"რადგან "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ", შეურაცხყოფის ნიაღვარი მოდის", "შეიძლება შენს მოსახლეობას "რადიკალი და უსამშობლო" უძახო და მერე ციხეში გამოამწყვდიო?" - ხელოვანები პოლიტიკის "ხელოვნებაზე"
ჩვენს თაობას ბედმა უმძიმესი ჯვარი არგუნა - ორად გახლეჩილ საქართველოში ცხოვრება! ეს გაორება და დაპირისპირება ქართულ კულტურაში ყველაზე მძაფრად აისახება, ამ სფეროს წარმომადგენლებიც ყველაზე უკეთ გრძნობენ, რა ხდება თანამედროვე საქართველოში:
"ეს რეჟიმი კრიტიკას ვერ იტანს"
ონისე ონიანი:
- როცა ქვეყანაში დაძაბული სიტუაციაა, როდესაც რეჟიმი თავის მტრად მიიჩნევს ხალხს, რომელიც განსხვავებულად ფიქრობს და აზროვნებს, შედეგი ყოველთვის სავალალოა. ხელოვანისთვის თავისუფლება მთავარი ღირებულებაა და როცა ვიღაც ცდილობს მსახიობები, მწერლები, მხატვრები გააჩუმოს, დაიმონოს და აზრის გამოთქმის უფლება წაართვას, ეს მცდელობა ცუდად მთავრდება. თავისუფლების დაკარგვის შიშმა გამოიწვია ის, რომ ხელოვანები დღესაც წინა ხაზზე არიან. მათ გადაწყვიტეს თავიანთი უფლებები დაეცვათ. შედეგად, რამდენიმე მსახიობი დაიჭირეს და ხელბორკილი დაადეს, დავით დოიაშვილი საკუთარი ხელით შექმნილი თეატრიდან გაუშვეს, რატომ? - თავისი არაჩვეულებრივი დასის გვერდით იდგა და უდანაშაულო პატიმრების გამოშვებას ითხოვდა. რეპრესია მოუწყვეს იმ ჯგუფს, რომელიც თემურ ჩხეიძის სახელოსნოს უძვებოდა და ძალიან კარგ საქმეს აკეთებდა. ისინი რეჟიმის მოწინააღმდეგეებად მიიჩნიეს და სახელოსნო გააუქმეს. რეჟისორ ლევან წულაძეს ისეთი სიტუაცია შეუქმნეს, რომ აიძულეს მარჯანიშვილის თეატრი დაეტოვებინა და თავისი სივრცე შეექმნა. ჟურნალისტი მზია ამაღლობელიც ციხეშია... ასე იშორებენ ადამიანებს, რომლებიც თავისუფალ სიტყვას იცავენ. შედეგი რა არის? - 50-ზე მეტი უსამართლოდ დაპატიმრებული გვყავს და ბევრ მათგანს დანაშაულს ვერ უმტკიცებენ. "მეოცნებეები" ქვეყნის სათავეში რომ მოდიოდნენ, ნუთუ ამაზე ოცნებობდნენ? სცენიდან კრიტიკა როდის არ ისმოდა? - შუა საუკუნეებშიც კი, მეფეებს მასხარები რომ ჰყავდათ, ყველაზე მწარე სიმართლეს სწორედ ისინი ეუბნებოდნენ, მაგრამ მეფე მათ არ სჯიდა. სამწუხაროდ, ეს რეჟიმი კრიტიკას ვერ იტანს და ოპონენტების წინააღმდეგ ზოგჯერ იმაზე უარეს მეთოდებს იყენებს, რომლებსაც 30-იან წლებში იყენებდნენ.
"შეურაცხყოფის ისეთი ნიაღვარი მოდის, მხოლოდ იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ"
ქეთევან დუმბაძე:
- ჩვენი მთავარი პრობლემა რა არის? - ერთმანეთის მოსმენა და გაგება არ გვიყვარს. ჩემკენ შეურაცხყოფის ისეთი ნიაღვარი მოდის, ატანა შეუძლებელია და რატომ? - მხოლოდ იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ.
ადამიანებს ქუჩებში რომ ხვდებიან, მისდევენ და დამამცირებელ ეპითეტებს ეძახიან, ეს ვინმეს ნორმალური ჰგონია? შენ უფლება არა გაქვს ამ მიწაზე ცხოვრობდეო, გიმტკიცებენ. მამაჩემს აქვს დაწერილი, ადამიანი ფრესკა არ არის, რომ მხოლოდ ერთი მხრიდან უყუროო - ამას რატომ ვერ ვახერხებთ?
ამ ქვეყანაში ერთდროულად ათასი სიმართლე გაჩნდა და იმ დაპირისპირებამ, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია, კულტურაშიც გადმოინაცვლა.
გული როგორ არ მეტკინება, როცა ჩემი ახლობელი მეუბნება: ძველი ურთიერთობები ფეხებზე მკიდია, "ქოცი" შვილიც კი არ მინდაო! ისიც არ ვიცი, როგორ დავარქვა მტერი იმ ადამიანს, რომელიც ორი-სამი კვირის წინ ჩემი მეგობარი იყო... ამ ქვეყანაში აუცილებლად უნდა მოკვდე, რომ ვიღაცამ შენი ღირსებები აღიაროს. მამაჩემიც, ნოდარ დუმბაძეც, მსგავსმა დაპირისპირებამ შეიწირა: მან თავისი გაგლეჯილი გული წაიღო იმ ქვეყნად. მაშინ მედიცინა ამ დონეზე არ იყო, შუნტირებასაც არ აკეთებდნენ, ამიტომ მე გადამარჩინეს, ის კი - დაიღუპა!
