ფრთხილად, სილამაზესთან! - "არასწორად გაკეთებულ ბოტოქსს შეიძლება ნევროლოგიური გართულებები მოჰყვეს. ის, რაც ჩვენს სალონებში ხდება, დანაშაულია!" - რას ამბობს სპეციალისტი?
"ჰოლივუდის მსახიობებიც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ არაბუნებრივი ნაკვთები ლამაზი არ არის და იმპლანტების ამოღება დაიწყეს"
"ერთი წლის წინ გადავწყვიტე, თვალზე კონტური გამეკეთებინა: რადგან თვალის ფანქარს ხშირად ვიყენებ, ვფიქრობდი, რომ ეს პროცედურა ყოველდღიურ რუტინას შემიმსუბუქებდა. უახლოეს სალონში შევედი და კარგა ხნის ოცნება ავისრულე, მაგრამ მეორე დღეს გაოგნებული დავრჩი: მარჯვენა ქუთუთო უცნაურად მქონდა ჩამოწეული და სარკიდან სულ სხვა ადამიანი მიცქერდა!
რამდენიმე დღის შემდეგაც რომ არ გამიარა, თვალის ექიმთან მივედი. ჩემი დიაგნოზი ასე ჟღერდა - "ფტოზი!"
თავს არ შეგაწყენთ იმის მოყოლით, რა ნერვიულობა გადამხდა და მკურნალობაზე რამდენი დავხარჯე, მაგრამ ამ ამბის შემდეგ ნაცნობს თუ უცნობს, ყველას ვაფრთხილებ:
"ნუ ენდობით შემთხვევით ადამიანებს, ე.წ. კოსმეტოლოგებს თუ სტილისტებს, რომლებიც ამ დღეში ჩაგაგდებენ", - გვიამბო ჩვენმა რესპონდენტმა, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა.
რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს არასწორად ჩატარებულ "სილამაზის პროცედურებს"? - "კვირის პალიტრასთან" ამ შეკითხვას პასუხობს "საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოების" პრეზიდენტი ეკატერინე უგრეხელიძე:
- ნებისმიერ ქალს სურს, ლამაზი იყოს, მაგრამ ხშირია შემთხვევა, როცა არასწორად ჩატარებული პროცედურის გამო საპირისპირო შედეგს იღებს. ჩემამდეც მოსულან პაციენტები, რომლებსაც არაბუნებრივი, გაშეშებული ნაკვთები, გადამეტებული მოცულობის ტუჩები და უცნაური გამომეტყველება ჰქონდათ.
ადამიანი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს, ვიდრე თავის გარეგნობაში კორექციის შეტანას გადაწყვეტს და კარგად უნდა იცოდეს, ვისთან მიდის პროცედურების ჩასატარებლად.
ის, რაც დღეს ჩვენს სალონებში ხდება, დანაშაულია - დანაშაული, რომელიც არა ერთ ქვეყანაში საკმაოდ მკაცრად ისჯება.
მცირე ინვაზიური პროცედურები, ბოტულინოთერაპია და კონტურული პლასტიკა, სხვადასხვა დეფექტის კორექციას გულისხმობს, მაგრამ ეს სამედიცინო პროცედურებია, ამიტომ, პროფესიონალმა უნდა გააკეთოს. განსაკუთრებით, ინიექციების გამოყენებისას უნდა ვიყოთ ფრთხილად, რადგან ასპროცენტიანი გარანტია ამ შემთხვევაში არ არსებობს - ექიმის მიერ ჩატარებულ პროცედურასაც შეიძლება მოჰყვეს გართულება. ამ შემთხვევაში, ექიმი ვალდებულია, ყველა შემდგომი გართულება მართოს და პაციენტი მდგომარეობიდან გამოიყვანოს.
- ალბათ, განსაკუთრებით სარისკოა თვალზე კონტურის ან ტატუს გაკეთება - საქმე ხომ მხედველობის ორგანოს ეხება?
