კრიმინალური ცხინვალი - ე.წ. პრეზიდენტის ძმის დაჯგუფება, მუქარა მახრჩობელა გველებით და ტრაგიკომიკური "მილიცია"
ცხინვალში, დე ფაქტო პრეზიდენტ გაგლოევის ძმის, ალიკის კრიმინალი მეგობრების ორგანიზებით კიდევ ერთი შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რასაც უკვე ერთი კვირაა აღშფოთებით განიხილავენ. დღისით შეიარაღებული პირები კაბინეტში შეუცვივდნენ ე.წ. საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ჩოჩიევს და სასტიკად სცემეს. ოპოზიციის განცხადებით, "რესპუბლიკაში" კრიმინალი აკონტროლებს ყველაფერს - ბიზნესს, მილიციას, გაგლოევის პოლიტიკურ ოპონენტებსაც. კრიმინალი მეხუთე ხელისუფლება გახდა. ტელეგრამარხებში წერენ, რომ დე ფაქტო სამართალდამცავი ორგანოები აგრძელებენ იმ დამნაშავეების "ძებნას", რომელთა სახელებიც ცხინვალში ყველამ იცის.
"სახელმწიფო მოხელეზე" თავდასხმის გამო იმავე დღეს ე.წ. შსს-მ სპეციალური ოპერაცია ჩაატარა და 11 პირი დააკავა, თუმცა აღმოჩნდა, რომ არც ერთი მათგანი თავდასხმის უშუალო მონაწილე არ არის, რის აღიარებამაც "სამინისტროს" მოუწია. როგორც ოსური ოპოზიციური ტელეგრამარხებში წერენ, მთელი ეს სპეცოპერაცია თვალთმაქცობაა, რადგან ყველამ იცის, რომ დამნაშავეები "პრეზიდენტის" ძმის, ალიკ გაგლოევის ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არიან. მათ შორის უკვე იდენტიფიცირებულიც არიან ხოხ გაბარაევი და ოლეგ ჯაბიევი (პემპო), ამ დროს კი მილიცია დიდი ხმაურით იჭერს ვიღაც 11 კაცს, ხოლო რეალური დამნაშავეების გვარებს არც კი ახსენებს.
ოსური მედიის ცნობით, თავდამსხმელებმა ალექსანდრ ჩოჩიევისგან მოითხოვეს, რომ მას ერთ-ერთ მებაჟე ოფიცერთან, ფატიმა გაბარაევასთან, კონტრაქტი გაეხანგრძლივებინა. შემდეგ სცემეს და მოკვლითაც დაემუქრნენ. ხმაურზე კაბინეტისკენ დაცვა გაიქცა და კონტრაქტის განახლება ვერ მოხერხდა.
კრიმინალური "დელეგაციის" წასვლის შემდეგ, ე.წ. შსს-მ სპეცოპერაცია "ჩაჭერა" გამოაცხადა, სადაც 100-ზე მეტი სამართალდამცავი მონაწილეობდა. დაიწყო რეიდები. დააკავეს 11 პირი. გაჩხრიკეს მათი სახლებიც და ამოიღეს იარაღები, საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი ნივთიერებები და ყალბი ავტომანქანის ნომრები. დე ფაქტო გენპროკურატურა აცხადებს, რომ თავდამსხმელებმა მიმალვა შეძლეს და "მათ გამოსავლენად გამოძიება მიმდინარეობს". ამის შემდეგ მთელი კვირის განმავლობაში იყო რეიდები გზებზე - ჩხრეკდნენ საეჭვო ავტომანქანებს, რომ "ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ტერიტორიის დატოვება ვერ მოეხერხებინათ".
როგორც ოპოზიციურ ტელეგრამარხებზე წერენ, აღმაშფოთებელია, ვითომ თავდამსხმელების ვინაობის დადგენაზე "მუშაობენ" მაშინ, როცა ინციდენტს თვითმხილველები ჰყავს, მათ შორის არიან ოფისის დაცვის თანამშრომლებიც. სახელების გასაჯაროებისგან თავის შეკავება აჩენს ეჭვს, რომ რეალურ დამნაშავეებს არავინ დაიჭერს, როგორც არაერთხელ მომხდარა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც, "პრეზიდენტის" ძმა, ალიკ გაგლოევი და მისი ახლო წრე პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებიან სისხლის სამართლის საქმეებს. ამ თავდასხმაში მონაწილე გაბარაევიც და ჯაბიევიც წარსულში არაერთ სს საქმეში არიან მხილებულები, თუმცა ე.წ. პრეზიდენტის ძმასთან მეგობრობის გამო მართლმსაჯულებას თავს აღწევენ.
ადგილობრივებმა გაიხსენეს გასულ ზაფხულს ხმაურიანი განგსტერული გარჩევაც, როდესაც ცხინვალის ცენტრში, მე-12 სკოლის წინ, "პრეზიდენტის" ძმამ ალიკმა და მისმა თანამებრძოლებმა, მათ შორის ოლეგ ჯაბიევმა და ხოხ გაბარაევმა, ესროლეს ძმებ კაბისოვებს, რომლებიც ე.წ. ექსპრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის თანამოაზრეები არიან. მაშინ დაიწერა, რომ გაბარაევმა დაახალა ძმებს ტყვია, ხოლო "პრეზიდენტის" ძმამ მშვიდად და აუჩქარებლად აკრიფა ასფალტიდან ნასროლი ტყვიის ჰილზები. დაჭრილი კაბისოვები საშუალო სიმძიმის ჭრილობებით გადარჩნენ და სამკურნალოდ ვლადიკავკაზში გაგზავნეს. მათ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს. მაშინ ეს გახმაურებული საქმე "პრეზიდენტმა" გაგლოევმა პირად კონტროლზე აიყვანა და ტელეეთერში განაცხადა, რომ მისი მტკიცე განზრახვაა აღადგინოს კანონიერება და ე.წ. უსაფრთხოების ძალებს გამოძიების ჩატარება და დამნაშავეების პოვნა დაავალა. გაგლოევის ეს განცხადება მოსახლეობას სასაცილოდაც არ ეყო, რადგანაც ინციდენტი მრავალსართულიანი შენობების ფანჯრებქვეშ, დღისით მოხდა. ცხინვალელები ყველა მონაწილეს იცნობენ, გვარებსაც ასახელებენ, მათ შორის "პრეზიდენტის" ძმასაც და დასადგენი არც არაფერი იყო.
გაბარაევისა და ჯაბიევის სახელები სხვა გახმაურებულ დანაშაულსაც უკავშირდება. ანატოლი ბიბილოვის "პრეზიდენტობისას", 2021 წლის დეკემბერში, ხოხ გაბარაევმა და ოლეგ ჯაბიევმა ორგანიზება გაუწიეს ბიზნესმენ ვლადისლავ ვალიევის გატაცებას. სძალავდნენ ფულს და აწამებდნენ (მათ შორის, ზოგიერთი წყაროს ცნობით, ეგზოტიკური მახრჩობელა გველი ბოას გამოყენებითაც).
2022 წლის მაისში ვალიევი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში მოათავსეს და ამის შემდგ საქმე მკვლელობის ორგანიზების მუხლით აღიძრა. უკვე გაგლოევის "გაპრეზიდენტებისას" ეჭვმიტანილი გაბარაევი და ჯაბიევი მილიციას "საკუთარი ნებით" ჩაბარდნენ. სასამართლომ გამტაცებლებს მხოლოდ 8 წლით პირობითი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც ამბობენ, სერიოზული დანაშაულისთვის პირობითი სასჯელის მიღების შემდეგ ოსურმა მილიციამ "დაივიწყა", როგორ გამოიყურებიან ისინი და უარს ამბობს დაუჯეროს ყველას, ვინც მორიგი კრიმინალური სკანდალის დროს მათ იდენტიფიცირებას ახდენს.
ოპოზიციური ტელეგრამარხები წერენ, რომ ცხინვალში კრიმინალური განუკითხაობა პირდაპირ კავშირშია "პრეზიდენტ" გაგლოევთან და კრიმინალები ზეწოლას ახდენენ ძალოვან უწყებებზეც, ბიზნესზეც და გაგლოევის პოლიტიკურ ოპონენტებზეც, ახლა კი ალიკ გაგლოევის კრიმინალური ჯგუფი საბაჟოსაც მისწვდა. როგორც დაიწერა, დიდი ბრძოლაა გაჩაღებული საბაჟოში გავლენის გადანაწილების გამო.
