„ჰამლეტ გონაშვილის შემდეგ ეს სიმღერა ასე არავის შეუსრულებიაო, რომ თქვეს, სიხარულისგან არ ვიცოდი რა მექნა“
"აზერბაიჯანელი მუსიკოსის ქართულად ნამღერმა ქართველები აატირა". "ჰამლეტ გონაშვილის შემდეგ ამ სიმღერის ასეთი შესრულება არ მომისმენია", "ეს ხმა საიდან მოდიოდა?! რა საოცრება იყო..." - ასეთი შეფასებები მოჰყვა პროექტ "ხალხურში" 24 წლის შაბან მამედოვის მიერ„"დაიგვიანეს" შესრულებას. თბილი შეფასებებით სასიამოვნოდ გაოცებულია თავად შემსრულებელი, ამბობს, რომ ასეთ გამოხმაურებას არ ელოდა, რომ მის წარმატებაში უდიდესი წვლილი ანსამბლ "შავნაბადას" მიუძღვის. "ორმაგად ბედნიერი ვარ, ჩემი ღვთაების, ჰამლეტ გონაშვილის სიმღერა ახლა მე რომ შევასრულე, საზოგადოებას კი ასე მოეწონა. ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ", - ამბობს შაბან მამედოვი და ქართული სიმღერისადმი დამოკიდებულებაზე, მიზნებსა და გეგმებზე ვრცლად გვესაუბრება.
- განათლების მისაღებად მშობლებმა ჯანდარის სკოლაში მიმიყვანეს. ძალიან მალე სკოლის დირექტორმა მშობლებს ურჩია, რომ თბილისში, უსინათლო და მცირე მხედველთა საჯარო სკოლაში მივეყვანე. სწორედ იქ მივიღე განათლება და ქართულიც ვისწავლე. ვფიქრობ, კარგად უნდა იცოდე სახელმწიფო ენა. ქართული აზერბაიჯანულ სკოლებშიც ისწავლება, მაგრამ ყველაზე კარგად სახელმწიფო ენის შესწავლა ქართულ სკოლაშია შესაძლებელი. რაც შეეხება მუსიკას, ის ჩემს ცხოვრებაში გაცილებით ადრე შემოვიდა, ვიდრე საუბარს დავიწყებდი.
7 თვისას ექიმების დაუდევრობის გამო სეფსისი განმივითარდა, 9 თვის ვიყავი, როცა პირველი ოპერაცია გამიკეთეს და მხედველობა დავკარგე. როგორც ჩანს, ამის შემდეგ სმენით ვცდილობდი სამყაროს აღქმას. ჩემთვის ყველაფერი მუსიკა იყო: ადამიანების საუბარი, ჩიტების ჭიკჭიკი, ფოთლების შრიალი, ქარისა და წვიმის ხმა... ყველაფერს გულისყურით ვუსმენდი და ვუკვირდებოდი, მელოდიას ვეძებდი. პირველ კლასში ვიყავი, დამრიგებელმა ჰამლეტ გონაშვილის "მზეო თიბათვისა" რომ მომასმენინა და ჩამეძინა. მას შემდეგ ხშირად მესიზმრებოდა, ეს სიმღერა ძილში მესმოდა ხოლმე. მუდმივად იმის სწრაფვაში ვიყავი, რომ მსგავსი მელოდია მომესმინა. წერა-კითხვა რომ ვისწავლე, ვცდილობდი, რაიმე ინფორმაცია მომეძიებინა მის შესახებ.
6 წლისამ სათამაშო კლავიშებიან ინსტრუმენტზე მელოდიის აწყობა დავიწყე. მშობლებმა ეს ინტერესი შემამჩნიეს და მითხრეს, თუ მსურდა სიმღერას მივყოლოდი, ნამდვილ ციფრულ ფორტეპიანოს მიყიდდნენ და მუსიკის პედაგოგთანაც მიმიყვანდნენ. მათ სიტყვა შეასრულეს და ასე დაიწყო ჩემი მუსიკალური კარიერა. მარნეულის კულტურის ცენტრში ამირან ნასყიდაშვილთან მიმიყვანეს, ის იყო ჩემი პირველი პედაგოგი. მისი დამსახურებით გავედი პირველად სცენაზე. მერე ბათუმის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე უმაღლესი პრიზი, გრან-პრი ავიღე. პროექტი "ხალხურის" შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორისგან გავიგე. მითხრა, რომ ბოლნისში საექსპედიციო ტური იმართებოდა. გავედი და პირველი ტურის მონაწილეებს შორის მოვხვდი... ამის შემდეგ მიზნად დავისახე,„"დაიგვიანეს" მემღერა.
გონაშვილის ეს სიმღერა ბევრს აქვს ნამღერი, მაგრამ მე მქონდა განცდა, რომ ჰამლეტისეული ხაზი დაკარგული იყო. სწორედ მისი აღდგენა მინდოდა. ამ სიმღერას ბევრი მელიზმატიკა არ უხდება. კომენტარებში რომ წავიკითხე, ჰამლეტ გონაშვილის შემდეგ ეს სიმღერა ასე არავის შეუსრულებიაო, სიხარულისგან არ ვიცოდი რა მექნა. ჩემი მიზანია, მაქსიმალურად ვაცოცხლო ჰამლეტ გონაშვილი. თუ შეიძლება მუსიკაში ვინმე გავაღმერთო, სწორედ ეს ადამიანია...
- ქართული ჩოხა თქვენთვის რას ნიშნავს?
- ჩოხა ძალიან მიყვარს, განსხვავებულ ენერგიას მაძლევს. ახლა მხოლოდ იმიტომ არ ჩამიცვამს, რომ ქართულ ხალხურ სიმღერას ვასრულებდი, შარშან საფრანგეთში კონკურსზეც ჩოხით გამოვედი. ამის ინსპირაციაც ჰამლეტმა მომცა. რაც არ უნდა ვთქვა ან გავაკეთო, ბოლოს მაინც მასთან მივდივარ.
- ალბათ, ქართულ ლიტერატურასა და ისტორიაშიც კარგად ერკვევით.
- რა თქმა უნდა. ინტროვერტი ვარ, ჩემთვის განმარტოება და კითხვა მიყვარს. ტექსტს ბრაილის შრიფტით ვკითხულობ. ხმოვან წიგნებსაც ვუსმენ.
- ალბათ, საყვარელი ავტორიც გყავთ.
- ნოდარ დუმბაძეზე ვგიჟდები, "მე ვხედავ მზეს" რამდენჯერმე მაქვს წაკითხული. "თეთრ ბაირაღებს" წელიწადში ორჯერ ვკითხულობ. "მე ბებია, ილიკო და ილარიონიც" რამდენჯერმე მაქვს წაკითხული. რევაზ ინანიშვილის ნაწარმოებებიც მომწონს, ვაჟა-ფშაველა, განსაკუთრებით მისი "სტუმარ-მასპინძელი" ჩემს გონებაში არაერთხელ მაქვს გაცოცხლებული, მაგრამ დუმბაძე ჩემთვის მაინც შეუდარებელია.
- ბოლო პერიოდში თითქოს აზერბაიჯანელები ქართველებთან უფრო აქტიურად ადაპტირდებიან.
- ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს საუკუნეების განმავლობაში გვქონდა ძმური კავშირი. უბრალოდ, საბჭოთა დროს თითქოს დაირღვა, მაშინ ისტორიასაც სხვაგვარად გვასწავლიდნენ და ენობრივი ბარიერი ხელოვნურად შეგვიქმნეს. მას შემდეგ ქართული ერთადერთ სახელმწიფო ენად იქცა და საქართველოს ხელისუფლებამ სათანადო ყურადღება მოგვაქცია, ძველი ურთიერთობა ისევ აღდგა. მე როგორც აზერბაიჯანელი თემის წარმომადგენელი ძალიან დიდ მხარდაჭერას და თანადგომას ვხედავ როგორც სახელმწიფოს, ასევე ქართველი ხალხისგან.
ქართველებს ისე შეუძლიათ მიგიღონ, როგორც სისხლისმიერი ნათესავი. მერე შენც ისეთი განწყობა გაქვს, თითქოს ამ სიყვარულის ვალი გაქვს.
- თქვენი ოჯახის წევრებმა თუ იციან ქართული?
- მშობლები და ორი უფროსი და მყავს. ჩემთვის ოჯახის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ამის ნაკლებობა არასდროს მიგრძნია. ჩემი ოჯახის წევრებმა ქართული კარგად იციან, მამა სამხედრო იყო და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ენის კარგად ცოდნა მისთვის აუცილებელი იყო. სხვათა შორის, დედას კარგი ხმა აქვს, ბაბუა კი გარმონზე უკრავდა.
- სიმღერისა და წიგნების კითხვის გარდა, კიდევ რა არის თქვენი ინტერესის საგანი?
- გახმოვანების კურსებზე დავდიოდი და ვახმოვანებდი კიდეც ფილმებს, მაგრამ მერე ამ საქმეს თავი დავანებე, დიდი ტექსტების დამახსოვრება დიდ ძალისხმევას მოითხოვდა.
- შაბან, სამყარო როგორ გაქვთ წარმოდგენილი?
- შავ-თეთრად.
- სიმღერას თუ აქვს ფერი?
- კი, სიმღერა ფერადია...
ხათუნა ბახტურიძე