7 შვილი... რომის პაპი, მენეჯერი, მწერალი, სნაიპერი და ახლა უკვე, ვლადიმერ პუტინი - ჯუდ ლოუს ვარსკვლავური ცხოვრება: "თანატოლთა დაცინვისა და შეურაცხყოფი - კვირის პალიტრა

7 შვილი... რომის პაპი, მენეჯერი, მწერალი, სნაიპერი და ახლა უკვე... ვლადიმერ პუტინი - ჯუდ ლოუს ვარსკვლავური ცხოვრება: "თანატოლთა დაცინვისა და შეურაცხყოფის გამო, მშობლებმა კერძო სკოლაში გადაიყვანეს"

„ახლა თითქოს ევერესტის ძირში ვდგავარ, ვიყურები მაღლა და ვფიქრობ - ღმერთო, რატომ დავთანხმდი ამას?"

რომის პაპი, მენეჯერი, მწერალი, სნაიპერი და ახლა უკვე ვლადიმერ პუტინი - ეს ჰოლივუდის ვარსკვლავის, ჯუდ ლოუს კინემატოგრაფიული სახეებია. რამდენიმე თვის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მსახიობი კიდევ ერთი ახალი, საინტერესო როლით წარდგება მაყურებლის წინაშე. მან ფრან­გი რე­ჟი­სო­რის, ოლივიე ასა­ი­ა­სის მო­მა­ვა­ლ ფილ­მში - "კრემ­ლის ჯადოქარი", ვლადიმერ პუტინის როლი მოირგო.

მომავალი ვარსკვლავი 1972 წელს ლონდონში, პედაგოგების - მეგისა და პიტერ ლოუს ოჯახში დაიბადა. მამა დაწყებითი კლასის, დედა კი - ინგლისური ენის პედაგოგი გახლდათ. ჯუდი ოჯახში მეორე შვილია, მას უფროსი და ჰყავს.

screenshot-2025-04-29-220003-1745951328.png

მომავალ მსახიობს თეატრი მშობლება შეაყვარეს, ისინი არც ერთ პრემიერას არ აკლდებოდნენ და სპექტაკლებზე ბავშვებიც თან დაჰყავდათ. ჯუდ ლოუს დებიუტი სცენაზე 6 წლის ასაკში შედგა, როცა მან საბავშვო სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა. 12 წლის ასაკში კი ის ნაციონალურ სამუსიკო თეატრში მიიღეს.

14 წლამდე იგი საჯარო სკოლაში სწავლობდა, თუმცა თანატოლთა დაცინვისა და შეურაცხყოფის გამო, მშობლებმა ბიჭუნა კერძო სკოლაში გადაიყვანეს. მას თანატოლები ცისფერი თვალების, ტალღოვანი თმებისა და დიდი ტუჩების გამო დასცინოდნენ.

ჯუდ ლოუ 14 წლის ასაკში პირველად გამოჩნდა ტელეეკრანზე, მას საბავშვო პროგრამის სკეტჩში გადაღება შესთავაზეს. 17 წლის ასაკში კი პატარა მსახიობს მნიშვნელოვანი როლებიც ერგო.

screenshot-2025-04-29-220022-1745951329.png
მსახიობი მშობლებთან ერთად

ჰოლივუდის მომავალი ვარსკვლავი, სატელევიზიო პროექტებთან ერთად, სპექტაკლებშიც აქტიურად მონაწილეობდა.

1991 წელს იგი ისევ გამოჩნდა სატელევიზიო სერიალში - „შერლოკ ჰოლმსი“, სადაც ლოუმ ეპიზოდური როლი შეასრულა. 2 წლის შემდეგ მან რეჟისორ პოლ ანდერსონის ფილმში - „შოპინგი“, პირველი მთავარი როლი შეასრულა.

screenshot-2025-04-29-220049-1745951329.png

პირველი მთავარი როლის შესრულების შემდეგ ჯუდ ლოუს სხვადასხვა საინტერესო როლიც შესთავაზეს. განსხვავებული გარეგნობისა და სამსახიობო ოსტატობის წყალობით, ახალგაზრდა მსახიობი საზოგადოებამ გაიცნო და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

სამშობლოში მიღწეული წარმატების შემდეგ იგი ჰოლივუდში მოხვდა. ჯუდ ლოუ მიიწვიეს ისეთ ფილმებში, სადაც თამაშობდნენ, მეთ დეიმონი, გვინეტ პელტროუ, კამერონ დიასი და სხვა ვარსკვლავები.

