ლაჰილში დაბრძანებული უნიკალური ხატი - კვირის პალიტრა

ლაჰილში დაბრძანებული უნიკალური ხატი

ალბათ, სრულყოფილად ვერასოდეს აღიწერება სვანეთის წვლილი საქართველოს შენახვის საქმეში. მთელი საქართველოს საგანძურიც მიუვალ სვანეთის მთებში აჰქონდათ შესანახად ძნელბედობისას. მხოლოდ უფალმა იცის, როგორი ძალისხმევით და რუდუნებით ინახავდნენ და ინახავენ ამ ყველაფერს სვანეთში დღემდე. განძისმცველობის დიდი საიდუმლოს შესახებ ამჯერად ვერ გიამბობთ, სხვა დროს შევეცდებით, თუმცა, ვიცი, რომ არც ამ დიდი მისტიკის ამომწურავად აღწერაა შესაძლებელი. ამჯერად მინდა ერთ სვანურ სასწაულზე მოგიყვეთ. ეს არის აჰილშის ეკლესიაში აბრძანებული XIII საუკუნის ანუ დაახლოებით 800 წლის ხატის თავგადასავალი, რომელმაც საკუთარი დაკარგული ნაწილი თავადვე იპოვა­ - ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი­ ეკატერინე გედევანიშვილი. ამბავი კი ასე იყო: ერთ დღეს ქალბატონ ეკატერინეს სვანეთის ექსპედიციიდან მკვლევარმა ნიკოლოზ ალექსიძემ ლაჰილის ეკლესიიდან ოქროთი დაფერილი დიმიტრი თესალონიკელის ხატის ფოტო გამოუგზავნა. ერთი შეხედვით, ფოტოზე განსაკუთრებული არაფერი ჩანდა, თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით...

- ერთი შეხედვით, განსაკუთრებული მართლაც არაფერი დამინახავს, გარდა იმისა, რომ ეს იყო ოქროთი უხვად დაფერილი ჭედური ხატი, რომელზეც წმინდა მეომარი, დიმიტრი თესალონიკელი იყო გამოსახული. წმინდა დიმიტრი ქრისტიანული სამყაროსათვის წმინდა გიორგის თანასწორი წმინდა მხედარია და განსაკუთრებით პოპულარულია სვანეთში. სწორედ ამ წმინდანისგან მოდის ჩვენში ფართოდ გავრცელებული სახელი დემეტრე, რომელსაც ჩვენს მეფეებსაც არქმევდნენ. წმინდა დიმიტრის ისტორია ასეთია: იმპერატორმა მაქსიმილიანემ მამაცი მებრძოლი დიმიტრი თესალონიკელი პროკონსულად დანიშნა, ქალაქის დაცვა დაავალა, მოგვიანებით კი სიკვდილით დასაჯა ქრისტიანობის ქადაგებისთვის. ქრისტიანობას შეწირული ამ წმინდა მხედრის ამბავი მთელ საქრისტიანოში გავრცელდა და მის შემწეობად და ძალად იქცა, საქართველოს კი ქრისტიანულ დასავლეთ ევროპასთან მუდამ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ეს ხატი იქმნებოდა.

ხატს, რა თქმა უნდა, მაშინვე შევამჩნიე, რომ სახე არ ჰქონდა. თუმცა ამ დროს შესაძლოა ჩვეულებრივად იფიქრო, რომ ჭედურ ხატს სახე ჟამთა სვლასა და ძნელბედობაში მიეჭეჭყა. თუმცა მერე, ფოტოს კარგად რომ დავაკვირდი, სახის ადგილზე პატარა ნახვრეტი დავინახე, გავადიდე და გონება გამინათდა - ეს პატარა ნახვრეტი მეტყველებდა, რომ ხატზე გამოსახულ წმინდა მხედარს თავიც ჰქონდა, რომელიც დაიკარგა. მაშინვე ექვთიმე თაყაიშვილის სვანეთის საგანძურის აღწერილობა გადმოვიღე. ექვთიმემ 1910 წელს ლეჩხუმსა და სვანეთში იმოგზაურა და მაშინ აღწერა იქ მდებარე ეკლესიების განძი.

- ექვთიმე თაყაიშვილი რომ არა, ასე სრულად არც ტაო-კლარჯეთის ძეგლები გვეცოდინებოდა, არც სვანეთის და არც ჩვენი სხვა კუთხეებისა, საიდანაც მტერი განძს მუდმივად იტაცებდა.

- ჩვენი საკმაოდ დიდი სიმდიდრე მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებშიც დაიკარგა,­ რასაც მოწმობს 60-იან წლებში გიორგი ჩუბინაშვილის მიერ განძის აღწერა. ბატონი გიორგი სწორედ ამ ნაშრომში საუბრობს წმინდა დიმიტრის ხსენებულ ხატზე და ამბობს, თავი აქვს დაკარგულიო, ექვთიმე თაყაიშვილი კი წმინდა დიმიტრის თავს ხატზე საოცრად ზუსტად აღწერს და ამბობს, მსგავსი რამ საქართველოში არ მეგულებაო: ორიგინალური მხარე ამ ხატისა­ არის თავი წმინდა დიმიტრისა, რომელიც პირველად გვხვდება საქართველოში. "ეს თავი ბროლისა არის, ბერძნულ-რომაული რიგისა და ერთ-ერთი მათი ღვთაების თავს უნდა წარმოადგენდეს. თავი არაფრით დამაგრებული არ არის სხეულთან, მაგრამ ამას ვერ შეამჩნევთ. თუმცა შეგიძლია გამოიღო და ჩასვა თავის ადგილზე".

