"მინდა დავბერდე, ტკბილი მოხუცი ვიყო, შვილიშვილებს კარგი მოგონებები დავუტოვო ჩემზე" - რას ჰყვებიან ქობულეთთან მძიმე ავარიის შედეგად დაღუპულ ცოლ-ქმარზე? - კვირის პალიტრა

"მინდა დავბერდე, ტკბილი მოხუცი ვიყო, შვილიშვილებს კარგი მოგონებები დავუტოვო ჩემზე" - რას ჰყვებიან ქობულეთთან მძიმე ავარიის შედეგად დაღუპულ ცოლ-ქმარზე?

"მინდა დავბერდე, ვიყო ტკბილი მოხუცი, შვილიშვილებს კარგი მოგონებები დავუტოვო ჩემზე", - 4 თვის წინ წერდა თავის "ფეისბუქგვერდზე" პედაგოგი მარინე ქათამაძე და ბედნიერ ცხოვრებაზე ოცნებობდა...

მაგრამ 27 აპრილს დატრიალებულმა ტრაგედიამ მისი და მისი მეუღლის სიცოცხლე შეიწირა. დაახლოებით საღამოს 8 საათზე ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტომობილი, რომელსაც ქობულეთის სოფელ გორგაძეებში მცხოვრები მამაკაცი მართავდა, საპირისპირო მიმართულებით მომავალ ავტომობილს შეეჯახა და ამ მძიმე ავარიას ცოლ-ქმრის, მარინე ქათამაძის და თენგო ზოიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა, ასევე, საპირისპირო მანქანაში მყოფი ორი ახალგაზრდა ბიჭი. ისინი ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

როგორც გავარკვიეთ, ცოლ-ქმარი ხოფის ბაზრობიდან სახლში ბრუნდებოდა და სახლამდე მცირე მანძილი ჰქონდათ დარჩენილი.

მარინე ქათამაძე ქობულეთის სოფელ გორგაძეებში დაწყებითი კლასების პედაგოგი გახლდათ და მისი კოლეგები ძალიან განიცდიან მომხდარს.

"ჩვენი სკოლის პედაგოგი იყო ქალბატონი მარინე, ძალიან განვიცდით ამ ამბავს. თუკი რაიმე კარგი მემეტება ადამიანისთვის, ყველა ეს სიტყვა მემეტება მისთვის. ძალიან თბილი, ცხოვრებით, სიხარულით სავსე ადამიანი იყო. უზომოდ ენერგიული, ძალიან უყვარდა თავისი ბავშვები, მოსწავლეებზე მართლაც გადაყოლილი პედაგოგი იყო. ჩვენი სკოლა მცირე კონტინგენტიანია, წელს მარინეს პირველი კლასი ჰყავდა და თავის მოსწავლეებზე უზომოდ მზრუნველი პედაგოგი იყო. კოლექტივშიც, მშობლებშიც, სოფელშიც უზომო სიყვარულით სარგებლობდა.

ეს დიდი ტრაგედია გუშინ მოხდა, ბათუმიდან სახლში ბრუნდებოდნენ, ხოფის ბაზრობაზე მაღაზია ჰქონდათ და იმას ამუშავებდნენ, იქიდან მოდიოდნენ, სულ ახლოს იყვნენ სახლთან, როცა ეს ავარია მოუხდათ. არ ვიცით, რა მოხდა, მათი ავტომობილი გზაზე გადასულა საპირისპირო მიმართულებით და შემხვედრ მანქანას დაეჯახა.

ტრაგედიის ადგილას მივედით, ეს სამწუხარო ამბავი რომ შევიტყვეთ. ქალბატონი მარინე ადგილზე დაიღუპა, მისი მეუღლე კი - საავადმყოფოში გადაყვანის დროს. როგორც ვიცი, ძალიან მძიმე დაზიანებები ჰქონდა.

