ზელენსკიმ არესტოვიჩი დაასანქცირა ანუ მტრად მოკიდებული მოყვრის ამბავი - რა ეკრძალება უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს?!
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ყოფილ მრჩეველს ოლექსი არესტოვიჩს სანქციები დაუწესა.
ამ გადაწყვეტილების შესახებ ბრძანება 1 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, სანქციები ზელენსკის ყოფილ მრჩევლისთვის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევას, აქტივების ბლოკირებას, უკრაინის გარეთ კაპიტალის გატანის, უკრაინის ტერიტორიაზე მედიის გავრცელებისა და უკრაინაში პრივატიზაციაში მონაწილეობის აკრძალვებს გულისხმობს.
როგორც ცნობილია, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დასაწყისში ოლექსი არესტოვიჩი უკრაინის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახლდათ. ის აქტიურად საუბრობდა მედიასთან ომის მსვლელობასა და პროგნოზებზე.
2023 წლის იანვარში კი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, შესაძლოა უკრაინული საჰაერო თავდაცვის ჩამოგდებული ყოფილიყო. უკრაინის მხარემ ეს ბრალდება უარყო, თუმცა რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა ზელენსკის მრჩევლის ეს განცხადება აქტიურად გამოიყენეს. მალე არესტოვიჩი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამჟამად კი ის აშშ-ში იმყოფება.