ეს აღწერილობა იმასაც გვეუბნება, რომ ძვირფას ხატზე მიმაგრებულმა თავმა, რომელიც ასე ადვილად იხსნებოდა, ჩვენი ძნელბედობის მიუხედავად, თითქმის რვა საუკუნეს გაუძლო, უპატრონეს და მერე დაიკარგა.­ ხატის მოძიებაში ქალბატონი მაგდალინა გოგოლაძე და ჩვენი ექსპედიციის წევრები:­ ნიკოლოზ ალექსიძე, ციცინო გულედანი და ნუცა ბათიაშვილი დაგვეხმარნენ. თავი მესტიის მუზეუმში­ აღმოჩნდა, ოღონდ მისი თავდაპირველი ფუნქცია დავიწყებული იყო; დამოუკიდებელ ნივთად არის გამოფენილი, ისე, რომ მისი ხატთან კავშირი არავინ იცოდა.

cminda-dimitris-tavi-1746384744.jpg

- რატომ იყო წმინდანის თავი ჭედურობაზე მიმაგრებული და არა პირდაპირ ამოკვეთილი?

- იმიტომ, რომ ხატი რამდენიმე საუკუნის უნიკალური კოლაჟია, რომელზეც თავის გამოსახულების ნაცვლად ანტიკური სპოლია იყო ჩასმული. სპოლია ლათინური­ სიტყვაა და ხელახალი გამოყენების ნივთს ნიშნავს. სპოლიის ხელოვნებას დასაბამი­ მიეცა იმპერატორ კონსტანტინე დიდის დროს. როდესაც ის ბრძოლიდან გამარჯვებული დაბრუნდა და ამის აღსანიშნავად ტრიუმფალური თაღი ააგეს, მარკუს ავრელიუსისა და ტრაიანეს ქანდაკებებს თავები მოხსნეს და მათ ადგილას კონსტანტინეს გამოქანდაკებული თავი დაამაგრეს.

- რამხელა ამბიციაა.

- მე უფრო ვიტყოდი, რომ პოლიტიკური ძალაუფლების გამოხატულებაა. ხელოვნების ამ მიმართულებაში შემიძლია სპოლიების გამოყენების არაერთი მაგალითი დაგისახელოთ. თუმცა სვანეთის ანალოგია იშვიათია, რაც მის უნიკალურობაზე მეტყველებს. საქმე ის არის, რომ სახის სანაცვლოდ ჩასმული სპოლიის შემცველი ხატები უმთავრესად დასავლეთ ევროპაში გვხვდება. ამიტომ, ვფიქრობ, წმინდა დიმიტრი თესალიკონელის ხატი დასავლეთ ევროპის ხელოვნებასთან არის დაკავშირებული, მით უმეტეს, მე-12 საუკუნიდან, მეტადრე კი მე-13 საუკუნეში და მოგვიანებითაც, საქართველოს ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს დასავლეთ ევროპასთან. ამ კავშირების ინტენსივობა ამის ფიქრის საშუალებას მაძლევს.

- ეს მეტყველებს სწორედ იმაზე, რომ ჩვენ ევროპელები ვართ. მართალია, აზიურმა შემოსევებმა ხანგრძლივად შეაჩერა ჩვენი ევროპული გზა, თუმცა, საბედნიეროდ, არა სამუდამოდ. ამბობთ, რომ დიმიტრი თესალონიკელის თავი სვანურ ხატზე ქალცედონიტის ქვის არის. რატომ ამ ქვის?

- იმიტომ, რომ ქრისტიანულ სამყაროში ქალცედონიტი მანათობელ ქვად ითვლება და ის ზეციური იერუსალიმის ქვათა რიგშია დასახელებული, საკრალური მნიშვნელობის იყო, ხატზე კი შარავანდის ფუნქცია ჰქონდა. წმინდა დიმიტრის ხატი ხომ იმდენად ინტენსიურადაა დაფერილი ოქროთი, რომ ეს ქვა კიდევ უფრო მეტად იბრწყინებდა. ცნობილი მეცნიერი ასმათ ოქროპირიძე ამ სვანურ ხატს დემეტრე თავდადებულთან აკავშირებს, ხომ არ იყო მისი წამება ამ ხატის შექმნის შთაგონებაო? თუმცა ამ ეტაპზე ამაზე დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვით. დაბეჯითებით ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ სვანეთის საგანძურმა შემოგვინახა უნიკალური ხატი, რომელიც მოწმობს შუა საუკუნეების ქართული კულტურის გახსნილობასა და აზროვნების სიფართოვეს.