"ოჯახი რომ შევქმენი, მინდოდა ახალ რძალს ახალ ოჯახში თავი მომეწონებინა და... შევყევი ამ საქმეს. მეუღლეც ამყვა, საქმე შემოსავლიანი რომ გახდა, თანდათან ინტერესიც გაუჩნდა და გააქტიურდა"
ყვავილების დიდი სიყვარული როგორ იქცა შემოსავლის წყაროდ
მარიკა მოსია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ კახათში ცხოვრობს და მეუღლესთან, ზაზა შედანიასთან ერთად, დიდ საქმეს არის შეჭიდებული. თავდაპირველად მცენარეების გაშენებით დაიწყეს. გარდა იმისა, რომ ეზო-კარი აბაღნარებული აქვთ, მცენარეების გამოყვანა და გაყიდვა მათი შემოსავლის წყაროც გახდა. მემცენარე და მებაღე მარიკა მოსია გვესაუბრა თავის საქმიანობაზე, აგრეთვე ისეთ მასობრივად მოთხოვნად მცენარეებზე, როგორიცაა ჰორტენზია, ლავანდა და ბზა.
მარიკა მოსია:
- ეს საქმე 19 წლიდან, ოჯახის შექმნის შემდეგ დავიწყე, მე და ჩემს მეუღლეს გამოგვყავს სხვადასხვა ჯიშის მცენარეები, ვაპროექტებთ და ვუვლით ბაღებს - ყველანაირი მომსახურება გვაქვს, გარდა იმისა, რომ ბაღი გვაქვს და მებაღეობა-მემცენარეობას მივდევთ, ეზოს მოწყობის შეკვეთებზეც ვმუშაობთ. ჩვენი მცენარეები ადგილობრივია და აქვე გამოგვყავს. გამოყვანისას საძირეზე ვტოვებთ და იქიდან ვაკალმებთ (საუბარია ათასობით მცენარეზე) - იქიდან გამოგვყავს ჩითილები, ვზრდით და ვყიდით.
ამ საქმეში სტიმულია მთავარი. როცა ადამიანი თავისი შრომის შედეგით კმაყოფილია, მეტი ძალა ეძლევა შრომისთვის. როცა ეზოს დიზაინისთვის რომელიმე მცენარე გვჭირდება და მომხმარებელს სურს ეზოში ჰქონდეს და ჩვენ არ მოგვეპოვება, ვყიდულობთ და ვურგავთ.
ჩვენი ეზო ყოველ წელს სხვადასხვანაირია, რადგან ტერიტორია ხელს არ გვიწყობს. თავიდან დაპროექტებული არც ყოფილა, ასაკითაც პატარა ვიყავი, ბევრი რამ არც ვიცოდი და ველური ბაღი გვქონდა, სადაც ძალიან ბევრი მცენარე ხარობდა. მერე საქართველოში სხვადასხვა ჯიშის მცენარე შემოვიდა, მათ შორის კლასიკური, და ჩვენი ბაღიც კლასიკური და კომპაქტური გახდა. ეზოს დაპროექტებისას შემკვეთები უმეტესად კლასიკურ სტილს ითხოვენ. მცენარეებს ეზოში ვზრდით, ფორმას ვაძლევთ და ვყიდით.
- მოკლედ, საკუთარი ეზოთი დაიწყეთ და მერე ეს უკვე საქმედ და შემოსავლის წყაროდ აქციეთ...
- ჩემს მშობლებს ბოსტნეულის ჩითილები გამოჰყავდათ, ოჯახმა გადმომცა ამ საქმის ინტერესი და სიყვარული. 90-იან წლებში ძალიან ლამაზი ეზო გვქონდა. ჩვენს ეზოსთან მანქანები რომ გაივლიდნენ, ჩერდებოდნენ - ყურადღებას იქცევდა. მერე, ოჯახი რომ შევქმენი, მინდოდა ახალ რძალს ახალ ოჯახში თავი მომეწონებინა და დედაჩემისგან ნასწავლი რაღაცები ჩემს ეზოში გადმოვიტანე. შევყევი საქმეს. მეუღლეც ამყვა, საქმე შემოსავლიანი რომ გახდა, თანდათან ინტერესიც გაუჩნდა და გააქტიურდა.
- რამდენი დასახელების მცენარე გაქვთ?