- სარისკო ყველაფერია, რაც კანის ზედაპირის რღვევას იწვევს: ამ დროს კანის დამცველობითი ფუნქცია სუსტდება და ადამიანი მეტისმეტად მგრძნობიარე ხდება მიკრობებისა და ბაქტერიების მიმართ. ამიტომ,
მე ძალიან არ მომწონს, როდესაც ტატუს ასეთ მგრძნობიარე უბნებზე აკეთებენ.
მით უმეტეს, რომ ამ დროს კანში სპეციალური პიგმენტი შეჰყავთ და მის შიგნით ნაწიბური წარმოიქმნება.
მე, როგორც დერმატოლოგს და კოსმეტოლოგს, მიმაჩნია, რომ კანის შიგნით ნაწიბურების გაჩენა სასურველი არ არის.
რაც შეეხება თვალის ან ტუჩის კონტურს, ბევრი პაციენტისგან მსმენია, რომ მოჰბეზრდათ ყოველ დილით მაკიაჟის ან თვალის ფანქრის წასმა, ზოგს ურჩევნია, მუდმივი კონტური ჰქონდეს, მაგრამ ამის გაკეთებას ძალიან დიდი სიფრთხილე, გამოცდილება და პროფესიონალიზმი სჭირდება. საერთოდ, ნებისმიერი პროცედურის ჩატარება შეიძლება, ოღონდ - სანდო სპეციალისტთან. რატომ? - პაციენტი დაცული უნდა იყოს, რომ ინფექცია არ შეეჭრება; რომ ალერგია და კანის პრობლემები არ დაეწყება... არ არის გამორიცხული, რომ ადამიანს იმ პიგმენტზე ჰქონდეს ალერგია, რომელიც კანში შეჰყავთ, რადგან პიგმენტში, რომელსაც ტატუს გასაკეთებლად იყენებენ, ისეთი ნივთიერებები შედის, რომლებიც შეიძლება ალერგიული რეაქციის ან დერმატიტის მიზეზი გახდეს.
- რა გართულება ახლავს ე.წ. ბოტოქსს ან ფილერს, როდესაც მას არაპროფესიონალი აკეთებს?
- არასწორად გაკეთებულ ბოტოქსს (ბოტულინოთერაპიას) შეიძლება მოჰყვეს ნევროლოგიური გართულებები, როგორიცაა: დიპლოპია ანუ მხედველობის გაორება, ასევე, ზედა ქუთუთოს ფტოზი, რაც ნამდვილად არ არის სასიამოვნო.
არანაკლებ საფრთხილოა ფილერის გამოყენება, რადგან მას გაცილებით მეტი გართულება ახლავს.
საბედნიეროდ, ეს გართულებები დროებითია და სათანადო თერაპიული ჩარევის შემთხვევაში, თანდათან იკურნება.
- ყოფილა შემთხვევები, როდესაც პაციენტს ცხვირის კორექციის შემდეგ მხედველობა დაუზიანდა. ესეც სარისკო ზონაა?
- ცხვირის ზონაც დიდი რისკის შემცველია და ამ ზონაში ინიექციის გაკეთებას ძალიან მაღალი კვალიფიკაცია სჭირდება. არა მარტო ცხვირს, ყველა ზონას ახლავს თავისი რისკი, რადგან სახის ყველა ნაწილში არის არტერიები, ვენები და არასწორად გაკეთებული ინიექციის გამო, ყველგან შეიძლება განვითარდეს გართულება იშემიის, თრომბოზის ან ნეკროზის სახით.
- ცალკე საკითხია იმ პრეპარატების ხარისხი, რომელსაც ამ დროს იყენებენ.
- გეთანხმებით, ამ დროს მხოლოდ ხარისხიანი პროდუქცია უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ ბაზარი სავსეა უხარისხო, შედარებით იაფფასიანი პრეპარატებით და გართულება შეიძლება პრეპარატმაც გამოიწვიოს. ამასთან, ამ პრეპარატების გამოყენებისას, ზომიერების დაცვა აუცილებელია. როდესაც ჩემთან მოდის ახალგაზრდა, მოხდენილი გოგონა, რომელსაც სურს ბუნებრივად ლამაზი ან დიდი მოცულობის ტუჩების კიდევ უფრო გადიდება, ყოველთვის ვცდილობ, გადავაფიქრებინო.
