ევროკავშირის გეგმა "ბ" - შეძლებს თუ არა მშვიდ ცხოვრებას მიჩვეული ევროპა გაგიჟებული "რუსული დათვის" შეკავებას?!
ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ ტაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ევროკავშირი გეგმა „ბ“-ს ამზადებს იმ შემთხვევისათვის, თუ დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებაში შუამავლობაზე უარს იტყვის“ (ავტორები - ჰენრი ფოი და გიდეონ რეჩმენი). „იმ შემთხვევაში, თუ აშშ რუსეთს სანქციებს მოუხსნის, ევროკავშირი შეეცდება, რომ სანქციები შეინარჩუნოს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
როგორც ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა კაია კალასმა განაცხადა, თუ აშშ რუსეთს თავის მიერ გამოცხადებულ სანქციებს მოუხსნის, ევროპა ანტირუსულ ემბარგოს შეინარჩუნებს და სანქციებს არ გააუქმებს.
„ევროკავშირი ამზადებს გეგმა „ბ“-ს, თუ როგორ დატოვოს ძალაში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უარს იტყვის უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკების გაგრძელებაზე და მოსკოვთან დაახლოებას არ შეწყვეტს“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში.
პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩევლებს ჰპირდებოდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაასრულებდა რუსეთ-უკრაინის სამწლიან ომს, თუ მას პრეზიდენტად აირჩევდნენ - ინაუგურაციიდან სამ თვეში მაინც. ტრამპი პრეზიდენტად კი აირჩიეს, მაგრამ სამი თვის განმავლობაში ომის შეწყვეტა ვერ შეძლო. მოსკოვმა და კიევმა უარყვეს პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმა-შეთავაზების ცალკეული მომენტები, რომელიც მისმა ადმინისტრაციამ გააჟღერა.
„საკითხი იმაში მდგომარეობს, მოისურვებენ ახლა ამერიკელები მოლაპარაკებიდან გასვლას თუ არა", - თქვა კაია კალასმა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში, - "ზოგიერთი ვარაუდით, ისინი ფიქრობენ, ღირს თუ არა მოლაპარაკების რეჟიმში დარჩენა? თეთრი სახლი რუსეთთან შეთანხმების სირთულეებზეც ლაპარაკობს და აფიქსირებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა და დაზავება ისე იოლი არ ყოფილა, როგორც თავდაპირველად ეგონათ“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს წარმომადგენელმა ორი დღის წინ განაცხადა: „თუ მშვიდობის დამყარების მცდელობაში პროგრესი არ იქნება, ჩვენ უარს ვიტყვით შუამავლის როლის შესრულებაზე“.
დონალდ ტრამპის სურვილმა, რუსეთთან დაახლოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაზე [ვლადიმერ პუტინმა თავის ამერიკელ კოლეგას სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის წიაღისეული სიმდიდრეების ერთობლივი ათვისება შესთავაზა], სამშვიდობო შეთანხმების ჩარჩოებში, ევროპელებში იმის შიში გააძლიერა, რომ ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ შესაძლოა, მოითხოვოს, რომ ბრიუსელმა ვაშინგტონს მიბაძოს და რუსეთს უახლოეს თვეებში სანქციები მოუხსნას.
ევროპელი ჩინოვნიკები, ასევე, შეშფოთებულნი არიან სავარაუდო შედეგებით, თუკი აშშ ნებას მისცემს თავის კომპანიებს, რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა განაახლონ იმ ფონზე, როცა ევროკავშირის კომპანიების ბიზნესი რუსეთში ძველებურად აკრძალულია.
კაია კალასის განცხადების თანახმად, არსებობს გეგმა „ბ“, რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის შესანარჩუნებლად, იმ შემთხვევისათვის, თუ უნგრეთი ევროკავშირის სანქციების მოქმედების ვადის გაგრძელებას დაბლოკავს ივლისში. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელი ძველებურად ყურადღებას აქცევს ევროკავშირის წევრთა ერთიანობის განმტკიცებას.
„გეგმა „ბ“ არის, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ გეგმა „ა“-ზე - იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ფოკუსირება მოხდება გეგმა „ბ“-ზე და შეიძლება სწორედ ის გახდეს მთავარი. მიმდინარეობს მოლაპარაკება ვაშინგტონთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან იმ მიზნით, რომ დასავლური ანტირუსული სანქციები ძალაში დარჩეს.