ფილმმა „ნიჭიერი მისტერ რიპლი" კი მსახიობს პირველი დიდი წარმატება მოუტანა, ის წარდგენილი იყო „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინაციებში. ამ დიდი წარმატების შემდეგ ჯუდ ლოუ ყველასათვის სასურველ მსახიობად იქცა და მან უამრავი საინტერესო პერსონაჟი შექმნა.

მის სამსახიობო კარიერაზე საუბრისას აღსანიშნავია ფილმები: "დაწყევლილი მთა", "ავიატორი", "გულების მტეხველნი", "მფატრავები", "შერლოკ ჰოლმსი", "360", "ანა კარენინა" და რა თქმა უნდა, "ახალგაზრდა პაპი", სერიალი, რომელმაც მთელი მსოფლიო დაიპყრო.

პირადი ცხოვრება

განსაკუთრებული ვიზუალის გამო, მას უამრავი კურიოზი გადახდენია. როგორც ცნობილია, ლამაზი ნაკვთების გამო, ხშირად ის ქალი ეგონათ.

მსახიობი ფეხბურთის დიდი მოყვარულია, წლების განმავლობაში ის საფეხბურთო კლუბ „ტოტენჰემის“ გულშემატკივარია. როგორც ცნობილია, მსახიობს არ უყვარს სოციალური ქსელები.

screenshot-2025-04-29-220130-1745951329.png

24 წლის ასაკში, პირველ სერიალში მონაწილეობისას, გაიცნო მომავალი მეუღლე სედი ფროსტი, რომელიც იმ დროს 31 წლის იყო. მათ ორი შვილი შეეძინათ, ვაჟი - რაფერტი და გოგონა - აირისი. სედის პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავდა.

სედი, რომელიც ფილმ „დრაკულაში“ ერთ-ერთ როლს ასრულებდა, ქორწინების შემდეგ ოჯახის საქმეებს აგვარებდა, მეუღლე კი სხვადასხვა პროექტში მონაწილეობდა. ჯუდს არ ჰქონდა საკმარისი დრო ოჯახისთვის, ის გადაღებებზე დიდ დროს ატარებდა. მოგვიანებით გავრცელდა ჭორი, რომ ჯუდ ლოუს რომანი ჰქონდა ნიკოლ კიდმანთან, რაც ოჯახის დანგრევის დამატებით მიზეზად იქცა. მესამე შვილის, რუდის გაჩენის მიუხედავად, წყვილი 2003 წელს განქორწინდა. როგორც ცნობილია, მსახიობმა მეუღლეს რამდენიმე მილიონ დოლარად შეფასებული სახლი აჩუქა.

screenshot-2025-04-29-224650-1745952430.png

ამის შემდეგ მას რომანი ჰქონდა სიენა მილერთან, თუმცა მათი ურთიერთობაც მალე დასრულდა, მილერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ჯუდი მას ბავშვების ძიძასთან ღალატობდა.

screenshot-2025-04-29-225044-1745952794.png

ამის შემდეგ მას ურთიერთობა ჰქონდა მოდელ სამანტა ბერკთან, რომელსაც მსახიობისგან გოგონა - სოფია შეეძინა. მოგვიანებით სიენა მილერი და ჯუდ ლოუ ბროდვეის ერთ-ერთ შოუში აღმოჩნდნენ და მათი ურთიერთობა ცოტა ხნით კიდევ გაგრძელდა, თუმცა 2011 წელს დაშორდნენ..

