4 ქალიშვილის მამა, ექსბანკირი და ახალბედა პოლიტიკოსი, რომელიც ტრამპს ბოროტმოქმედ "ვოლდემორს" ადარებს - ვინ არის მარკ კარნი, რომელიც კანადის პრემიერი ხდება
კანადაში ჩატარებულ არჩევნებში მარკ კარნის "ლიბერალური პარტიამ" გაიმარჯვა.
კარნიმ სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა კანადის მიმართ აშშ-ის პოლიტიკაზე და ხაზი გაუსვა, რომ შეერთებულ შტატებს სურს კანადის მიწა და რესურსები."ამერიკას სურს ჩვენი მიწა, ჩვენი რესურსები, ჩვენი ქვეყანა. პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს ჩვენს გატეხას, რათა ამერიკამ ჩვენი მისაკუთრება შეძლოს, ეს არასდროს მოხდება. ჩვენი ძველი ურთიერთობა, რომელიც აშშ-სთან ინტეგრაციას გულისხმობდა, დასრულდა. ჩვენ გადავლახეთ ამერიკული ღალატის შოკი, ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ“, - აღნიშნა კარნიმ.
მისი თქმით, ის და დონალდ ტრამპი უახლოეს დღეებში ორი სუვერენული და დამოუკიდებელი ერის მომავალს განიხილავენ."ლიბერალური მთავრობა გააძლიერებს პარტნიორობას ევროპისა და სხვა ქვეყნებთან. თუ აშშ-ს აღარ სურს მსოფლიო ლიდერობის წინა პლანზე ყოფნა, კანადა იქნება. ერთად ჩვენ ავაშენებთ კანადას, რომელიც ჩვენი ღირებულებების ღირსია. ძლიერ კანადას, თავისუფალ კანადას, გაუმარჯოს კანადას!“ - აღნიშნა მარკ კარნიმ.
ვინ არის მარკ კარნი?
შეიძლება ითქვას, რომ მომავალი ლიდერი პოლიტიკაში ახალბედაა. მან ათწლეულები ფინანსურ სექტორში გაატარა, სადაც მთავრობებს გლობალური კრიზისებისა და არასტაბილურობის პერიოდებში ეხმარებოდა. ცნობილია ისიც, რომ COVID-19-ის პანდემიის შემდეგ ის ტრუდოს ეკონომიკური აღდგენის გეგმებზე კონსულტაციებს უწევდა.
კარნი ფორტ სმიტში, მასწავლებლების ოჯახში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა აშშ-ში, ჰარვარდის უნივერსიტეტში გააგრძელა და ეკონომიკის ხარისხი მიიღო. მოგვიანებით კი ოქსფორდის უნივერსიტეტში ეკონომიკის მაგისტრის და დოქტორის ხარისხები მოიპოვა.
2003 წელს შეუერთდა კანადის ცენტრალურ ბანკს, ხოლო 2008 წელს მისი მმართველი გახდა - "ამ პერიოდში დავიცავი სამუშაო ადგილები და დავასტაბილურე კანადის ეკონომიკა" - ამბობდა ის. მანამდე, 13 წელის გაატარა "გოლდმან საქსში", სადაც ლონდონს, ტოკიოს, ნიუ-იორკსა და ტორონტოს შორის მოგზაურობდა.
2016 წლის რეფერენდუმამდე მან არაერთხელ გააფრთხილა ბრიტანელი ამომრჩევლები, რომ ევროკავშირის დატოვებას ქვეყნის ეკონომიკაზე დამანგრეველი გავლენა ექნებოდა. 2020 წელს, თითქმის შვიდი წლის მუშაობის შემდეგ, კარნიმ ინგლისის ბანკი დატოვა. 2019 წელს გაეროს სპეციალური წარმომადგენელი გახდა კლიმატის მოქმედებისა და ფინანსების საკითხებში.