ანაფორიანი "კაგებეშნიკები" ანუ ანდროპოვის საიდუმლო გეგმა ვატიკანის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

ანაფორიანი "კაგებეშნიკები" ანუ ანდროპოვის საიდუმლო გეგმა ვატიკანის წინააღმდეგ

ახალი რომის პაპის არჩევა (კონკლავი) 7 მაისს უნდა გაიმართოს. ვინ შეცვლის გარდაცვლილ ფრანცისკეს და ვინ იქნება მისი მემკვიდრე? ვის აქვს ყველაზე მეტი შანსი, გახდეს ახალი პაპი? – ის კითხვებია, რომელზე პასუხიც „ბერსაც აინტერესებს და ერსაც“, იმიტომ, რომ „წმინდა საყდარს“ უდიდესი ღია და ფარული გავლენა აქვს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. ამიტომ კათოლიკური ეკლესია და ვატიკანი, ყოველთვის იყვნენ და იქნებიან სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მუდმივი ოპერატიული დაინტერესების ობიექტები.

საბჭოთა/რუსეთის სპეცსამსახურების შეტევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ვატიკანი იყო და არის. კათოლიკური ეკლესიისა და მისი ყველაზე აქტიური მოღვაწეების წინააღმდეგ საბჭოთა სპეცსამსახურები ყველანაირ მეთოდებს, მათ შორის - ლიკვიდაციასაც, იყენებდნენ. საეკლესიო მოღვაწეების ლიკვიდაციის ოპერაციების დელიკატურობიდან გამომდინარე, შესრულებაც მაქსიმალურად „ბუნებრივი“ უნდა ყოფილიყო.

ვიდრე საბჭოთა დიქტატორი - იოსებ სტალინი ცოცხალი იყო, ყველა მნიშვნელოვანი ლიკვიდაციის ნებართვასა და სპეცოპერაციების ოპერატიულ საკითხებს აუცილებლად მასთან ათანხმებდნენ. სტალინს ხშირად შესწორებები და შენიშვნები შეჰქონდა წარმოდგენილ გეგმებში. საბჭოთა სპეცსამსახურების ყველაზე გასაიდუმლოებული სპეცოპერაციები ქიმიური შენაერთების, შხამებისა და სპეციალური მედიკამენტების გამოყენებით ხდებოდა. ლიკვიდაციის ამ სპეციარაღის დამუშავებას და უშუალო შესრულებას ახორციელებდა საბჭოთა უშიშროების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო ოპერატიული დანაყოფი: ლაბორატორია “X”. ამგვარად მოიხსენიებდნენ ოფიციალურ დოკუმენტებში მოსკოვში, „ლუბიანკის ციხის“ მიდამოებში მდებარე უფერულ, პატარა შენობას. ლაბორატორია აკადემიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას “კარგად” უთავსებდა სიკვდილმისჯილ პატიმრებზე ახალი ტოკსიკური ნივთიერებების და შხამების გამოცდას. ამ “ჰუმანური” მიზნებისათვის ლაბორატორიას სპეციალური კამერებიც ჰქონდა. ლაბორატორიაში შესვლა, იქ მომუშავეთა გარდა, მხოლოდ უშიშროების მინისტრს და მის პირველ მოადგილეს (რომლის უშუალო საკურატორო სფეროშიც შედიოდა ლაბორატორია) შეეძლოთ. ამ „სიკვდილის ლაბორატორიას“ ბათუმში დაბადებული პროფესორი, პოლკოვნიკი გრიგორი მაირანოვსკი ხელმძღვანელობდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა დასავლეთ უკრაინაში მოქმედი და რომის პაპის დაქვემდებარებაში მყოფი ბერძნულ-კათოლიკური (უნიატური) ეკლესიის ლიკვიდაცია და მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მისი გაერთიანება იყო.

მოსკოვის ამ გეგმებს ეწინააღმდეგებოდა 1944 წლის 8 სექტემბერს რომის პაპის, პიუს XII-ს მიერ დანიშნული ახალგაზრდა ეპისკოპოსი თეოდორ რომჟა (1911-1947), რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მოსახლეობაში. ამიტომ საბჭოთა რეჟიმმა ეპისკოპოს რომჟას ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო.

განსაკუთრებით აქტიურობდა ნიკიტა ხრუშჩოვი, რომელიც იმ პერიოდში უკრაინის კომუნისტურ პარტიას ხელმძღვანელობდა. მისი დაჟინებული მოთხოვნით, რომელსაც შემდეგ სტალინიც დაეთანხმა, 1947 წელს უშიშროების სამინისტროს დაევალა „ვატიკანის ფარული ემისრის“, დასავლეთ უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური (უნიატური) ეკლესიის ეპისკოპოსის, თეოდორ რომჟას ლიკვიდაცია. საქმეში ჯერ უკრაინელი “ლიკვიდატორები” ჩაერთვნენ, ადგილობრივი უშიშროების მინისტრის - სავჩენკოს ხელმძღვანელობით, თუმცა 1947 წლის 27 ოქტომბერს სპეციალურად მოწყობილ ავტოკატასტროფაში რომჟა მხოლოდ მსუბუქად დაშავდა და უჟგოროდის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პანიკაში ჩავარდნილმა ხრუშჩოვმა დახმარებისათვის სტალინს მიმართა. ამის შემდეგ უჟგოროდში ადამიანთა ლიკვიდაციის პროფესიონალები: გენერალი პავლე სუდოპლატოვი და გრიგორი მაირანოვსკი გაემგზავრნენ. ისინი პირადად ხრუშჩოვმა მიიღო, ინსტრუქტაჟი ჩაუტარა(?!) და ოპერაციის სასწრაფო შესრულება მოსთხოვა. მეორე დღეს მაირანოვსკიმ კურარეს შხამიანი ამპულა გადასცა აგენტ-შემსრულებელს.

ორი დღის შემდეგ საავადმყოფოს პალატაში მყოფ ეპისკოპოსს ჩვეულებრივ დილის შემოვლაზე მოსული ახალგაზრდა მომხიბლავი მედდა მიუახლოვდა, მდგომარეობა გამოჰკითხა და “ჩვეულებრივი” ინიექცია გაუკეთა. 1947 წლის 1 ნოემბრის საღამოს ეპისკოპოსი თეოდორ რომჟა “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა.

picture4-1746169661.jpg

ეპისკოპოსი თეოდორ რომჟა

ეპისკოპოს რომჟას მკვლელობის შემდეგ რეპრესიები განხორციელდა ბერძნულ-კათოლიკური (უნიატური) ეკლესიის სხვა სასულიერო პირების წინააღმდეგ: არსებული ინფორმაციით, ორ ყველაზე აქტიურ მღვდელმსახურს: ალექსანდრე ჰირუს და ნიკოლაი მურანიას 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო 100-მდე სასულიერო პირი ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში გარდაიცვალა. 2001 წლის ივნისში, უკრაინაში ვიზიტის დროს, რომის პაპმა იოანე პავლე II-მ თეოდორ რომჟა წმინდანად შერაცხა.

picture3-1746169661.jpg

ანდროპოვი და „ლუბიანკა“ განუყოფელია

საბჭოთა რეჟიმი შემდგომ წლებშიც აქტიურად ებრძოდა კათოლიკურ ეკლესიას. 1969 წლის 4 აპრილს კა-გე-ბეს შეფმა იური ანდროპოვმა დაამტკიცა საიდუმლო გეგმა, რომელსაც ამგვარი სათაური ჰქონდა: „1969-70 წლებში სსრკ-ის ტერიტორიაზე ვატიკანისა და უნიატების დივერსიული საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის შემდგომი გაძლიერების შესახებ“. შესაბამისი დავალებები მიეცათ: პირველ მთავარ სამმართველოს (საგარეო დაზვერვა), მეხუთე სამმართველოს („იდეოლოგიური დივერსიების“ წინააღმდეგ ბრძოლა) და კა-გე-ბეს ადგილობრივ ორგანოებს. საბჭოთა დაზვერვას მთავარ ამოცანად განესაზღვრა აგენტურულ-ოპერატიული შეღწევა ვატიკანის ყველა ძირითად სტრუქტურაში („იეზუიტთა ორდენში“, „რუსიკუმში“ - საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ამზადებს ბიზანტიური ტრადიციის კათოლიკე მღვდლებს საბჭოთა კავშირში/რუსეთში მოღვაწეობისთვის და სხვ.). ამასთან ერთად „ანდროპოვის საბრძოლო გეგმა“ ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირში დაბადებული და შემდეგ ვატიკანში მოღვაწე სამ საეკლესიო პირთან (ოპერატიული მეტსახელები: „აპოსტოლი“, „რასი“ და „მსახური“) აგენტურული კავშირის განახლებას.

