ზაფხულში ფრონტზე დიდი ესკალაციაა მოსალოდნელი - ტრამპმა "ხელები დაიბანა": ჩავარდა თუ არა საბოლოოდ სამშვიდობო გეგმა?! - კვირის პალიტრა

ზაფხულში ფრონტზე დიდი ესკალაციაა მოსალოდნელი - ტრამპმა "ხელები დაიბანა": ჩავარდა თუ არა საბოლოოდ სამშვიდობო გეგმა?!

ხელებიც დამიბანია! ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომში შუამავლობაზე უარს ამბობს?

„ჩვენ აღარ ვაპირებთ სწრაფად „მსოფლიოში ფრენას“, მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად. ახლა ეს ორივე მხარის (უკრაინისა და რუსეთის) პასუხისმგებლობაა და დადგა დრო, რომ მათ წარმოადგინონ და შეიმუშაონ კონკრეტული იდეები, თუ როგორ დასრულდება კონფლიქტი, ეს მათზე იქნება დამოკიდებული“, - ასეთი განცხადება რამდენიმე საათის წინ გააკეთა ტემი ბრიუსმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, რითაც, ფაქტობრივად, გამოხატა პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით.

იმით, რომ აშშ-ს შეიძლება „ხელები დაებანა“ და შეეწყვიტა შუამავლის, მომრიგებლის ფუნქცია რუსეთ-უკრაინის ომის შესაჩერებლად, პრეზიდენტი ტრამპი ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ დაიმუქრა, რითაც „საბოლოო“ გაფრთხილება მისცა პირველ რიგში კიევს და შემდეგ - მოსკოვს.

კიევზე გაფრთხილებამ იმოქმედა და ზელენსკიმ ხელი მოაწერა შეთანხმებას უკრაინის ბუნებრივ რესურსებზე წვდომის შესახებ და ერთობლივი საინვესტიციო ფონდის შექმნას, თანაც ტრამპის მეორედ გაპრეზიდენტების 100 დღის თავზე, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გახლდათ თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის ძალზე თავმოყვარე ბინადრისთვის.

მაგრამ, ის, რაც გამოუვიდა ტრამპს ზელენსკიზე პოლიტიკური ზეწოლის შედეგად, ვერ განმეორდება პუტინის შემთხვევაში - კრემლი თავს თეთრი სახლის ტოლად ან უფრო გავლენიანადაც შეიძლება მიიჩნევს და პუტინი არ დაუშვებს ტრამპისგან „ჭკუის სწავლებას“...

შესაბამისად, თეთრ სახლშიც კარგად ხვდებიან, რომ ამ საშინელი ომის შეჩერებაზე იმ რუსეთთან, რომელმაც თავად წამოიწყო ყველაფერი, მოლაპარაკებების შემდგომ გაგრძელებას, უბრალოდ, აზრი არ აქვს, რადგან პუტინი ტრამპს „პოლიტიკურ თამაშებში“ ითრევდა, დროის გასაყვანად და მთელი მსოფლიოსთვის იმის საჩვენებლად - შეხედეთ, თვით ამერიკელებიც კი როგორ გვეხვეწებიან რუსებს, ომი დროებით მაინც შეაჩერეთო...

უბრალოდ დასანანია, რომ დონალდ ტრამპი, რომელსაც უკვე ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტობის ერთი ვადის გამოცდილება, ასე დაუფიქრებლად და მიამიტურად აცხადებდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს 24 სთ-ში, ერთი სატელეფონო ზარით შეაჩერებდა, რითაც თავისივე პოლიტიკური იმიჯი მნიშვნელოვნად დააზარალა.

როგორ შეიძლება განვითარდეს შემდგომი მოვლენები რუსეთ-უკრაინის ომში, თუკი აშშ მართლაც სრულად ჩამოშორდა შუამავლობის პროცესს და მთლიანად გადაერთო ირანისა და ჩინეთის „მიმართულებებზე"?

პირველი - ზაფხულიდან რუსეთ-უკრაინის ომი ესკალაციის ახალ ეტაპზე გადავა და უფრო სასტიკი გახდება, უკრაინულ ქალაქებზე რუსული დაუნდობელი საჰაერო დაბომბვებითა და უკრაინული მასობრივი კონტრშეტევებით რუსეთის სტრატეგიულ ენერგოობიექტებზე.

მეორე - უკრაინულ წიაღისეულზე შეთანხმების შემდეგ ტრამპის ადმინისტრაცია ხსნის არაოფიციალურ „ემბარგოს“, უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდებაზე, ოღონდ არა ჩუქებით, არამედ -კომერციულ ფასებში მიყიდვით, რაც კიევისთვის მაინც მისაღებია, რადგან პირველ ეტაპზე ამ მნიშვნელოვან თანხებს ევროპა დაფარავს, თანაც იმ პროცენტებიდან, რაც დასავლეთის ბანკებში „გაყინულ“ რუსულ მილიარდებს ყოველთვიურად მოაქვს. ეს კი უკრაინის არმიაში შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების მარაგის დეფიციტს არ შექმნის. შესაბამისად, კიევს შეეძლება პუტინის საოკუპაციო ძალების შეტევების მოგერიება არათუ გააგრძელოს, არამედ - საპასუხო და ძალიან მტკივნეული კონტრდარტყმებიც განახორციელოს და მათ შორის, თავად ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ტერიტორიაზე.

მესამე - აშშ რუსეთზე აქამდე დაწესებული შეზღუდვების არათუ მოხსნას, არამედ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობასაც კი განიხილავს და თუკი ეს მართლაც ასე მოხდა, რუსეთის ეკონომიკას დამატებითი სერიოზული პრობლემები დაემატება, რამაც წესით, პუტინს ამ ფართომასშტაბიანი და დროში გახანგრძლივებული ომის უსაშველოდ გაგრძელების საშუალება აღარ უნდა მისცეს.

მეოთხე - ახალი ამერიკული „მეორადი სანქციები“ შეიძლება შეეხოს რუსეთის მიერ ექსპორტირებულ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, როდესაც რუსული ნავთობის მყიდველ სხვა ქვეყნებსა თუ კომპანიებს აშშ-სთან სავაჭრო ურთიერთობები ძალიან გაუძნელდებათ ან საერთოდ შეუწყდებათ.

1 მაისს პრეზიდენტი ტრამპი სწორედ ასეთი, „ მეორადი სანქციების“ დაწესებით დაემუქრა ყველას, ვინც კი გაბედავს ირანული ნავთობისა და ნავთობქიმიური პროდუქციის თუნდაც მცირე რაოდენობით შეძენას, რაც თავის მხრივ, იმაზე შეიძლება მიუთითებდეს, რომ აშშ-ისა და ირანის არაპირდაპირი მოლაპარაკებები, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, ჩიხში შევიდა, ისევე, როგორი ფიასკოც განიცადა ტრამპის „დაქადნებამ“, რომ ერთ დღეში შეაჩერებდა რუსეთ-უკრაინის ომს...