დაუდევრობა თუ განზრახ გაჩენილი ხანძარი?! - კვირის პალიტრა

დაუდევრობა თუ განზრახ გაჩენილი ხანძარი?!

ე.წ. ბორჯომის ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა მოვაჭრეებს ქონება გაუნადგურა. ცეცხლი დილის ექვს საათზე, კლინიკა "ჰელსიკორის" მხრიდან გაჩნდა და მთელ სიგრძეზე­ თანაბრად მოედო 15 000 კვმ ფართობზე განთავსებულ მაღაზიებსა და დახლებს. დაზარალებულებს არა აქვთ მთავარ კითხვაზე პასუხი, რამ გამოიწვია ხანძარი,­ ან ვინ აუნაზღაურებს მათ უზარმაზარ ზარალს. არც ის არის ცნობილი, შენობა დასანგრევია­ თუ შესაძლებელია მისი გარემ­ონტება. ეს ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გაირკვევა. რამდენიმე მოვაჭრე თბილისის მერის მოადგილეს შეხვდა, იმედი აქვთ, რომ ხელისუფლება­ ალტერნატიული სავაჭრო ფართის მოძიებაში და ფინანსურად დაეხმარება. ისინი შენობის ადმინისტრაციისგანაც­ ითხოვენ ზარალის ანაზღაურებას.

სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა­ არ არის, როცა ბაზრობებზე ხანძარი ჩნდება.­ ამჟამად დაზარალებულთა დიდ ნაწილს წლების წინაც ,,ბავშვთა­ სამყაროს" ტერიტორიაზე გაჩენილმა­ ხანძარმა გაუნადგურა­ ქონება და თითოეულს მხოლოდ ერთჯერადი კომპენსაცია, 3.000 ლარი მისცეს. იმ დღიდან იბრძვიან სასამარ­თლოში და როგორც ამბობენ, დავა ახლაც გრძელდება... ბაზრობის ტერიტორიის მესაკუთრე რკინიგზის ცენტრალური ვაგზალია. სააქციო საზოგადოება "თბილისი ცენტრალი" "ლელოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 49-წლიანი იჯარით აქვთ აღებული. 2021 წლიდან ბორჯომის ბაზრობას კომპანია შპს "ბაქანი" ამუშავებს­. "თბილისი ცენტრალის" ადმინისტრა­ციის განცხადებით, უსაფრთხოების ნორმების დაცვას შპს "ბაქანი" უზრუნველყოფდა... ერთი ვერსიით, ხანძარი ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა. თუმცა შენობის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ელექტროგაყვანილობა გამართული იყო, ღამით ითიშე­ბოდა,­ ჩართული იყო მხოლოდ საკონტროლო ნათურები.

შპს "ბაქანის" დირექტორი თორნიკე წერეთელი: "ახლაც გამოკითხვაზე ვარ პოლიციაში. ჯერ ვერაფერს გეტყვით, ვერც ვერსიებზე ვისაუბრებ. ჩატარდება ექსპერტიზა და გაირკვევა ხანძრის მიზეზი.

- იყო თუ არა დაზღვეული იქაურობა?

- დაზღვეული ვართ, რაღაც საბუთები­ იყო მოსაგვარებელი... ქონება არა, დაზღვეული არიან მოიჯარეები, 300 მოვაჭრე­.

- ამოწმებდით თუ არა შენობის უსაფ­რთ­ხოებას, ჰქონდათ თუ არა ხელშეკრულება­ მოვაჭრეებს და არის თუ არა "ბაქანი" პასუხი­სმგებელი ზარალის ანაზღაურებაზე?

- პერიოდულად გვამოწმებდნენ, შენიშვნები ჰქონდათ და ვასწორებდით. რა თქმა უნდა, ვინც ჩვენთან მუშაობდა, ხელშეკრულებები ოფიციალურად გაფორმებული აქვთ. დაველოდოთ გამოძიების პასუხს...