მეორე მანქანაში მყოფებიც დაშავდნენ - ახალგაზრდა ბიჭები ისხდნენ, ორნი და ისინიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

ქალბატონი მარინე ქობულეთელია, სოფელ გორგაძეებში ცხოვრობდნენ, აქ იყო გათხოვილი და ძალიან კარგი ოჯახი ჰქონდათ. ასევე ძალიან მშრომელი ადამიანი იყო მისი მეუღლე - თენგო ზოიძე.

ყველას დაწყვიტეს გული, ყველა განიცდის ამ ამბავს და თანავუგრძნობთ ოჯახს მათ გარდაცვალებას.

ჩვენთან, სკოლაში, ასეთი ტრადიცია გვაქვს - 50 წლის იუბილეს ვიხდით ხოლმე თანამშრომლები, შარშან 55 წლის გახდა მარინე და 55 წლის იუბილე აღვნიშნეთ ერთად. ალბათ გული უგრძნობდა და გადაწყვიტა, ეს დღე აღენიშნა, რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა 55 წლის იუბილე გადაიხადა თანამშრომელმა. სამახსოვროდ დაგვრჩა ეს ლამაზი დღე მის მეგობრებს.

მათ ორი ქალიშვილი და შვილიშვილები ჰყავთ. ძალიან ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ.

როგორც იცით, ეს ტრაგედია ავტობანზე დატრიალდა. ჩვენი სოფლიდან ჩანს ეს გზა, ქალაქს უვლის გვერდს და მალევე, სოფლისკენ უნდა გადმოეხვიათ. დიდთოვლობის გამო, სკოლაში გაცდენები გვქონდა და ახლა ვანაზღაურებთ, ამიტომ, შაბათსაც იყო სკოლაში და გაკვეთილები ჩაატარა.

მერე, შაბათსვე, როგორც ვიცი, ნათესავის ქორწილი იყო ჩაქვში და იქ იყო ერთად ცოლ-ქმარი, მოილხინეს. მეორე დღეს, კვირას კი უკვე წავიდნენ ხოფის ბაზრობაზე, მაღაზიაში, რომელსაც ერთად ამუშავებდა ცოლ-ქმარი - გაკვეთილების შემდეგ მარინე მიდიოდა იქ და მუშაობდა.

ტრაგედია მოხდა საღამოს, 8 საათი ხდებოდა.

ძალიან განვიცდით ყველანი,"- ამბობს ჩვენთან საუბარში სოფელ გორგაძეების სკოლის დირექტორი მინდია მახარაძე და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან გარდაცვლილ ცოლ-ქმარს მეგობრები და ახლობლები. ყველა განიცდის მომხდარს.

"დიდი ტკივილით ვემშვიდობებით ჩვენს ძვირფას მარინასა და თენგოს. 35 წლის მეგობრობა, მეზობლობა, ნათლიობის სიწმინდე და საოჯახო სიახლოვე დღეს გლოვაში გადაიზარდა. მარინას სიკეთე, სითბო და დაუვიწყარი ღიმილი სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში. თენგოს სიმშვიდე და ადამიანობა მუდამ ჩვენთან იქნება. ჩვენი კავშირი უბრალო მეგობრობაზე მეტი იყო, ოჯახივით ვგრძნობდით ერთმანეთს. ვიზიარებდით ბედნიერებასა და ტკივილს, ერთმანეთის მხარდამხარ ვიდექით ცხოვრების ყველა ეტაპზე.

დღეს გვაკლია მათი ხმა, მზერა და სითბო, მაგრამ გვრჩება მარადიული მადლიერება და სიყვარული. ნათელში ამყოფოს ღმერთმა მათი წმინდა სულები. მადლობა მათ, რომ ასეთი დიდი ადგილი დაიკავეს ჩვენს ცხოვრებაში და გულებში. ძალიან მტკივა გული, ეს არის საშინელება დაუვიწყარი მოუნელებელი ტრაგედია", - წერს მათი მეგობარი - ციცო ფაღავა-დიასამიძე სოციალურ ქსელში.

ფაქტზე გამოძიება გრძელდება, რა გახდა ტრაგედიის მიზეზი, ამას სამართალდამცველები დაადგენენ.

"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მომხდარი ტრაგედიის გამო.

(სპეციალურად საიტისთვის)