2018 წელს, ცნობილი გახდა, რომ მსახიობს 18 წლით უმცროს მომღერალთან ჰქონდა რომანი. ლოუმ კეტრინ ჰარდინგი ლონდონში გაიცნო. შემდეგ ისინი ერთად წავიდნენ ჩეხეთში, სადაც ჯუდ ლოუს მთავარ როლში იღებდნენ, თუმცა გადაღებების დასრულებასთან ერთად მათი რომანიც დასრულდა. 2015 წელს მათ შვილი შეეძინათ, თუმცა ურთიერთობის აღდგენას მაინც არ გეგმავდნენ.

screenshot-2025-04-29-220204-1745951330.png

სულ მალე კი საზოგადოებამ კიდევ ერთი რომანის შესახებ შეიტყო - ამჯერად მსახიობის რჩეული ფსიქოლოგიის დოქტორი ფილიპა კოენი გახლდათ. მათ 2019 წელს, 30 აპრილს ოფიციალურად იქორწინეს, 8 აგვისტოს კი მსახიობი მეექვსე შვილის მამა გახდა. ეს მისი მეორე ოფიციალური ქორწინებაა.

როგორც ცნობილია, მსახიობი საკმაოდ ყურადღებიანი მამაა. უფროსი გოგონა - აირისი, რომლის ნათლიაც კეიტ მოსია, ბრიტანული ბრენდის სახეა. სამოდელო ბიზნესშია ჩართული მსახიობის უფროსი ვაჟიც.

2023 წელს პაპარაცებმა კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია გაავრცელეს. ჯუდ ლოუ მეშვიდე შვილის მამა გახდა.

საინტერესოა ისიც, რომ ჯუდი და ფილიპა უარს ამბობენ შვილების სქესისა და სახელების საზოგადოებისთვის გაცნობაზე. როგორც მსახიობი ინტერვიუებში აღნიშნავს, ძალიან მოსწონს მყუდრო, ოჯახური გარემო.

screenshot-2025-04-29-221255-1745951330.png

მათ ერთმანეთი 2015 წელს უელსში, ყოველწლიურ ლიტერატურულ ფესტივალზე მეგობრის დახმარებით გაიცნეს. ფილიპა მსახიობის პარტნიორებს შორის ყველასგან განსხვავებული აღმოჩნდა. თუ სხვები ცდილობდნენ მსახიობთან რომანი საჯარო ყოფილიყო - პირველმა მეუღლემ ჯუდ ლოუსთან ურთიერთობაზე წიგნიც კი დაწერა, ფილიპას არ მოსწონს საჯაროობა, ის მიიჩნევს, რომ ორ ადამიანს შორის ურთიერთობა კარს მიღმა უნდა დარჩეს. სწორედ ამის გამო ისინი 4 წლის განმავლობაში მალავდნენ ურთიერთობას. ძალიან იშვიათად ჩნდებოდნენ საზოგადოების წინაშე.

ყველასათვის მოულოდნელი იყო მათი ქორწინებაც, ისინი პაპარაცებმა დააფიქსირეს.

34290702-8831207-image-m-30-1602508296990-1745952911.jpg

„მე და ჩემი მეუღლე ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან შეგვიძლია ისე ვიცხოვროთ, როგორც ნამდვილმა ოჯახმა. მშვენიერი ოჯახი გვაქვს. ჩვენს მშვენიერ ოჯახურ ცხოვრებაში ჩემი ყველა შვილი მონაწილეობს“ - აღნიშნა მსახიობმა ოჯახზე საუბრისას.

ლოუ ჰოლივუდის ვარსკვლავთა შორის ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად მსახიობად ითვლება. როგორც უცხოურ მედიაში ვკითხულობთ, მას სურს, საინტერესო როლები შეასრულოს და მხოლოდ განსაკუთრებულ პროექტებს თანხმდება.

350424-1745952911.jpg

2025 წლის დასაწყისში, უცხოურ მედიაში ცნობილი გახდა, რომ ჯუდ ლოუ ახალ პროექტში მონაწილეობს და ის ვლადიმერ პუტინის როლს შეასრულებს.

ფილმში მოთხრობილი იქნება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური კარიერის შესახებ.

ჯუდ ლოუმ ჟურნალ Deadline-თან აღნიშნა, რომ უკვე დაიწყო როლზე მუშაობა:

„ახლა თითქოს ევერესტის ძირში ვდგავარ, ვიყურები მაღლა და ვფიქრობ, ღმერთო, რატომ დავთანხმდი ამას?!"