რა შემთხვევაში შეგიძლიათ უარი თქვათ ნაფიც მსაჯულად სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე
ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი უპასუხებს შეკითხვებს.
თბილისში ვაპირებ ბინის დაგირავებას. მეპატრონე მეუბნება, რომ ბინაში ცხოვრობს ოჯახი, რომელსაც ეს ბინა 3 წელია დაგირავებული აქვს და ახლა ხდება ხელახლა გადაგირავება. ნოტარიუსთან რას უნდა მივაქციო ყურადღება, რომ არ მოვტყუვდე?
- ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ უძრავ ნივთზე არ იყოს რაიმე სახის აკრძალვა/შეზღუდვა და ხელშეკრულების დადების დროს თქვენ იყოთ პირველადი იპოთეკარი. ამისათვის უმჯობესია ნოტარიუსთან ხელშეკრულების გაფორმებამდე განაახლოთ აღნიშნული უძრავი ნივთის ამონაწერი, რომლითაც მიიღებთ უტყუარ ინფორმაციას მოცემულ უძრავ ნივთზე.
მაინტერესებს თბილისის შემოგარენში თუ შევძლებ თუნდაც ძალიან პატარა მიწის ნაკვეთის დამტკიცებას, რათა ავიშენო ერთოთახიანი სახლი. დღევანდელ დროში ძალიან რთულია რამე იყიდო, ხოლო აშენებით შევძლებ რამე ისეთის გაკეთებას, რომ ვიცხოვრო. როგორ შეიძლება ეს გავაკეთო?
- სამწუხაროდ, არა, ვერ დაიკანონებთ მიწის ნაკვეთს, რომელზეც რაიმე სახის უფლებადამდგენი დოკუმენტი არ გაგაჩნიათ. სახლის მშენებლობას სჭირდება ნებართვა, ხოლო თუ მიწა თქვენს სახელზე არ იქნება, ვერც ნებართვას აიღებთ, სახლის უნებართვოდ აშენებას შესაძლოა მოჰყვეს თქვენი დაჯარიმება და ასევე სახლის დემონტაჟი.
რამდენიმე წლის წინ შევიძინე ბინა და დღემდე არ არის მშენებლობა დასრულებული. სამშენებლო კომპანია აშკარად არ აპირებს თავისი ვალდებულების შესრულებას და გაუთავებლად ისმის მხოლოდ დაპირება. მშენებლობის ვადა დარღვეულია, ხელშეკრულებაში წერია, რომ ასეთ დროს კომპანიამ უნდა გადაიხადოს პირგასამტეხელო. სასამართლოს რომ მივმართო, შევძლებ თუ არა ამ კომპანიას დავაკისრო თანხის გადახდა? ოფიციალურად ამ კომპანიის სახელზე არანაირი ქონება არ ირიცხება, ყველაფერი გასხვისებულია. აქვს თუ არა სასამართლოში ჩივილს აზრი და მომიწევს თუ არა ბაჟის გადახდა?
- შესაძლოა სასამართლომ დააკმაყოფილოს თქვენი სასარჩელო მოთხოვნა, თუმცა თუ კომპანიას არ აქვს რაიმე სახის ქონება, რითიც მოხდება თქვენი სარჩელის უზრუნველყოფა და შემდგომში მოთხოვნის დაკმაყოფილება, მაშინ შესაძლოა სასამართლო გადაწყვეტილება ვერ აღსრულდეს. სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოგიწევთ დავის საგნის ღირებულების 3%-ის ოდენობით.
მეზობელმა უკანონოდ მიითვისა ჩემს მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც წლებია ვამუშავებ. ჩემი ნაკვეთის გვერდზეა მისი ნაკვეთიც, არც მას და არც მე ეს მიწა ოფიციალურად არ გვქონია გაფორმებული, მაგრამ წლებია ვამუშავებ. ორი წელი ვიყავი პოლონეთში სამუშაოდ და რომ დავბრუნდი, აღმოჩნდა, რომ ჩემი მიწა შეუერთებია და ღობეც გაუკეთებია. რა სამართლებრივი ზომები უნდა მივიღო?
- იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ არის არც ერთი თქვენგანის საკუთრებაში, სამართლებრივად ვერ შეძლებთ მის დაბრუნებას. თუ გაქვთ აღნიშნული მიწის ნაკვეთის სპორადული ან სისტემური წესით რეგისტრაციის საფუძვლები, მაშინ უმჯობესია დაირეგისტრიროთ მოცემული მიწის ნაკვეთი.
მეზობელი საცხოვრებელი კორპუსის წინ ყიდის ავტოფარეხს, ამბობს, რომ დაკანონებული აქვს. ასეთი ავტოფარეხის შეძენა ხომ არ შეიცავს რისკს? საკმაოდ ძვირად ყიდის და მეშინია შემდეგ მერიამ ეს ავტოფარეხები არ დაანგრიოს და არ დავზარალდე. როგორ მოვიქცე?
