"ბიზნესი ჰქონდათ, მოვაჭრეებს ერთმანეთთან კონფლიქტი მოსვლიათ", "გიორგი ძალიან კარგი ადამიანი იყო, შესანიშნავი მეუღლე და ორი შვილი დარჩა" - ცნობილია გორში მოკლული ბიჭისა და მისი მამის ვინაობა
გორში, სავაჭრო ცენტრში - "გალერეა", მომხდარი მკვლელობის დეტალებს ახლა სამართალდამცველები იძიებენ. მოკლულია 30 წლის მამაკაცი, მისი მამა დაიჭრა, თუმცა კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.
50 წლამდე ასაკის მამაკაცს, რომელსაც მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანებები აღენიშნებოდა, სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
არსებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ცეცხლი ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ გახსნა.
თვითმხილველების განცხადებით, ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, „გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ. როგორც სავაჭრო ცენტრში აცხადებენ, მოვაჭრეებს ერთმანეთთან კონფლიქტი სარეალიზაციო პროდუქციის თაობაზე მოუვიდათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა ინფორმაცია მომხდარზე და როგორც უწყებაში ამბობენ, ერთი პირი დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ს.ა. ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორ პირს, მამა-შვილს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად 1993 წელს დაბადებული გ.ც. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1970 წელს დაბადებული დ.ც. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და იქ გარდაიცვალა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული, ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, -აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლით - განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან მეტი პირის მიმართ დაიწყო, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
"ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს გიორგი ცაციაშვილს და შეგიძლიათ მათაც გაესაუბროთ. გიორგი ძალიან კარგი, ხალისიანი ადამიანი იყო, არასდროს გამიგია მასზე ცუდი. ბოლოს, თებერვალში შევხვდით ერთმანეთს შემთხვევით, იმის მერე აღარც მინახავს, რადგან დიდი ხანია, საქართველოში აღარ ვარ და ცოტა ხნით ვიყავი ჩამოსული.
როგორც პიროვნება, ძალიან კარგი ადამიანი იყო, ჰყავს ასევე ძალიან კარგი მეუღლე და ორი შვილი. მამამისს დათო ჰქვია. თავიანთი ბიზნესი ჰქონდათ, როგორც ვიცი, ფეხსაცმლის მაღაზიები. მერე თუ რამე სხვა ბიზნესიც დაიმატეს, ამაზე არ ვფლობ ინფორმაციას. არც ის ვიცი, რა მოხდა იქ და რატომ ესროლა მათ დამნაშავემ...
ძალიან განვიცადე ეს დიდი ტრაგედია და თანავუგრძნობ გიორგის ოჯახს, მის საყვარელ მეუღლეს და შვილებს.
არ ვიცი, რა ვთქვა. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, უბრალოდ საშინელებაა.
დღე არ გადის ტრაგედიის გარეშე. სამწუხაროდ, ასე უმოწყალოდ ხოცავენ ადამიანებს.
გიორგი ძალიან ახალგაზრდა იყო, ბედნიერად უნდა ეცხოვრა თავის ოჯახთან ერთად და ასე მოუსწრაფეს სიცოცხლე. როგორც ვიცი, მამამისი კლინიკაშია გადაყვანილი და ამბობენ, რომ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის", - ამბობს ჩვენთან საუბარში გიორგი ცაციაშვილის ახლობელი.
"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და მომხდარი დანაშაულის შესახებ მეტი დეტალის გარკვევას შევეცდებით.
(სპეციალურად საიტისთვის)