"ჩემი ახალგაზრდობის თბილისი მენატრება, საოცარი მეზობლობა, მოკითხვები გვქონდა... სად წავიდა ეს ყველაფერი?" - კვირის პალიტრა

"ჩემი ახალგაზრდობის თბილისი მენატრება, საოცარი მეზობლობა, მოკითხვები გვქონდა... სად წავიდა ეს ყველაფერი?"

"რუსთაველზე რომ ჩავივლი, ჩემი ვარსკვლავისკენ სულ თვალს ვაპარებ, ისეთი ვარსკვლავების გვერდით ვარ, უკეთესი რა უნდა ინატრო", - ამბობს მსახიობი ნანული სარაჯიშვილი. ის ახლა ახალი როლის შესასრულებლად ემზადება, გვიმხელს, რომ საინტერესო პერსონაჟის თამაში უწევს,­ თუმცა დეტალების გათქმის უფლება არა აქვს. რისი ეშინია ყველაზე მეტად, რას ნანობს, რა არის მისი ყველაზე დიდი სისუსტე და რის გამო იღებს საყვედურებს? - ამ ყველაფერს ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...­

- პედაგოგი. გარდა იმისა, რომ ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან მომწონდა, სიგიჟემდე მიყვარდა ჩემი პედაგოგი, რომელიც ამავდროულად კლასის დამრიგებელი­ იყო. სულ ვფიქრობდი, რომ გავიზრდებოდი, მისნაირი ადამიანი ვყოფილიყავი.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ჯერ მანანას როლი იყო, შემდეგ - მარო "გარიგებიდან". ეს როლები ხალხმა ძალიან შეიყვარა.

- ჩემზე ამბობენ...

- კარგი ადამიანიაო, ცუდი არაფერი გამიგია. მეგობრები ამბობენ, რომ ჩემგან სულ პოზიტივი მოდის.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ფილმი "მანანა", ეს იყო პირველი აღმაფრენა, პატარა ასაკში განცდილი დაუვიწყარი ემოციები. ურთიერთობა იმ დროის ვარსკვლავებთან. გადაღებების დროს გავხდი 12 წლის და ყველაფერი კარგად მახსოვს. სესილია თაყაიშვილი, სანდრო ჟორჟოლიანი, იპოლიტე ხვიჩია... რომელი ერთი ჩამოვთვალო, გარდა იმისა, რომ კარგი მსახიობები იყვნენ, იყვნენ არაჩვეულებრივი პიროვნებები, მართლა ხელის გულზე მატარებდნენ. ისეთ გარემოში ვიყავი, შეუძლებელიც კი იყო, არ დამმახსოვრებოდა.

- როდესაც ქუჩაში გაჩერებდნენ, გეფერებოდნენ, ამას როგორ აღიქვამდით?

- ძალიან მიხაროდა, მსიამოვნებდა ის ყველაფერი, რაც ჩემს თავს ხდებოდა.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- მშობლებს, განსაკუთრებით - დედას. მას ნამდვილად უნდოდა, მსახიობი გამოვსულიყავი. თავად ბალერინობაზე ვოცნებობდი, უდიდესი სურვილი მქონდა, მეცეკვა, მაგრამ არ მიმიყვანეს, ჩემი ფიზიკური მონაცემები ბალეტის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. ძალიან გამხდარი ვიყავი, მითხრეს, ვერ შეძლებო. ცეკვა იმდენად მიყვარდა, სარკის წინ რომ ვდგებოდი, მაშინაც ვცეკვავდი.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- მყავს ორი შვილიშვილი, საყვარელი ბავშვები, რომლებსაც ვზრდი. ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. მათ შეცვალეს ჩემი ცხოვრება. ადამიანი ხანდახან დაღლი­ლი­ ხარ, ან განწყობა არ გაქვს, მაგრამ მათ რომ ვხედავ, ყველაფერი მავიწყდება. უფროსი 10 წლის არის, პატარა - 3-ის.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- დავეხმარო ადამიანებს, ვიღაცას რაღაცაში გამოვადგე.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- რომ გავბრაზდები, წყენას გულში არ ვიტოვებ, ემოციური ვარ, შეიძლება უეცრად ავფეთქდე და რამდენიმე წუთში აღარ მახსოვდეს, რამ გამაბრაზა.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- სიგარეტს ვეწევი, მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონს და ჯანმრთელობას ვნებს... ჩემი ზედმეტად ემოციურობაც დიდად არ მომწონს, მაგრამ წლების განმავლობაში რაღაცები გამოვასწორე, ადრე ყველაფერი გულთან ახლოს მძაფრად მიმქონდა და ეს მაფორიაქებდა. რაც ასაკი მომემატა, უფრო სიმშვიდისკენ გადავიხარე.

- საკუთარ შეცდომებზე...

- ბევრი რამ ვისწავლე, შეუცდომელი­ არავინაა. ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული,­ ალბათ, ასე უნდა ყოფილიყო.

- შეცდომების დაშვების შიში გქონდათ?­

- კი, სულ მქონდა და მაქვს, გადაწყვეტილებებს სპონტანურად, დაუფიქრებლად არასდროს ვიღებ. აუცილებლად უნდა დავფიქრდე, გავიაზრო, იმ ნაბიჯს რა შეიძლება მოჰყვეს.

- პატიება შემიძლია...

- ...ყოველთვის, რადგან მეც მეშლება და ბოდიშიც არაერთხელ მომიხდია. ადვილად ვპატიობ, საქმე რამე საშინელებას თუ არ ეხება.

- ვიბნევი...

- კონფლიქტურ სიტუაციას ვერ ვეგუები, ნეგატიურ, დაძაბულ გარემოში ყოფნა არ შემიძლია, ჩემზე ძალიან მოქმედებს.

- ვნანობ...

- ბევრჯერ ნათქვამი უარის გამო.

- როლებს გულისხმობთ?

- დიახ, დღევანდელი გადასახედიდან ვთვლი, რომ უნდა წავსულიყავი და მეთამაშა.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- უზრდელ, უხეშ ადამიანებს. ერთი მეორეს შეურაცხყოფას რომ აყენებს, ეს აუტანელია, მაგრამ საკუთარ თავზე კონტროლს ყოველთვის ვინარჩუნებ.

- მეზარება...

- სადილების მომზადება. კულინარია ჩემი ძლიერი მხარე არ არის, მიუხედავად იმისა, რომ დედა კარგი კულინარი იყო, გული მწყდება, რომ ვერ დავემსგავსე. კეთილად მშურს იმ მეგობრების, რომლებიც კარგი დიასახლისები არიან.

- ყველაზე კარგად რა გამოგდით?

- კარტოფილის შეწვა (იცინის), ყავის მოდუღება.

- სიყვარული ეს...

- ვინმემ ახსნა რა არის, ახლა ამას მე რომ მთხოვთ? სიყვარული ყველაზე მეტად ალბათ მონატრებაა.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ეს უჩვეულო განცდა ძალიან კარგი იყო, დამალვა არაფრის შემიძლია და არც ეს სიყვარული დამიმალავს. მანამდე ერთი ბიჭი საბავშვო ბაღშიც მომწონდა, მასთან ერთად ქართულს ვცეკვავდი, მერე აღარ ვიცი, სად წავიდა, აღარ მინახავს.

- მაკვირვებს...

- ბევრი რამ. სხვანაირი გახდა თბილისი, შეიცვალა ხალხის ერთმანეთთან დამოკიდებულება. რატომღაც ბევრი აგრესია წამოვიდა, რომელიც ძველ დროში ნამდვილად არ იყო. იმ ასაკში ვარ, ძველი ყველაფერი კარგად მახსოვს და ახალთან შედარებას რომ ვაკეთებ, გული მტკივა. თბილი ურთიერთობა იყო, ყველანი ოჯახის წევრებივით ვცხოვრობდით, საოცარი მეზობლობა, მისალმება, მოკითხვები გვქონდა. სად წავიდა ეს ყველაფერი? ამაზე სულ ვფიქრობ, ეს აგრესია რამ მოიტანა? ამ ქალაქში ასეთი ხალხი არ ცხოვრობდა. ვერაზე, ბელინსკის ქუჩაზე დავიბადე და გავიზარდე. ჯავახიშვილის, ბარნოვის ქუჩებზე მცხოვრებლებზე ვამბობდით, ჩემი მეზობელიაო. ახლა მეზობლობაც აღარ არის, ვერ გაიგებ, ვინ შემოდის, ვინ გადის, ძველმა მეზობლებმა ბინები გაყიდეს, ზოგი გარდაიცვალა, თითქმის აღარავინ ცხოვრობს. ჩემი ახალგაზრდობის თბილისი მენატრება.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- შვილიშვილებთან და მეგობრებთან ყოფნამ. როცა უხასიათოდ ვარ, არსად მივდივარ, არ მინდა, ვინმეს ჩემი ცუდი განწყობა გადავდო.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- მშიშარა ვარ. ახალ როლს რომ ვიღებ, ან კინოში გადასაღებად მეძახიან, სულ ვნერვიულობ, საკუთარ თავთან კითხვები მაქვს - ამას მე გავაკეთებ? როგორ შევძლებ? განცდებში ვარ. თავის დროზე როლებზე უარი უმეტესად შიშის გამო ვთქვი, თუმცა იყო ისეთებიც, რომლებიც არ მომეწონა.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ძალიან მეუხერხულება. გულში კი მიხარია, მაგრამ აღარ ვიცი, სირცხვილისგან სად წავიდე. ასე დამემართა ვარსკვლავის გახსნის დროსაც. დღესაც ბევრი მაჩერებს ქუჩაში, მეუბნებიან, სურათი გადავიღოთ, ჩემი საყვარელი მსახიობი ხართო, ეს როგორ არ უნდა მახარებდეს.

- ვარსკვლავის გახსნის ამბავი პირველად რომ გითხრეს, როგორი იყო თქვენი­ რეაქცია?

- სასტიკ უარზე ვიყავი, თქვენ არ იცით, როგორ წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ ბოლოს ნიკოლოზ წულუკიძემ მაინც "შემაბა". იმ დღეს ისე ვნერვიულობდი, არც ვიცი, რას ვაკეთებდი. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებდი, რომ ეს დაფასებაა, პატივისცემაა, გამოხატული მადლიერებაა და მეც მადლიერი ვარ. რუსთაველზე რომ ჩავივლი, იმ ვარსკვლავისკენ სულ თვალს ვაპარებ, ისეთი ვარსკვლავების გვერდით ვარ, უკეთესი რა უნდა ინატრო.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- კომპიუტერი. არ მოვინდომე, რადგან ჩემს ხასიათში არ ჯდება. ვირტუალურ ურთიერთობებს რეალური და უშუალო ურთიერთობები მირჩევნია, ამ ცხოვრების მთავარი ხიბლიც ეს არის.

- ვიტყუები, როცა...

- კეთილი ტყუილის თქმა საჭიროა, ისე კი ტყუილები საშინლად არ მიყვარს

- თავისუფლება არის...

- პასუხისმგებლობა. ზოგს უზრდელობა, უხეშობა და აღვირახსნილობა ჰგონია. ბოლომდე თავისუფალი ადამიანი არ არსებობს. როცა შენ რაღაც ვალდებულებები გაქვს, როგორ შეიძლება ბოლომდე თავისუფალი იყო. თუმცა არსებობს არჩევანის თავისუფლება, როგორ იცხოვრო, როგორი იყოს ყოველდღიურობა. ვთვლი, რომ ზომიერებაა საჭირო, ზღვარგადასული თავისუფლებაც არ ვარგა.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- მოხუცთა და ბავშვთა სახლებს გავაკე­თებდი, მაღალი დონის მომსახურებით და ყველას, ვისაც კი ამის საჭიროება ექნებოდა, ბედნიერ დღეებს ვაჩუქებდი.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ვიცი, სხვა ვერავინ მიშველის, თავად თუ არ ვუშველე საკუთარ თავს. შეიძლება ეს იყო მეგობრებთან საუბარიც. დეპრესია გარკვეული დოზით მაინც ყველას ჰქონია, გამონაკლისი არც მე ვარ, მაგრამ ჩემს თავს თავად შემოვუძახებ ხოლმე.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- მამა მე და ჩემს დას ხშირად გვარ­ი­ებდა­. მანანას როლი რომ შევასრულე,­ მაშინ მითხრა, შენ ჩვეულებრივი ბავშვი ხარ, სხვებისგან არ განსხვავდები, ისე უნდა იცხოვრო, როგორც სხვები ცხოვრობენ, მანანას როლი თავში არ აგივარდესო.

- დაბოლოს გეტყვით...

- ყველანი მიყვარხართ! ჩემი ნათქვამიდან რამე თუ არ მოგეწონათ, მაპატიეთ. მადლობელი ვარ ჩემი მაყურებლის, ადამიანების, რომლებიც თავიანთი დამოკიდებულებით მაბედნიერებენ. მადლობა, დრო რომ გამონახეთ და ეს ინტერვიუ წაიკითხეთ,­ ყველას ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ!

თამუნა კვინიკაძე