"ზვიად გამსახურდიას ბესარიონ გუგუშვილმა და რობინზონ მარგველანმა ჩამომაშორეს...სამი დღის შემდეგ ზვიადი უკვე მოკლული იყო" - რას ჰყვება პირველი პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი
ეს ამბავი ბახმუტთან მოხდა, იქ, სადაც ყველაზე მძიმე ბრძოლები იყო. ქართველების ჯგუფმა დავალება მიიღო, სანგარი უნდა დაებრუნებინათ. მანამდე ორჯერ სცადეს, მაგრამ უშედეგოდ... ამბავი "ქართული ლეგიონის" მებრძოლმა, "ჯარისკაცის მამად" წოდებულმა არჩილ ხოფერიამ გაავრცელა. მისივე თქმით, ოპერაციის მსვლელობას ბატალიონის შტაბიდან აკვირდებოდნენ, ყველაფერი გადაღებულია და თავის დროზე გასაჯაროვდება.
"მოიერიშე ჯგუფი ათი ქართველის შემადგენლობით ორ ჯგუფად იყოფა. ორ კილომეტრს ფეხით მიდიან ტყვია-წამლის ცეცხლში და ფლანგიდან უტევენ სანგარს, სადაც მათზე სამჯერ მეტი მოწინააღმდეგეა. პირველ ჯგუფში არიან: ჯაბა კვარაცხელია, ლაშა ბროლაძე, ბექა ხარამიშვილი, პაატა ელბაქიძე, კახა ციმინტია. მეორე ჯგუფში: ბადრი მამფორია, ლევან გელენავა, ჯონი ფანცულაია, გია ფირცხალავა და ქართველების აზერბაიჯანელი ძმა ზაჰირი. პირველი ჯგუფი შეტევას იწყებს, მიჰყვება მეორე, რომელიც განუწყვეტელ დაბომბვაში თავს აფარებს ბლინდაჟს, ეცემა ჭურვი და ქართველ მებრძოლებს ლამის ცოცხლად მარხავს... ამასობაში პირველი ჯგუფი იწყებს მოქმედებას ისე, რომ არ იცის, რა დაემართა მეორეს... პაატა ელბაქიძე ნაღმსატყორცნის გასროლით კლავს სამ მოწინააღმდეგეს და მალევე თავადაც ეთიშება ბრძოლას... ბექა ხარამიშვილი ანადგურებს მოიერიშე დრონს, რა დროსაც 120-მილიმეტრიანი ნაღმის აფეთქება თითქმის მარხავს და აბრმავებს. მძიმედ კონტუზირებულს ეხმარება კახა ციმინტია, რომელიც ასევე მძიმედაა კონტუზირებული. გაჰყავს და იქვე აწყდება მეორე ჯგუფის დამარხულ წევრებს. „მთელი მოიერიშე ჯგუფიდან რჩებიან ორნი, სერჟანტები ლაშა ბროლაძე და ჯაბა კვარაცხელია... წინ კი კილომეტრი სიგრძის სანგარია, სადაც მოწინააღმდეგე და სიკვდილია ჩასაფრებული... მათ არ იციან, რა ხდება უკან და ორი კაცი შეტევას იწყებს... ეს სიგიჟეა, ჟრუანტელი მივლის ამ სიტყვებს რომ ვწერ, მაგრამ ეს არის ის, რასაც ვერ აღწერ, ეს უნდა განიცადო... ბროლაძისა და კვარაცხელიას წყვილი იწყებს ამ გზის გავლას კილომეტრიან სანგარში, სადაც კიდევ ერთხელ დაამტკიცებენ, თუ ვინ ვართ ქართველები... რვა მკვდარ მოწინააღმდეგეს გადააბიჯეს... ერთი მაგდენი სანგრიდან გაქცეული მიაწყვეს, სანგარი სრულად გაწმინდეს, დაიკავეს და ინარჩუნებდნენ მარტონი რამდენიმე საათის განმავლობაში... შედეგი: ორი ათეული განადგურებული რუსი, აი, ის რუსები, ამათ რომ ემუქრებოდნენ, დავბრუნდებით, სამხედრო საქმე ისწავლეთო! იქით დაადგნენ! დაადგებიან!"“ - წერს არჩილ ხოფერია.