ამ სიტუაციიდან მე მხოლოდ ერთი გამოსავალი ვიპოვე: ყოველ დილით მოვდივარ სამსახურში. ახალგაზრდა ნიჭიერი მწერლების წიგნებს გამოვცემ და ვიცი, რომ ისინი საზოგადოებას უნდა გავაცნო. ჩემს ძველ პროექტს - "ცოცხალ წიგნებს" გავაგრძელებ და რეგიონებს ჩვენს მწერლებთან ერთად შემოვივლი. ვფიქრობ, მშვიდად, არჩევნების გზით უნდა შევცვალოთ ყველაფერი და ამ ქვეყანაზე ვიფიქროთ. ჩვენ კი ბოროტებისა და ერთმანეთის სიძულვილისთვის მოვიცალეთ, ერთმანეთის წარმატება არ გვიხარია, მიტევება და სიყვარული დავივიწყეთ...
"შეიძლება შენს მოსახლეობას "რადიკალი და უსამშობლო" უძახო და მერე ციხეში გამოამწყვდიო?"
ირმა სოხაძე:
- ქართულ კულტურაში სარკესავით აირეკლება ის, რასაც ჩვენი ყოველდღიურობა ჰქვია. ყველაფერი იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ბოლო წლებში ატარებს: მან უარი თქვა ევროპასთან დაახლოებაზე, რაც ჩემთვის და უამრავი ქართველისთვის მიუღებელია. სწორედ ამიტომ, მე, რომელიც ერთ დროს "ქართული ოცნების" გულმხურვალე მომხრე ვიყავი, დღეს მოტყუებული და ნირწამხდარი ვარ!
დიახ, ერთ დროს ძალიან მომწონდა, რომ ჩემი არჩეული მთავრობა რუსეთთან ურთიერთობას არ ამწვავებდა და არ ლანძღავდა, რადგან დიდი სიშლეგეა, როცა შენს ბოროტ მეზობელს აღიზიანებ. თანაც, მეგონა, ევროპული ოჯახისკენ სვლას ვაგრძელებდით და ეს იყო ჩემთვის პრიორიტეტი. როდესაც ეს კურსი შეცვალეს და გამოგვიცხადეს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს აჩერებდნენ, უამრავი მომხრე დაკარგეს. ისეთი კურსი აირჩიეს, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ეთანხმება. ამიტომ ვერც კულტურაში იქნება სიმშვიდე და ვერც ერთ სხვა სფეროში. სწორედ დასავლური კურსის უარყოფამ გამოიწვია ხალხის ქუჩაში გამოსვლა და ხალხმრავალი აქციები, რაც ახალგაზრდების დაჭერით დასრულდა. ძალიან მინდა ვკითხო იმ ხალხს, რომელიც ამტკიცებს, რომ ევროპასთან სიახლოვე დამღუპველია: რა დაგვიშავეს ევროპელებმა - თითი როდის დაგვიქნიეს?! ან როდის გვითხრეს, რომ მეორე ფრონტი უნდა გაგვეხსნა?! ევროპას უნდა საქართველოსგან ნორმალური სახელმწიფო შედგეს, რომელსაც თავის წიაღში მიიღებს. გვთხოვენ დემოკრატიული ქვეყანა ავაშენოთ, სადაც ადამიანებს ტყუილად არ იჭერენ, არ სცემენ და არ ჩაგრავენ. ნორმალური სასამართლო შექმენით და პოლარიზაცია მოსპეთო, ეს თითის ქნევაა თუ სასარგებლო რეკომენდაციები? ერთი წამით შევადაროთ რუსეთი როგორ იქცევა - თითს კი არა, მუშტს გვიქნევს და ზოგჯერ ამ მუშტს თავშიც გვირტყამს.
ევროპაში სუვერენიტეტს დავკარგავთო. რა სისულელეა? რომელი ერი გაითქვიფა ევროპაში? რუსეთში კი ძალიან ბევრი ერი და ხალხი გათქვეფილა და ეს ყველამ კარგად ვიცით. თუ მათ წიაღში დავბრუნდებით, ქართულ კულტურასაც დიდი საფრთხე ემუქრება და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასაც.
ჩვენს შინაურ პრობლემებსაც შევეხები: დავუშვათ, აქციებზე ვიღაცამ მართლა ისროლა შუშხუნა, ამის გამო ახალგაზრდა ციხეში უნდა ამოალპონ? რუსთაველი გადაწვესო, სად ნახეთ გადამწვარი რუსთაველი? 50 ბიჭი რომ ზის ციხეში, ყველამ მოლოტოვის კოქტეილი ისროლა? შეიძლება შენს მოსახლეობას "რადიკალი და უსამშობლო" უძახო და მერე ციხეში გამოამწყვდიო? თუ ეს შეკითხვები გამიჩნდა, "რადიკალი" და "ქვეყნის მტერი" რატომ ვარ?! დიახ, მე შეძრწუნებული ვარ იმის გამო, რასაც ვხედავ, თავზარდაცემული ვარ და ზოგჯერ მგონია, ეს სიზმარია. ამიტომ ნურავის გაუკვირდება, თუ ქართველი მსახიობები, მწერლები, მომღერლები ამგვარ შეკითხვებს სვამენ და გულგრილად ვერ უყურებენ იმას, რაც ჩვენ თვალწინ, ჩვენს სამშობლოში ხდება!
ხათუნა ჩიგოგიძე