რუსუდან წოწონავასა და კიდევ რამდენიმე მოვაჭრეს მესამედ დაეწვათ ქონება.­

- მე და ჩემი ვაჟი სპორტული ფეხსა­ცმლით ვვაჭრობდით, ყველაფერი ვალით გვქონდა აღებული და ნელ-ნელა ვისტუმრებთ. 300.000 ლარის ღირებულების საუკეთესო საქონელი გვქონდა. ოთხი ადგილი და უზარმაზარი საწყობი მქონდა აღებული. "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის დროს ორჯერ დამეწვა საქონელი, ახლა მესამედ, ამხელა თანხის ქონება გამინადგურდა. ხუთი კაცი შეხვდა მერის მოადგილეს და უთქვამთ, სიები მოგვიტანეთ და დაგეხმარებით, რაც შეგვიძლიაო. მთავრობის დახმარების იმედი­ გვაქვს. დაზღვევა არ გვქონდა, ნორმალური ადამიანი ასეთ ბაზრობაზე მომუშავეს არ დაგიზღვევს ქონებას. დიახ, შენობაში ელექტროგაყვანილობა გამოცვალეს. რამ გამოიწვია ხანძარი, არავინ იცის. ისე, წელს სამჯერ გაჩნდა ცეცხლი და სამივეჯერ ჩვენი ძალებით ჩავაქრეთ. მგონი, ქვედა მაღაზიებიდან დაიწყო ცეცხლი. ეს რომ ვინმემ შეგნებულად გააკეთა, ამას არც განვიხილავ, არ მინდა დავიჯერო. ჯერ ადმინისტრაციას ნორმალურად ვერც დაველაპარაკეთ, ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან.

- ხელშეკრულებები ხომ გაქვთ დადებული­ ადმინისტრაციასთან? ვალდებული არიან თუ არა აგინაზღაურონ ზარალი?

- არც დავინტერესებულვარ ხელშეკრულებით, რადგან ვიცი, არაფერს ასრულებენ. 2017 წლის ზარალიც არავის აუნაზღაურებია, დღესაც სასამართლოშია საქმე... აღებულ ადგილებში სოლიდურ თანხას ვიხდიდი, მაგალითად, საწყობში 2.000 ლარს, მაგრამ ვმუშაობდით, ვისტუმრებდით საქონლის ფულსაც, გადასახადებსაც ვიხდიდით და ოჯახსაც ვარჩენდით.

- როგორც თქვით, ამ წელს ხანძარი სამჯერ გაჩნდა. მიზეზი რა იყო?

- დაუდევრობა. სანთლის ალი წაეკიდა­ კაბას. ყველამ ვიყოჩაღეთ, თორემ ხუთ წუთში­ ცეცხლი უმართავი გახდებოდა. ვფიქრობ, ცეცხლი იმიტომ გავრცელდა,­ რომ ქვედა სართულზე ქიმიური საშუალე­ბების მაღაზიები იყო და იქაურმა საქონელმა ცეცხლი გააძლიერა. საავადმყოფოების მხრიდან იწყება კერა. როგორც ვიცით, იქაც იყო ქიმიური საქონლის მაღაზიები. მეხანძრეები ცდილობდნენ კლინიკებზე არ გადასულიყო ცეცხლი, რადგან იქ ჟანგბადის ბალონებია და რომ არ დაეცვათ, უბედურება დატრიალდებოდა. იმედია, დროულად გამოინახება ალტერნატიული ფართობი და ზარალსაც აგვინაზღაურებენ.

მზია ბუაჩიძე, ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ფლობს სავაჭრო ფართსაც:

- მერიაში ირაკლი ხმალაძეს შევხვდით. გვითხრა, თუ რამე შეგვეძლება, თქვენ გვერდით ვიქნებითო. დაახლოებით 350 კაცი დავზარალდით. დაზღვევაც გვაქვს, მაგრამ არა ფიზიკური პირების, ბაზრობაა დაზღვეული. ელექტროგაყვანილობა გამართული იყო, ღამით მთლიანად ითიშებოდა, მხოლოდ­ საკონტროლო შუქი ენთო. რომც დარჩენილიყო დენი, ავტომატი­ ამოაგდებდა. კლინიკა "ჰელსიკორის" მხრიდან წამოსულა ცეცხლი. გამვლელებს გაუგონიათ აფეთქებისმაგვარი ხმა და მერე სწრაფად აალებულა ყველაფერი...

მოვაჭრეების ნაწილი ამბობს, რომ ხანძარი ხელოვნურად გაჩნდა. ზოგიერთის თქმით, მათი ქონება გატანილია. ხანძრის მეორე დღეს დაზარალებულები­ საწყობებში­ შესვლას ითხოვდნენ გადარჩენილი საქონლის გამოსატანად, მაგრამ ამის საშუალებას­ ჯერ არ აძლევს პოლიცია, რადგან იქ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მოვაჭრეების ნაწილი­ ეჭვობს, რომ გადარჩენ­ილი საქონელი მოპარულია. "ყუთები ცარიელი­ ვნახეთ, ამაში რომ იდო ფეხსაცმე­ლები, სად წავიდა? ჩემი საქონლის ფერფლი დამანახეთ, რატომ გაზიდეთ მანამდე, სანამ დაიწვებოდა...", - აღშფოთებული იყო ერთ-ერთი მოვაჭრე.

„თუ კერა ერთი იყო, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ცეცხლი განზრახ არ გაუჩენიათ“

ხანძრის შემდეგ სოცქსელში გავრცელდა­ თბილისის მერიის ახალი სატრანსპორტო პროექტის შესახებ ინფორმაცია - თბილისის მერია სადგურის მოედნისა და დადიანის გამზირის ერთმანეთთან ხიდით დაკავშირებას აპირებს. დოკუმენტაციის შედგენაზე უკვე გამოცხადდა 2.5 მილიონი ლარის ტენდერი. გეგმით, სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ორზოლიანმა ხიდმა­ უნდა დააკავშიროს ერთმანეთს, რომელიც პიკის საათებში ყველა ტრანსპორტისთვის ჩაიკეტება, გარდა საზოგადოებრივისა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი ხელს მერიისკენ იშვერს და ფიქრობს, რომ ეს ტერიტორია ვიღაცებს სჭირდებათ, მერიაში კი ამბობენ, რომ გზა ფოსტის შენობასა და "თბილისი ცენტრალს" შორის უნდა გაკეთდეს, რაც რამდენიმე მეტრითაა დაშორებული დამწვარ ბაზრობას... შეძლებს­ თუ არა ექსპერტიზა ხანძრის მიზეზის დადგენას, ამ საკითხზე ვესაუბრეთ შრომის უსაფრთხოების მთავარ სპეციალისტს ალეკო რეკვავას:

- იმისათვის, რომ გაირკვეს მიზეზი, უნდა დადგინდეს ხანძრის კერა. თუ კერა ერთი იყო, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ცეცხლი განზრახ არ გაუჩენიათ. მე ამ შემთხვევას უფრო დაუდევრობას მივაკუთვნებდი, ვინაიდან ეს იყო ქაოსურად შექმნილი ბაზრობა, პროექტი არც ყოფილა. არც არავინ ამოწმებდა, დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები. როგორც წესი, იყენებდნენ არასტანდარტულ ელექტროსამეურნეო საშუალებებს და წვადი მასალითაც ძალიან გადატვირთული იყო. რატომ არ არის შემოწმება, ეს უკვე მეორე საკითხია. 2004 წლამდე არსებობდა ორი მიმართულების სახელმწიფო სამსახური - ზედამხედველობა და ხანძრის ქრობა. ალბათ, გახსოვთ, 2004 წელს რომ გამოცხადდა ბრძოლა კორუფციასთან, ზედამხედველობის სამსახური გაუქმდა და ამას მოჰყვა არაერთი უბედურება: ყოველ წელს მატულობდა ხანძრების რაოდენობა, მსხვერპლი, ნგრევა. 2017 წელს ეს სამსახური­ აღდგა და დღეს იქ 90 კაცი მუშაობს, რაც არ არის საკმარისი სათანადო ზედამხედველობის გასაწევად. პრობლემა ისიც არის, რომ სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს, არ მზადდებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალისტები. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველოში კოლეჯი გაიხსნა სახანძრო უსაფრთხოების სპეციალისტების მოსამზადებლად. შემდეგ პოლიციის აკადემი­აში დაარსდა ტექნიკური ფაკულტეტი, რომელიც 2004 წლამდე სახანძრო უსაფრთხოების ინჟინერ-იურისტებს ამზადებდა. მაშინ საკითხიც კი იდგა, რომ სომეხი და აზერბაიჯანელი კოლეგები ჩვენს აკადემიაში მომზადებულიყვნენ, მაგრამ მერე ფაკულტეტი გაუქმდა. სამაგიეროდ, უკვე ბაქოსა და ერევანში აქვთ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს აკადემია.

- ბაზრობის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ელექტროგაყვანილობა გამართული იყო, ღამით ყველგან გათიშული იყო შუქი. თუ ასეა, ელექტროენერგია გამოირიცხება?

- ნამდვილად გათიშული იყო თუ არა, ესეც დასადგენია. იქნებ იმ საღამოს დაავიწყდა ვიღაცას გათიშვა. იქნებ სხვა მიზეზიცაა, ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს: როგორ გავრცელდა ხანძარი, რამ შეუწყო ხელი გავრცელებას, როგორი იყო ცეცხლის ხაზობრივი სიჩქარე, პირველად რა იწვოდა და სად. ამბობენ, თითქოს იქ ვიღაცას 25-სართულიანი სახლის აშენება უნდა. ეს ხომ აბსურდია! როგორ შეიძლება მეტროპოლიტენის ზემოდან 25-სართულიანი ]კორპუსის დადგმა? ან როგორ შეიძლება რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე ისეთი ნაგებობა აშენდეს, როდესაც გვერდით ზოგჯერ 60-70-ცისტერნიანი შემადგენლობა გადის. მე მაინც ვფიქრობ, უხეშად დაარღვიეს სახანძრო უსაფრთხოების წესები.

- ეს ხომ არ არის პირველი­ შემთხვევა,­ დაიწვა "ბავშვთა სამყარო", სხვა ბაზრობებიც.

- "ბავშვთა სამყაროს" ხანძარი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ბრალი­ იყო. შენობის მეორე სართულზე სამშენებლო კონსტრუქცია მოხსნეს და მის ნაცვლად ჩასმული იყო შუშის ვიტრაჟი, რამაც ხელი შეუწყო ხანძრის გავრცელებას შიგ შენობაში, ბუხრის ეფექტი შეიქმნა და ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. ამას დაემატა ისიც, რომ შენობაში მუშაობდნენ ოქრომჭედლები, რომლებიც იყენებდნენ სპეციალურ ადვილად აალებად სითხეს, მარაგად 10, 15 და 20-ლიტრიანი კანისტრებით ედგათ.

უსაფრთხოების საკითხების მოგვარება ობიექტის ხელმძღვანელის ვალდებულებაა. 2017 წელს აღდგა ლიკვიდირებული ზედამხედველობის სამსახური, ისიც მცირე შემადგენლობით და შეუძლებელი იყო იმ სამსახურს შეემოწმებინა ის ობიექტი...

- რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ?

- მაქსიმალურად უნდა გაზარდოს სამსახურის საშტატო ერთეული. შეუძლებელია 90-კაციანმა ჯგუფმა შეძლოს რეგიონების გაკონტროლებაც. საჭიროა კომპეტენტური თანამშრომლები. ამისთვის კი უნდა შეიქმნას სასწავლო დაწესებულება. ეს უნდა გაკეთდეს სამთავრობო დონეზე.