- ავტოფარეხი არის უძრავი ქონება, შესაბამისად, მოითხოვეთ აღნიშნული ავტოფარეხის საკადასტრო კოდი და გადაამოწმეთ საჯარო რეესტრში მისი მონაცემები. თუ აღმოჩნდა, რომ საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული უძრავი ქონება, ეს ნიშნავს, რომ მას არა აქვს დაკანონებული.
ბაბუამ მაჩუქა მიწა, სადაც დგას პატარა სახლი. ჩუქებიდან გასულია ორი წელი, ახლა ბიძა მედავება და მეუბნება, რომ მასაც ეკუთვნის წილი. ბაბუა სამი თვის წინ გარდაიცვალა და მაშინ აღმოაჩინა, რომ ეს მიწა ჩემს სახელზეა. ეკუთვნის თუ არა მას წილი?
- არა, რადგან ბაბუამ თქვენ გაჩუქათ და მიწის ნაკვეთი თქვენს სახელზეა, ბიძას არ ეკუთვნის წილი აღნიშნული უძრავი ქონებიდან.
როცა პირს აქვს ორმაგი მოქალაქეობა, რომელ ქვეყანაში მოუწევს ჯარში სამსახური?
- რომელ ქვეყანაში მოუწევს ჯარში სამსახური, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ქვეყნების მოქალაქეა პირი. ვინაიდან ჩვენთვის არ არის აღნიშნული დეტალი ცნობილი, ვერ გაგიწევთ სრულფასოვან კონსულტაციას.
ბიზნესის დასაწყებად ბანკმა რომ სესხი დამიმტკიცოს, რა რჩევის მოცემა შეგიძლიათ?
- ბიზნესსესხის დამტკიცებას აქვს თავისი კრიტერიუმები, რომელთაც განსაზღვრავენ ბანკები ინდივიდუალურად. უმჯობესი იქნება აღნიშნულ საკითხზე მიმართოთ ბანკს.
ვსწავლობ მაგისტრატურაზე, მაგრამ ერთი წლით შეჩერებული მაქვს სტუდენტის სტატუსი, რადგან მივიღე ტრავმა და ვმკურნალობდი. ახლა მომივიდა უწყება ჯარში გაწვევაზე, შემიძლია თუ არა უარი ვთქვა და არ წავიდე, რადგან სექტემბრიდან ისევ მომიწევს სწავლის გაგრძელება. როგორ მოვიქცე და რა უფლებები მაქვს?
- უნდა წარადგინოთ უნივერსიტეტის ცნობა, რომ ირიცხებით სტუდენტად, აღნიშნული საფუძვლით გადაგივადდებათ სამხედრო სამსახურში გაწვევა.
ვარ ოფიციალურად განქორწინებული იუსტიციის სახლში, რადგან ორივე ვიყავით თანახმა. ბავშვი ჩემთან იზრდება, ახლა გავიგე, რომ ჩემს ყოფილ ქმარს შეუტანია სასამართლოში საჩივარი და ითხოვს ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მისი სახლი განისაზღვროს. არა მაქვს ადვოკატის აყვანის საშუალება, რადგან ვარ მარტოხელა დედა, ვცხოვრობ ჩემს მშობლებთან. მაინტერესებს, თუ ორივე მშობლის საცხოვრებელი ადგილის პირობები თანაბარია, რას მიაქცევს მოსამართლე ყურადღებას და რამდენად აქვს შანსი მას, რომ მოიგოს ეს დავა? ბავშვი 4 წლისაა.
- ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის დროს უპირატესობა ენიჭება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, ასევე ხდება ბავშვის სურვილის გათვალისწინება. ამ შემთხვევაში ბავშვის ასაკს არა აქვს მნიშვნელობა. თუკი თქვენ ჩაგბარდათ სარჩელი, აუცილებელია შეიტანოთ პასუხი - შესაგებელი იმ ვადაში, რაც სასამართლომ განგისაზღვრათ, როგორც წესი, სასამართლო საშუალოდ 10 დღეს განსაზღვრავს. შევდივარ თქვენს მდგომარეობაში, თუმცა აღნიშნული კატეგორიის დავა საკმაოდ რთულია და ადვოკატის გარეშე თქვენი ინტერესების დაცვა გაგიჭირდებათ.
რამდენიმე წლის წინ ვიყიდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. მითხრეს, რომ შემეძლო 60 კვადრატული მეტრი შენობის აშენება. ირგვლივ რამდენიმე მოსახლემ ააშენა კიდეც სახლი, კომუნიკაციებიც შეიყვანეს. ახლა ვაპირებ მეც ავაშენო, მაგრამ მერიაში მეუბნებიან, რომ საცხოვრებელი ფართის აშენება არ შეიძლება. თუ სხვებს აქვთ იმ ადგილას აშენების ნებართვა, მე რატომ არა მაქვს, ან სტატუსის შეცვლა თუ შეიძლება?
- ხშირ შემთხვევაში სტატუსის შეცვლა ბევრ გარემო პირობაზეა დამოკიდებული და კონკრეტული პირის სურვილის მიხედვით არ იცვლება, ხოლო მსჯელობა, თუ რამდენად სწორად გეთქვათ უარი, თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციით რთულია, ვინაიდან არ არის ცნობილი ნაკვეთის ზუსტი მდებარეობა, რათა შემოწმდეს მისი ფუნქციური ზონა.
