ამერიკულ-უკრაინული დიდი შეთანხმება და რას ელოდება პუტინი?! - კვირის პალიტრა

ამერიკულ-უკრაინული დიდი შეთანხმება და რას ელოდება პუტინი?!

30 აპრილს ვაშინგტონში "წიაღისეულის შეთანხმებას" ხელი მოაწერეს უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ და აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა. შეთანხმების ტექსტი კი 1-ლ მაისს გახდა ცნობილი, საიდანაც ირკვევა, რომ დოკუმენტი წარმოადგენს გრძელვადიან სტრატეგიულ შეთანხმებას ორი ქვეყნის მთავრობებსა და ხალხებს შორის და ასევე არის "შეერთებული შტატების მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირება უკრაინის უსაფრთხოების, აღმშენებლობისა და გლობალურ ეკონომიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ".

გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად, ინვესტირების მოზიდვა შესაძლებელია აშშ-დან, ევროკავშირიდან და იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ეხმარებოდნენ უკრაინას თავდაცვაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ, ხოლო იმ ქვეყნებმა, რომლებიც კონფლიქტის დროს უკრაინისთვის არაკეთილსაიმედოდ მოქმედებდნენ, ვერ უნდა მიიღონ სარგებელი უკრაინის რეკონსტრუქციის პროცესში, მდგრადი მშვიდობის დამყარების შემდეგ. შეთანხმებაში ჩამოთვლილია 60-მდე დასახელების სასარგებლო წიაღისეული, რომელთა მოპოვებაც იგეგმება, მათ შორის ფერადი ლითონები, იშვიათი მინერალები.

გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, იქმნება რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდი, რომელიც დააფინანსებს წიაღისეულის მოპოვებას, ენერგეტიკას, ინოვაციების დანერგვას, ტექნოლოგიურ განვითარებას და ომით დანგრეული ქვეყნის აღდგენას.

ამასთან, უკრაინა ფონდში შეიტანს ქირის, ლიცენზიების თანხიდან და გამოყოფილ ადგილებზე მოპოვებული ნედლეულის გაყიდვით მიღებული შემოსავლიდან 50%-ს, აშშ-ს კი ფონდში შენატანად ჩაეთვლება უკრაინისთვის სამომავლოდ მიწოდებული ნებისმიერი სახის სამხედრო დახმარება და ეს არ ეხება უკვე გაწეულს.

აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი 10 წელი მოგება არ გაიყოფა - ფონდის სახსრები დაიხარჯება მხოლოდ უკრაინაში. ფონდს ორი ქვეყანა თანაბარი უფლებებით განკარგავს. თუმცა ეს ჩანაწერი უკრაინის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში არ არის და როგორც შემდეგ განმარტეს, ხელი მოეწერა შეთანხმების შემოკლებულ ვერსიას, რომელიც გამოქვეყნდა, ძირითადი დოკუმენტი კი თითქმის 100 გვერდს მოიცავს. ამასთან, ძირითად დოკუმენტში არ არის ტექნიკური დეტალები, რომლებიც, უკრაინული მედიის ცნობით, ჯერ ისევ მზადდება ხელმოწერისთვის.

რაც მთავარია, სასარგებლო წიაღისეულის მარაგები თუ ტერიტორიული წყლები უკრაინის საკუთრებაში რჩება. უკრაინა გადაწყვეტს, რა ადგილებში უნდა მოიპოვონ სასარგებლო წიაღისეული. უკრაინის საკუთრებაში დარჩება სახელმწიფო კომპანიები; არ იზღუდება უკვე დაწყებული პროექტები და პრივატიზაციის პროცესი.

საინტერესოა, რომ ამ შეთანხმებიდან სამ დღეში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დამტკიცდა პაკეტი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლებზე წვრთნებისა და მოვლის პაკეტის მიყიდვაა გათვალისწინებული. სავარაუდო ღირებულება 310,5 მილიონი დოლარია. თუმცა ამას წინ უძღოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერ ტამი ბრიუსის განცხადება, რომ ვაშინგტონი აღარ "იფრენს მსოფლიოს გარშემო პირველ ძახილზე" შუამავლობისთვის.

