ტრამპის 100 დღე - შეშფოთებული ევროპა: "ამერიკა ახლა ჩვენიანი აღარ არის" - კვირის პალიტრა

ტრამპის 100 დღე - შეშფოთებული ევროპა: "ამერიკა ახლა ჩვენიანი აღარ არის"

ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The economist) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „დონალ ტრამპის მმართველობის 100 დღე: მზარდი შეშფოთება ევროპაში“, რომელშიც განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მმართველობის შედეგები ინაუგურაციიდან 100 დღის განმავლობაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944 წლის სექტემბერში, ამერიკელებმა ნიდერლანდების ფაშისტური გერმანიისაგან გათავისუფლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს: ქალაქ არნემთან ბრძოლებში აშშ-ის 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიამ მძიმე დანაკარგები განიცადა, დაიღუპა 1400 ამერიკელი ჯარისკაცი. ადგილობრივი მოსახლეობა მათი გათავისუფლებისათვის დაღუპულ ამერიკელთა ხსოვნას დიდ პატივს სცემს, არნემის ახლოს მდებარე სოფლები მათი მემორიალებით არის მოფენილი. და მაინც, 29 აპრილს, როცა დონალდ ტრამპი პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის მე-100 დღეს აღნიშნავს, ამერიკა ჰოლანდიელებში არა იმდენად მადლობის გრძნობას იწვევს, რამდენადაც ერთგვარ ეჭვებს და უნდობლობას. „ჩვენ, თითქოსდა, კარგი მოკავშირეები ვართ, მაგრამ დონალდ ტრამპი ევროპას გულგრილად უყურებს“, - ამბობს „ეკონომისტის“ ჟურნალისტთან საუბარში არნემის ერთ-ერთი მცხოვრები.

5 მაისი ჰოლანდიელებისათვის გათავისუფლების დღეა, რაც 4 ივლისის - აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის ტოლფასია. 5 მაისი ეძღვნება ნიდერლანდების ნაცისტებისაგან განმათავისუფლებლებს - ამერიკელებს, კანადელებს, ბრიტანელებს... მაგრამ მიმდინარე წელს გათავისუფლების 80 წლისთავის დღესასწაულობა გართულებულია იმით, რომ ჰოლანდიელთა დამოკიდებულება აშშ-ის მიმართ ისეთი პოზიტიური აღარ არის, როგორიც იყო: მას შემდეგ, რაც მისტერ დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა, გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ 2024 წლის ოქტომბერში ჰოლანდიელთა 50% მსოფლიოში აშშ-ის როლის ზრდას ელოდებოდა. აპრილის დასაწყისისათვის ეს მაჩვენებელი 20%-მდე შემცირდა.

აშშ-ით ჰოლანდიელთა იმედგაცრუება მთელი ევროპის ტენდენციის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

ტრადიციულად, ევროპელთა ენთუზიაზმი აშშ-ის მიმართ რესპუბლიკელთა მმართველობის დროს, ჩვეულებრივ, სუსტდება ხოლმე, რადგან მათ, ოკეანის გაღმელ ამერიკელ რესპუბლიკელებს, ოკეანის გამოღმელი ევროპელი ლიბერალები გადაჭარბებულ ნაციონალისტებად თვლიან, მაგრამ ამჯერად ევროპელთა განწყობის ძვრა ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

დონალდ ტრამპის პირველი პრეზიდენტობა შეიძლებოდა, შემთხვევითობისთვის დაგვებრალებინა, მაგრამ მისი მეორედ არჩევა უკვე სიმპტომატურია - ამერიკის იზოლაციონიზმისა და ვაშინგტონის მიერ ევროპის ათვალწუნების ნიშანი. დონალდ ტრამპი ევროპას სავაჭრო ომითა და ტარიფების ზრდით ემუქრება, აშინებს იმით, რომ ნატოელ მოკავშირეებს ძველებურად აღარ დაეხმარება და მტრისგან არ დაიცავს, მისი მოადგილე, ვიცეპრეზიდენტი ჯეიმს ვენსი კი ევროპას საერთოდ აბუჩად იგდებს. ევროპელ ჩინოვნიკთა თვალში ტრანსატლანტიკური ურთიერთობა, რომელიც ოდესღაც მტკიცე რეალობას და საიმედო პერსპექტივას გამოხატავდა, ახლა მოწყვლადად მოჩანს.

