„დღეს მსოფლიოში კანონის ძალის ნაცვლად ძალის კანონი მოქმედებს“
საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგი არაერთ მწვავე თემას მოიცავს - დასავლეთის გაფრთხილებებს თან ახლავს შიდაპოლიტიკურ არენაზე დაძაბულობა, რაც ბადებს კითხვებს, არის თუ არა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე წნეხი უკვე სისტემური ტენდენცია? როგორია ხელისუფლების რეაქცია დასავლეთის გზავნილებზე, რეალურია თუ არა სანქციების რისკი, როგორ გადაინაცვლა დღის წესრიგში ეკონომიკურმა პრაგმატიზმმა და შეიძლება თუ არა შიდა პრობლემების გადაფარვა "პოზიტიური დიალოგის" კონტექსტით, ამ საკითხებზე უსაფრთხოების ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრა.
- მსოფლიოში თამაშის წესები რადიკალურად შეცვლილია. ძველი ფასეულობები და დემოკრატიული მიდგომები თითქოს აქტუალურია, თუმცა რეალურად მთავარი აღარ არის. კანონის ძალის ნაცვლად უფრო ხშირად "ძალის კანონი" მოქმედებს - ვისაც მეტი ძალა აქვს, ისე იქცევა, როგორც საჭიროდ მიიჩნევს. ციხეში მყოფი აქტივისტები ჩემთვის სინდისის პატიმრებად აღიქმებიან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი უდანაშაულოა. მათდამი დამოკიდებულება განსხვავებული უნდა იყოს, რადგან განსხვავებული ქმედებები აქვთ ჩადენილი.
უნდა ითქვას, რომ დასავლეთშიც არა აქვთ ერთიანი აზრი საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასებისას. მაგალითად, არ ვიტყოდი, რომ ევროპარლამენტი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს თვითონ ევროპაში. ამას არც "ქართული ოცნების" გასამართლებლად ვამბობ და არც გასამტყუნებლად. უბრალოდ, ძალის კანონი ხდება გადამწყვეტი და რაც ყველაზე საყურადღებოა, პოლიტიკური გემოვნება და მიდგომები მნიშვნელოვნად შეიცვალა. ჩემი აზრით, დღეს ყველაზე სწორი გამოსავალი კომპრომისია.
90-იან წლებში მეც გამოვცადე პატიმრობაც და ცემა-წამებაც, მაგრამ ამჯერად მინდა ყურადღება გავამახვილო იმ პრობლემაზე, რაც ქვეყანაში ხდება - ეს არის მასობრივი გაუცხოება და ზიზღი, ყოველდღიურად იზრდება ნაპრალი თაობებს, სოციალურ ჯგუფებს შორის. პოლიტიკურ ჯგუფებში ხომ აშკარად შესამჩნევია დაპირისპირება.
- თქვენ ახსენეთ "ძალის კანონი". რა ტიპის საფრთხეს შეიცავს ეს პრინციპი ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა?
- ძალიან დიდს. "ძალის კანონი" ნიშნავს, რომ დიდ პოლიტიკურ მოთამაშეებს შეუძლიათ საკუთარი გადაწყვეტილებების რეალიზება ძალისმიერი მეთოდებით. ეს მხოლოდ ტანკებით შემოჭრას არ გულისხმობს. ეს ნიშნავს პოლიტიკური, ეკონომიკური და საინფორმაციო ბერკეტების გამოყენებას - იქნება ზეწოლა, შანტაჟი თუ მეხუთე კოლონის გააქტიურება.
მასშტაბური გაუცხოება, რაც დღეს ქვეყანაშია, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. თუ ეს ტენდენცია უფრო გაღრმავდა, შესაძლოა დადგეს ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი. ქვეყანა, სადაც დაძაბულობის მაღალი დონეა, ყოველთვის უფრო მოწყვლადია გარე საფრთხეების წინაშე. რასაკვირველია, ხელისუფლება ცდილობს ლავირებითა და მოქნილი პოლიტიკით შეამციროს ასეთი ტიპის რისკები, თუმცა დასუსტებულ ორგანიზმს ინფექცია ადვილად ერევა და ვიღაც აუცილებლად შეეცდება ამ მდგომარეობის გამოყენებას.
- ეთანხმებით ზოგიერთი კოლეგის მოსაზრებას, რომ ვიდრე მსოფლიოს მთავარ მოთამაშეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს, საქართველოს აქვს დუმილისა და პროცესებზე დაკვირვების ფუფუნება?
- დაკვირვების ეტაპი უკვე დასრულდა, ახლა მოქმედების დროა და ეს საქართველოს ხელისუფლებამაც კარგად იცის. რა თქმა უნდა, არ უნდა აღმოჩნდე დიდი ძალების დაპირისპირების ეპიცენტრში, მაგრამ დუმილის დრო აღარ არის. აუცილებელია მოქნილი მოქმედება, დიპლომატიის ის სტილი, რასაც ხშირად "აღმოსავლურ ხრიკებს" უწოდებენ. სწორედ ასეთი მოქმედებით არის შესაძლებელი პოზიციის შენარჩუნება. ჩემი აზრით, უკვე ვხედავთ ამ ტიპის ნაბიჯებს - ეს არის ურთიერთობების გააქტიურება როგორც კავკასიის, ასევე წინა აზიის ქვეყნებთან. ამ გზით შეიქმნა სამხრეთკავკასიური ფორმატის მსგავსი მიდგომაც. თუ ეს კავშირები მომავალში კონსტრუქციულ თანამშრომლობამდე მივა, ქვეყანას სარგებელს მოუტანს.
- ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსა და აშშ-ის დიალოგი პოზიტიურ ფაზაშია და ახალი ადმინისტრაციის პირობებში ურთიერთობა უფრო პრაგმატული და პროდუქტიული გახდა.
- ეს პერსპექტივა რეალურია. დავითაშვილის განცხადება გარკვეულწილად ჟესტია, ის იმ შედეგებიდან გამომდინარე მსჯელობს, რასაც პირადად შეესწრო.
- თუმცა მას შეხვედრები ჰქონდა ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლებთან და არა პოლიტიკურ აქტორებთან.
- დღეს დღის წესრიგს სწორედ ეკონომიკა განსაზღვრავს, განსაკუთრებით ამერიკაში. დავითაშვილი რომელიმე კომპანიის წარმომადგენლებს კი არ შეხვდა, არამედ იმ ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგს ქმნიან.
აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია განსხვავდება წინამორბედისგან. ტრამპის ადმინისტრაცია გაცილებით ხისტი და აქტიურია. ვინც ფიქრობს, რომ აშშ-სთვის საქართველო ან სამხრეთ კავკასია ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა, ცდება.
პოლიტიკური თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია, როგორ ცდილობს ამერიკა შავი ზღვის გარშემო გავლენის შენარჩუნებას. დარწმუნებული იყავით, რომ საქართველოს საკითხი ამერიკის ადმინისტრაციის დღის წესრიგში ყოველთვის იდგა. ეს იმ აქტიურობიდანაც ჩანს, რასაც დასავლეთის ქვეყნები და სტრუქტურები ავლენენ ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ - საფრანგეთი სომხეთის მიმართ, ევროპული სტრუქტურები აზერბაიჯანის მიმართ და ა.შ. მრავალი გარემოება მიგვანიშნებს, რომ ჩვენი რეგიონის მიმართ ინტერესი წამითაც არ შესუსტებულა.
მაგალითად, ერთი შეხედვით, დაძაბული ვითარებაა ინდოეთსა და პაკისტანს შორის, მაგრამ თითქოს არავინ ერევა ამ კონფლიქტში. სინამდვილეში ასე არ არის, ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული მსოფლიო ლიდერები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ორი ქვეყნის დაპირისპირებამ შესაძლოა აზიის ეს ნაწილი მთლიანად დაანგრიოს.
მხოლოდ საქართველოს ამერიკის ადმინისტრაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ თუ მთლიანად სამხრეთ კავკასიას განვიხილავთ, მაშინ მარტივად დავინახავთ, რა სურს ამერიკას. ტრამპის ადმინისტრაციისთვის უმნიშვნელოვანესია აკონტროლებდეს როგორც შავი ზღვის მთლიან სივრცეს, ასევე კასპიისა და შავი ზღვის აუზის სტრატეგიულ წერტილებს.
- რუსეთს თუ რჩება რესურსი, რომ საკუთარი ინტერესების გათვალისწინება მოითხოვოს ამ რეგიონში?
- რუსეთს აღარ აქვს მოთხოვნის, მაგრამ ჯერ კიდევ აქვს მოქმედების რესურსი. ვიღაცას შეიძლება ჰგონია, რადგან პუტინს უკრაინის ფრონტზე წინსვლა აქვს, მას სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით რაიმე მოთხოვნის დაყენების შესაძლებლობა ექნება. მაგრამ ისეთ პატარა ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სამწუხაროდ, მოქმედების საშუალება მას ჯერ კიდევ რჩება. შესაბამისად, პუტინი ტრამპთან არაფრის მოთხოვნას არ დაიწყებს, ის პირდაპირ მოქმედებაზე გადავა.
- რა ტიპის მოქმედება იქნება ეს?
- სულაც არ არის აუცილებელი სამხედრო ხასიათის იყოს. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ აქტივობებთან. რუსეთმა შეიძლება გაააქტიუროს ისეთი პროექტების რეალიზაცია, როგორიც არის ჩრდილოეთ-სამხრეთის სავაჭრო დერეფანი, ზანგეზურის დერეფნის გადაკეტვა და ა.შ. ვიყენებ ტერმინს "სამხედრო-ეკონომიკური აქტივობა", რაც გულისხმობს იმ ტიპის ქმედებას, რაც დამყარებულია მუქარასა და ეკონომიკურ ინტერესებზე. ეს უფრო მოსალოდნელია, ვიდრე ის, რომ პუტინი ტრამპს შესთავაზებს, მე ამას დაგითმობ, შენ ის დამითმეო.
- როგორ აფასებთ იმ მოცემულობას, რომ ამერიკელებს ჯერ არ უღიარებიათ "ქართული ოცნების" ლეგიტიმაცია, განიხილება "მეგობარი აქტის" მიღება და სანქციებიც კვლავ ძალაში რჩება...
