„ილიას მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა 18 ივნისს უწევს, თავის დაბადების დღეზე“ - კვირის პალიტრა

„ილიას მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა 18 ივნისს უწევს, თავის დაბადების დღეზე“

ილია სულამანიძე ძიუდოში ევროპის ჩემპიონია. მამაკაცთა შორის 100 კგ წონით კატეგორიაში ჯერ იტალიელი ჯენარო პირელი დაამარცხა, ნახევარფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე არმან ადამიანს აჯობა, ხოლო ფინალურ ბრძოლაში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოიევი იუკოთი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა... ილიას დედა მანანა გოჩელაშვილი გვიამბობს, რა ხდებოდა ილიას ასპარეზობის დროს მის ოჯახში, სად და როგორ გულშემატკივრობდნენ ახლობლები­ და რა უთხრა დედას დაჯილდოების დროს წამოსულ ცრემლებზე.

- ქალბატონო მანანა, ილიას ჩემპიონობას გილოცავთ!

- დიდი მადლობა! ილიას ვერც ერთ შეჯიბრს პირდაპირ ეთერში ვერ ვუყურებ, ემოციურად ამის გაძლება არ შემიძლია.

- შეჯიბრის დროს სად იყავით?

- ტყიბულში ვიყავი. წინა დღეს გოგნის წმინდა გიორგის სალოცავი მოვილოცე. ჩემს სახლში სალოცავი კუთხე მაქვს მოწყობილი და შინ დარჩენა ვამჯობინე, სანთელი არ ჩამიქრია, მარტო ვიყავი და ვლოცულობდი. ჩემი ქმარ-შვილი თბილისიდან გულშემატკივრობდნენ. ახლობლები, ნათესავები, ჩემი დედმამიშვილები ყველანი სოფელ ცუცხვათში (ილიას დედულეთი) იყვნენ შეკრებილი. ასე მიგვაჩნია, იქიდან რომ ვუგულშემატკივრებთ, უფრო გავაძლიერებთ, ილიამაც იცის, მისი ჭიდაობის დროს იქ რა ხდება.

- ილიას ჩემპიონობა ვინ გახარათ?

- ალბათ, იცით, ილიას მონტენეგროში­ ახლდა მისი ლელა მასწავლებელი (გეოგრაფიის პედაგოგი), ის ილიას ძალიან დიდი გულშემატკივრია, ოჯახებითაც ახლოს ვართ. ილია რომ ასპარეზობს, სამყაროს მთლიანად ვეთიშები, ინტერნეტსაც ვთიშავ, არანაირ სოციალურ ქსელთან წვდომა არ მინდა მქონდეს, მეშინია, წაგების ამბავი არ წავიკითხო. იმ წუთებში ჩემს ტელეფონზე შემოსულ ზარს თუ აწერია "ლელა მასწ" ეს იმის ნიშანია, რომ ილიამ გაიმარჯვა.

- ამჯერადაც ასე მოხდა?

- დიახ, პირველი ლელას ზარი შემოვიდა მონტენეგროდან და ილიას ამბავი­ მახარა. ეს ადამიანი ჩემი თილისმასავით არის. ახლახან ილიას თბილისშიც ჰქონდა­ გამოსვლა, მაგ დროს სამებაში ვიყავი, ლელას ზარს სულმოუთქმელად ველოდებოდი,­ მაგრამ... მეუღლემ დამირეკა, მოდი, მანანა­, სახლში, ილიამ წააგოო. რადგან ლელა არ მირეკავდა, თქმაც აღარ იყო საჭირო, მივხვდი, ვერ გაიმარჯვა.

- ლელა მასწავლებელი ოლიმპიადაზე წასვლასაც აპირებს, არა?

- კი, უკვე მოძიებული აქვს ინფორმაცია, როგორ უნდა წავიდეს, ნაცნობებს უკავშირდება და დეტალებს ათანხმებს, არადა წინ 3 წელია.

- ახლა მითხარით, თავად ილიამ რომ დაგირეკათ, რა გითხრათ? არა მხოლოდ გამარჯვებამ, მისმა ცრემლებმაც ბევრ ადამიანში დიდი ემოცია გამოიწვია.

- ილიას ძალიან უყვარს ცუცხვათი, იქ ბავშვობაში ჩემს მშობლებთან დიდ დროს ატარებდა. გამარჯვების ამბავი რომ გავიგე, სოფელში ჩემებთან ტაქსით წავედი. უკვე მისული ვიყავი, "ვოთსაფში" დამირეკა და პირველი ეგ მითხრა, - დედა, რომ ვტიროდი, რა იფიქრეო? მერე კი თავისი ცრემლები და ემოცია ასე ახსნა: გარდა იმისა, რა განცდაც გულში მქონდა, იმაზეც დავფიქრდი, ჩემი გამოსვლა ცუცხვათში როგორ გაუხარდებოდათ, სიხარულით როგორ იტირებდნენ და გული უცბად ამიჩუყდაო... რა ხდება მაგის ჭიდაობის დროს, იცით? ქალი, კაცი, ბავშვი... მთელი სოფელი­ იკრიბება და რომ მოიგებს, მთელი სოფელი­ სიხარულისგან ტირის. ილიამ ეს ამბავი იცის და იმ წუთებშიც ზუსტად ეს გახსენებია.

shvilebtan-ertad-1746383095.jpg

ჩემი შვილის ასპარეზობას და ემოციებსაც ცოტა მოგვიანებით ვნახულობ. ახლა ილია ისეთი ემოციური იყო, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. მისი ცრემლიანი თვალების დანახვისას ვერ აგიწერთ, რა განვიცადე. ჩემი შვილი ბედნიერი იყო. ოლიმპიადაზე სულ ცოტა რომ დააკლდა ოქროს მედლამდე, ამას ძალიან განიცდიდა.

- თავადაც აღნიშნა, ეს გამარჯვება გასამხნევებლად მჭირდებოდაო. რთულ პერიოდებს როგორ უმკლავდება?

- ძიუდოს ფედერაციისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს, ქევხიშვილი, გუჯეჯიანი როდესაც მის გვერდით არიან, მშვიდად ვარ. მათ ფსიქოლოგიურად გააძლიერეს. სპორტში დიდი გამარჯვებების მოსაპოვებლად მხოლოდ ფიზიკური მომზადება საკმარისი არ არის.

- ეს გამარჯვება ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლაშა გუჯეჯიანის დედის ხსოვნას მიუძღვნა, არა?

- დიახ, ლაშას დედა ყველა სპორტსმენის­ ქომაგი იყო, სულ გულშემატკივრობდა ილიას, ჩვენ ისედაც ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. ამ ადამიანის გარდაცვალება ყველამ განვიცადეთ. ახლხან კიდევ ერთი დიდი ტკივილი გვქონდა - ილიას საცოლეს დედა გარდაეცვალა... მოპოვებული გამარჯვება მათ სულებს მიუძღვნა.

- როგორია ილია ყოველდღიურ ცხოვრებაში, რა თვისებებით გამოირჩევა?

- მიზანდასახული, პასუხისმგებლობით­ სავსე ადამიანია, ამჩატება არ სჩვევია. ხანდახან რაღაც საკითხზე ჩემს შეხედულებას­ რომ გავუზიარებ და მას განსხვავებული ხედვა აქვს, ისე მიხსნის, საკუთარი პოზიციის სისწორეში მარწმუნებს, ვაღიარებ, რომ მაჯობა... ძალიან მორიდებულია, ერთხელ ეს ლაშა გუჯეჯიანმაც მითხრა, ცუდი თვისება­ აქვსო. ზედმეტი არაფერი ვარგა, მაგრამ თავმდაბლობას ჩემი შვილისთვის არაფერი­ დაუშავებია. ხალხის სიყვარული­ მოიპოვა და მინდა ვთქვა, რომ თავადაც ძალიან უყვარს ადამიანები. მის ასეთ პიროვნებად ჩამოყალიბებაში გარკვეული როლი მუსიკამ ითამაშა. მუსიკა თავისებურ ჰარმონიას სძენს მის ცხოვრებას. ინტერნეტსივრცეში ილიაზე ბევრი დადებითი კომენტარი იწერება, საოცრად დიდი სიყვარული მოდის ხალხისგან.

- ეს დაიმსახურა.

- ვკითხულობ კომენტარებს და ვფიქრობ ხოლმე, ნეტავ ჩემი შვილი ჩემზე მეტად ხომ არ უყვართ-მეთქი? ახლახან ტყიბულში ნაცნობი ქალბატონები შემხვდნენ, ერთმა მითხრა, ზოგჯერ მეფიქრება­ ხოლმე, ნეტავ, მანანას ილია ჩემზე მეტად თუ უყვარს-მეთქი, მერე ჩემს ფიქრზე მეცინებაო...

ასეთი სიყვარული დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს. როდესაც სალოცავად­ მივდივარ, ჩემი შვილის დალოცვამდე, ილიას გულშემატკივრების სახელზე სანთელს ვანთებ და ღმერთს ვთხოვ, უმრავლოს მას კეთილი და გულიანი ადამიანები­, ამ ქვეყანაზე იყოს დიდი სიყვარული!

ბავშვს რაც არ უნდა დაარიგო, ის პირველ რიგში მაგალითს მშობლებისგან­ იღებს­. ილია თბილისში რომ ჩამოვიდა, მას შემდეგ თქვა, თურმე ოჯახში­ ცოლ-ქმარს შორის შეიძლება­ უკმაყოფილება იყოსო. მრავალშვილიან ოჯახში გაზრდილი ვარ, ილია მზრუნველ, თბილ გარემოში ტრიალებდა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან და სხვაგვარად ვერც წარმოედგინა.

მუსიკალური ნიჭი მამის მხრიდან აქვს, მამიდა მუსიკის მასწავლებელია.

5 წლის იყო, მამამისმა ჭიდაობაზე რომ მიიყვანა. ილია და შაკო (ილიას ძმა) ყოველთვის კარგ წრეში, წესიერი და პატიოსანი ადამიანების გარმოცვაში ტრიალებდნენ, ერთ კლასში სწავლობდნენ.

სკოლამ დიდი როლი ითამაშა, ჩემი და პედაგოგია, მათემატიკას ასწავლიდა და დისშვილებისადმი მიკერძოებული არასდროს ყოფილა, ბავშვებისთვის ესეც თავი­სებური მაგალითი იყო...

მე და ჩემი მეუღლე გვიან ასაკში დავქორწინდით. შვილები რომ შეგვეძინა, მთლიანად მათზე ვიყავი გადართული, სკოლა, ექსკურსია, ყველა აქტივობაში იყვნენ ჩართული. მათ განათლებაზე ვზრუნავდით. მამას სპორტის მიმართულება ებარა, როლები გადანაწილებული გვქონდა. ორივე­ დადიოდა ჭიდაობაზე და შეჯიბრებებზე­ წასვლა რომ დაიწყეს, ერთი რვეული ილიას და მეორე შაკოს სახელზე გავხსენი, დავიწყე წერა, რომელი რა ტურნირზე მიდიოდა, ვისი სახელობის იყო, რა ადგილზე გადიოდნენ... მეგობრებთან ვამბობდი, ასე ვაკეთებ და წლების შემდეგ ჩემთან ჟურნალისტები ინტერვიუზე რომ მოვლენ, გამომადგება-მეთქი.

- წინათგრძნობა გქონიათ, ილიას დასახვედრად როგორ ემზადებით?

- ახლა მეორე შვილის ოჯახში ვარ. ეს ბინა ილიამ შაკოს საჩუქრად გადასცა. შაკოს საცოლე დანიშნული ჰყავს, ბინის რემონტი უკვე დავასრულეთ და ხვალ (ინტერვიუ ჩაწერილია 28 აპრილს) გადმოვლენ­. დილით ილიას დავხვდებით, 3 საათისთვის დაგეგმილი გვაქვს პატარძლის ახალ ბინაში მოყვანა. საღამოს ყველანი ორთაჭალაში ილიას ახალაშენებულ სახლში შევიკრიბებით.

- ილია დაოჯახებას არ აპირებს?

- ილიას საცოლეს დედის გარდაცვალების გამო ახლა რთული პერიოდი აქვს, ჩვენ ყველანი მხარში ვუდგავართ, ვცდილობთ, შევუმსუბუქოთ მწუხარება, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

ილიას წინ მსოფლიო ჩემპიონატი ელოდება. ასპარეზობა 18 ივნისს უწევს, თავის დაბადების დღეზე.

- იმედია, საკუთარ თავს ნანატრ საჩუქარს გაუკეთებს.

- უფალმა ინებოს! ჩაივლის ეს ჩემპიონატი და ალბათ, შემოდგომისთვის ქორწილიც გვექნება.

- მადლობა ინტერვიუსთვის, სულ ასეთი ბედნიერი დღეები გქონდეთ!

- დიდი მადლობა!

თამუნა კვინიკაძე