წიაღისეულზე შევთანხმდით? მაშინ იარაღსაც მოგყიდით - პრეზიდენტი ტრამპი მაინც ბიზნესმენად რჩება - კვირის პალიტრა

წიაღისეულზე შევთანხმდით? მაშინ იარაღსაც მოგყიდით - პრეზიდენტი ტრამპი მაინც ბიზნესმენად რჩება

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციიდან მე-100 დღეს აშშ-მა და უკრაინამ ბოლოსდაბოლოს ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის ბუნებრივ რესურსებზე წვდომის შესახებ.

ეს სწორედ ის შეთანხმებაა, რომელიც საზეიმო სიტუაციაში უნდა მიეღოთ უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის ვაშინგტონში მარტში ოფიციალურად სტუმრობის დროს, მაგრამ მაშინ მთელმა მსოფლიომ პირდაპირ ეთერში იხილა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ამ ორი ქვეყნის პრეზიდენტების კამათი, რის შემდეგაც შეთანხმების ხელმოწერისთვის აღარავის ეცალა.

შეთანხმების თანახმად, კიევი და ვაშინგტონი შექმნიან უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდს.

წიაღისეული უკრაინის საკუთრებაში რჩება და სწორედ უკრაინის სახელმწიფო განსაზღვრავს, სად და რა მოიპოვოს. დოკუმენტი, ასევე, ითვალისწინებს აშშ-სა და უკრაინას შორის თანაბარ პარტნიორობას - ფონდი 50/50-ზე პროპორციით იქმნება და არც ერთ მხარეს არ ექნება გადამწყვეტი ხმის უფლება. ეროვნული ქონება დაცული იქნება.

დოკუმენტი არანაირ ვალს არ ითვალისწინებს - ხელმოწერილ შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი შეერთებული შტატების მიმართ უკრაინის ვალზე, შეთანხმების განხორციელება ორივე ქვეყანას საშუალებას მისცემს, თანაბარი თანამშრომლობისა და ინვესტიციების გზით გაზარდონ თავიანთი ეკონომიკური პოტენციალი.

ის, რომ მეოთხე წელია, ფართომასშტაბიან ომში მყოფი უკრაინა ასეთ ეკონომიკურ გარიგებას დებს თავის სტრატეგიულ პატრნიორთან - აშშ-სთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის საზღვრავს ვაშინგტონისა და კიევის შემდგომ სამხედრო-პოლიტიკურ ურთიერთობებს, ამ ომთან მიმართებაში, რასზეც მეტყველებს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართვა კონგრესისადმი, რაც ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე საათში მოხდა...

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეატყობინა კონგრესს იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი ტრამპი თანახმაა, უკრაინას მიეწოდოს 50 მლნ დოლარის ღირებულების თავდაცვითი პროდუქცია პირდაპირ, კომერციული გაყიდვების წესით.

50 მლნ დოლარის შეიარაღება ბევრი არაფერია, მაგრამ აქ მთავარი სულ სხვაა -ფაქტობრივად, პრეზიდენტმა ტრამპმა მოხსნა ის არაოფიციალური „ბლოკადა“, უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდებაზე, რაც თავადვე დააწესა ასი დღის წინ, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დაბრუნების შემდეგ.

ამით პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის, პირველ რიგში, მაინც ბიზნესმენად რჩება - ეყოფა უკრაინას ის ამერიკული იარაღი, რაც ბაიდენმა აჩუქა, ამის შემდეგ ზელენსკიმ კეთილი ინებოს და ფული გადაიხადოს, თუკი კიდევ სურს ამერიკული რაკეტებიო, - დაახლოებით ასეთია თეთრი სახლის პოზიცია, რაც გასაგებია...

ფული, დიდი ფული კი ომში ჩაძირულ უკრაინას, რა თქმა უნდა, არ აქვს, სამაგიეროდ, უკრაინის მიწა მდიდარია წიაღისეულით, რითაც მოუწევს მიწოდებული ამერიკული შეიარაღების ღირებულების კომპენსირება, ერთობლივი საინვესტიციო ფონდის საშუალებით.

ომი რომ არ ყოფილიყო, უკრაინის ხელისუფლება ასეთ გარიგებას სხვა ქვეყანასთან, რომელიც ეხება მის ბუნებრივ სიმდიდრეს - წიაღისეულს, ალბათ, არ დადებდა, მაგრამ იმის ფონზე, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალები არ წყვეტენ შეტევებს და მთელი უკრაინის დაპყრობა სურთ, სრულიად ლოგიკურად მოჩანს ასეთი სერიოზული ნაბიჯის გადადგმა, რადგან არსებობს უდიდესი საშიშროება, რომ უკრაინული ბუნებრივი წიაღისეულის საბადოები სულაც რუსმა ოკუპანტებმა ჩაიგდონ ხელში.

ამასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო სწორად მოჩანს ასეთი ხელშეკრულების დადება აშშ-სთან, რადგან თეთრი სახლი თავადაც გახდება დაინტერესებული, რომ უკრაინის ის რაიონები, სადაც ბუნებრივი წიაღისეულის საბადოებია, არ იქნეს ოკუპირებული რუსეთის მიერ, რაც ამერიკული მხარის ფინანსურ დაინტერესებაზე უარყოფითად აისახება.

უკრაინის ბუნებრივ რესურსებზე წვდომის შესახებ შეთანხმების დადების შემდეგ, პრეზიდენტი ტრამპი, წესით, უფრო ლოიალური უნდა გახდეს თავისი უკრაინელი კოლეგის მიმართ და ამასთან, გაამკაცროს პოზიცია რუს კოლეგასთან, რადგან თვით ტრამპიც კი თანდათანობით რწმუნდება, რომ პუტინს უბრალოდ დრო გაჰყავს და ის სინამდვილეში სულაც არ აპირებს ამ ომის შეჩერებას, თუნდაც სულ ერთი, მაგრამ მთავარი მიზეზის გამო...

ეს მიზეზი კი... რუსეთის იმპერიის აღდგენის სურვილია, რითაც პუტინს სურს, დაიმკვიდროს სახელი მსოფლიო მატიანეში - იქნება ეს კრემლის ძალაუფლების აღდგენა, ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრებში ან სულაც - მეფის რუსეთის იმპერიის ტერიტორიებზე, რომელიც ფინეთსა და პოლონეთსაც კი მოიცავდა...

სწორედ ამის გამო, პუტინი არანაირად არ დათმობს ჯერ საქართველოში და შემდეგ - უკრაინაში ოკუპირებულ მიწებს და ყველანაირად ეცდება ოკუპაციის გაფართოებას.

უკრაინის ომში პროგრამა-მაქსიმუმის, მთელი უკრაინის დაპყრობა, კრემლს იმედია, აღარ გამოუვა, თუმცა არც ანექსირებულ ყირიმსა და არც ნაწილობრივ ოკუპირებულ ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებს დათმობს და თუკი ეს საშინელი ომი დროებით მაინც „დაპაუზდა“, აგრესორი რუსეთის კონტროლის ქვეშ სწორედ აქამდე დაპყრობილი უკრაინული მიწები დარჩება...

ამერიკული შეიარაღების მიწოდების გაგრძელება, განსაკუთრებით კი - „პეტრიოტის“ საზენიტო-სარაკეტო სისტემებისა და მისთვის განკუთვნილი ანტირაკეტების, უკრაინას დღეს ჰაერივით სჭირდება, რადგან უკრაინული ქალაქებისკენ გაშვებული რუსული „ისკანდერებისა“ და „კინჟალების“ აერობალისტიკური რაკეტების ჩამოგდება სწორედ მხოლოდ ამერიკული „პეტრიოტის“ ანტირაკეტებს თუ შეუძლიათ...