ზოგიერთი ევროპელი ამომრჩეველი, რომლებიც მხარს უჭერენ მემარჯვენე პოპულისტურ პარტიებს, თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნებას მიესალმებიან, მაგრამ თითქმის ყველა ევროპელი პოლიტიკოსი შიშით აღიარებს და გრძნობს, რომ იმ ქვეყანაზე (ანუ აშშ-ზე) არიან დამოკიდებულები, რომლის მთავრობას ისინი სძულს. „ეს შეიმჩნევა ყველა სფეროში - ცივი დამოკიდებულებით კოლექტიური თავდაცვის მიმართ, სავაჭრო ომების გამოცხადებაში, უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში“, - ამბობს აგატა დემარე, ანალიტიკური ცენტრის „საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოს“ თანამშრომელი. ევროპელი ჩინოვნიკები ხშირად თავიანთ ამოცანას იმაში ხედავენ, რომ აშშ-სთან გარკვეული დისტანცია დაიკავონ და მისი პროვიცირება არ მოახდინონ.

ამერიკისადმი გამოხატული უკმაყოფილება განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა იმ ქვეყნებში, რომლებიც ადრე ძალიან მჭიდროდ იყვნენ ვაშინგტონთან დაკავშირებულნი. გერმანიაში „მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი, ბოლო 80 წლის განმავლობაში, მტკიცე ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მშენებელი იყო“, - ამბობს გუნტრამ ვოლფი, საერთაშორისო ურთიერთობების გერმანული საბჭოს ექსხელმძღვანელი. დიახ, გერმანელ მემარცხენეებს წარსულში გაორებული დამოკიდებულება ჰქონდათ ამერიკის მიმართ, მაგრამ მემარჯვენეებისათვის აშშ იმედისა და რწმენის სიმბოლო იყო - დღემდე.

გერმანელები გაოგნებულები იყვნენ იმით, თუ როგორ გალანძღა მისტერ ჯეიმს ვენსმა ევროპა მიუნჰენის კონფერენციაზე გამოსვლისას. ფრიდრიხ მერცმა, გერმანიის ახალმა კანცლერმა, ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიიდან, განაცხადა, რომ ევროატლანტიკურ სისტემაში ევროპის ავტონომია მისი მთავარი პრიორიტეტი იქნება.

გერმანიას ამერიკისაგან რაიმე დასაძრახი რომ არ ჰქონდეს და მასზე ძველებურად დამოკიდებული არ იყოს, ბერლინი გამონახავს თანხებს და გაადიდებს თავის სამხედრო ხარჯებს. ნილს შმიდტი, ბუნდესტაგის დეპუტატი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, იხსენებს 1990-იან წლებს, როცა „აშშ დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ფედერალიზმის, შეკავება-საპირწონისა და ბალანსის“ ეტალონად ითვლებოდა. „ახლა, როცა ილონ მასკმა ადგილობრივ არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა ულტრამემარჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ჩვენ ვხედავთ, რომ ვაშინგტონში არიან ადამიანები, რომლებიც თანაუგრძნობენ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მტრულად არიან განწყობილნი დემოკრატიისა და გერმანიის კონსტიტუციური წესრიგის მიმართ“.

ნიდერლანდები, ტრადიციულად, გერმანიაზე უფრო მეტად იყო პროამერიკულად განწყობილი. ჩვენი ურთიერთობები ეფუძნებოდა როგორც საერთო ფასეულობებს, ასევე - პრაგმატულ ინტერესს თავისუფალი ვაჭრობის მიმართ - ქვეყანაში ევროპის უდიდესი ნავსადგურებია განლაგებული. „ჰოლანდიელები ვაჭრობაში შუამავლები არიან“, - ამბობს სანდრა ფლიპენი, ჰოლანდიის ბანკის ABN AMRO-ს მთავარი ფინანსისტი, - "აშშ-ის, როგორც გლობალური გარანტის როლი, მათ გამდიდრების შესაძლებლობას აძლევდა“. ბეატრის დე გრაფი, უტრეხტის უნივერსიტეტის ექსპერტი კი აღნიშნავს, რომ კომერციული თვალსაზრისით, ჰოლანდიელები თავს ევროპულ ამერიკად თვლიდნენ, ახლა კი, როცა აშშ-ის მთავრობაში უკიდურესად მემარჯვენე იდეოლოგები მბრძანებლობენ, ჰოლანდიელებს კითხვა ებადებათ: „ნუთუ ჩვენ მათი კეთილგანწყობის გულწრფელობისა ნამდვილად უნდა გვჯეროდეს?“.

