"ეს იქნება კატასტროფა - დღეში შეიძლება რამდენიმე ომი მივიღოთ" - რა მოხდება, თუ ამერიკამ ყირიმი რუსეთის ნაწილად სცნო?!
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალ თქვა, რომ "ყირიმი რუსეთს დარჩება", ომის გახანგრძლივებაში კი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადანაშაულებს. დასავლეთის მედიასაშუალებების ინფორმაციით, უკრაინაში ომის დასასრულებლად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მომზადებული გეგმის პუნქტებს შორისაა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დე იურე აღიარება აშშ-ის მიერ და უკრაინაში ფრონტის ხაზის გაყინვა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსულ ოკუპაციას იურიდიულად არასდროს აღიარებენ და ეს კონსტიტუციითაა განსაზღვრული.
"რუსეთმა ყირიმი იურიდიულად თუ დაიკანონა, ეს მძიმე შედეგებს მოიტანს. საზღვრების გადასინჯვის პრეცედენტის დაშვება ძალიან საშიშია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვისაც. ბალკანეთის ქვეყნებში ეს თემა რომ გააცოცხლო, ნიშნავს, რომ ხელახლა უნდა დაიწყოს ომები, რაც ყოფილ იუგოსლავიაში მოხდა. აღარაფერს ვამბობ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე, სადაც ყველას ერთმანეთთან პრეტენზიები აქვს. კიდევ უფრო წახალისდება ომები ისედაც პრობლემებით დახუნძლულ ახლო აღმოსავლეთშიც.
ეს მათ შორის ჩვენთვისაც საშიშია - რუსეთი არა მარტო შეიერთებს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს, მერე შემოვა და სხვა ტერიტორიებსაც დაიკავებს. რა, პუტინს ჭკუა დაუშლის?
ეს იქნება კატასტროფა მთელი მსოფლიოსთვის, ისედაც მყიფე მსოფლიო წესრიგი დაინგრევა, ისეთ ქაოსი იქნება, შეიძლება დედამიწაზე დღეში რამდენიმე ომი მივიღოთ", - ასე ეხმაურება ამ ფაქტს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი.
- Reuters-მა უკრაინაში ომის დასრულების გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც ოფიციალურმა კიევმა და ევროპელმა ლიდერებმა აშშ-ს გადასცეს. გეგმა 4 ნაწილისგან შედგება: ცეცხლის შეწყვეტა, უსაფრთხოების გარანტიები, ტერიტორია და ეკონომიკა. გაითვალისწინებენ თუ არა ამ გეგმას ამერიკა და რუსეთი?
- ამერიკამ შეიძლება გაითვალისწინოს, მაგრამ რუსეთმა არა, იმიტომ, რომ რუსეთში აქვთ ილუზია, რომ ომში უპირატესობა მათ მხარესაა და შეუძლიათ საკუთარი პირობები უკარნახონ ყველას. აქედან გამომდინარე, არა მგონია, რუსეთი დათანხმდეს ახალ სამშვიდობო გეგმას.
- ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე რას იტყვით, არის კი ის სამშვიდობო?
- რაც ტრამპის ე.წ. სამშვიდობო შეთანხმებაში წერია, რეალურად კაპიტულაციაა. განსაკუთრებით მძიმეა ის მუხლი, რომელიც ეხება აშშ-ის მიერ ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას, რომელიც საერთაშორისო სამართლის მთავარი პრინციპების დარღვევაა. ერთმა ქვეყანამ რომ მეორე დაიპყროს იმ იმედით, რომ სხვა ქვეყნები ამას აღიარებენ, ამან შეიძლება ისეთი პრეცედენტი გამოიწვიოს, რომელმაც საერთოდ მოშალოს ისედაც მყიფე მსოფლიო წესრიგი. ეს ეხება ევროპასაც. მაგალითად, ბალკანეთის ტერიტორიაზე არცთუ დიდი ხნის წინ იყო მძიმე ომები საზღვრების გამო. ეს შეეხება ახლო აღმოსავლეთსა და, ფაქტობრივად, მთელ მსოფლიოს, მათ, ვისაც სამეზობლოზე უჭირავთ თვალი და ვისაც აქვს საკუთარი ფიზიკური ძალის იმედი, ვინც ფიქრობს, რომ შეიძლება ეს გაუვიდეს. ზელენსკი და უკრაინა იცავენ არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მთლიანობას, ამავე დროს იცავენ საერთაშორისო წესრიგსაც, ვინაიდან ეს იქნება ძალიან ცუდი პრეცედენტი სხვებისთვის.