მშობლის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ გავიგე, რომ მამას ვალი ჰქონდა მის მეგობარს, მან არ უარყო ეს ფაქტი, თუმცა არ იხდის. საკმაოდ სოლიდური თანხაა. სასამართლოში ჩივილს თუ აქვს აზრი? ერთადერთი, რაც მაქვს, არის ბლოკნოტი, სადაც წერია, რომ მისი ვალი აქვს ამ ადამიანს. ასევე გავარკვიე, რომ ერთ-ერთი კომერციული ფართში ჰქონდა წილი. სამკვიდრო გაკეთებული მაქვს, მაგრამ ამ წილის არსებობის შესახებ გვიან გავიგე. რა შეიძლება გავაკეთო?
- თუ მამის მეგობარი კანონით დადგენილი წესით გიღიარებთ ვალს, ანუ დაგიდასტურებთ ნოტარიალურად, რომ მას ჰქონდა მამათქვენის ვალი, მაშინ სასამართლოსთვის მიმართვა შედეგიანი იქნება, მხოლოდ ბლოკნოტის ჩანაწერით შესაძლოა ვერ დაადასტუროთ ვალის არსებობის ფაქტი, ვინაიდან არ არის შესაბამისი მტკიცებულება ვალის აღიარების ფაქტის დასადასტურებლად. რაც შეეხება წილს კომერციულ ფართში, რადგან მიღებული გაქვთ სამკვიდრო, შეგიძლიათ აღნიშნული სამკვიდროს წილიც მიიღოთ.
ბანკმა დააყადაღა საერთო ქონება, რომლის თანამესაკუთრე მეც ვარ. რა შეიძლება გავაკეთო, რომ ქონება არ გაიყიდოს?
- როგორც ჩანს, დაყადაღდა თანასაკუთრებაში არსებული ქონება, რაც ნიშნავს, რომ კრედიტორს შეუძლია მოახდინოს მხოლოდ მოვალის წილი ქონების რეალიზაცია, ხოლო სხვა ნაწილს ვერ შეეხება. მყიდველისთვის მსგავსი ქონების შეძენა ძირითადად არასასურველია, თუმცა თეორიულად გამორიცხული არაა, რომ მსგავს ქონებას არავინ შეიძენს. თუ მოვალე არ აპირებს ვალდებულების შესრულებას და სესხის დაფარვას, შესაძლებელია სხვა თანამესაკუთრემ შეასრულოს ეს ვალდებულება, მან დაფაროს, რათა ქონების რეალიზაციის რისკი მოიხსნას, ხოლო შესრულებული ვალდებულება შემსრულებელმა მოითხოვოს იმ პირისგან, ვის ნაცვლადაც შეასრულა ვალდებულება.
ჩემი მეზობელი თითქმის ყოველ კვირა უშვებს წყალს და გამინადგურდა ბინაში ყველაფერი. გამოვიძახე პოლიცია და ნახეს, რა მდგომარეობაშია ჩემი სახლი. არ მაქვს ექსპერტიზის ჩატარების ფული. აქვს თუ არა აზრი სასამართლოში ჩივილს და რა დამიჯდება ეს პროცედურა?
- სასამართლოში მტკიცების ტვირთი არის თქვენზე, თუ რა სახის ზიანი მოგაყენათ, რათა სასამართლოს მიერ გარემოებები შეფასდეს ზუსტად და მიღებულ იქნეს თქვენთვის სასურველი გადაწყვეტილება. ამიტომ უმჯობესია ჩაატაროთ ექსპერტიზა და სასამართლო დავის ფარგლებში ზიანთან ერთად მოითხოვოთ ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურებაც.
- მომივიდა შეტყობინება, რომ მიწვეული ვარ სასამართლოში ნაფიც მსაჯულად. მაქვს თუ არა უარის თქმის უფლება და როგორ უნდა მოვიქცე?
- თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ ნაფიც მსაჯულად სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე კონკრეტულ შემთხვევებში, კერძოდ, თუ უკანასკნელი წლის განმავლობაში უკვე იყავით ნაფიცი მსაჯული; თუ ასრულებთ ისეთ სამუშაოს, რომელშიც თქვენი შეცვლა გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს; ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო; თუ ხანგრძლივად იმყოფებით ან მიემგზავრებით საქართველოს ფარგლებს გარეთ; თუ 70 წელს გადაცილებული ბრძანდებით. ასევე არსებობს რიგი გარემოებები, რომელთა არსებობის დროს პირი ნაფიც მსაჯულად ვერ მიიღებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას, თუ არსებობს ნაფიცი მსაჯულის აცილების რომელიმე საფუძველი ან/და იგი არის: სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი; პროკურორი; გამომძიებელი; პოლიციელი; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურე; ადვოკატი; მოქმედი სამხედრო მოსამსახურე; სასულიერო პირი; აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე; ბრალდებული; პირი, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სახდელი დაედო, და ამ ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წელზე ნაკლებია გასული; ნასამართლევი.
გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს.Tea.khurtsilava@gmail.com ამ ფოსტასა და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები