"ზელენსკიმ სწორი დასკვნები გამოიტანა სკანდალური შეხვედრიდან და ...“ - კვირის პალიტრა

"ზელენსკიმ სწორი დასკვნები გამოიტანა სკანდალური შეხვედრიდან და ...“

30 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის ბუნებრივ რესურსებზე წვდომის შესახებ. ამავე დოკუმენტის თანახმად, აშშ დააფუძნებს რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდს, რომელსაც ვაშინგტონი უკრაინაში მშვიდობის დამყარებისა და "თავისუფალი, სუვერენული და აყვავებული" ქვეყნის აშენების წინა პირობად განიხილავს. შეთანხმებას ვაშინგტონში მოაწერეს ხელი უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ და აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა. შეთანხმების ძირითადი დებულებების თანახმად: წიაღისეული უკრაინის საკუთრებაში დარჩება და სწორედ უკრაინის სახელმწიფო განსაზღვრავს, სად და რა მოიპოვოს. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს აშშ-ისა და უკრაინის თანაბარ პარტნიორობას - ფონდი 50/50 პროპორციით იქმნება და არც ერთ მხარეს არ ექნება გადამწყვეტი ხმის უფლება. "ხელმოწერილ შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი შეერთებული შტატების მიმართ უკრაინის ვალზე. შეთანხმების შესრულება ორივე ქვეყანას საშუალებას მისცემს გაზარდონ თანაბარი თანამშრომლობისა და ინვესტიციების გზით თავიანთი ეკონომიკური პოტენციალი. შეთანხმება შეესაბამება კონსტიტუციას და არ ცვლის უკრაინის ევროპული ინტეგრაციის კურსს. ეს ასევე იქნება სიგნალი საერთაშორისო მოთამაშეებისთვის, რომ უკრაინის სახელმწიფოსთან გრძელვადიანი თანამშრომლობა საიმედოა", - აცხადებენ უკრაინის ხელისუფლებაში. როგორც ირკვევა, ფონდი შეივსება ექსკლუზიურად ახალი ლიცენზიებიდან მიღებული შემოსავლით. უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ 10 წელიწადს მოგება არ გაიყოფა, ფონდის სახსრები დაიხარჯება მხოლოდ უკრაინაში. ფონდს ორი ქვეყანა თანაბარი უფლებებით განკარგავს. შეთანხმების თანახმად, შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს დამატებითი ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების მოზიდვას. ფონდის შემოსავალი და შენატანები არ იბეგრება არც აშშ-ში და არც უკრაინაში. უკრაინაც და აშშ-ც კმაყოფილი არიან ხელმოწერილი შეთანხმებით. ზელენსკიმ დოკუმენტს სამართლიანი და თანასწორუფლებიანი უწოდა, თუმცა იბადება კითხვა, იქნება თუ არა ეს შეთანხმება უკრაინისთვის უსაფრთხოების "ავტომატური გარანტია", რაზეც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელმოწერამდე საუბრობდა? - სწორედ ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ფინანსთა ყოფილ მინისტრსა და რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ყოფილ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ვალერი ჩეჩელაშვილთან:

valerichechelashvili-1679426979.png

- უპირველესად უნდა ვთქვათ, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა ის რეალობა, რაც აშშ-ში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ შეიქმნა - ამერიკამ ამ შეთანხმებით დაადასტურა, რომ ის არის ერთგული თავისუფალი, სუვერენული უკრაინის და რაც მთავარია, სჯერა, რომ უკრაინა დარჩება თავისუფალ და სუვერენულ სახელმწიფოდ.

ეს არის ძალიან კარგი შეთანხმება, რომელიც ასევე ითვალისწინებს სამხედრო ელემენტებსაც, მათ შორის უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების დამატებით მიწოდებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.როგორც ჩანს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ სწორი დასკვნები გამოიტანა დონალდ ტრამპსა და დი ჯეი ვენსთან ოვალურ კაბინეტში გამართული იმ სკანდალური შეხვედრიდან და თავისი კარგად აწონილი, დაბალანსებული პოლიტიკით მიაღწია ამ ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც ნამდვილად შეცვლის თამაშის წესებს ამ ვითარებაში.