ჩემი ბევრი კოლეგისგან გამიგონია: რა ვქნა, მე უარს ვეტყვი, მაგრამ წავა და სხვასთან გაიკეთებსო. მე ასე არ ვფიქრობ: ჩემმა პაციენტებმა იციან, რომ თუ საჭიროებას ვერ ვხედავ, არც ერთ პროცედურას არ ვატარებ. დაველაპარაკები, ავუხსნი და დავარწმუნებ, რომ მას ეს არ სჭირდება.
როგორ შეიძლება მოგწონდეს შეშუპებული, უმიმიკო სახე? თუმცა არის ხალხი, ვისაც ეს მოსწონს და ეს მარტო საქართველოს კი არა, მთელი მსოფლიოს პრობლემაა. ამიტომ კარგია, რომ ბოლო დროს სულ სხვა ტენდენცია წამოვიდა:
ჰოლივუდის მსახიობებიც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ არაბუნებრივი ნაკვთები ლამაზი არ არის და იმპლანტების ამოღება დაიწყეს როგორც სახიდან, ასევე - სხეულის სხვა ნაწილებიდან.
ბევრი მათგანი სახის შემავსებლებზეც უარს ამბობს. ამის კარგი მაგალითია დონატელა ვერსაჩე, რომელიც პლასტიკურმა ქირურგიამ და ინიექციებმა მთლიანად შეცვალა.
- დავუშვათ, პაციენტმა უკვე გაიკეთა პროცედურა, რომელმაც სერიოზული გართულება დაუტოვა, მაშინ რა უნდა იღონოს?
- ისევ უნდა გავიმეორო: ესეც მედიცინის პრეროგატივაა და ყველამ საიმედო ექიმს უნდა მიმართოს. ჩემამდეც მოსულან ქალები, რომლებსაც ზედა ქუთუთოს ფტოზი ჰქონდათ, სახე მთლიანად შეეცვალათ ე.წ. მეფისტოფელის წარბების ან დიდი რაოდენობის შემავსებლის გამო და ა.შ.
როდესაც არასწორ დოზებს უკეთებენ, ადამიანს ან გაკვირვებული სახე აქვს, ან გაბრაზებული და თავისი გამომეტყველება აღარ მოსწონს.
ამ გართულებების მართვა სხვადასხვა გზით შეიძლება:
ტატუს შემთხვევაში, საქმე უფრო ადვილადაა - ლაზერის დახმარებით არასასურველი ტატუს გაღიავება შეიძლება, ბოტოქსის შემთხვევაში კი, მეტი დროა საჭირო. ამ შემთხვევაში მედიკამენტებს და ფიზიოთერაპიულ პროცედურებსაც ვიშველიებთ. ზედმეტი შემავსებლის დაშლას და გაწოვას ცალკე მკურნალობა სჭირდება... ამ მეთოდებს ყველა ექიმი ფლობს, რომელმაც თავისი საქმე კარგად იცის.
- ხომ შეიძლება სათანადო ცოდნა და გამოცდილება კოსმეტოლოგსაც ჰქონდეს?
- მე კოსმეტოლოგების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ არსებობს ბევრი პროცედურა, რომლის გაკეთებაც მათ შეუძლიათ. ინიექციური პროცედურების ჩატარებას სათანადო ცოდნა და განათლება სჭირდება, ზოგს კი ჰგონია, რომ ეს ძალიან მარტივია: 3-4-კვირიან კურსს გაივლის და ისწავლის.
სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ სფეროს რეგულაცია არ არსებობს, მაგრამ ეს პროცესი უნდა დაიწყოს. რეგულაციების შემოღება აუცილებელია, რადგან საქმე ადამიანის ჯანმრთელობას ეხება და ასე გაგრძელება უბრალოდ, აღარ შეიძლება!
ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)