"ჩვენს ქორწილში არანაირი ალკოჰოლი არ იყო... მხოლოდ ერთ რამეს ვკითხავდი აგრესიით სავსე ადამიანებს, ბედნიერი ხართ?" - რას ჰყვება ქართველი ქალი სუდანელ მეუღლეზე, მათ ადათ-წესებსა და ჩინეთში ცხოვრებაზე
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი და მათი კულტურა რადიკალურად განსხვავდება, ჩემი მეუღლე - ხალიდ სულეიმანი იმდენად მარტივი პიროვნებაა, თანაცხოვრებაში არ გვქონია რაიმე დაბრკოლება" - ამბობს სალომე შუბითიძე, რომელიც სუდანელ მამაკაცზეა გათხოვილი... სალომე თავის საინტერესო ცხოვრებაზე, სუდანზე, რადიკალურად განსხვავებულ ტრადიციებზე გვიამბობს...
- სალომე, თუ არ ვცდები, პირველი ქართველი ხართ, ვინც სუდანელ მამაკაცზეა დაქორწინებული
- დიახ, გულწრფელად გითხრათ, მეც არ გამიგია სუდანელზე დაქორწინებული სხვა ქართველის შესახებ...
- გვიამბეთ თქვენზე, სად დაიბადეთ და გაიზარდეთ, როგორი იყო თქვენი ცხოვრება საზღვარგარეთ წასვლამდე...
- დავიბადე და გავიზარდე თბილისის გარეუბანში. ვერ ვიტყვი, რომ სხვებისგან რამით გამორჩეული ცხოვრება მქონდა, პირველი შვილი და შვილიშვილი ვიყავი(ვარ) და შესაბამისად ბავშვობის პირველი წლები ნებივრობაში გავატარე. ეს ჩემი ბავშვობის ფოტოებშიც კარგად ჩანს...
6 წლის ვიყავი, ჩემი და რომ დაიბადა, მერე ცოტა აირია ცხოვრება და გაგვიჭირდა , მაგრამ მაშინ ალბათ ყველა ასე იყო. ძალიან კარგი ეზო(უბანი) გვქონდა, უამრავი ჩემი თანატოლით და ეს საუკეთესო ნაწილია ჩემი ბავშვობიდან. ერთად უამრავი ტკბილი მოგონება დავაგროვეთ მე და ჩემმა მეგობრებმა. ცოტა ხნის წინ ერთ ფოტოს წავაწყდი ინტერნეტში ბავშვობაზე “ალბათ ერთ დღეს ყველა ბოლოჯერ ავედით სახლში, და არავინ იცოდა რომ ეს ბოლო იყო” თუ რაღაც მსგავსი. ჩემს შემთხვევაში, ეს სხვანაირად მოხდა: 13 წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები დაშორდნენ და მე საცხოვრებელი შევიცვალე, შესაბამისად ჩემი ბავშვობაც, ნაწილობრივ მგონია, რომ იქ დამთავრდა. სკოლა 17 წლის ასაკში დავამთავრე ექსტერნად, 28 გამოცდა გვქონდა ჯამში ჩასაბარებელი.იმ პერიოდში დედა იყო ის ადამიანი, ვისაც სრული პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული ჩემზე და ჩემს დაზე. სკოლა დავამთავრე, მაგრამ სწავლა ვერ გავაგრძელე და სკოლის დამთავრებისთანავე დავიწყე მუშაობა უბნის მაღაზიაში, კონსულტანტი ვიყავი.