ევროპის იმ ნაწილებში, რომლებიც ყოველთვის სკეპტიკურად უყურებდნენ ამერიკის საგარეო პოლიტიკას, ეკონომიკას და კულტურას, პოლიტიკოსები შედარებით ნაკლებად არიან შოკირებულნი. საფრანგეთის მეთაური ემანუელ მაკრონი ჯერ კიდევ 2017 წელს, თავისი პრეზიდენტობის დასაწყისში, „ეკონომისტთან“ საუბარში დაბეჯითებით აცხადებდა, რომ ევროპამ, სტრატეგიული თვალსაზრისით, აშშ-ისგან ავტონომიურად უნდა იმოქმედოსო და ამბობდა, რომ ევროპა „ნატოს ტვინის სიკვდილის მოწმეა“. ლოზუნგი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ (MAGA - „დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“), ფრანგებისათვის ნაკლებად ეგზოტიკურია: ამას წინათ, „ლე მონდმა“ MAGA-ს ერთ-ერთ ყველაზე აქტიური მომხრე, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჯეიმს ვენსი, ახლად მონათლული კათოლიკე, გასული საუკუნის დასაწყისის ულტრანაციონალისტს, შარლ მორესს შეადარა, რომლის იდეებმა, საბოლოო ჯამში, კრახი განიცადა. და მაინც, სკეპტიკურად განწყობილი საფრანგეთის დისტანცირება ამერიკისაგან მკვეთრი გამოდგა, თანაც იმ ფონზე, როცა ფრანგი ულტრამემარჯვენეები საკმაო პოპულარობით სარგებლობენ. საქმე ისაა, რომ პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერებმა - მარინ ლე პენმა და ჯორდან ბარდელამ თავიდანვე ზურგი აქციეს დონალდ ტრამპს - მისი ინაუგურაციის დღიდანვე - და შიშობდნენ, რომ რესპუბლიკელი პრეზიდენტის ანტიევროპული ტარიფები და მათი მომხრეების ნაცისტური ჩვევა - წინ გაშვერილი ხელით მისალმება, ფრანგ ამომრჩევლებზე ცუდ გავლენას მოახდენდა. ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, ფრანგების 62% მხარს უჭერს ამერიკული პროდუქციის ბოიკოტს (თუმცა უცნობია, რამდენი ფრანგი არ სარგებლობს „მაკდონალდსის“ კაფეებით).

ერთ-ერთ ისეთ ქვეყანას, სადაც ადგილობრივი ულტრამემარჯვენეები ამერიკელთა არაპოპულარობას შედარებით რბილად უყურებენ, იტალია წარმოადგენს. პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი, თვითონ ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი, იზიარებს MAGA-ს პოზიციებს იმიგრაციულ და გენდერულ საკითხებში და მეგობრობს დონალდ ტრამპთან, თუმცა მისი ვიზიტი ვაშინგტონში, გასულ კვირას, რომელიც სავაჭრო ტარიფებში ევროკავშირის პოზიციის დაცვას ემსახურებოდა, ფაქტობრივად, ჩაიშალა. „იტალიის მთავრობა უხერხულ სიტუაციაშია ჩავარდნილი - პრემიერი თანაუგრძნობს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას, რომელსაც ევროკავშირის დანგრევა სურს და რომლის წევრი იტალიაა“, - ამბობს ნატალი ტოჩი, რომში მდებარე ანალიტიკური ცენტრის „საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის“ თანამშრომელი.

