როგორ მოვიქცეთ, როცა ყინვა ხეხილს ემუქრება - კვირის პალიტრა

როგორ მოვიქცეთ, როცა ყინვა ხეხილს ემუქრება

გაზაფხულის ნაგვიანები ყინვებისგან მიყენებულ ზარალს, ალბათ, მეურნეები მტკივნეულად აღიქვამენ. გარდა მოსავლისა, გაზაფხულთან ხომ სიცოცხლის აღორძინების, სილამაზის ემოციაც არის დაკავშირებული, რასაც ყინვა მომენტალურად ანადგურებს. სწორედ ასეთი რამ მოხდა წლეულს, როდესაც გაზაფხული ნორმაზე მეტად თბილი იყო, ბუნება მოსავლისთვის ჩვეულებრივზე ადრე მოამზადა, რაც რამდენიმე საათში თვითვე გაანადგურა თოვლითა და ყინვით, თანაც არცთუ მცირე არეალში. ყინვამ დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთ საქართველოში გადმოინაცვლა და პრაქტიკულად მთელი შიდა ქართლის ბაღები დააზრო ხაშურის, ქარელის, კასპის, გორის სოფლებში, სადაც ქართული კურკოვნების - ვაშლის, ალუჩის, ქლიავის, აგრეთვე კაკლოვნების ბეღელია.

მოსავლის განადგურების მიუხედავად, ბაღებს კვლავ მოვლა-შეწამვლა სჭირდება, რათა მომავალ წელიწადს ისევ დაისხას. წინასწარი პროგნოზით, რამდენად შესაძლებელი იყო ჩვენი მოსავლის გადარჩენა რამდენიმესაათიანი ყინვისას და ზოგადად, რა საშუალებები არსებობს გაზაფხულის ყინვებთან საბრძოლველად, ამის შესახებ კასპის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო საკონსულტაციო ცენტრის უფროსი სულიკო ირემაშვილი გვესაუბრა:

- თანავუგრძნობ მეურნეებს, რომელთაც ყინვამ შემოსავლის წყარო გაუნადგურა. მთელმა საქართველომ ნახა მოსავლის გადარჩენისთვის ბაღებში დანთებული კოცონების ვიდეოჩანაწერები. არსებობს თუ არა სხვა ღონისძიებები ნაგვიანევი ყინვებისგან თავდასაცავად და საერთოდ, რამდენად შესაძლებელი იყო ასეთი შოკისთვის მომზადება.

- მეურნისთვის ნაოფლარის განადგურება არ არის ადვილი საქმე და ეს სიმძიმე ნამდვილად გვაწევს, თანაც, სამწუხაროდ, მოყინვის არეალი მცირე არ ყოფილა. გადაუარა იმერეთს, სამცხისა და შიდა ქართლის ჩათვლით. მთელ თრიალეთის ქედზე მოთოვა, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ცივი ჰაერის მასა ჩამოაწვა და ყინვა გამოიწვია - ანუ ამ ზონის სოფლების ბაღები მთლიანად მოყინა. მართალია, ყინვა მხოლოდ რამდენიმე საათს, შუაღამიდან გამთენიამდე ეჭირა, თუმცა ამ პერიოდის ხანმოკლეობა არაფერს ნიშნავს. ყვავილი რამდენიმე წუთშიც შეიძლება დაზრეს, მით უფრო, ბაღები ახლა მოსავლის ყველაზე ფაქიზ ფაზაში იყო, ნაყოფის გაკვანძვის პერიოდში. ეს ფაზა ყველაზე მეტად მოსაფრთხილებელია მცენარისთვის. ამ დროს ბაღებზე -5°ჩ-იანი ყინვის შეტევას მარტივი შედეგი ვერ ექნებოდა.

შიდა ქართლი ქართული ვაშლისა და სხვა კურკოვნების ბეღელია. სამწუხაროდ, სავარაუდოდ, წლეულს ამ ქართული ხილის დიდი დანაკლისი გვექნება. რამდენია ზარალი, დანამდვილებით ვერავინ გვეტყვის, მაგრამ რასაც ვუყურებ, საიმედო პროგნოზის საშუალებას არ მაძლევს. უფრო ცხადი შედეგი სითბოს დადგომისას გამოჩნდება, როდესაც ხეებს დამზრალი ყვავილი გასცვივდება. რაც შერჩება ხეს, სავარაუდოდ, ბოლომდე ჯანსაღი ნაყოფი ვერც ის იქნება. მოკლედ, ვნახოთ, ახლა სრული პროგნოზის გაკეთება მიჭირს. თუმცა, გავუძლებთ, მსგავსი გამოცდილება სხვა დროსაც გვქონია, მაგრამ არ გავჩერებულვართ.