იმასაც უნდა დავაკვირდეთ, რომ ამ პროცესის პარალელურად კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა დონალდ ტრამპმა: პირველი - დათანხმდა უკრაინას მიჰყიდოს კომერციულ საფუძველზე დამატებითი შეიარაღება; მეორე - გამოაცხადა, რომ სანქციების გაუქმება არ განიხილება, მეტიც, განიხილება დამატებითი სანქციების შემოღება, თუ რუსეთი არ დათანხმდება სამშვიდობო პროცესს; მესამე - ტრამპის მიერ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების თარიღად 8 მაისის გამოცხადება, ვფიქრობ, ძალიან დააფიქრებს პუტინს. აქამდე აშკარად ჩანდა, რომ ტრამპი პუტინის ეგოს უფრთხილდებოდა, თუმცა 8 მაისზე გაკეთებული განცხადებით პრეზიდენტმა ტრამპმა აჩვენა, რომ ეს მხოლოდ მითია... მოგეხსენებათ, ეს საკითხი და თარიღი განსაკუთრებით სენსიტიურია პუტინისთვის, რადგან 9 მაისს კრემლის პროპაგანდა წარმოადგენს როგორც ქვეყნის ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილს და იყენებს როგორც ისტორიული მემკვიდრეობისა და პატრიოტიზმის სიმბოლოს.

- დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე აცხადებდა, რომ ომს სწრაფად დაასრულებდა, თუმცა ეს აშკარად არ აღმოჩნდა ასე მარტივი. ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა გასულ კვირას განაცხადა, უკრაინაში ომი მალე არ დასრულდებაო...

- ჩემი აზრით, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება და სასანქციო პოლიტიკის უფრო გამკაცრება რუსეთის წინააღმდეგ იქნება სწორედ ის ორი მძლავრი ბერკეტი, რაც შეუწყობს ხელს ამ ომის სწრაფად დასრულებას.

კრემლი საერთოდ რომ დათანხმდა მოლაპარაკებას, იმის ნიშანიც არის, რომ რუსეთში სერიოზული ეკონომიკური პრობლემები იწყება. წელს დაახლოებით 400 მილიარდია რუსეთის ბიუჯეტი, აქედან სამხედრო ბიუჯეტი 145 მილიარდს შეადგენს. ვხედავთ, მსოფლიოში რა სწრაფად ვარდება ნავთობის ფასები, რის გამოც ამ 400-მილიარდიან ბიუჯეტში უკვე ელოდებიან, სულ ცოტა, 25 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო დეფიციტს წლის ბოლომდე. მოკლედ, რუსეთი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, თუმცა პუტინი არ იმჩნევს, მაგრამ ქვეყნის ფინანსთა მინისტრის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ოფიციალურ განცხადებებს თუ მიადევნებთ თვალს, აშკარად ძალიან შემაშფოთებელ შეფასებებს ნახავთ. ამასთანავე, თუ აშშ-მა ის ორი კომპონენტიც განახორციელა, ანუ მეტი შეიარაღება მისცა უკრაინას და მეტი სანქცია დაუწესა რუსეთს, ეს შექმნის იმის წინა პირობას, რომ ამ ომის აქტიური ფაზა უკვე წელს დასრულდეს.

- თუმცა არსებობს იმგვარი ვარაუდებიც, რომ თუ ვერ მოხერხდა შეთანხმება რუსეთთან და აშშ-მ და ევროპამ გაორმაგებული ძალით განაგრძეს უკრაინის დახმარება, ამან შეიძლება საბოლოოდ გამოიყვანოს მდგომარეობიდან პუტინი და დაიწყოს უფრო სისხლისმღვრელი თავდასხმები უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებსა და ინფრასტრუქტურაზე. ბოლო კვირებში წინა პერიოდთან შედარებით გაცილებით აგრესიული გახდა ოკუპანტის შეტევები სწორედ მშვიდობიან მოსახლეობაზე.

- რა თქმა უნდა, უკრაინისთვის საფრთხე დიდია, ქვეყანა ომშია. ბოლო კვირების განმავლობაში მართლაც სასტიკი დარტყმები მიაყენა რუსეთმა სწორედ მშვიდობიან მოსახლეობას, მაგრამ უფრო ადრე ამაზე გაცილებით დიდი სისასტიკეც ვნახეთ, გავიხსენოთ ბუჩა, ირპენი და ა.შ.