- ალბათ, 212, მათ შორის არის მარადმწვანეები, ფოთლოვნები, ფოთოლმცვენები, მოყვავილეები, ეკლიანები, სხვადასხვა ჯიშის ვარდები და კიდევ ბევრი სხვა. თუ, მაგალითად, შეკვეთები აღმოსავლეთ საქართველოდან გვაქვს, ყველაზე მარტივ მცენარეს, აუკუბას ითხოვენ. ვპასუხობ, რომ მისი გახარება არ გამოვა, რადგან ყინვაგამძლე არ არის. ვერ ვარწმუნებ ხოლმე, გინდა თუ არა, წაღება უნდათ... აუკუბა ჩრდილის მოყვარული მცენარეა. ყინვასთან შეგუება უჭირს, ჩვენთან კარგად ხარობს. შესაძლოა აღმოსავლეთშიც გაიხაროს, მაგრამ განსაკუთრებული პირობები უნდა ჰქონდეს, მაგალითად, ზაფხულში იყოს ჩრდილში, ზამთარში კი შეიფუთოს.
- როგორ ზრდით ჰორტენზიას?
- ჰორტენზია მაისიდან შემოდგომის ბოლომდე ყვავის. ფერს იცვლის, მაგრამ არის ჰორტენზიის სხვა ჯიშებიც, რომლებიც გადარგვისას ფერს არ იცვლიან. თხელფოთლიანი ჰორტენზია შეიძლება ნახევარი მეტრით გადარგო და ფერი შეიცვალოს. არის სქელფოთლიანი (ჰოლანდიურსაც ეძახიან, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, ჰოლანდიურია თუ არა). არის მსხვილთავიანი ჰორტენზიები და სქელღეროიანი, რომლებიც გადარგვისას ფერს არ იცვლის. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლის, თუ სათანადო რაოდენობის მჟავიანობა არ ექნება - უყვარს მჟავე ნიადაგი, ამიტომ დროთა განმავლობაში მჟავიანობის მიცემა სჭირდება.
იშვიათად, მაგრამ სოკოვანი დაავადება უჩნდება. ამიტომ სეზონურად სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი შეგვიძლია გამოვიყენოთ და წელიწადში ერთხელ, შეფოთვლიდან ერთ თვეში შევწამლოთ...
- როგორ უნდა მივხვდეთ, რომ შეწამვლა სჭირდება?
- ფოთოლს, თუ ლაქა აქვს, ტკიპა, შეჭმულია ან ნახვრეტები აქვს, ასეთ დროს შეიძლება მხოლოდ გასხვლამაც უშველოს - არ იყოს დიდად დაავადებული, უბრალოდ, ფოთოლს ჰქონდეს რაღაც დაზიანებები. მათი მოშორების შემდეგ შესაძლებელია მცენარე ადვილად გაიზარდოს, გაიხაროს, მაგრამ როცა ბევრი თეთრი თუ შავი ლაქაა, უნდა შეიწამლოს.
ყურადღება როგორც ყველა მცენარეს, მასაც უნდა, მაგრამ ადვილად მოსავლელია. მისი ბევრი სახეობა არსებობს. ჩვენ გვაქვს თხელფოთლიანი და სქელფოთლიანი. ჰორტენზიის გამრავლება ყველა სეზონზე შეიძლება და ვაკალმებთ კიდეც. ძირითადად, მისი დაკალმება მაინც თებერვალ-მარტში ხდება. კვირტობას რომ დაიწყებს და შეიფოთლება, შეგვიძლია მოვატეხოთ კვირტი და მიწაში ჩავრგოთ. მიწას სილა უნდა შევურიოთ. სილა, მიწა და ტორფი თითო-თითო წილი უნდა იყოს. თუმცა ჰორტენზია ნებისმიერ ნიადაგში თავს არ დაკარგავს. დაკალმება ერთ ან ორ კვირტზე უნდა მოხდეს. სახსარი სადაც ეტყობა, იქ უნდა წამოვიდეს კვირტი. ორი სახსრიდან ერთი თუ მიწაში მოხვდება და ერთს ზემოთ დავტოვებთ, უფრო სწრაფად ფესვიანდება და ამონაყარსაც უკეთესად იკეთებს.
- ლავანდაზე რას გვეტყვით?
