ომი გრძელდება და უფრო სასტიკი ხდება...
მოახლოვდა 9 მაისი - მეორე მსოფლიო ომში გერმანიის კაპიტულაციის თარიღი, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომს, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, არაფერი ეშველა - მისი შეჩერება ვერ მოხერხდა...
რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერების მთავარი ინიციატორი, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც თავიდან სწორედ მსხვერპლზე - უკრაინაზე ახდენდა პოლიტიკურ ზეწოლას, რომ კიევი დათმობებზე წასულიყო, თანდათან ხვდება, რომ მთავარი დამნაშავე უკრაინა კი არა, არამედ აგრესორი რუსეთი და მისი პრეზიდენტი პუტინი არიან...
ამის მიხვედრას თვეები ნამდვილად არ სჭირდებოდა, მაგრამ როგორც ამბობენ, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს...
"ჩვენ აღარ ვაპირებთ სწრაფად "მსოფლიოში ფრენას" მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად. ახლა ეს ორივე მხარის (უკრაინისა და რუსეთის) პასუხისმგებლობაა და დადგა დრო, რომ მათ შეიმუშაონ კონკრეტული იდეები, თუ როგორ დასრულდება ეს კონფლიქტი. ეს მათზე იქნება დამოკიდებული", - განაცხადა ტემი ბრიუსმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, რითაც ფაქტობრივად გამოხატა პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ.
ის, რომ აშშ-ს შეიძლება ხელები დაებანა და შეეწყვიტა შუამავლის, მომრიგებლის ფუნქცია რუსეთ-უკრაინის ომის შესაჩერებლად, პრეზიდენტი ტრამპი ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ დაიმუქრა, რითაც "საბოლოო" გაფრთხილება მისცა უპირველესად კიევს, შემდეგ კი მოსკოვს.
კიევზე გაფრთხილებამ იმოქმედა და ზელენსკიმ ხელი მოაწერა შეთანხმებას უკრაინის ბუნებრივ რესურსებზე წვდომის შესახებ და ერთობლივი საინვესტიციო ფონდის შექმნას, თანაც ტრამპის მეორედ გაპრეზიდენტების მეასე დღის თავზე, რაც ძალზე მნიშვნელოვანი იყო თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის ძალზე თავმოყვარე ბინადრისთვის... მაგრამ ის, რაც გამოუვიდა ტრამპს ზელენსკიზე პოლიტიკური ზეწოლის შედეგად, ვერ იმოქმედებს პუტინზე - შეიძლება კრემლი თავს თეთრი სახლის ტოლად ან უფრო გავლენიანადაც მიიჩნევს და პუტინი არ დაუშვებს ტრამპისგან "ჭკუის სწავლებას"...
შესაბამისად, თეთრ სახლშიც კარგად ხვდებიან, რომ ამ საშინელი ომის შეჩერებაზე იმ რუსეთთან, რომელმაც თავად წამოიწყო ეს ყველაფერი, მოლაპარაკების გაგრძელებას აზრი არა აქვს, რადგან პუტინი ტრამპს "პოლიტიკურ თამაშებში" ითრევდა დროის გასაყვანად და მთელ მსოფლიოსთვის დასანახად, შეხედეთ, თვით ამერიკელებიც კი როგორ გვეხვეწებიან რუსებს, ომი დროებით მაინც შეაჩერეთო.
დასანანია, რომ დონალდ ტრამპი, რომელსაც უკვე ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტობის ერთი ვადა გავლილი, ასე დაუფიქრებლად და მიამიტურად აცხადებდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს 24 საათში ერთი სატელეფონო ზარით შეაჩერებდა, რითაც თავისივე პოლიტიკური იმიჯი ძალზე დააზარალა.
როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები რუსეთ-უკრაინის ომში, თუკი აშშ მართლაც ჩამოშორდება შუამავლობის პროცესს და გადაერთვება ირანისა და ჩინეთის "მიმართულებებზე"?

პირველი - ზაფხულიდან რუსეთ-უკრაინის ომი ესკალაციის ახალ ეტაპზე გადავა და უფრო სასტიკი გახდება უკრაინულ ქალაქებზე რუსული დაუნდობელი საჰაერო დაბომბვებითა და უკრაინული მასირებული კონტრშეტევებით რუსეთის სტრატეგიულ ენერგოობიექტებზე;
მეორე - უკრაინულ წიაღისეულზე შეთანხმების შემდეგ ტრამპის ადმინისტრაცია ხსნის არაოფიციალურ "ემბარგოს" უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდებაზე, ოღონდ არა ჩუქებით, არამედ კომერციულ ფასად მიყიდვით, რაც კიევისთვის მაინც მისაღებია, რადგან პირველ ეტაპზე ამ დიდ თანხებს ევროპა დაფარავს, თანაც იმ პროცენტებიდან, რაც დასავლეთის ბანკებში გაყინულ რუსულ მილიარდებს ყოველთვიურად მოაქვს, ეს კი უკრაინის არმიაში შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების მარაგის დეფიციტს არ შექმნის, შესაბამისად, კიევი შეძლებს პუტინის საოკუპაციო ძალების შეტევების მოგერიების არათუ გაგრძელებას, არამედ საპასუხო და ძალიან მტკივნეული კონტრდარტყმების მიყენებასაც, მათ შორის თავად ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ტერიტორიაზე;
მესამე - აშშ რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვების არათუ მოხსნას, არამედ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობასაც განიხილავს და თუკი ეს მართლაც მოხდა, რუსეთის ეკონომიკას დიდი პრობლემები დაემატება, რამაც, წესით, პუტინს ამ ფართომასშტაბიანი და გახანგრძლივებული ომის უსაშველოდ გაგრძელების საშუალება აღარ უნდა მისცეს;
მეოთხე - ახალი ამერიკული "მეორადი სანქციები" შეიძლება შეეხოს რუსეთის ექსპორტირებულ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს. ამის გამო რუსული ნავთობის მყიდველ სხვა ქვეყნებსა თუ კომპანიებს აშშ-თან სავაჭრო ურთიერთობა ძალიან გაუძნელდებათ ან საერთოდ შეუწყდებათ.
1-ლ მაისს პრეზიდენტი ტრამპი სწორედ "მეორადი სანქციების" დაწესებით დაემუქრა ყველას, ვინც კი გაბედავს ირანული ნავთობისა და ნავთობქიმიური პროდუქციის თუნდაც მცირე რაოდენობით შეძენას, რაც, შეიძლება მიუთითებდეს იმას, რომ აშშ-ისა და ირანის არაპირდაპირი მოლაპარაკება ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ჩიხში შევიდა, ისევე როგორც მარცხი განიცადა ტრამპის ქადილმა, რომ ერთ დღეში შეაჩერებდა რუსეთ-უკრაინის ომს.
ტრამპისა და პუტინის ისედაც მყიფე ურთიერთობის გაფუჭებამ შეიძლება გამოიწვიოს მეორე მსოფლიო ომში ფაშისტური გერმანიის კაპიტულაციის მე-80 წლისთავის აღნიშვნამაც, რადგან კრემლი ტრადიციულად მას 9 მაისს ზეიმობს, თეთრი სახლი კი ამ გამარჯვებას 8 მაისით ათარიღებს.
თუმცა დაპირისპირების საგანი მხოლოდ თარიღების განსაზღვრა როდია, აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინისთვის ძალზე მტკივნეული განცხადება გააკეთა:
"ჩვენი ბევრი მოკავშირე და მეგობარი 8 მაისს "გამარჯვების დღეს" აღნიშნავს, მაგრამ ჩვენ გაცილებით მეტი გავაკეთეთ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მოპოვებაში, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ. 8 მაისს "მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს" ვარქმევ, ხოლო 11 ნოემბერს - "პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს". ჩვენ ორივე ომი მოვიგეთ. ჩვენთან ახლოსაც არავინ იყო ძალით, სიმამაცით ან სამხედრო ბრწყინვალებით, მაგრამ არასდროს არაფერს ვზეიმობთ იმიტომ, რომ აღარ გვყავს ლიდერები, რომლებმაც იციან, როგორ გააკეთონ ეს! ჩვენ კვლავ დავიწყებთ ჩვენი გამარჯვებების აღნიშვნას!" - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა, რითაც კრემლის დიდი გულისწყრომა გამოიწვია, რადგან ჯერ საბჭოთა, ხოლო შემდგომ რუსული პროპაგანდა ყველას არწმუნებდა, რომ არა საბჭოთა კავშირი, მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეები ვერ გაიმარჯვებდნენო.
ფაშისტურ გერმანიასთან სისხლისმღვრელ ოთხწლიან ფართომასშტაბიან ომში საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკებისა და მათ შორის საქართველოს მოსახლეობამაც დიდი მსხვერპლი გაიღო, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია ამერიკული ლენდ-ლიზის პროგრამაც, რომელმაც საბჭოთა არმიას ყველაზე კრიტიკული მომენტები გადაატანინა, როდესაც აღმოსავლეთში ევაკუირებული ქარხნები ჯერ კიდევ ვერ უშვებდნენ შეიარაღებასა და საბრძოლო მასალებს და სტალინის არმია სწორედ აშშ-დან მიწოდებული არსენალით ომობდა.