- ზელენსკი, სავარაუდოდ, არ დათანხმდება ყირიმის დათმობას და მასზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარებას. ისე ჩანს, შტატები მზადაა ყირიმი დე იურე რუსეთის ტერიტორიად აღიაროს... უფრო კონკრეტულად, რას გამოიწვევს ასეთი პრეცედენტის დაშვება?
- ტრამპის ფრაზა, ყირიმი რუსეთს დარჩებაო, ხმამაღალია. რა განცხადებებიც არ უნდა აკეთოს ამერიკის პრეზიდენტმა, უკრაინის გარეშე ვერ გადაწყდება.
უკრაინისთვის ახლა მთავარია არ დასრულდეს ომი უსამართლოდ, რომ მისი ტერიტორია არ იქნეს ცნობილი რუსეთის ტერიტორიად.
რუსეთს ჩემი მტერი ენდო სიტყვაზე, იმ ე.წ. სამშვიდობო შეთანხმებაში არავითარი გარანტია არ არის, რომ ვთქვათ, თუ რუსეთი დაარღვევს შეთანხმებას, რას მოიმოქმედებს აშშ. კარგად მოიქცა ზელენსკი, უარი რომ განაცხადა - გეგმა არავითარ გარანტიებს არ მოიცავდა, გარდა იმისა, რომ უკრაინას თითქოსდა ოფიციალურადაც უნდა დაეთმო საკუთარი ტერიტორია. სანაცვლოდ ვაშინგტონი მას უსაფრთხოების გარანტიას არ სთავაზობს. უკრაინისთვის მძიმე სიტუაციაა. ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით შეუძლია დროებით დე ფაქტო დათანხმდეს, რომ ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაცია შენარჩუნდეს დაახლოებით ისე, როგორც იყო გერმანიაში (მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირს ოკუპირებული ჰქონდა მისი აღმოსავლეთი ნაწილი და მერე, როდესაც ათწლეულების შემდეგ მოხდა საბჭოთა კავშირის კოლაფსი, გაერთიანდა გერმანიაც). ასეთი მოდელი შეიძლება მისაღები იყოს უკრაინისთვის და არა ისეთი, რომ თან აუკრძალონ ნატოში ან ევროკავშირში გაწევრება, თან შეუზღუდონ სუვერენიტეტი და ამავე დროს, გარანტიებიც არ მისცენ. საზღვრების გადასინჯვის პრეცედენტი თუ დაუშვეს, მსოფლიო წესრიგი დაინგრევა და შესაძლოა მსოფლიო ომიც დაიწყოს. თუ უკრაინა, ასეთი მნიშვნელოვანი ქვეყანა დაიჩაგრა, მაშინ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს პირდაპირ მიიერთებს რუსეთი და ოდესღაც მათ რუსეთის ტერიტორიად დანარჩენი სამყაროც აღიარებს.
ძალიან სწორად იქცევა ზელენსკი, როდესაც ეწინააღმდეგება მორიგ ე.წ. სამშვიდობო შეთანხმების მთავარ პუნქტს, რომლის მიხედვითაც, ყირიმზე უნდა დამყარდეს რუსეთის სუვერენიტეტი, ეს ფაქტობრივად, კაპიტულაცია იქნებოდა. ამას ის აკეთებს არა იმიტომ, რომ უკრაინელები არ შეეგუებიან ამას, არამედ იმიტომ, რომ უკრაინა სუვერენული ქვეყანაა - ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, სუვერენულ ქვეყანას კი შეუძლია უარი თქვას ნებისმიერი ძალის შეთავაზებაზე, თუ ის ეწინააღმდეგება მის ეროვნულ ინტერესს. უკრაინამ შესანიშნავად იცის, რომ ამაზე დათანხმება გრძელვადიან პერსპექტივაში დამღუპველია ქვეყნისთვის. დე ფაქტო შეიძლება დათანხმდე ცეცხლის შეწყვეტას არსებულ ფრონტის ხაზზე იმ იმედით, რომ როგორც გერმანიას მიეცა უსაფრთხოების გარანტია (გახდა ნატოს წევრი) და ათწლეულების შემდეგ გაერთიანდა, ისე მოხდეს მერე უკრაინის გაერთიანებაც თუნდაც დიდი ხნის შემდეგ.
ტერიტორიების დე იურე გადაცემა კრემლს წააქეზებს მიიტაცოს სხვა ტერიტორიებიც, ეს კი პრობლემაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ესტონეთისთვის, ლატვიისთვის და საქართველოსთვის.
თუმცა ერთია ტრამპი რას განაცხადებს, მეორეა, რას იზამს კონგრესი, არა მგონია, მან იურიდიულად ცნოს ყირიმი.