ამ განცხადებამ ყველას გაახსენა ტრამპის მიერ ჟურნალისტებისთვის ნათქვამი, რომ კითხვას, გამოვა თუ არა აშშ სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან, 2 კვირაში უპასუხებდა, რადგან ტრამპი უკვე აღარ მალავდა უკმაყოფილებას, რომ მხარეები სამშვიდობო მოლაპარაკებაში მის პირობებს არ იღებდნენ, მეტიც, ევროპა-უკრაინამ თავისი პირობები გაუგზავნა.

რეალურად რა შეიძლება გააკეთოს აშშ-მა, რას ნიშნავს "მინერალების შეთანხმება" უკრაინისთვის და იქნება თუ არა ამ პროცესში გადამწყვეტი, ამ საკითხებზე იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარს ბიძინა ლებანიძეს ვესაუბრეთ.

- ტრამპი მოვიდა ხმამაღალი პროგრამით, დაპირებებით, რომ ომს მეორე დღესვე დაამთავრებდა და ა.შ. და ვერაფერი გააკეთა. ლაპარაკია არა მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომზე, საგარეო პოლიტიკის სხვა საკითხებშიც დიდი წარმატება არა აქვს. ამ დროს გადის მისი პრეზიდენტობის ასი დღე და რაღაც სიმბოლური გამარჯვება სჭირდებოდა, ეს შეთანხმება კი შეიძლება ამ გამარჯვებად გაასაღოს. მეორე მხრივ, უკრაინისთვისაც აქვს მნიშვნელობა, შეეცდებიან რაღაცნაირად, ნაწილობრივ მაინც, ამ ხელშეკრულებით დააბან ამერიკა და რომ ამ ომიდან ბოლომდე არ გავიდეს. რაც შეეხება ეკონომიკურ მხარეს, ამერიკას დღეს ეს არაფერს მოუტანს, მაგრამ სტრატეგიულად ფიქრობენ, რომ გარკვეული მნიშვნელობა ექნება. მაგალითად, ის, რომ ამერიკა დღეს დამოკიდებულია ჩინეთის მინერალებზე, სატარიფო ომის დროსაც გამოჩნდა. ამერიკისთვის ეს პრობლემაა, რადგან დაწესებული ტარიფების საპასუხოდ ჩინეთმა გარკვეული მინერალების აშშ-ში ექსპორტი აკრძალა. ეს ზესახელმწიფოსთვის სერიოზული პრობლემაა და ამიტომ ხანგრძლივ პერსპექტივაში სურთ მოძებნონ ალტერნატიული მარაგები. უკრაინა კი ერთ-ერთ ალტერნატიულ მარაგს წარმოადგენს. თუმცა მათი ათვისება დღეს-ხვალ არ დაიწყება, თან მინერალების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

- სწორედ ეგ არის საინტერესო, ეს საკითხი როგორ მოგვარდება? ხელშეკრულება მთლიანად უკრაინის ტერიტორიაზეა გაფორმებული. რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიც უკრაინის ნაწილია. ეს აღიარებული აქვს საერთაშორისო საზოგადოებას.

- ამერიკელი ანალიტიკოსების მოსაზრებაა და მათ შორის იმათიც, ვინც ტრამპს უჭერს მხარს, რომ ის ნაწილი, რაც უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზეა დარჩენილი, ისიც ძალიან დიდი მარაგია და მისი ათვისებაც რომ დაიწყონ შემდეგი წლების განმავლობაში (ამას ათწლეულები დასჭირდება), მაინც დიდი მოგების მომტანი იქნება ამერიკისთვის. რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, თუ ომი ასე გაიყინა, ცხადია, რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩება და ამის გამო ამერიკა და რუსეთი ერთმანეთთან ომს არ დაიწყებენ.

მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა რაღაც რაოდენობის იარაღის მიწოდებას ისევ დათანხმდა, რაც ცხადია, შემთხვევითობა არ ყოფილა. თუმცა ამ ხელშეკრულებას გაწერილი და საფუძვლიანი უსაფრთხოების გარანტიები არ ახლავს.