იტალიელთა თვალში ამერიკელების პოპულარობა მხოლოდ უმნიშვნელოდ შემცირდა. ალბათ, იმიტომ, რომ იტალიელ მემარჯვენეებს მონოპოლია აქვთ სამაუწყებლო კომპანიებზე. გარდა ამისა, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის „თბილი“ ურთიერთდამოკიდებულება იტალიელებისათვის ნაკლებად შეურაცხმყოფელია. ქვეყანაში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია რუსეთისადმი მხარდაჭერა, რომელიც „პუტინის მეგობარ“ სილვიო ბერლუსკონის პრემიერობის დროიდან გრძელდება.

უნგრეთში, რომელსაც ვიქტორ ორბანი მართავს, დონალდ ტრამპის იდეოლოგიური მოკავშირე, პროამერიკული განწყობები, ასევე, უმნიშვნელოდ არის შემცირებული. საერთოდ, აღმოსავლეთ ევროპის ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში დონალდ ტრამპის პოპულარობა უფრო მაღალია, ვიდრე - დასავლეთ ევროპაში. გარკვეული დონით ის განსხვავება, რომელიც 2003 წელს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა გამოხატა - „ძველი ევროპა“ უფრო სკეპტიკურია აშშ-ის მიმართ, ვიდრე - პროამერიკული „ახალი ევროპაო“ - ჯერჯერობით ისევ ძალაში რჩება. საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები მოწმობს, რომ პოლონელთა 50%-ს სჯერა - აშშ პოზიტიურ როლს შეასრულებს მსოფლიოში (თუმცა ეს მონაცემი ბევრად მცირეა, ვიდრე ნახევარი წლის წინათ იყო). პოლონელები, ტრადიციულად, ანტირუსულად არიან განწყობილნი და რასაკვირველია, წესით და რიგით, მათ არ უნდა მოსწონდეთ ტრამპ-პუტინის მეგობრული თამაშები, მაგრამ, ამის მიუხედავად, „ვინც უნდა იყოს თეთრ სახლში, პოლონელმა რომ პუტინის აგრესიიდან თავი უსაფრთხოდ იგრძნოს, ამისთვის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა პოლონურ მიწაზე ამერიკელი ჯარისკაცი იდგეს“, - ამბობს იაკუბ იარაჩევსკი, არასამთავრობო ორგანიზაციის - Democracy Reporting International-ის წარმომადგენელი.

მაგრამ აშშ-ის იმიჯი იმ ქვეყანაში, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გადატვირთვაში, ნელ-ნელა ეცემა: გამოკითხვამ, რომელიც კიევის სოციოლოგიის ინსტიტუტმა მარტში ჩაატარა, აჩვენა: უკრაინელების უმეტესობა თვლის, რომ ამერიკა მათ უსამართლოდ ექცევა. მხოლოდ 24% მიიჩნევს, რომ აშშ უკრაინას ძველებურად მხარს უჭერს. რაც შეეხება ევროპის იმიჯს უკრაინელთა თვალში, ის საკმაოდ მაღალია - 64%. საინტერესოა, რომ კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა დასავლეთი უკრაინას, 62%-მა დადებითად უპასუხა ანუ თითქმის იმდენად, რამდენსაც ევროპის მიმართ. „ეს იმიტომ, რომ როცა უკრაინელები დასავლეთზე ლაპარაკობენ, ისინი აშშ-ს კი არ გულისხმობენ, არამედ - ევროპას“, - განმარტავს ინსტიტუტის დირექტორი ვლადიმერ პანიოტო.

ამერიკის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პარტნიორობა ევროპასთან ყოველთვის უფრო დიდი იყო, ვიდრე - პრაგმატული კავშირი. ევროპელებმა დააფასეს ამერიკის ძლიერება, მისი კულტურა და იდეები და მის ევროპაში ყოფნას ჩვეულებრივად აღიქვამდნენ, როგორც თავისთავადს და უპრობლემოს. ახლა კი ჰოლანდიელებში ამერიკის პოლიტიკა მწუხარებას იწვევს: „ამერიკის მიმართ კეთილგანწყობა მცირდება“, - აღნიშნავს სანდრა ფლიპენი, - „ამერიკა ჩვენიანი აღარ არის“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო