"პლებისციტი შესაძლოა აღმოჩნდეს ის საკითხი, რაზეც ორივე მხარე შეთანხმდება" - კვირის პალიტრა

"პლებისციტი შესაძლოა აღმოჩნდეს ის საკითხი, რაზეც ორივე მხარე შეთანხმდება"

საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია არ იცვლება - "ოცნება" საზოგადოების პროტესტს არ იმჩნევს, მაგრამ განაგრძობს დაჯარიმებებს. ოპოზიცია ისევ ივანიშვილის ქვეყნიდან გაქცევაზე ოცნებობს. სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს ვითარება, ქვეყანას როდემდე ეყოფა როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური რესურსი, ეს კითხვა სულ უფრო აქტუალური ხდება. ამ სიტუაციიდან რა გამოსავალი არსებობს და თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება, სადაც ხალხი გადაწყვეტს, ჩატარდეს თუ არა პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები, რამდენად შეიძლება იყოს გამოსავალი,

ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილს ვესაუბრეთ.

- "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ შეძლებენ ამერიკელებს შესთავაზონ ისეთი რამ, რაც მათთან ურთიერთობას გააუმჯობესებს. შემთხვევითი არ იყო, რომ აშშ-ში სწორედ ეკონომიკური ბლოკის ვიცე-პრემიერი გაუშვეს ამერიკელებთან სალაპარაკოდ, რომ ნიადაგი მოესინჯა, თუ რითი შეიძლება დაკმაყოფილდეს ამერიკელების ინტერესები, რომ შეეშვან საქართველოში დემოკრატიის თემებს, მაგრამ, როგორც ჩანს, არაფერი გამოდის არც ამ საქმიდან.

- ბევრი ვარაუდი გამოითქვა ვიცე-პრემიერის ამ ვიზიტზე, მით უმეტეს, რომ დაემთხვევა სამთავრობო ცვლილებებს და ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლას.

- ასეთი ვიზიტები ყოველთვის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზეა შეთანხმებული და ის, რომ ეკონომიკის მინისტრი გაუშვეს ამერიკელებთან სალაპარაკოდ მაშინ, როცა ქართულ-ამერიკული ურთიერთობა არც ისე კარგია, მიანიშნებს, რომ ივანიშვილსაც და კობახიძესაც, მათი აზრით, ერთადერთი კოზირი აქვთ - ამერიკელებს დაელაპარაკონ ეკონომიკურ საკითხებზე, ან გაიგონ, რა ეკონომიკური პროექტი იქნება მათთვის მომგებიანი, რათა ამ კუთხიდან დაარეგულირონ ურთიერთობა, ისე ივაჭრონ ამერიკელებთან, რომ მათ უარი ათქმევინონ დემოკრატიულ მოთხოვნებზე, რისთვისაც ამერიკიდან დიდი ზეწოლაა ხელისუფლებაზე, მათ შორის სანქციებით. არ მახსოვს, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობის 30-35-წლიან ისტორიაში მთავარ მომლაპარაკებლად ამერიკელებთან ეკონომიკის მინისტრი გვყოლოდა. მომლაპარაკებლები იყვნენ ხელისუფლების პირველი პირები, საგარეო საქმეთა მინისტრები, ის პირები, რომლებიც პოლიტიკაზე ისაუბრებდნენ.

- ფაქტია, "ოცნებამ" შიდა წინააღმდეგობა თუ ვერ გატეხა, ერთ ადგილზე მაინც გაყინა, და სასაცილოდ ჩანს ოპოზიციის ერთი ნაწილის ძახილი, ივანიშვილი გაიქცევა და "ოცნება" ჩამოიშლებაო. რა უნდა გაკეთდეს ამ ვითარების შესაცვლელად ისე, რომ ორივესთვის მეტ-ნაკლებად მისაღები იყოს და რაც მთავარია, ქვეყანა გამოვიდეს ამ სიტუაციიდან? რამდენად არის შესაძლებელი, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს პლებისციტი, გვსურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები?

- ძალიან საინტერესო იყო ამ რამდენიმე დღის წინ ზურაბიშვილთან გამართული ოპოზიციისა და ელჩების შეხვედრა. იქ ელჩებმა ერთი კითხვა დასვეს, ივანიშვილმა არჩევნები რომ დანიშნოს, ამისთვის მზად თუ ხართო. ოპოზიციას ამაზე მაინცდამაინც კონკრეტული პასუხი არ გაუცია. საინტერესოა ისიც, რომ ახლა ოპოზიციური პარტიები ძალიან გააქტიურდნენ რეგიონებში თავისი სტრუქტურების შექმნით. ყველა ხვდება, რომ არჩევნების გარდა, სხვა გამოსავალი არ არის. ხელისუფლების ყველაზე დიდ ინტერესში იქნება, რომ ოპოზიციის ნაწილმა გამოაცხადოს ბოიკოტი, მეორე ნაწილმა მიიღოს მონაწილეობა და ხელისუფლებას მოგება გარანტირებული აქვს.

თუ ოპოზიციამ, მინიმუმ, ამ ოთხმა პარტიამ, პლუს "ფედერალისტებმა", და კიდევ რამდენიმემ არჩევნებში ერთიანად მიიღეს მონაწილეობა, ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების და თბილისის მოგების სერიოზული შანსი აქვს. ეს იცის ხელისუფლებამ, ამიტომ ყველაფერს გააკეთებს, რომ ოპოზიცია გათიშოს ბოიკოტისტებად და არჩევნებში მონაწილეებად და ისე დაამარცხოს.

ბიძინა ივანიშვილს დიდი მოთმინების უნარი აქვს. თუკი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მოხდება ოპოზიციის მარგინალიზაცია, მან შეიძლება დანიშნოს არჩევნები და უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგოს. შუალედური გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ერთი მხრიდანაც და მეორიდანაც - როდესაც ერთი არჩევნებს ითხოვს და მეორე უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე, გადაწყვეტილების მიმღები უნდა გახდეს ხალხი. ჩემი აზრით, ამ სიტუაციაში პლებისციტი იდეალური გამოსავალი იქნება. სავსებით შესაძლებელია პლებისციტი აღმოჩნდეს ის საკითხი, რაზეც შეთანხმდება ერთმანეთთან ორი მხარე, ოღონდ ამისთვის აუცილებელია ოპოზიცია იყოს თანამშრომლობის ისეთ რეჟიმში, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალური ხმების მობილიზებას ოპოზიციის სასარგებლოდ.

ოპოზიცია ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ საზოგადოებას შესთავაზოს ცხადი არჩევანი, რას გააკეთებენ უკეთესად, რა პრობლემებს მოაგვარებენ, ქვეყანას რა პერსპექტივას გაუჩენენ. მხოლოდ და მხოლოდ ლანძღვა და იმაზე ლაპარაკი, რომ ივანიშვილი რუსეთის პროექტია და ყველანი რუსეთის აგენტები არიან, არ არის საკმარისი ხელისუფლების დასამარცხებლად.

ფაქტია, ხელისუფლების პროპაგანდა უფრო წარმატებულია, ვიდრე ოპოზიციის. რა თემებითაც მიდის ხელისუფლება ხალხთან, ამაზე ოპოზიციას პასუხები არა აქვს. მშვიდობის თემას საერთოდ ხელი ჰკრეს, თქვეს, ეს პრობლემა საერთოდ არ არსებობს, ამაზე კამათს "ოცნებასთან" არც დავიწყებთო, და სინამდვილეში ამით არჩევნები წააგეს, რადგან ხელისუფლებამ ხალხი დაარწმუნა, რომ ის არის მშვიდობის გარანტი, ოპოზიცია კი ომის საფრთხეა. დღეს მსოფლიო ბანკიც, სავალუტო ფონდიც და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აჩვენებენ, რომ 11%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. უსმენ ოპოზიციის ეკონომიკის ექსპერტებს და გაიძახიან, ქვეყნის ეკონომიკა დაქცეულიაო. რაშია საქმე, რაღაცის ანალიზი ხომ უნდა გაკეთდეს? ანუ არის ეკონომიკაში რაღაც, რაშიც "ქართული ოცნება", როგორც ჩანს, სწორია, ხომ? ასე რომ, ოპოზიციას ტაქტიკა საფუძვლიანად გადასახედი აქვს და ლაპარაკი, არაფერს აზრი არა აქვს, ამ ქვეყანაში არჩევნების თემა დახურულიაო და ა.შ., ძალიან მცდარია. ყველაზე ცუდი პოზიციაა ის, როდესაც საზოგადოებას ეუბნები, არჩევნებს ბოიკოტი გამოვუცხადოთო, საზოგადოება კი სვამს კითხვას, კარგი, არ წავედი არჩევნებზე, მერე რა ხდებაო, ამაზე არავინ არაფერს ეუბნება. ამიტომაც ვამბობ, რომ ამ სიტუაციაში ყველაზე კარგი გამოსავალი შეიძლება იყოს პლებისციტი, რადგან ეს ნიშნავს, რომ არც ხელისუფლებამ დაუთმო ბოლომდე ოპოზიციას და არც ოპოზიციამ და ორივე თანხმდება, რომ გადაწყვიტოს ხალხმა. ჩემი აზრით, პლებისციტი ოპოზიციისთვის გაცილებით მომგებიანია, რადგან პლებისციტში გამარჯვება უფრო ადვილია, ვიდრე არჩევნებში. ქვეყანაში პოლიტიკურ ძალებს შორის რაღაც ველი უნდა არსებობდეს, სადაც შეთანხმება მოხდება, რათა პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეთ და ახალ არჩევნებს მივაღწიოთ. ამას კი სჭირდება მექანიზმები. იდეა, რომ თვითმმართველობის არჩევნები და საპარლამენტო არჩევნები ერთმანეთს დავუპირისპიროთ, სულ უფრო და უფრო აბსურდული ხდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოდის თვითმმართველობის არჩევნები, რაღა დარჩა, 5 თვე, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე კიდევ უფრო ნაკლები და რაღაც ვერ ვხედავ, რომ ამ ოთხ თვეში ხელისუფლებას შევცვლით, ივანიშვილი ჩემოდნებს ჩაალაგებს და ქვეყნიდან გაიქცევა.