- ერთი კვირის წინ ძალიან აქტუალური იყო სამშვიდობო მოლაპარაკებიდან ამერიკის გასვლის საკითხი და ის ისევ ღიაა, რადგან კეთდება განცხადებები, რომ ვაშინგტონი ცვლის მიდგომას რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხისადმი. "მინერალების შეთანხმება" ამ მოცემულობას შეცვლის, ასე ვთქვათ, ამერიკის სამშვიდობო პროცესში დასაბრუნებლად?

- რა თქმა უნდა, ამერიკას, ერთი მხრივ, მიეცა მეტი ინტერესი, რომ განაგრძოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობა და მიაღწიოს რაიმე შეთანხმებას, მეორე მხრივ, უკრაინასთან კონფლიქტური ასპექტები ამ ხელშეკრულებამ ცოტა დაარეგულირა. თუმცა პირდაპირი გავლენა, ალბათ, მაინც არ ექნება ომის წარმოებაზე. აქ არის რუსეთი, რომელსაც არ მოეწონა ეს ხელშეკრულება და მკვახე განცხადებები წამოვიდა კრემლიდან. ასე რომ, სამშვიდობო შეთანხმება მხოლოდ ამერიკასა და უკრაინაზე არ არის დამოკიდებული. ამისთვის რუსეთთან მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს და, ალბათ, ისევ იმ სცენარით გაგრძელდება, თუ რა დათმობებზე მოუწევს უკრაინას წასვლა, რაზე წავა პუტინი და ა.შ. შესაძლოა ამერიკის ჩართულობა ცოტა გააქტიურდეს, მაგრამ არა მგონია, ამან არსებითი გავლენა იქონიოს უშუალოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე.

- რა შანსია, რომ ჯერ ამერიკა დათანხმდეს სამშვიდობო მოლაპარაკებაში ევროპა-უკრაინის გეგმას და მერე რუსეთი დაითანხმონ ამ პირობებზე?

- ამერიკის მხარდაჭერისა და ამერიკის უსაფრთხოების გარანტიის გარეშე ევროპელები დიდ ინიციატივას ვერ აიღებენ. იარაღის მიწოდების რაღაც ნაწილი კი ჩაანაცვლეს, რასაც ამერიკა აწვდიდა, მაგრამ ბოლომდე ესეც ვერ მოხერხდა.

ასე რომ, ევროპას ხელში რაღაც კარტები კი აქვს, მაგალითად, ამერიკას არ მისცეს საშუალება რაღაც სანქციები მოეხსნა რუსეთისთვის, სვიფტთან დაკავშირებული საკითხი და ა.შ., მაგრამ ევროპა მაინც არ არის ისეთი აქტორი, რომ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ტრამპის ადმინისტრაციაზე. მეორე მხრივ, პუტინის პოზიცია იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი ვითარება იქნება ფრონტის ხაზზე, რამდენად შეძლებენ წინ წაწევას და საერთოდ, რუსეთში როგორი სიტუაცია იქნება. პუტინი ჯერ მაინც არ გრძნობს დასავლეთის დიდ ზეწოლას. კი ლაპარაკობენ ამერიკელები ახალ სანქციებზე, მაგრამ ეს ჯერ საუბრის დონეზეა.

- ყირიმის აღიარების საკითხი რამდენად შეიძლება გახდეს პრობლემური საერთაშორისო წესრიგისთვის?

- უკრაინელებისთვის, ალბათ, ყირიმი იქნება ყველაზე ადვილი გადასაყლაპი, ვიდრე აღმოსავლეთუკრაინული ტერიტორიები. რა თქმა უნდა, ის, რასაც ტრამპის ადმინისტრაცია აკეთებს, არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან რეალისტურია. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ამერიკამ რომ აღიაროს, ეს ბევრს არაფერს მოიტანს. ამ აღიარების მიზანი ის უნდა იყოს, რომ დამთავრდეს ომი და გაფორმდეს სამშვიდობო ხელშეკრულება. თუ ამაზე უკრაინა ვერ დაითანხმეს, ვერ დაითანხმეს ევროპა, მხოლოდ ამერიკის თანხმობა ომს ვერ დაამთავრებს.

უკრაინას,, ცხადია, ომის დასრულება სურს, მაგრამ ისე არა, რომ ზელენსკის ხელისუფლებას ტერიტორიების დამკარგავის სტატუსი ჰქონდეს. დე ფაქტო ნამდვილად მოუწევთ ტერიტორიების ნაწილზე უარის თქმა, მაგრამ მნიშვნელოვანია, დე იურე თუ მოხდება რუსეთისთვის რომელიმე ტერიტორიის მიკუთვნება. ეს ევროპისთვისაც მნიშვნელოვანი საკითხია, მათ არ უნდათ დღეს არსებული საერთაშორისო წესრიგის შეცვლა და ეს კი რეალურად შეცვლის, თუ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთს დაუკანონებენ. ამიტომაც დე იურე აღიარებაზე ევროპა რთულად წავა, საერთოდ თუ წავიდა.

ტრამპს კი ამ ომის რამენაირად დამთავრება და ჩინეთის წინააღმდეგ რუსეთის თავის მხარეზე გადაქაჩვა სურს.

რუსეთში ახლა ინდუსტრია და მრეწველობა გადაწყობილია სამხედრო მრეწველობაზე და ამას ეკონომიკაზე დადებითი ეფექტი აქვს, მაგრამ პუტინმა იცის, რომ ასე დიდხანს ვერ გაძლებს. მას მაქსიმუმ რამდენიმე წელი აქვს დარჩენილი, რომ ეს ეკონომიკური მდგრადობა რაღაცნაირად შენარჩუნდეს. ამწუთას პუტინს არა აქვს დიდი წნეხი, მაგრამ იცის, რომ დიდი დროც არა აქვს და ცოტა ხანში დაეტყობა ომის გავლენა ქვეყანას, უპირველესად ეკონომიკაზე და მერე შეიძლება მის სტაბილურობასაც დაემუქროს საფრთხე. ამიტომ შეეცდება ისეთ პირობებზე წამოიყვანოს, რომ მისთვის მაქსიმალურად მომგებიანი იყოს. მოლაპარაკება შეიძლება თვეები და წელიც კი გაგრძელდეს, მაგრამ შედეგი არ მოიტანოს, ან რამდენიმე თვეში მოიტანოს. ეს იქნება დამოკიდებული ორ რაღაცაზე - ფრონტის ხაზზე როგორ განვითარდება მოვლენები, რომელიმე წაიწევს წინ თუ არა, ან იქნება თუ არა სტაგნაცია, რაც მერე პუტინსაც მისცემს სტიმულს, რომ ომი დაასრულოს. დამოკიდებული იქნება იმაზეც, დასავლეთი რამდენად დაუჭერს მხარს უკრაინას. ახლა პუტინი იმასაც ცდილობს, ძალიან არ გადაიმტეროს ამერიკის ადმინისტრაცია. ამასთან, ევროპის პოზიციაც ძალიან მნიშვნელოვანია. პუტინი ამ ყველაფერს უყურებს და ელოდება, როდის დალაგდება სიტუაცია და ამის მიხედვით იმოქმედებს. საერთოდ, ომის დასრულება დამოკიდებულია ორივეზე, რუსეთზეც და უკრაინაზეც. ორივე უნდა მიხვდეს, რომ უკვე წამგებიან ფაზაში არიან. მინერალებზე შეთანხმებამ აჩვენა, რომ უკრაინა თავის ინტერესებს ბოლომდე იცავს. ზელენსკის თეთრ სახლში ვიზიტს კი აკრიტიკებენ, რომ შეეპასუხა ტრამპსა და ვენსს და ა.შ., მაგრამ მინერალებზე წინა შეთავაზებას ხელი არ მოაწერა, გაუძლო ზეწოლას და მართალიც აღმოჩნდა. ეს ნიშნავს, რომ სხვა ზეწოლასაც გაუძლებს. ამერიკა კი არის ძლიერი ზესახელმწიფო, მაგრამ მხოლოდ თავის სურვილს, ევროპისა და უკრაინის აზრის გათვალისწინების გარეშე, ვერ გაატარებს. ეს აჩვენა ამ შეთანხმებამ.

რუსა მაჩაიძე