"ეს პირველმა მე "ვიწინასწარმეტყველე": საიდან გაჩნდება ახალი ოპოზიცია?! - რატომ მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე, რომ პარტიებს პოლიტიკური ლიკვიდაციის საფრთხე - კვირის პალიტრა

"ეს პირველმა მე "ვიწინასწარმეტყველე": საიდან გაჩნდება ახალი ოპოზიცია?! - რატომ მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე, რომ პარტიებს პოლიტიკური ლიკვიდაციის საფრთხე ემუქრებათ

"საქართველოს დამოუკიდებლობის განმავლობაში პოლარიზაციის დეფიციტი­ არასდროს გვქონია, თუმცა ამჯერად ყველაფერი გამძაფრებულია და პარტიებს შორის დემოკრატიული ბრძოლის ხერხებს­ სცილდება", - ამბობს ანალიტიკოსი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე.

- დღეს საქართველოში პოლიტიკური პარტიები ერთმანეთის დაძლევას აკრძალული ხერხებით ცდილობენ. როგორც ფეხბურთში ცდილობენ გუნდები ერთმანეთს ფეხბურთელები გაუთიშონ, ისე ხდება­ პოლიტიკურ მოედანზეც და ეს არ არის მხოლოდ ქართული სპეციფიკა - დღეს მთელ მსოფლიოში ასეთი­ ტენდენციაა.

- ევროპარლამენტარებმა საქართველოში მიმდინარე პროცესები ოპოზიციის დაშინების ცდად და რეპრესიებად შეაფასეს. ეს შეფასება გადაჭარბებულია თუ ობიექტური რეალობაა?

- მე ვიტყოდი, რომ "არც ისე წვიმს, როგორც ქუხს" და დროთა განმავლობაში დასავლეთის კრიტიკული განწყობა გადაივლის. დღეს საქართველოში ნამდვილად არ არის ისეთი რეპრესიები, როგორიც­ (საბჭოთა კავშირის პერიოდზე რომ აღარაფერი ვთქვათ) უახლოესი წარსულიდან გვახსოვს.

ამასთან, ის, რაც ახლა საქართველოში­ ხდება, ამერიკაში მიმდინარე პროცესების მსგავსია, ვგულისხმობ ადამიანების სამსახურებიდან გათავისუფლებას და მილიონიანი ფონდების გაუქმებას. შეიძლება ითქვას, ამერიკაში პოლიტიკურ ძალთა შორის ანგარიშსწორებას უამრავი ადამიანის ბედ-იღბალი ეწირება. შესაბამისად, ვფიქრობ, არც ჩვენს ქვეყანაში განვითარებული პროცესები იქნება მძაფრად აღქმული მსოფლიო ლიდერებისთვის.

- ხელისუფლებაში მნიშვნელოვან გადაადგილებებს ვადევნებთ თვალს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარტიის თავმჯდომარის პოს­ტის დატოვება და ძალოვან უწყებებში­ საკადრო ცვლილება. თქვენი კოლეგ­ების ნაწილის აზრით, ბიძინა ივანიშვილის კადრებს ირაკლი კობახიძისა ანაცვლებს. თქვენ რას ფიქრობთ?

- სხვათა შორის, მეც ძალიან მაინტერესებს, რა ხდება სინამდვილეში. იმ ვერსიას, რომ კობახიძის გუნდს კარტ-ბლანში აქვს მიცემული, მეც ვიზიარებ, მაგრამ ასევე საგულისხმოა ვერსია, რომლის მიხედვითაც ივანიშვილის ხელდასხმით ყალიბდება ახალი გუნდი, რომელიც ღარიბაშვილის თამადობით თავს მოუყრის იმ ძალებს, რომლებიც "ქართული ოცნების" მთავრობაში ვერ მოხვდნენ.

- ღარიბაშვილმა ხომ უარყო პოლიტიკაში ოპოზიციური ლიდერის სტატუსით დაბრუნება?

- რა პრობლემაა? საჭირო დროს აღმოჩნდება, რომ ღარიბაშვილს ძალიანაც არ უნდოდა ოპოზიციაში წასვლა, მაგრამ ქვეყანას ასე დასჭირდა. მე განსაკუთრებით მაინტერესებს ეს მოვლენები, იმიტომ, რომ პირველი ვარ მათ შორის, ვინც "ქართული ოცნების" ორად გაყოფის და ოპოზიციის ამგვარად შექმნის ვერსია დაასახელა.

- რის საფუძველზე ჩამოაყალიბეთ ასეთი­ ვერსია?

- ჯერ ერთი, საქართველოში ასეთი ტრადიციაა - ზვიად გამსახურდიას პერიოდით დაწყებული, შევარდნაძისა და სააკაშვილის მმართველობით გაგრძელებული, ოპოზიცია გამოდის მმართველი პარტიიდან.

ამას გარდა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, როგორც წესი, ოპოზიცია ძალიან სუსტია. ვინაიდან მხოლოდ ხელისუფლებაა ძლიერი, ოპოზიცია ძირითადად საპარლამენტო ფრაქციიდან იქმნება. ე.ი. ფრაქციაში მყოფი ჯგუფი გადადის ოპოზიციაში.

- ზუსტად ასეთი მოლოდინი შეიქმნა­ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ. ბიძინა ივანიშვილს წერილის გამოქვეყნებაც კი დასჭირდა "ქართული ოცნების" ელექტორატისთვის, რომ გახარიას უკან ის იდგა...

- საგულისხმო რამ გაიხსენეთ. სხვათა შორის, დღესაც ბევრი ფიქრობს, მათ შორის ოპოზიციაშიც, რომ გახარია ივანიშვილის გავლენისგან თავისუფალი არ არის. ჩემს ვერსიაში არც იმას გამოვრიცხავ, რომ მალე პოლიტიკურ ველზე სამი პარტიული ხაზი გაჩნდეს...

საგულისხმოდ მიმაჩნია, რომ მმართველი გუნდიდან ლიდერების ერთი ჯგუფის გამოყოფას წულუკიანის კომისიის სხდომებიც დაემთხვა. "ქართული ოცნების" 12-წლიანი მმართველობის პერიოდში პირველად შეიქმნა საპარლამენტო გამოძიება "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლების მიზნით. ხომ არის კითხვა ლოგიკური - რატომ ახლა და არა ადრე? მე მგონია, ამ საკითხის ახლა გააქტიურება­ იმით არის განპირობებული, რომ დასავლეთის გარკვეულ წრეებში "ქართული ოცნების" ხელისუფლების "ნაციონალებით" ჩანაცვლების სურვილი გამოიკვეთა. ზელენსკით დაწყებული, ევროსაბჭოს ელჩით დამთავრებული, თითქმის ყველამ აღნიშნა, რომ სააკაშვილი სულ სხვაგვარად მოიქცეოდა რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში. ამ ორი პოლიტიკური ძალის შედარებამ "ქართულ ოცნებაში" შესაბამისი რეაქცია გამოიწვია. რეაქცია უფრო გამძაფრდა, როდესაც დასავლელმა ლიდერებმა ჩვენი ხელისუფლების გაკრიტიება დაიწყეს. ჩვენ ხომ საქართველოს მთავრობის ასეთი­ კრიტიკა არასდროს მოგვისმენია? ჩემი აზრით, ამიტომ გადაწყვიტა­ ივანიშვილმა "ნაცმოძრაობის" გაუვნებლება და ისეთი პარტიული სტრუქტურების შექმნა, რომ "ნაცმოძრაობა" არჩევნებში "ოცნების" დამარცხების შემთხვევაშიც ვერ მოვიდეს ხელისუფლებაში...

- თქვენი აზრით, რას უკავშირდება ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჯერ საჯაროდ, მამუკა მდინარაძის პირით, დააანონსა "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვა, შემდეგ კი ისევ მამუკა მდინარაძის პირით გამოაცხადეს, "ნაცმოძრაობის" აკრძალვა დროებით გადაიდოო?

- ბევრი საინტერესო რამ ხდება დღევანდელ პოლიტიკურ ველზე და ეს გადავადებაც არ იყო შემთხვევითი.

ჩემი აზრით, "ქართულ ოცნებას" სურს შემდგომ არჩევნებში ისევ ძველი სურათი იყოს და დასავლეთს აჩვენოს, თუ რა რეიტინგი აქვს ქართველ საზოგადოებაში "ნაცმოძრაობას". ამასთან, თავიდან აირიდებენ ბრალდებებს, რომ ხელისუფლება დევნის ოპოზიციას. კიდევ ერთი ფაქტორია - არსებობს აზრი, რომ ივანიშვილი ძალაუფლებას­ მხოლოდ იმიტომ ინარჩუნებს, რომ ოპოზიციაში დისკრედიტირებული "ნაცმოძრაობაა". რატომაც არა, თუ ოპოზიციაში ხალხისთვის მიუღებელი ძალა გყავს, შეუნარჩუნე მას სიცოცხლე და გარანტირებული გექნება ხელისუფლებაში ყოფნა. მაგრამ ივანიშვილმა დაინახა იმის საფრთხე, რომ ეს დისკრედიტირებული ოპოზიცია შეიძლება ისევ ხელისუფლებაში მოვიდეს დასავლეთის დახმარებით. ეს უკვე მხოლოდ პოლიტიკური კი არა, გადარჩენისთვის ბრძოლა იქნება. თავად განსაჯეთ, რა რეპრესიები დაიწყება "ქართული ოცნების" ლიდერების წინააღმდეგ, ხელისუფლებაში "ნაციონალები" რომ დაბრუნდნენ.

- ოპოზიციის დიდი ნაწილი უარს ამბობს არჩევნებში მონაწილეობაზე. აზრს შეიცვლიან?

- ჩვენ ძალიან საინტერესო ოპოზიციური სპექტრი გვაქვს. ასე მძაფრად გამოკვეთილი სუიციდური ტენდენცია არ მახსენდება. თვითმკვლელობის ეკვივალენტური ქმედება იყო პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა, ასევე არჩევნებში მონა­წილეობაზე­ უარი. თვითმკვლელობა ისეთი რამეა, ლოგიკის ძებნა ძნელია. თუ ამ პარტიებს უნდათ­ პოლიტიკაში დარჩენა,­ არჩევნებში­ უნდა მიიღონ მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან დიდია მათი პოლიტიკური ლიკვიდაციის საფრთხე, მით უფრო, თუ პოლიტიკურ ველზე ახალი ოპოზიციური ძალები გამოჩნდებიან, რაც ძალზე რეალურია.

ხათუნა ბახტურიძე