"ბურატინო" გერასიმოვი ანუ მართლაც „გაათავისუფლეს“ თუ არა კურსკის ოლქი და რატომ სურს პუტინს 9 მაისისთვის ომის სამდღიანი „დაპაუზება“ - კვირის პალიტრა

"ბურატინო" გერასიმოვი ანუ მართლაც „გაათავისუფლეს“ თუ არა კურსკის ოლქი და რატომ სურს პუტინს 9 მაისისთვის ომის სამდღიანი „დაპაუზება“

26 აპრილს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, არმიის გენერალმა გერასიმოვმა თავის უმაღლეს მთავარსარდალს - რუსეთის პრეზიდენტს ოფიციალური მოხსენება გაუკეთა იმის თაობაზე, რომ რუსეთის არმიამ მთლიანად გაათავისუფლა კურსკის ოლქის 1 268 კვ.კმ. ფართობის ტერიტორია უკრაინელი სამხედროებისგან.

2024 წლის 6 აგვისტოდან მოყოლებული, უკრაინის საექსპედიციო კორპუსს რვა თვეზე მეტხანს ჰქონდა ოკუპირებული ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის კურსკის ოლქის ნაწილი და მოსალოდნელი გახლდათ, რომ უკრაინის არმიის, რომელსაც ისედაც ძალიან უჭირს საკუთარი ქვეყნის დაცვა იმავე რუსეთის საოკუპაციო ძალების მუდმივი შეტევებისგან, შენაერთები ადრე თუ გვიან მაინც დატოვებდნენ რუსეთის კურსკის ოლქს, მაგრამ...

ხომ არ იჩქარა რუსეთის გენშტაბის უფროსმა, როდესაც თავის პრეზიდენტს საქვეყნოდ ახარა, რომ ბოლოსდაბოლოს შეძლეს რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა 8-თვიანი ბრძოლების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის წინ?

საქმეც ისაა, რომ კრემლის განსაკუთრებული მოთხოვნა თავისი გენერლების მიმართ გახლდათ სწორედ ის, რომ 9 მაისისთვის, როდესაც პუტინი მოსკოვში, წითელ მოედანზე, გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით გრანდიოზული სამხედრო აღლუმის მოწყობას აპირებს და უცხოელ კოლეგებს ეპატიჟება, ბუნებრივია, არ სურს რომ უკრაინელი სამხედროები რჩებოდნენ რუსულ სოფლებში...

მიუხედავად რუსეთის გენშტაბის მტკიცებისა, კურსკის ოლქის სასაზღვრო სოფლებში - გორნალსა და ოლეშნიში მაინც გრძელდება ბრძოლები ანუ კურსკის ოლქი ბოლომდე გათავისუფლებული, თურმე, სულაც არ ყოფილა...

2-geras-1745907034.png
ინტერნეტრესურს DEEP STATE-ის ოპერატიული რუკის მონაცემებით, 29 აპრილს საბრძოლო მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს რუსეთის კურსკის ოლქის საზღვრისპირა სოფლებში, ორ ლოკაციაზე, რაც რუკაზე გამოსახულია ლურჯ ფერში

უფრო მეტიც, უკრაინული დანაყოფები, ასევე, აგრძელებენ საბრძოლო მოქმედებებს კურსკის მომიჯნავე რუსული ბელგოროდის ოლქის სასაზღვრო რაიონშიც...

არადა, პუტინს 9 მაისისთვის სრული „სიჩუმე“ სჭირდება ამ ომში, რათა არაფერმა შეუშალოს ხელი წითელ მოედანზე გამარჯვების 80 წლისთავის პომპეზურად აღნიშვნას და ამისთვის წინასწარ აანონსებს, რომ 8, 9 და 10 მაისს რუსეთი აცხადებს ცეცხლის დროებით შეწყვეტას...

რატომ დაველოდოთ კიდევ ათი დღეს ცეცხლის შეწყვეტას და ისიც მხოლოდ სამი დღით? თუ პუტინს მართლაც სურს ამ ომის შეჩერება, მაშინ ბრძოლების „დაპაუზება“ ახლავე დავიწყოთ და თანაც არანაკლებ 30 დღით - პასუხობს კიევიდან უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი პუტინის ამ ინიციატივას.

9 მაისამდე დარჩენილ დღეებში რუსეთის არმია ჩრდილო-კორეელ დანაყოფებთან ერთად (რომელთა საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა კრემლმა პირველად ოფიციალურად მხოლოდ 2025 წლის 26 აპრილს აღიარა, მიუხედავად იმისა, რომ კიმ ჩენ ინის მიერ პუტინისთვის დასახმარებლად გაგზავნილმა 11-ათასიანმა ჩრდილოეთკორეულმა სამხედრო კონტინგენტმა რუსეთში ჩასვლა ჯერ კიდევ 2024 წლის შემოდგომიდან დაიწყო) ყველა ღონეს იხმარს უკრაინელების კურსკისა და ბელგოროდის ოლქებიდან „გასაძევებლად“...

თუმცა სწორედ 9 მაისისთვის პუტინს შეიძლება მორიგი არასასურველი სიურპრიზი ელოდეს - უკრაინა, დიდი ალბათობით, ეცდება სამხედრო ოპერაციის ჩატარებას...რუსეთის ბრიანსკის ოლქის სასაზღვრო მონაკვეთში...

ბრიანკის ოლქი კურსკის ოლქის დასავლეთით მდებარეობს, საიდანაც სისტემატურად უშვებენ „ისკანდერის“ აერობალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებს, უკრაინის ქალაქების მიმართულებით და უკრაინულ მხარეს სრული უფლება აქვს საპასუხო ქმედებების განსახორციელებლად რუსეთის ამ, მორიგ ოლქშიც...