- არც სანქციების გაგრძელებას გამოვრიცხავ, არც იმას, რომ "მეგობარი აქტი" მიიღონ, და არც იმას, რომ სანქციების პოლიტიკა გაგრძელდეს. თუმცა ერთი რამ არის გასათვალისწინებელი - ტრამპი ყველას ასანქცირებს. ეს უკვე კომიკურ დონეზეა ასული - სანქციებს უწესებენ რუსეთს, მაგრამ შედეგი რა არის?! რუსეთი თავისას მაინც არ იშლის. ე.ი. პოლიტიკა შესაცვლელია. რაც შეეხება საქართველოს, დავაკვირდეთ, შეცვალა ბაიდენის ადმინისტრაციის სტრატეგიამ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ლანდშაფტი?! ვერა! ვერც სანქციები და ვერც "მეგობარი აქტი" ვერ შეცვლის! ერთადერთი, რაც რეალურად ცვლილებას მოიტანს, ის იქნება, თუ აშშ მიიღებს კატეგორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოსთან ყველა ფორმით გაწყვეტს ურთიერთობას. თუმცა მე ამას არარეალურად მივიჩნევ. გაგიკვირდებათ, მაგრამ "ქართულ ოცნებას" ჰყავს მფარველები როგორც თეთრ სახლში, ისე ამერიკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა ოჯახებში. არ ვიცი, საბოლოოდ რა შედეგს მივიღებთ, მაგრამ ვიცი, რომ მუშაობა მიდის. თქვენ არ გგონიათ, რომ გასულ წელს "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებების ნაწილი ძალიან საეჭვოდ დაემთხვა იმ პოლიტიკურ ნაბიჯებს, რომლებიც ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ იქნა გადადგმული - დაწყებული არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეტევით, დასრულებული ე.წ. დიფ სთეითან ბრძოლით?! ეს არ მოხდა იმიტომ, რომ ტრამპს ქართველი ლიდერების ინიციატივები მოეწონა და გადაიღო. ეს ნიშნავს, რომ "ოცნების" ლიდერებმა წინასწარ იცოდნენ, რას გეგმავდა ტრამპი ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ.
- ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გადატვირთვის პროცესში რა როლი შეიძლება შეასრულოს ქუჩის პროტესტმა?
- შეიძლება ითქვას, დღეს ტესტირებას გადიან როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური ძალები. ვინც ძალას შეინარჩუნებს და ვისთანაც ურთიერთობა მსოფლიოს წამყვანი ძალებისთვის საინტერესო გახდება, ის გაიმარჯვებს.
- ამ თვალსაზრისით, ოპოზიციაში რომელიმე ძალას თუ აქვს რაიმე პერსპექტივა?
- არც ერთს, არანაირი. ყველაფერი ლოგიკას ექვემდებარება. წუთით წარმოვიდგინოთ: თეთრი სახლის ადმინისტრაცია იწყებს გარკვევას, ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ მსოფლიოში უკვე მოქმედებს "ძალის კანონი". ვისაც მეტი ძალა აქვს, იმასთან ითანამშრომლებს ამერიკა. სად სცალია ამერიკას ჩვენი შიდა პრობლემებისთვის, როცა მისი ნომერი პირველი გამოწვევა ჩინეთია? მისთვის მთავარი ის არის, იქნებიან თუ არა სამხრეთ კავკასიის ქვეყნები მისი მოკავშირეები ჩინეთთან დაპირისპირებაში.
- "ქართული ოცნება" როგორ იქნება ამერიკის მოკავშირე ჩინეთთან დაპირისპირებაში, როცა ჩინეთთან პარტნიორობას აყალიბებს?
- ხელშეკრულებები მეორეხარისხოვანია. მთავარია არა ის, რა წერია დოკუმენტში, არამედ მოქმედება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ვისი იქნება ანაკლიის პორტი და ვინ გააკონტროლებს შუა დერეფანს - ეს უფრო გადამწყვეტია. თუ განმეორდება ის, რაც საბერძნეთში ტირეოსის პორტის შემთხვევაში მოხდა, როცა პორტი მთლიანად ჩინურმა მხარემ ჩაიგდო ხელში, ან რაც კინაღამ მარსელის პორტის დიდი ნაწილის შემთხვევაში მოხდა, ამას არც ამერიკა შეეგუება და, სხვათა შორის, არც რუსეთი, იმიტომ, რომ ეს ნოვოროსიისკის პორტს შეუქმნის უდიდეს საფრთხეს... ერთი საინტერესო დეტალი მინდა გითხრათ: ბრიტანეთის იმპერიის საუკუნეობრივი პოლიტიკის დევიზი იყო "ყველაფერი ან არაფერი", ამერიკელების კი - "მეც უნდა ვიყო". ვერ გეტყვით, როგორ გადანაწილდება საბოლოოდ ეს ინტერესები, მაგრამ ის კი ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც შუა დერეფნის კონტექსტში ამერიკის ინტერესებს გაითვალისწინებს.
ხათუნა ბახტურიძე