როგორც „ფაინენშელ ტაიმსი“ იტყობინებოდა, რამდენიმე დღის წინათ, უნგრეთის სავარაუდო ვეტოს გვერდის ავლის ერთ-ერთი ვარიანტი იმაში მდგომარეობს, რომ თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები ეროვნულ დონეზე მიიღოს. მაგალითად, ბელგიას შეუძლია სამეფო ბრძანებულების გამოცემა, რუსული აქტივების გაყინვების თაობაზე, რომლის მოცულობა ბელგიის ტერიტორიაზე 190 მილიარდ ევროს შეადგენს. თუმცა, როგორც ერთ-ერთმა ბელგიელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, „ბელგია ეროვნულ დონეზე არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებს“.
კაია კალასმა აღიარა, რომ ევროპის ზოგიერთ დედაქალაქში მიმდინარებს დისკუსიები, გაჰყვნენ თუ არა დონალდ ტრამპის ადმინიტრაციის გზას იმ შემთხვევაში, თუ თეთრი სახლი უარს იტყვის უკრაინის მხარდაჭერაზე და რუსეთთან ურთიერთობას პოზიტიურად „გადატვირთავს“.
„აშკარაა, რომ მსგავსი დისკუსიები ევროკავშირის ზოგიერთ წევრ-სახელმწიფოში ნამდვილად მიმდინარეობს. შესაძლოა, ისინი იმედოვნებენ, რომ ჩვენც აღარ მოგვიწევს უკრაინის მხარდაჭერა“, - თქვა კაია კალასმა, ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, - "მაგრამ ასეთი იმედები აუხდენელი და ილუზიურია. თუ რუსეთის ხარჯებს შევხედავთ, კრემლი სამხედრო მიზნებისათვის თავისი მთლიანი შიდაპროდუქტის (მშპ) 9%-ზე მეტს ხარჯავს. მას რეზერვები კიდევ აქვს და, ალბათ, თავისი ამბიციებით უფრო შორს წასვლას მოისურვებს“.
ომის მშვიდობიანად დასარეგულირებლად, აშშ-მა წამოაყენა წინადადება მოსკოვისთვის გამოცხადებული სანქციების მოხსნაზე, რომლებიც თავის დროზე ევროკავშირთან ერთად იქნა დაწესებული, ასევე, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის განახლების ინიციატივაც. ამ ფონზე უნგრეთი დაიმუქრა, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის სანქციების გაგრძელებას ახალი, 6-თვიანი ვადით, რომლის კენჭისყრა ივლისში უნდა მოხდეს და რისთვისაც ერთსულოვანი მხარდაჭერაა აუცილებელი.
კაია კალასმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ევროპიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის შემთხვევაში, ევროპა შეძლებდა მათ ჩანაცვლებას და უკრაინის ფინანსურად დახმარებას, თუმცა იქვე აღიარა, რომ „თუ ამერიკელები წავლენ, სამხედრო თვალსაზრისით გაჩენილი სიცარიელის ამოვსება, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება“.
ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა თქვა, რომ „ბრიუსელი და სხვა ევროპული დედაქალაქები ამერიკელებთან ერთად მუშაობისათვის ემზადებიან, რათა დაარწმუნონ ისინი, რომ ამ კონფლიქტის დასასრული მათთვისაც მნიშვნელოვანია. კერძოდ, მათ ინტერესებშია, რომ რუსეთმა თავისას ვერ მიაღწიოს“.
ამასთან, კაია კალასმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს ყირიმს რუსეთის კუთვნილებად, რაც ამერიკული გეგმის საკვანძო ელემენტსა და იმავდროულად - კიევისათვის მთავარ „წითელ ხაზს“ შეადგენს: „მე ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენ ოდესმე ყირიმის რუსულ ტერიტორიად გამოცხადებას შევურიგდებით. რა თქმა უნდა, ამერიკის ნაცვლად ვერ ვილაპარაკებთ, მისი გადასწყვეტია, თუ როგორ იმოქმედოს, მაგრამ ევროკავშირში დარწმუნებულნი ვართ, რომ ყირიმი უკრაინაა“.
„ამერიკელებს ხელთ აქვთ ინსტრუმენტი, რომლითაც ისინი შეეცდებიან, რუსეთზე ზეწოლა მოახდინონ, საბრძოლო მოქმედებების შესაწყვეტად“, - დაასკვნა კაია კალასმა, - "პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მას სისხლისღვრის შეწყვეტა სურს. ამიტომ მან იმ ადამიანზე უნდა განახორციელოს ზეწოლა, ვინც სისხლს ღვრის“.
მოამზადა სიმონ კილაძემ