რაც შეეხება იმას, ხომ არ შეგვეძლო უკეთესად მოვმზადებულიყავით ყინვისთვის, როდესაც პროგნოზიც არსებობდა, გიპასუხებთ - რა თქმა უნდა, შეიძლებოდა. ყინვის საწინააღმდეგო შეწამვლის საშუალებაც არსებობს, რომელიც -3°ჩ-მდე ყინვას უმკლავდება; თუმცა ბუნებამ თუ "მოინდომა" და დაგიპირისპირდა, მასთან გამკლავება პრაქტიკულად შეუძლებელია. ვგულისხმობ იმას, რომ განუწყვეტელმა წვიმებმა, რომელიც ყინვებს წინ უძღოდა, ყინვის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების საშუალება არ მოგვცა.

როდესაც ბაღში შეწამვლის საშუალებას იყენებ, ბაღი სველი არ უნდა იყოს, შემდეგ კი შეწამვლიდან 2-3 საათს მაინც არ უნდა წვიმდეს, რათა პრეპარატი ხიდან არ ჩამოირეცხოს. ჩვენთან კი წვიმიანი დღეები ისე გადაება ერთმანეთს, ამინდი ნახევარი საათითაც არ გამოვიდა.

- სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებზე ამბობდით. არა მგონია, მსგავსი ბევრს ჰქონდეს, მაგრამ იქნებ მაინც ზოგიერთმა კიდეც გამოიყენა. ბევრს თუ არა, მცირე შვებას მაინც მისცემდა ვენახებს.

- კი, ასეთ ბადეებსაც შეეძლო მცირედით შველა. მართალია, ძალიან მნიშვნელოვან შედეგს ვერ მოგვცემდა, მაგრამ ბადე ყინვის ძალას გატეხდა. თუმცა წვიმის გამო ამასაც აზრი დაეკარგა. არსებობს კიდევ ერთი საშუალება: ბაღში გამდინარე წყლის მიშვება. მოძრავ წყალს ხომ საკუთარი ტემპერატურა აქვს, რაც ყინვას ნაწილობრივ გადატეხს, მაგრამ არა მგონია, თითზე ჩამოსათვლელი ერთეულების გარდა, ასეთი საშუალება ტექნიკურად ბევრს ჰქონდეს. რაც შეეხება წარსულში არსებულ ე.წ. ბოლის გამომშვებ საშუალებებს, არსებობდა ეს საშუალებები, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი პრაქტიკაში გამოყენება დღეს აღარ ხდება.

- რჩება ბაღებში დანთებული კოცონები, რომლებიც ჩვენმა მეურნეებმა გამოიყენეს. ეს ემოციური ვიდეოკადრები მთელ საქართველოში გავრცელდა. ზოგი იმასაც წერდა, მეურნეები ყინვას საბურავების დაწვით ებრძვიან, რაც აკრძალულია, მაგრამ ყველაფერი შედარებითია, ტონობით მოსავლის დაღუპვას ამ ინტოქსიკაციის ატანა გვიჯობსო.

- გარწმუნებთ, ჩვენი მეურნეები ბაღების გადასარჩენად საბურავებს არ წვავდნენ და ამით არ წამლავდნენ. საბურავის დაწვის შედეგად მიღებული ბოლი სრულებით არ არის იმ ძალისა, რომ ყინვას გაუმკლავდეს. როდესაც ყინვის საწინააღმდეგო ბოლზეა საუბარი, ის უნდა იყოს სქელი და ეფექტური. ასეთი ბოლი აქვს ნესტიან ნამჯას - წვის დროს დატენიანებული ნამჯა ბოლს უხვად გამოყოფს. თუმცა წვიმაში, სამწუხაროდ, ნამჯაც კი არ იწვოდა ისე, როგორც საჭიროა. მეურნეები წვალობდნენ, როდესაც წვიმა ოდნავ შეჩერდებოდა, ცეცხლს თავიდან ანთებდნენ და ასე გაატარეს დილამდე. სამწუხაროდ, ბუნებამ არ დაგვაცალა ყინვასთან ბრძოლა. თუმცა, წლევანდელი მოსავლის დაკარგვა არ ნიშნავს, რომ ბაღებში წლეულს აღარ ვიშრომებთ. Mგაისად რომ ნაყოფი მოგვცეს, ბაღებს ჩვეულებრივად უნდა ვუპატრონოთ შეწამვლებითა და სხვა საჭირო სამუშაოებით, რასაც ვაკეთებთ კიდეც.