"კარდინალებს ართმევენ ყველა ელექტრო ან სხვა სახის მოწყობილობას, კარებს შიგნიდან კეტავენ და..." - როგორ ირჩევენ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას მსოფ - კვირის პალიტრა

"კარდინალებს ართმევენ ყველა ელექტრო ან სხვა სახის მოწყობილობას, კარებს შიგნიდან კეტავენ და..." - როგორ ირჩევენ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას მსოფლიოში

რით განსხვავდება კონკლავი ჩვეულებრივი არჩევნებისგან?

მას შემდეგ, რაც რომის პაპი გარდაიცვლება, ყველა იწყებს იმის განხილვას, ვინ იქნება წმინდა ტახტის მომდევნო მემკვიდრე; იქნება თუ არა მომდევნო პაპი ლიბერალი ან თუ იქნება ტრადიციული იდეების გამზიარებელი? აირჩევენ თუ არა პაპს აფრიკიდან? ვის ხედავდა პაპი ფრანცისკე თავის მემკვიდრედ? და კიდევ უამრავი კითხვა ჩნდება საზოგადოებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი პაპის არჩევის პროცესს 7 მაისს დაიწყებენ. კონკლავი კათოლიკური სამყაროს სულიერ ლიდერს აირჩევს.

კონკლავი პაპის არჩევის ყველაზე ძველი მეთოდია. თუ კონკლავის ჩატარების მიზეზი პაპის გარდაცვალებაა, მაშინ პროცესი მისი გარდაცვალებიდან 15-20 დღის შემდეგ იწყება.

კონკლავის დაწყების დღეს კარდინალები სიქსტის კაპელაში შედიან და კარებს შიგნიდან კეტავენ. მათ ჩამოართმევენ ყველა ელექტრო ან სხვა სახის მოწყობილობას, რათა გარესამყაროსთან კომუნიკაციის საშუალება არ ჰქონდეთ. კენჭისყრა მიმდინარეობს იქამდე, ვიდრე რომელიმე კანდიდატი ხმების 2/3 ნაწილს არ დააგროვებს. კენჭისყრა მიმდინარეობს დღეში 4-ჯერ.

screenshot-2025-04-26-122652-1745656097.png

წმინდა პეტრეს მოედანზე იკრიბებიან მომლოცველები, ტურისტები, ყველა - ვისაც სურს ამ ისტორიულ მოვლენას ადევნოს თვალი. ისინი სიქსტის კაპელადან ამომავალ კვამლს ელოდებიან. შავი კვამლის შემთხვევაში კარდინალთა საბჭო იტყობინება, რომ კენჭისყრა წარუმატებლად დასრულდა, თეთრი კვამლის შემთხვევაში კი საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება, რომ კათოლიკურ სამყაროს ახალი პაპი ეყოლება.

მომავალ რომის პაპს კარდინალები კონკლავზე აირჩევენ. თუმცა ეს არჩევნები არ ჰგავს ტრადიციულ არჩევნებს, სადაც ერთმანეთს პარტიები ეჯიბრებიან, აქვთ წინასაარჩევნო პროგრამა, მხარდამჭერები და ა.შ. კონკლავი სრულიად განსხვავდება ამ არჩევნებისგან. არსებობს უამრავი დეტალი, რომელიც უფრო ართულებს რომის პაპის არჩევის პროცესს.

screenshot-2025-04-26-133507-1745832420.png

ეკლესია - ურთულესი ინსტიტუტია, რომელიც აერთიანებს როგორც იდეოლოგიურ, გეოგრაფიულ, ადამიანურ თუ სხვა უამრავ ფაქტორს. როგორც BBC-ის სტატიაში ვკითხულობთ, პოლიტიკოსები არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობენ, კარდინალები კი რომის პაპს ყოველ 4-5 წელში არ ირჩევენ, ამიტომ მთელი ცხოვრების განმავლობაში სრულიად განსხვავებული საქმით არიან დაკავებულნი. კონკლავის შეკრება ექსტრაორდინარული შემთხვევაა და აქ შესაძლებელია ყველაფერი მოხდეს.

წინასწარ განიხილავენ, რომელი კარდინალი რა იდეის მატარებელია, თუმცა რომის პაპად არჩევის შემდეგ, შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს.

1958 წელს კარდინალი რონკალი კონსერვატორად მიიჩნეოდა, რომის პაპად არჩევის შემდეგ ის იოანე XXIII გახდა, ისტორიაში კი ყველაზე დიდ რეფორმატორად შევიდა.

დღეს კარდინალთა შორის ყველაზე გავლენიან ფიგურად ვატიკანის სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პიეტრო პაროლინი მიიჩნევა. ის იყო პასუხისმგებელი ვატინაკის დიპლომატიურ ურთიერთობებსა თუ პოლიტიკურ განცხადებებზე. შეიძლება ზოგიერთი ფიქრობდეს, რომ პაროლინი ყველაზე რეალური კანდიდატია, თუმცა, როგორც ცნობილია, სახელმწიფო მდივანი პაპის პოსტზე ბოლოს 1939 წელს აირჩიეს.

papi-1745563775.jpg

აირჩევენ თუ არა პირველ პაპს აზიიდან ან აფრიკიდან? - ამ კითხვას ჟურნალისტები ყოველი პაპის არჩევისას სვამენ. ამჟამად კი განიხილავენ კარდინალს განიდან, პიტერ ტარკსონს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კონკლავი არ არის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატივით, სადაც კონტინენტებზე ხდება როტაცია. კონკლავი ირჩევს იმ კარდინალს, რომელიც შემდეგ წარუძღვება ეკლესიას ამა თუ იმ მიმართულებით.

ახალგაზრდა იქნება თუ არა მომავალი პაპი, იქნება თუ არა ლიბერალი, კონსერვატორი, აფრიკელი თუ აზიელი? ეს ყველაფერი ვარაუდია... თუმცა იქამდე, ვიდრე თეთრ კვამლს დავინახავთ, შეიძლება ზუსტად ითქვას, რომ მომავალი რომის პაპი კათოლიკური წესით მონათლული მამაკაცი იქნება. წყარო

შეგახსენებთ, რომ 21 აპრილს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ 88 წლის ასაკში რომის პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა. ვატიკანში, პაპის დაკრძალვის ცერემონიალზე წმინდა პეტრეს მოედანზე 250 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. დაკრძალვას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, ასევე სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები და პოლიტიკური ლიდერები.

პაპი ფრანცისკე რომში მდებარე სანტა მარია მაჯორეს ეკლესიაში დაკრძალეს.

წაიკითხეთ ასევე: ვინ იქნება შემდეგი რომის პაპი? - 9 მთავარი კანდიდატი, რომელთაც შესაძლოა, წმინდა ტახტი დაიკავონ