„წმინდა საყდარში“ საბჭოთა აგენტების შეგზავნა, ძირითადად, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებიდან ხორციელდებოდა. 1968 წლის დასაწყისში რომში, „რუსიკუმში სასწავლებლად“ მიავლინეს კა-გე-ბეს მეხუთე სამმართველოს ორი აგენტი: „პეტროვი“ და „როგულინი“. ერთი წლის შემდეგ ეს აგენტები უკვე საფრანგეთისა და ბელგიის კათოლიკურ ცენტრებში გაემგზავრნენ, ვითომ „სასწავლებლად“, რეალურად კი - სადაზვერვო მისიით. 1969 წლის განმავლობაში ლიტვიდან ჯერ კა-გე-ბეს ორი აგენტი („ანტანასი“ და „ვიდმანტასი“) შეგზავნეს ვატიკანში, შემდეგ მათ კიდევ ორი აგენტი - „დაქტარასი“ (ეპისკოპოსი) და „ჟიბუტე“ დაემატათ. ერთ-ერთი მათგანი („დაქტარასი“) ხშირად იყო უშუალოდ პაპი პავლე VI-ს გარემოცვაში, რომელმაც მას ერთხელ თურმე განუცხადა: „მე თქვენ ლოცვებში გიხსენიებთ და იმედი მაქვს, რომ ღმერთი დაეხმარება ლიტველ სასულიერო პირებსა და მორწმუნეებსო“. თუმცა რომის პაპი „ბჭობდა“, კა-გე-ბე კი -„იცინოდა“.

„წმინდა საყდართან“ ბრძოლაში ყოფილი „სოციალისტური ბლოკის“ ქვეყნების სპეცსამსახურები კოორდინირებულად მოქმედებდნენ და ერთად ახორციელებდნენ სპეცოპერაციებს. ამის მაგალითია უნგრეთის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსის, მიკლოშ დუდაშის (1902-1972) გარემოცვაში კა-გე-ბეს აგენტის „ჩანერგვა“. მეხუთე სამმართველოს აგენტი ქალი, ოპერატიული მეტსახელით - „პოტოჩინა“, რომელიც ძალზე აქტიურობდა უკრაინის უნიატური ეკლესიის ფარულ საეკლესიო საქმიანობაში, ხშირად ჩადიოდა უნგრეთში, ვითომდა ნათესავების მოსანახულებლად. „პოტოჩინამ“ მალევე მოახერხა ეპისკოპოს დუდაშის ნდობის მოპოვება და უკრაინელ უნიატებთან ვატიკანის საიდუმლო კონტაქტების შესახებ ინფორმაციის რეგულარული მიღება. ეპისკოპოს დუდაშს სიცოცხლის ბოლომდე არ გასჩენია ეჭვი, რომ „პოტოჩინა“ კა-გე-ბეს მიერ მიგზავნილი აგენტი იყო.

picture2-1746169661.jpg

ეპისკოპოსი მიკლოშ დუდაში

კა-გე-ბეს საარქივო დოკუმენტების და სხვადასხვა მემუარული ლიტერატურის ანალიზის შედეგად იკვეთება, რომ საბჭოთა რეჟიმი განსაკუთრებით აგრესიულად იყო განწყობილი უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური (უნიატური) ეკლესიის მიმართ. 1969 წელს ეკლესიის წინამძღვარი, ეპისკოპოსი ვასილი (ველიჩკოვსკი, 1903-1973) დააპატიმრეს და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა ეს არ იყო მისი პირველი დაპატიმრება.

ის ჯერ კიდევ 1945 წლის 11 აპრილის ღამეს დააკავეს „ჩეკისტებმა“ და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში გადასვლა მოსთხოვეს, რისთვისაც მას გათავისუფლებას დაჰპირდნენ. თუმცა მტკიცე უარი მიიღეს. ამის შემდეგ მღვდელმსახურს კიევში გამართულ სასამართლო პროცესზე სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, რაც შემდგომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთით შეუცვალეს. ის სასჯელს ვორკუტის მახლობლად იხდიდა. 1955 წელს, საპატიმრო ვადის დასრულების შემდეგ, დაბრუნდა ლვოვში, სადაც მამა ვასილი აქტიურად ჩაერთო უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის ფარულ საეკლესიო საქმიანობაში. 1959 წელს რომის პაპმა იოანე XXIII-მა მამა ვასილი (ველიჩკოვსკი) ეპისკოპოსად აკურთხა.

picture1-1746169661.jpg

ეპისკოპოსი ვასილი (ველიჩკოვსკი)

როგორც ზემოთ აღვნიშნე, 1969 წლის 2 იანვარს ეპისკოპოსი ვასილი (ველიჩკოვსკი) კვლავ დააპატიმრეს და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რომელიც ციხეში მოიხადა. საპატიმრო ვადის ამოწურვის შემდეგ, 1972 წელს, იგი სსრკ-დან გააძევეს.

კა-გე-ბე აქტიურად იყენებდა სხვა „სოციალისტური“ ქვეყნების სპეცსამსახურების რესურსებს. მაგალითად, ასეთი ოპერაცია იყო ჩეხოსლოვაკიის უშიშროების აგენტის, უნიატური ეკლესიის სასულიერო პირის (ოპერატიული მეტსახელი „პროფესორი“) შეგზავნა ვატიკანში, კარდინალ ფელიჩის გარემოცვაში. შემდგომ „პროფესორი“ კა-გე-ბეს აგენტი გახდა და აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის უნიატური ეკლესიისა და ვატიკანის კავშირების შესახებ ინფორმაციის მოპოვების ოპერაციებში.

1975 წლის თებერვალში მოსკოვში გაიმართა „სოციალისტური ბლოკის“ სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელების საიდუმლო თათბირი, რომლის მთავარი საკითხი “წმინდა საყდრის“ წინააღმდეგ სპეცოპერაციების კოორდინაცია იყო.

ამ შეხვედრაზე პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიისა და უნგრეთის სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებმა ამაყად განაცხადეს, რომ მათ ძალზე მნიშვნელოვანი „აგენტურული პოზიციები“ ჰქონდათ ვატიკანში. როგორც უკვე ითქვა, თურმე, პაპი პავლე VI ლიტველ კათოლიკეებს ლოცვაში ხშირად მოიხსენიებდა და ღმერთს მათ დახმარებას შესთხოვდა, თუმცა ეს არანაირად არ „უშლიდა“ კა-გე-ბეს ხელს ლიტველი აგენტების გადაბირებაში. ამ რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა ყოფილი ლიტვის სსრ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის საიდუმლო დოკუმენტების ნაწილი, სადაც ერთ, ჩვენთვის საინტერესო საიდუმლო “შიფრ-დეპეშას” მივაკვლიე. 1988 წლის 12 ოქტომბერს ლიტვის სსრ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პირველი განყოფილების (ამ ნუმერაციის უკან საგარეო დაზვერვის დანაყოფი იყო შენიღბული) უფროსი, პოლკოვნიკი ვიტაუტას კარინაუსკასი საიდუმლო შიფრ-დეპეშას გზავნის მოსკოვში, სსრკ-ის სუკ-ის პირველი მთავარი სამმართველოს (საგარეო დაზვერვა) “ა” სამსახურის (ე.წ. აქტიური ღონისძიებების - დეზინფორმაციის გავრცელება - სამსახური) უფროსის მოადგილე პოლკოვნიკ სოცკოვთან. დოკუმენტში ვკითხულობთ:

“უახლოეს პერიოდში აგენტი “გ ე დ ი მ ი ნ ა ს ი”, ლიტვის კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთი უმაღლესი პირი, ქსენძების ჯგუფთან ერთად მიემგზავრება ვატიკანში, სადაც ვიზიტის დროს ექნება შეხვედრები: იოან პავლე II-სთან; სახელმწიფო მდივან კაზაროლისთან და სხვებთან”.

დეზინფორმაციის ოპერაცია გულისხმობდა რომის პაპისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებას, საბჭოთა კავშირში და ლიტვის სსრ-ში მიმდინარე პროცესების შესახებ. გასაგებია, რომ ლიტვის კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პონტიფიკის სრული ნდობით სარგებლობდა. ამ დროს კი ეს ინფორმაცია... სუკ-ში იყო მომზადებული. თუ გავითვალიწინებთ იმ ფაქტს, რომ ვიტაუტას კარინაუსკასი ოც წელზე (1971-1991) მეტხანს ხელმძღვანელობდა ლიტვის სსრ სუკ-ის პირველ განყოფილებას, მაშინ ადვილი წარმოსადგენი გახდება, თუ რამდენ აგენტს შეგზავნიდა ის ვატიკანში.

(მესამე ნაწილის დასასრული)