- ივანიშვილის პოზიციიდან რომ შევხედოთ, დღევანდელი სიტუაცია ვის უფრო აძლევს ხელს, რომ იფიქროს პლებისციტზე?

- ერთადერთი ზეწოლა, რაც ახლა არის "ოცნებაზე", გარე ზეწოლაა. ქვეყანაში რაც ხდება, ყოველ საღამოს რომ იკეტება რუსთაველი, ხელისუფლებას არ მოსწონს, მაგრამ, ავად თუ კარგად, ეგუება. რაც შეეხება ეკონომიკას, დღეს "ოცნებისთვის" ძალიან კარგი სიტუაციაა, მაგრამ სადამდე გაქაჩავს, არ ვიცი. ამაზე ეკონომისტებმა უნდა ილაპარაკონ, მაგრამ არა ისე, როგორც დღევანდელი ოპოზიციონერი ექსპერტები ლაპარაკობენ - წლებია ისინი "ოცნების" ეკონომიკურ კრახსა და ეკონომიკის ჩამოშლაზე ლაპარაკობენ და საზოგადოებას მათი აღარ სჯერა. ხელისუფლება პლებისციტით ქვეყნის გარეთ ეტყვის ყველას, თქვენ კი მაბრალებთ, რომ არავის ანგარიშს არ ვუწევ, მაგრამ აი, ხალხს ვეკითხები და ეს არის ყველაზე დიდი დემოკრატიაო.

რიგგარეშე არჩევნები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა გადადგება. კონსტიტუციით ასეა. მეორე გზაა რევოლუცია, რომლის თავი ოპოზიციას არა აქვს. პლებისციტი კი არის მექანიზმი, რომელიც ყველაზე რეალური შეიძლება იყოს ოპოზიციისთვის. პლებისციტის იდეაზე თვეებია ვლაპარაკობთ. დავდივართ ასე, ოპოზიციის ლიდერებთანაც გვქონია შეხვედრები და გვილაპარაკია, ხომ არ შეიძლება ეს გამოსავალი იყოს.

- რას ამბობენ?

- უბედურება ის არის, რომ ნებისმიერი თემა, რომელიც არ არის ამ ძალიან აგრესიული მეინსტრიმული ბაბლის მოწონების საგანი, ყველა ერიდება საუბარს, იმიტომ, რომ არ სურთ ამ აგრესიისა და ბულინგის მსხვერპლი გახდნენ, მაგრამ ასე არაფერი გამოვა. ოპოზიციას რაღაცები შესაცვლელი აქვს და ამაზე თუ არ იფიქრა, არც პლებისციტი უშველის, არც არჩევნები და არც ივანიშვილი გაიქცევა. ამათი შემხედვარე, არც ამერიკა და ევროპა შეცვლიან საბოლოოდ ხელისუფლებას, თუკი დაინახეს, რომ ოპოზიცია ვერ ახერხებს იმ დღის წესრიგის შეთავაზებას საზოგადოებისთვის, რომლითაც მხარდაჭერას მოიპოვებს. მილიონჯერ მითქვამს, კადაფის რეჟიმთან ჰქონდათ ურთიერთობა და ბიძინა ივანიშვილთანაც მოაგვარებენ ყველაფერს, თუ ოპოზიცია მარგინალიზაციის გზით წავიდა.

რუსა მაჩაიძე