- ლავანდას ძირითადად გაზონებისთვის ან ეზოს დეკორისთვის ვიყენებთ. ვერცხლისფერია და გამოირჩევა თავისი ყვავილობით, სურნელით და სილამაზით. დაახლოებით ერთ თვეს ყვავილობს, ლამაზი კი მთელი წლის განმავლობაშია, მხოლოდ თებერვალში იცვლის ძველ, შიდა ფოთლებს, ფერსაც იცვლის და ფოთლებს ღეროზე ჩამოიწვენს. მხოლოდ ერთ თვეს არის ასეთი. თებერვალში შეგვიძლია მისი გაკრეჭაც, გაზაფხულიდან ლამაზად რომ გაიშალოს. დაკალმებაც თებერვალში ხდება. გაკრეჭა-ფორმირება შეგვიძლია ყვავილობის შემდგომ, თუ მცენარე მაინცდამაინც კარგი შესახედი არ არის, მეორე ვეგეტაციისას რომ ლამაზად შეიფოთლოს. სულ ეს არის ლავანდის მოვლა, პრეპარატი მისთვის არც გამოგვიყენებია.
- სააღდგომოდ ყველაზე მოთხოვნადი მცენარე რომელია?
- კოლხური ბზაა, ასევე ნანა ბზა - ბუჩქოვანი და დეკორატიული. დიდი არ იზრდება, კოლხური ბზა ბევრად დიდია ნანა ბზაზე, უფრო ფართო ფოთოლი აქვს და უხეში ღერო. ნანა ბზა მეტად რბილღეროიანია, დამყოლი და წვრილი ფოთლებით. ბზობასა და აღდგომას ყველაზე მოთხოვნადი მცენარეა. ასევე ითხოვენ "ვერბას" (ძეწნის სახეობა). ის ბუსუსებიანი რუხი ტოტია, ხეზე დატოვებული ბუსუსიანი კვირტი კი სკდება და ყვითელი ან წითელი ყვავილები აქვს.
- რას ურჩევთ ამ საქმის დაწყების მსურველთ?
- სანამ შეკვეთებზე დავიწყებდი მუშაობას, ნერგები ბაზარში დამქონდა გასაყიდად. მახსოვს, ერთმა ქალმა სოჭი შეიძინა თავისი მიწით, გასკოჩილი და ცელოფანის პარკში კარგად შეფუთული და იკითხა, ამ მცენარეს რა უნდა გავუკეთოო? შემდეგ სეზონამდე არაფერი უნდა, უბრალოდ, წყალი არ მოაკლოთ-მეთქი. ერთ კვირაში პრეტენზიით მოვიდა, ამხელა თანხა გადამახდევინე და ნერგი ერთ კვირაში გამიხმაო. ის ნერგი ისეც რომ დაედო და არ დაერგო, კარგა ხანს არაფერი მოუვიდოდა, იმდენი მიწა ჰქონდა. სასუქი ხომ არ მიეცით-მეთქი? არაო. წამოდით, ვნახოთ, იქნებ ამოღებისას ფესვი მე თვითონ დამიზიანდა, ჩემი ბრალია და გადახდილ თანხას აგინაზღაურებთ-მეთქი. სოჭი მიწიდან ამოვიღე და რას ვხედავ - პარკიანი და გასკოჩილი ნერგი მიწაში ჩაურგავს. ერთი კვირის განმავლობაში წყალს უსხამდა და მცენარე მოხარშა.
ამიტომ ყველას ყოველთვის ვურჩევ, სანამ რამეს შეიძენენ, ჯერ ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ, რას ყიდულობენ, შეძლებენ თუ არა მის მოვლა-პატრონობას, ეყოფათ თუ არა დრო მის მოსავლელად. მცენარე იმიტომ არ უნდა იყიდო, რომ სხვას აქვს და შენც გინდა. უპირველესი მაინც მცენარის სიყვარულია, თუ მცენარემ ეს არ იგრძნო, რაც არ უნდა წყალი დაუსხა და სასუქი მისცე, ვერ გაიხარებს. დამიჯერეთ, ჩემი დაკვირვებით, მცენარეები ამას გრძნობენ. რჩევა ასეთი მექნება - მცენარის მოვლა თუ გინდათ, ჯერ უნდა შეიყვაროთ. ყველას უნდა, რასაც შეიძენენ, სწრაფად გაიზარდოს - ასე არ ხდება. ყველაფერს თავის დრო და ეტაპები აქვს - დიდი მოთმინება და სიყვარულია საჭირო და მერე დიდი შრომა.