კრემლმა ბოლო დროის აგრესიული მოქმედებებით აშშ-ში უკიდურესად მძიმე რეაქცია გამოიწვია, მათ შორის რესპუბლიკურ პარტიაში და ეს არ შეეხება მხოლოდ ე.წ. რეიგანის ფრთას, მთლიანად ამერიკელი საზოგადოება სულ უფრო და უფრო რწმუნდება, რომ მშვიდობასთან დაკავშირებული რუსეთის რიტორიკა მხოლოდ თამაშია და თუ რამე შეიძლება გაკეთდეს, შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ კონცეფციით: მშვიდობა ძალის მეშვეობით. ეს პოზიცია თანდათანობით ძალას იკრებს აშშ-ის კონგრესსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ვფიქრობ, სწორედ ამის შედეგებს ვხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში, ამას შეუწყო ხელი ე.წ. მინერალების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამაც. ვფიქრობ, რომ ახლა ამერიკის ადმინისტრაციას რუსეთთან დამოკიდებულებაში უფრო თანმიმდევრული და მყარი პოზიცია უყალიბდება, რაც იმედს აჩენს, რომ ომი შეიძლება მალე დასრულდეს. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ ძალის დემონსტრირებით და არა სამშვიდობო თამაშებით პუტინთან, რომელიც ამას მხოლოდ საკუთარი ტაქტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს. ვფიქრობ, ამერიკელების მოთმინება იწურება...

- აშშ-ის ხელისუფლების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების შეფასებისას რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ოფიციალურ "ტელეგრამარხზე" დაწერა: "აშშ-ის სენატი, რესპუბლიკელების ხელმძღვანელობით, ჩვენს წინააღმდეგ უფრო "გამანადგურებელი სანქციების" დაწესებისთვის ემზადება. ვნახოთ, რა პასუხი ექნება ახალ ადმინისტრაციას. ტრამპის რეიტინგი დაეცა, დიფ სთეითი მას სასტიკ წინააღმდეგობას უწევს". მსგავსი შინაარსის განცხადებებს ვისმენთ საქართველოს ხელისუფლების წევრებისგანაც. თქვენი აზრით, რით აიხსნება ეს თანხვედრა?

- სამწუხაროდ, ეს არ არის ამგვარი თანხვედრის ერთადერთი მაგალითი. აქამდეც არაერთგზის გვინახავს, როგორ ემთხვევა საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლების წევრთა განცხადებები ერთმანეთს. ეს განსაკუთრებით ცხადი გახდა "ქართული ოცნების" იმ ცდების შემდეგ, როდესაც გვითხრეს, რომ თურმე ბოდიში უნდა მოვიხადოთ, რომ დამნაშავეები ვართ და ა.შ. "ქართული ოცნება" აშკარად ელოდა, რომ რუსეთი ამას შეაფასებდა და შემხვედრ ნაბიჯებს გადმოდგამდა, არადა, საპირისპირო რამ დავინახეთ - ფაქტობრივად, ყველაფერში ჩვენ დაგვადანაშაულეს, მოგვთხოვეს "ოკუპაციის შესახებ" კანონის გაუქმება, გამოგვიცხადეს, რომ არ გადაიხედება 2008 წლის გადაწყვეტილებები და ა.შ. ამას გვეუბნებოდნენ კარასინი, ზახაროვა, ლავროვი, არაფერს ვამბობ მიგრანიანებსა და სხვა იდეოლოგებზე.

დროა "ქართული ოცნება" გათავისუფლდეს ილუზიებისგან და დაინახოს, რომ ამგვარი პოლიტიკით, ბოდიშის მოხდით და განცხადებებით, რომლებიც თანხვედრაშია რუსულ მიდგომებთან, საქართველოს მიმართ რუსულ აგრესიულ პოლიტიკას კი არ არბილებს, არამედ უფრო ამკაცრებს.

"ქართული ოცნების" პოლიტიკის საპასუხოდ მოვისმინეთ რუსების თითქმის ცინიკური განცხადებები საქართველოზე, ფრენების დაწყება სოხუმში, რასაც ჩვენი ხელისუფლებისგან ძალიან ინერტული რეაქცია მოჰყვა. ასევე გრძელდება ჩვენი მოქალაქეების გატაცება ადმინისტრაციული საზღვრიდან და ა.შ. ყოველივე ეს ნიშნავს, რომ ჩვენი უსაფრთხოებისა და მშვიდობის ერთადერთი გარანტია არის მყარი ურთიერთობები და თანმიმდევრული თანამშრომლობის განვითარება ჩვენს ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორებთან, როგორიცაა ნატო, აშშ და ევროკავშირი. ზუსტად ამ მიმართულებით აქვს, სამწუხაროდ, სრული ჩავარდნა "ქართულ ოცნებას". ამ ეტაპზე ეს ამ სტრატეგიული მიმართულებით ჩვენი სახელმწიფოს სრული ჩავარდნაა.

- ჩვენ არ გვისაუბრია მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლების მეტ-ნაკლებად ოფიციალური ვიზიტი შედგა აშშ-ში. მოგეხსენებათ, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა შეხვედრები გამართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, კომერციისა და სახაზინო დეპარტამენტებსა და სავაჭრო წარმომადგენლის ოფისში, აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებთან. ასევე შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯოშუა ჰაკს. ლევან დავითაშვილი შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ ასისტენტს, ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპასთან ურთიერთობის საკითხებში უფროს დირექტორ ენდრიუ პიკს, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ქართულმა მხარემ გაავრცელა.

- ვიცი, რაც იგულისხმეთ, მაგრამ, მოდი, მაინც ვთქვათ, რომ ცნება "მეტ-ნაკლებად ოფიციალური ვიზიტი" დიპლომატიაში არ არსებობს. ვიზიტი შეიძლება იყოს სახელმწიფო, ოფიციალური ან სამუშაო. ამ შემთხვევაში კი ეს არ ყოფილა არც ერთი მათგანი. სხვათა შორის, ლევან დავითაშვილმა თვითონ აღიარა ეს, რაც უნდა დავუფასოთ. ეს გახლდათ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიური შეხვედრების დროს აშშ-ის ადმინისტრაციასთან ორმხრივი კონტაქტის დამყარების ცდა.

პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს კარგია და მიუთითებს, რომ "ქართულ ოცნებას" რეალურად აწუხებს ის ვითარება, რაშიც აღმოჩნდა. იმ ღრმა პოლიტიკური კრიზისის წყარო, რაშიც დღეს მთელი ქვეყანაა, სწორედ "ქართული ოცნებაა"...

მე მხოლოდ მივესალმები აშშ-ში გამართულ შეხვედრებს. მართალია, არ ჰქონდა მაღალი პოლიტიკური დონე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბატონმა ლევან დავითაშვილმა მშვენივრად მიიღო ის გზავნილები, თუ რა უნდა გააკეთოს "ქართულმა ოცნებამ", რათა დავბრუნდეთ ნორმალური თანამშრომლობის ფორმატში აშშ-სთან. კარგი იქნება, თუ "ქართული ოცნების" მესვეურები კარგად მოუსმენენ ლევან დავითაშვილს და გამოიტანენ შესაბამის დასკვნებს. სიტყვები არ კმარა, საჭიროა საქმეზე გადასვლა.

ის, თუ რა უნდა გააკეთოს მმართველმა ძალამ, რათა დაბრუნდეს როგორც ნორმალური მოთამაშე საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში, ნათელია. ეს ნაბიჯებია: ბოლო დროს მიღებული რეპრესიული კანონების უკან გაწვევა; პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება; ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ამ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ შესაძლებელი იქნება საქართველო დაბრუნდეს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ნორმალურ ტრაექტორიაზე, ამასთან დაკავშირებული ყველა შედეგით. მხოლოდ იმის ლაპარაკით, რომ თურმე ვინარჩუნებთ ევროპულ გზას, თურმე სუფთა ფურცლიდან გვინდა დავიწყოთ ურთიერთობები და ა.შ., ვერაფერს გახდება "ქართული ოცნება", საბოლოოდ კი ეს იქნება ძალიან ცუდი ქვეყნისთვის, ქართველი საზოგადოებისთვის და უპირველესად თავად "ქართული ოცნებისთვის". იმედია, მივლენ იმ დასკვნამდე, რომ საჭიროა ახალი სტრატეგიის შემუშავება.

- ხედავთ ამის რესურსს და სურვილს მმართველ ძალაში?

- არ ვიცი, აქვთ ამის რესურსი თუ არა, მაგრამ ვალდებულად მივიჩნევ თავს, რომ ეს გზა ვაჩვენო "ქართულ ოცნებას" და დავანახო, რომ უპირველესად ეს "ქართული ოცნების" ინტერესებშია. ამ უმნიშვნელოვანესი ცვლილებების შედეგად ის შეინარჩუნებს შანსს, რომ დარჩეს პოლიტიკურ ველზე მოთამაშედ. თუ გააგრძელა ხისტი პოლიტიკა, ეს იქნება ძალიან ცუდი ქვეყნისთვის, მაგრამ კიდევ უფრო სავალალო შედეგების მომტანი "ქართული ოცნებისთვის".

ბოლოს და ბოლოს, საკუთარი ინტერესებისთვის მაინც ხომ სჭირდებათ ცვლილებები, ამისთვის კი უნდა გაიაზრონ ის ვითარება, რომელშიც აღმოჩნდა "ქართული ოცნება" და მასთან ერთად ყველა ჩვენგანი.