როგორც "ეხო კავკაზაზე" ერთ-ერთი ჟურნალისტი წერს, საბაჟო კომიტეტი ყველაზე მიმზიდველ "სამთავრობო" უწყებად ითვლება. იქ ბევრი "გემრიელი ლუკმაა", უცხოელი ავტოდილერებისთვის ფულის გამოძალვით დაწყებული, დამთავრებული კონტრაბანდული ტრაფიკით. ამიტომაც საბაჟო კომიტეტზე კონტროლისთვის თავად გაგლოევის გარემოცვაშიც სხვადასხვა ჯგუფს შორის მუდმივი ბრძოლაა. ბოლო თვეებში საბაჟო კონტროლისთვის იბრძვის გაგლოევის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალან ალბოროვიც, რომელიც ამ შემოსავლიან თანამდებობაზე მოქმედი ხელმძღვანელის, ალექსანდრ ჩოჩიევის ჩანაცვლებას ვინმე რუდოლფ ბიტიევით ცდილობს. როგორც ითქვა, ალბოროვმა ჩოჩიევს გადადგომაც მოსთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. მეტიც, ჩოჩიევმა კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ სამსახურიდან გაუშვა საბაჟოს ინსპექტორი ფატიმა გაბარაევა, რომელიც ალბოროვი-ბიტიევის ბანაკს ეკუთვნის. შემდეგ ფატიმა გაბარაევამ დახმარებისთვის "პრეზიდენტის" კრიმინალი ძმის კრიმინალ მეგობარს, ხოხ გაბარაევს მიმართა - ისინი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ და ხოხ გაბარაევმაც გადაწყვიტა, დახმარებოდა. ოსი ჟურნალისტის თქმით, ორი პრობლემა გადაიკვეთა - გათავისუფლებული თანამშრომლის თხოვნა და კონტრაბანდულ სქემებზე ვერშეთანხმება და "ჭკუის სასწავლებლად" დაიგეგმა ჩოჩიევის ცემაც.
"ცხინვალში ერთმანეთს დაეჯახა კრიმინალი და კორუფცია"
პაატა ზაქარეიშვილი, შერიგების საკითხების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი: - ცხინვალში დიდი კორუფციაა და ე.წ. საბაჟოს ხელმძღვანელი ჩოჩიევიც კორუმპირებულად ითვლება. არის კრიმინალური ჯგუფი "პრეზიდენტ" გაგლოევის ძმის ხელმძღვანელობითაც და მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის კორუფციული სქემები, რასაც მათ ჩოჩიევი სთავაზობდა საქონლის გადმოტანისა და ცხინვალში გასაღების სანაცვლოდ. ჩოჩიევი თავისი კორუფციული მოთხოვნებით ამ კრიმინალურ დაჯგუფებას ხელს უშლიდა, ამიტომ მისთვის "ჭკუის სწავლება" გადაწყვიტეს. როგორც ოსები ამბობენ, ჩოჩიევს რომელიღაც დოკუმენტზე ხელის მოწერას აიძულებდნენ, ჩოჩიევმა სანაცვლოდ ფული მოითხოვა, რაც კრიმინალებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და სცემეს. იარაღით დაადგნენ თავზე, თუმცა არ დაუცხრილავთ. ხალხისთვის ჩოჩიევის კორუმპირებულობა მიუღებელია, მაგრამ ასეთ კორუფციას აწყდებიან მხოლოდ ბიზნესმენები, რომელთაც პროდუქტების მსხვილი პარტია გადააქვთ საბაჟოზე, გაგლოევის კრიმინალური ბანდა კი ბევრად შემაშფოთებელია. ერთმანეთს დაეჯახა კრიმინალი და კორუფცია. ეს სასაცილოა, რადგან, როგორც წესი, კრიმინალი კორუფციასთან პოულობს საერთო ენას, თუმცა ამჯერად კრიმინალმა მოინდომა კორუფციის აღმოფხვრა და რაც არ უნდა უცნაური იყოს, საზოგადოება მაინც კორუფციონერის მხარეს დადგა, რაც პოლიტიკურ დემარშში გადაიზარდა და "პრეზიდენტი" გაგლოევი იძულებული გახდა სპეციალური საპოლიციო რეიდის ჩატარების ნებართვა გაეცა. 11 კაცი დააპატიმრეს, ვითომდა ვიღაცებს ჯერ კიდევ ეძებენ.
- ვინ არის ალიკ გაგლოევი?
- ის ცნობილი კრიმინალია, ციხეში იჯდა, როცა დე ფაქტო პრეზიდენტი გახდა ალან გაგლოევი, და ძმამ გამოუშვა ის ციხიდან. გამოვიდა თუ არა, თავისი წესების დამყარება დაიწყო, აღადგინა კრიმინალური ბანდა და სიტუაციის მართვა დაიწყო - ბიზნესის რეკეტი და მოწინააღმდეგეების შანტაჟირება და ცემა. მას ყველაფრის უფლება აქვს. შეიძლება გაგლოევს მისი ქმედებებიდან ყველაფერი არ სიამოვნებს, მაგრამ ფაქტია, ხელს ვერ უშლის. ამ დღეებში ძმის დაჯგუფების თავხედობამ კულმინაციას მიაღწია და მგონი, გაგლოევს მოუწევს ადგილზე დასვას ძმა. თუმცა ეჭვი მეპარება, ცხინვალში კრიმინალის, ან კორუფციის აღმოფხვრა მოხერხდეს. ჯერ ერთი, კრიმინალური სამყარო რუსეთის ტერიტორიაზე ეფექტურად მოქმედებს. მეორეც, რუსეთში, განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიაში, კორუფცია ძალიან ძლიერია, ცხინვალი კი პირდაპირ მიბმულია ჩრდილო კავკასიის რეგიონს.
- აქვს თუ არა ოსურ კონტრაბანდას კავშირი არაოკუპირებულ საქართველოსთან?
- თავად ოსები ამბობენ, რომ კონტრაბანდა ქართულ მხარესთანაა გადაბმული. კონტრაბანდა ძირითადად გაგლოევის ძმის ჯგუფის ხელშია. საუბარია უმეტესად სიგარეტებზე, ასევე ნავთობზე, ავტომანქანებზე. როგორც ოსები ამბობენ, კარგად შეკრული სქემაა ცხინვალი, პირობითად თბილისი და ვლადიკავკაზი, ან პირიქით. ეს სამკუთხედი ეფექტურად მუშაობს, რათა თავი აარიდონ ვალდებულებების გადახდას. არის კონტრაბანდული საქონელი, რომელიც საქართველოს საშუალებით უცხოეთში გადის - სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში. რუსეთიდან წამოსული ტვირთი, რომელიც იოლად შემოდის ცხინვალის რეგიონში, შემდეგ იოლად გადმოდის დანარჩენ საქართველოში, შემდეგ კი ქართულ ჯგუფებს უცხოეთში გააქვთ. უამრავი ტვირთია, შეიძლება ნარკოტიკებიც იყოს. როდესაც რუსეთიდან ტვირთი შემოდის, მან ლარსის საბაჟო უნდა გამოიაროს, სადაც მკაცრი კონტროლია საქართველოს ტერიტორიაზე, სამაგიეროდ, მკაცრი კონტროლი არ არის ცხინვალის რეგიონსა და რუსეთს შორის. შესაბამისად, საქონელი შემოაქვთ ჯერ ცხინვალში და შემდეგ ცხინვალიდან თბილისში ჩამოტანას რაღა უნდა, მორღვეულია მთელი საოკუპაციო ხაზი. ამაში ჩართული არიან რუსი მესაზღვრეებიც. ყველაზე პოპულარული სიგარეტების კონტრაბანდაა. ცხინვალიდან იაფი სიგარეტი შემოაქვთ დანარჩენ საქართველოში. ასევე არის მოსაზრება, რომ ვინაიდან სანქციების გვერდის ავლით რუსეთში სჭირდებათ მანქანები, საქართველოდან ცხინვალში შედის, იქიდან ვლადიკავკაზში და შემდეგ რუსეთში. ზუსტად რა პროდუქტი გადააქვთ და რა სქემებია, არ ვიცი. ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა და არაფერს ვამტკიცებ.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა, შეერთებოდა ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ამიტომ მათი სინდისი "სუფთაა". ასე რომ, საქართველო აკრძალულ ეკონომიკას ხელს უწყობს. მდინარაძემ რამდენჯერმე თქვა, არ მივუერთდებით საერთაშორისო სანქციებსო, ამიტომ ხაზი თბილისი-ცხინვალი-ვლადიკავკაზი უფრო სანდოა, რათა არ ჩანდეს, რა გადის.
- ოკუპირებულ ტერიტორიასთან ვაჭრობა, "ოკუპაციის შესახებ" კანონს როგორ ესადაგება?
- ყოველთვის ასე იყო, ახალი არაფერია. არიან ჯგუფები ენგურზეც და აქეთაც. მათ ყოველთვის ჰქონდათ ურთიერთობა.
ეკატერინე ბასილაია