ხელისუფლების უკანა პლანზე გადაწევისა და ქვეყნის მომგებიანი დარგების დაუფლებისთვის. თეთრი სახლისა და კრემლის სტრატეგიული მიზანია ვოლოდიმირ ზელენსკის ავტორიტეტის დაცემა და მისი მთავრობის კრახი. დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება და ესაუბრება, მაგრამ გულის სიღრმეში იგი სძულს, კონკურენტად აღიქვამს, რადგან უკრაინის მეთაური მსოფლიოში აშშ-ის ლიდერზე უფრო პოპულარულ პიროვნებას წარმოადგენს. ამიტომაც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა უკრაინის მე-6 პრეზიდენტი განტევების ვაცად გადააქცია იმ მიზნით, რომ ყველას ჩაუნერგოს აზრი - ჯო ბაიდენი მხარს უჭერდა მხოლოდ უიღბლო და წარუმატებელ ადამიანებს.
დონალდ ტრამპი, თუ იგი მართლაც დაამხობს უცხო ქვეყნის ლიდერს, წარმოჩინდება როგორც უფლის რისხვის აღმსრულებელი, ხოლო ხელოვნური ომების ეპოქაში ისეთი სიგნალის მიმცემი, რომ მსოფლიომ დონალდ ტრამპისეული ამერიკა უფლის ნებად უნდა აღიქვას. ევროპაში მშვიდობის დამყარება დონალდ ტრამპისათვის მეორეხარისხოვანია, რომელიც თავის მთავარ მოწინააღმდეგედ პატივმოყვარე ჩინელ სი ძინპინს თვლის. ასევეა ვლადიმერ პუტინისთვისაც, რომელიც, გაანაიტრალებს რა უკრაინას, გადაიქცევა კონფლიქტების მუდმივ გამჩაღებლად ევროპის ეზოში.
უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგ, ალბათ, ხელისუფლება მართლაც შეიცვლება - შეიქმნება ეროვნული ერთიანობის კოალიციური მთავრობა, რომელსაც, ალბათ, ბიზნესმენი პეტრო პოროშენკო უხელმძღვანელებს. სავარაუდოდ, კოალიციური ხელისუფლება როგორმე გადაიტანს ყირიმისა და დონბასის რუსეთისადმი გადაცემას.
რთულია იმის წარმოდგენა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი გარდაიქმნება და კომპრომისზე დათანხმდება, თუნდაც ტრამპისა და პუტინის ორმაგი წნეხის ქვეშ. იგი საკმაოდ ახალგაზრდაა და შესაბამისად, მოესწრება დონალდ ტრამპის იმქვეყნად წასვლას და, ალბათ, ვლადიმერ პუტინის სიკვდილსაც. მაგრამ დღევანდელი რეალობით, ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკური სივრცე ყოველდღიურად მცირდება.
დონალდ ტრამპის აშკარა წარმატება იმით გამოიხატება, რომ მან ხელ-ფეხი შეუკრა გაოგნებულ ევროპას და იძულებული გახადა სამხედრო თავდაცვითი ხარჯები გაედიდებინა - თუნდაც უკრაინის ნაწილობრივ დასახმარებლად. ამის მიუხედავად, ევროპელი ლიდერები მის უკანდახევას უკრაინის „რკინისებური მხარდაჭერიდან“ დამცირებად თვლიან.
ევროპელებმა თავი უხერხულ სიტუაციაში იგრძნეს, როცა მარკო რუბიომ ლონდონის სამიტზე თავისი ვიზიტი გააუქმა, ხოლო ტრამპის სპეცდესპანი სტივ უოტკოფი, ლონდონის ნაცვლად, მოსკოვში გაემგზავრა.
სამშვიდობო გეგმა ყველა თვალსაზრისით შეუმდგარია: ის მოწოდებულია თითქოსდა პუტინის მოქნილობა დააფიქსროს, მაგრამ იურიდიულად აღიარებს ყირიმის ყირიმის ანექსიას და დონბასის საოკუპაციო ხელისუფლების სტატუსს (თუნდაც დროებით, მაგრამ მაინც). გეგმა ასევე პირობას აძლევს რუსეთს, რომ უკრაინა ვერსოდეს ვერ გახდება ნატოს წევრი, ამერიკა გააუქმებს ანტირუსულ სანქციებს და რომ უკრაინას არ ექნება უსაფრთხოების გარანტიები. ასევე გაქრა იმის იმედიც, რომ უკრაინის დანგრეული ეკონომიკა რუსული გაყინული ფინანსური რეზერვებით აღდგებოდა.
უკრაინა გახდება სწორედ ისეთი, როგორიც ვლადიმერ პუტინს სურს: ღარიბი, დანაწევრებული და არათავდაცვისუნარიანი ქვეყანა. უფრო მეტიც, შეიძლება ახლო მომავალში მას რუსეთის მეგობარი პრეზიდენტი ჰყავდეს. არ არის გამორიცხული, რომ უკრაინის იმ ნაწილებში, რომელიც რუსეთს გადაეცემა, პარტიათაშორისო ომი ატყდეს.
დონალდ ტრამპი ერთადერთი არ არის, ვისაც ამ უწესრიგობის გამო პასუხისმგებლობა მოუწევს. მან თვალის დახამხამებაც კი ვერ მოასწრო, ისე აღმოჩნდა კრემლის მახეში. ვოლოდიმირ ზელენსკის და მის მრჩევლებსაც უნდა გაეთვალისწინებინათ ის, თუ რა მოჰყვებოდა აშშ-ის ადმინისტრაციის შეცვლას. ისინი უნდა დაეთანხმნონ იმას, რომ უკრაინა სამხედრო ჩიხშია შესული და ამიტომ ერთადერთ გამოსავალს ცეცხლის შეწყვეტა და დასავლელ სპონსორებთან ურთიერთობის ხელახალი გააზრება წარმოადგენს.
მოამზადა სიმონ კილაძემ