ისე, რომ ნახოთ იმ წლების დიპლომატიური წერილები გაგზავნილი მოსკოვიდან ვაშინგტონში, ერთ საინტერესო თანხვედრას აღმოაჩენთ - როგორც დღეს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ეხვეწება აშშ-ის პრეზიდენტს ტრამპს ამერიკული შეიარაღების მიწოდებაზე პუტინის საოკუპაციო არმიის შესაჩერებლად, ისე სტალინი სთხოვდა დაჟინებით რუზველტს უფრო მეტი ამერიკული თვითმფრინავებისა და ტანკების გამოგზავნას ჰიტლერის საოკუპაციო არმიასთან საბრძოლველად.
ასე რომ, ფაქტია - პირველ და მეორე მსოფლიო ომებშიც აშშ-მა მართლაც ითამაშა დიდი როლი მოგებაში და თანაც ისე, რომ საკუთარი ტერიტორია დაბომბვებს გადაარჩინა და ეკონომიკაც ააღორძინა.
მაგრამ გარდა ამერიკული იარაღის შეძენისა, თუნდაც მსოფლიო საბაზრო ფასებით, უკრაინელებს საკუთარი წარმოების იმედიც აქვთ და დღეს თუკი უკრაინული არმია 40%-მდე სამამულო წარმოების არსენალს იყენებს ფრონტის ხაზზე, ეს მაჩვენებელი სწრაფი ტემპით იზრდება, განსაკუთრებით სხვადასხვა დანიშნულების დრონების მასობრივი წარმოების აწყობის ხარჯზეც.
სწორედ დრონების მასობრივი გამოყენებაა ის გამოსავალი, რითაც უკრაინას შეუძლია აგრესორ რუსეთს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს, მათ შორის თავად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გახშირებული საჰაერო შეტევებით.
ომის დაწყების პირველივე დღიდან თუკი რუსეთი შეუჩერებლივ ბომბავს უკრაინულ ქალაქებს, ამ ომის მესამე წლისთავზე უკრაინამ შეძლო ადეკვატური პასუხის გაცემა და ახლა თავადაც ყოველღამ "დაუპატიჟებლად" უგზავნის ასობით კამიკაძე-დრონს რუსულ სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებს.
რუსეთს თეორიულადაც კი არ შეუძლია ყველა ობიექტის დასაცავად ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის მინი-სისტემის მოწყობა, დაბალ სიმაღლეზე მფრენი უკრაინული კამიკაძე-დრონები კი შეუმჩნევლად შეფრინდებიან რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში 1 500-1 700 კმ-ზეც, რითაც რუსეთის მოქალაქეებს ყოველდღიურად აჩვევენ იმ აზრს, რომ ომი აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე გადავიდა.
კრემლში ძალზე უფრთხიან, რომ უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა სწორედ 9 მაისს არ მოინდომონ მოსკოვის წითელ მოედანზე "სტუმრობა", როდესაც იქ პუტინი გამარჯვების მე-80 წლისთავის საზეიმოდ პომპეზურ აღლუმს გამართავს. თავის დასაზღვევად პუტინმა 8-10 მაისი გამოაცხადა ცეცხლის დროებით შეწყვეტის პერიოდად, რაც უკრაინულმა მხარემ არ მიიღო და საპასუხო შეთავაზება გაასაჯაროვა - საბრძოლო მოქმედებები სამი კი არა, 30 დღით შევაჩეროთო, რაც კრემლისთვის მიუღებელია,. რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არ სურს თავის საოკუპაციო ძალებს დააკარგვინოს ის საბრძოლო ინიციატივა, რომელსაც ჯერ კიდევ ფლობენ უკრაინის ფრონტზე, თუმცა მათი შეტევების სიმძაფრე თანდათან ნელდება და შეიძლება სრულად გაქრეს, თუკი აშშ-მა უკრაინას მეტი შეიარაღება მიჰყიდა და ამის პარალელურად 50-40 აშშ დოლარამდე დაეცემა ნავთობის ფასი მსოფლიოს ბირჟებზე და ქვეყანა-"ბენზინკოლონკას" ფართომასშტაბიანი ომის გაგრძელების საშუალება მნიშვნელოვნად შეუმცირდება.