საბრძოლო დავალებების უნაკლოდ შესრულებისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ქართველი მებრძოლები ,,ოქროს ჯვრის" სამკერდე ნიშნით დააჯილდოვა. ამ მამაცი მებრძოლებიდან ერთ-ერთის შესახებ მინდა გიამბოთ. ის შეტევის ჯგუფ„"მაგურას"“მეთაური კახა ციმინტიაა. "ოქროს ჯვარი" მისი ერთადერთი ჯილდო არ არის, პოკროვსკის მიმართულებიდან ალყაში მოქცეული უკრაინის დაზვერვის ჯგუფის დანაკლისის გარეშე გამოყვანისთვის, ასევე 4 წლის განმავლობაში ჩატარებული 250 000-ზე მეტი შეტევითი ოპერაციის დროს 6 მებრძოლის მეტი არ დაუკარგავს. ამიტომაც დააჯილდოვეს "უკრაინის სახალხო გმირის ორდენით".
ქართველი მებრძოლის საბრძოლო უნარ-ჩვევები არც ამერიკელებისთვის დარჩენილა შეუმჩნეველი, მათ ციმინტია მედლით „"ძმა ძმისთვის"“ დააჯილდოვეს. ბრძოლებში გამოჩენილი სიმამაცისთვის სხვაც არაერთი მედალი აქვს მიღებული. კახა ციმინტია აფხაზეთის ომი მონაწილე და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაცვის წევრი იყო. უფრო ვრცლად მის საინტერესო და ტრაგიკულ წარსულზე, უკრაინაში ბრძოლის მოტივსა და ახალგაზრდობაში დასახული მიზნის შესრულებაზე თავად გვიამბობს:
- 18 წლის ვიყავი, ბატონ ზვიად გამსახურდიას რომ შევხვდი ზუგდიდში. მას შემდეგ მე და ჩემი ძმა მის გვერდით ვიყავით, სანამ არ მოკლეს... სამოქალაქო ომშიც ვმონაწილეობდი, თენგიზ კიტოვანისა და ჯაბა იოსელიანის ბანდფორმირებებს ვებრძოდი.
დღემდე მკლავზე იმ დროშას ვატარებ, რომელიც ზვიადმა და მერაბმა ააფრიალეს საქართველოს დამოუკიდებლობის ნიშნად. დღემდე იმ ფიცის ერთგული ვარ, მაშინ რომ დავდე ჩემი სამშობლოსა და პრეზიდენტის წინაშე.
- ზვიად გამსახურდიას დაცვაში როგორ მოხვდით?
- წალენჯიხელი ვარ. აფხაზეთში სიტუაცია რომ აირია და ქართველების ხოცვა დაიწყეს, პარტიზანულ ბრძოლაში ჩავერთე, სულ წინა ხაზზე ვიყავი. მე რომ ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში ვიყავი, კიტოვანისა და იოსელიანის ხალხი წალენჯიხაში ჩემს ოჯახში შევიდნენ და მშობლების ოქროულობა წაიღეს. მოსაკითხად რომ მივედი, ისე მცემეს, ორი თვე კომაში ვიყავი. როგორც კი გამოვკეთდი, ისევ იარაღი ავიღე ხელში და მათ წინააღმდეგ ბრძოლაც დავიწყე. სწორედ იმხანად მოვხვდი ლოთი ქობალიას რეკომენდაციით რობინზონ მარგველანთან, შემდეგ კი ზვიად გამსახურდიას დაცვაში. საქართველოს ზვიად გამსახურდიას მსგავსი ლიდერი აღარ ჰყოლია, ის დიდად მორწმუნე და პატრიოტი პოლიტიკოსი იყო. მხოლოდ საქართველოზე კი არა, სრულიად კავკასიის მომავალზე ფიქრობდა. ზვიადსა და ჯოჰარ დუდაევს კავკასიის გაერთიანება უნდოდათ, ეს კი მხოლოდ რუსეთს კი არა, არავის სურდა. ალბათ, იმიტომ, რომ რუსებმა კავკასიის შესახებ მსოფლიოში მცდარი წარმოდგენები შექმნეს, მათი „წყალობით“ ყველას ველურები ვეგონეთ.
ამდენი გამყიდველი და მოღალატე პუტჩისტი რომ არა, ბატონ ზვიადსა და ჯოჰარს რომ დასცლოდათ, ახლა მხოლოდ საქართველო კი არა, სრულიად კავკასია იქნებოდა რუსეთისგან თავისუფალი.
- პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ბოლოს როდი ნახეთ?
- მის მკვლელობამდე სამი დღით ადრე. სიცოცხლეს რომ დაუფიქრებლად გავწირავდით მის გამო, ასეთი ადამიანები მოგვაშორეს და მოკლეს კიდეც. გამორიცხულია, ის თავს არ მოიკლავდა.
- ვის გულისხმობთ, ზვიადს ვინ მოგაშორათ?
- სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - ბესარიონ გუგუშვილმა და რობინზონ მარგველანმა. როდესაც ჩვეულებისამებრ სამსახურში მივედით, ზვიადთან აღარ მიგვიშვეს, გვითხრეს, სამ დღეში მოდითო. ამის გამო შეკამათება მოგვივიდა... ზვიადს რომ ჩვენი ხმამაღალი საუბარი გაეგონა, აუცილებლად გადმოვიდოდა მანქანიდან და ჩვენთან მოვიდოდა. სამი დღის შემდეგ, როდესაც მივედით, ზვიადი უკვე მოკლული იყო. პირადად ვნახე მისი ცხედარი - თავში ორი ტყვია ჰქონდა, ორივე სასიკვდილო. ამას გარდა, ნეკნებიც ჩამტვრეული ჰქონდა. მიხვდნენ, რომ მე და ჩემი ძმა არ გავჩუმდებოდით და განაჩენი გამოგვიტანეს, ორივე დაგვაპატიმრეს.
- იქვე დაგაპატიმრეს?
- არა, თბილისიდან შემოგვითვალეს, სამოქალაქო დაპირისპირება უნდა დავასრულოთ, უნდა შევრიგდეთ, ქვეყნისთვის ასე აჯობებსო, ვისაც მკვლელობა და ყაჩაღობა არა აქვს ჩადენილი, ხელს არავის ვახლებთო. დაპატიმრების შიში არ გვქონდა, იმიტომ, რომ არც მკვლელობა გვქონდა ჩადენილი და არც ყაჩაღობა, კანონიერ პრეზიდენტს ვიცავდით, ვერც ვიფიქრებდით, რომ გვიმუხთლებდნენ. ზუსტად ერთ კვირაში დაგვაპატიმრეს. ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიგვიყვანეს, შემდეგ უშიშროების. იქიდან სად წაგვიყვანეს, არ ვიცი, იმიტომ, რომ თავზე ტომრები ჩამოგვაცვეს. მშობლებმა დიდხანს არ იცოდნენ ჩვენი ასავალ-დასავალი. ზოგი ეუბნებოდა, დახვრიტესო, ზოგიც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯესო...
- დაპატიმრებისას რა ბრალდება წარგიდგინეს?
- მე გეგეჭკორის პოლიციაზე, ჩემს ძმას კი ზუგდიდის კომბინატის დაცვის თანამშრომელზე თავდასხმა. თითქოს კობამ იმ კაცს თავში ესროლა. არადა, ის კაცი ცოცხალი იყო და ჩვენს წინააღმდეგ აძლევდა ჩვენებას. სრული აბსურდი გვითხრეს, თურმე ჩემი ძმის ნასროლმა ტყვიამ იმ კაცის თავზე რიკოშეტი გააკეთა და ის მხოლოდ დაიჭრა... წამებით მომიკლეს კობა, ციხეში რომ შევიდა, 120 კილოგრამი იყო და იქიდან მისი 40-კილოგრამიანი ცხედარი გამოუტანეს ჩემს მშობლებს. მე იმ ღამითვე გამომიყვანეს საკნიდან, შავ "ვოლგაში" ჩამსვეს, პასპორტი მომცეს, საზღვრამდე მიმიყვანეს და მითხრეს, საქართველოში აღარასოდეს დაბრუნდეო. როსტოვში ჩავედი თუ არა, სახლში დავრეკე და მაშინ გავიგე, რომ ჩემი ძმა ცოცხალი აღარ იყო.
- როგორ ფიქრობთ, თქვენ რატომ გაგიშვეს?
- 40 კაცი მოიყვანეს ჩემს ამოსაცნობად, მაგრამ არც ერთმა არ დამადო ხელი. ამას გარდა, ალბათ, იფიქრეს, რომ მსხვერპლად ჩემი ძმაც საკმარისი იყო, არ ვიცი...
როგორც კი ჩემი ძმის გარდაცვალების ამბავი გავიგე, იმწუთას უკან დავბრუნდი. სარფთან ისევ ის ხალხი დამხვდა, ვინც შავი "ვოლგით" მიმიყვანა საზღვრამდე. ვთხოვე, ძმა დამატირებინეთ-მეთქი. ერთკვირიანი ვადა მომცეს.
ძმის დაკრძალვის დღეს ნათესავები "იკარუსის" ავტობუსში ვიკრიბებოდით... გაივსო ავტობუსი, მაგრამ მძღოლმა ვეღარ დაქოქა. როგორც გაირკვა, საბურავთან, პირდაპირ ძრავის ქვეშ, ძაღლი იწვა... გამოყვანა რომ დააპირეს, ყეფა და ღრენა დაიწყო, არავინ მიიკარა. მე რომ მივედი, მაშინვე დაწყნარდა, მისი გამოყვანისას ზედ ძრავასთან დამაგრებული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი დავინახე. წარმოგიდგენიათ, ჩემ გამო რამდენ ადამიანს კლავდნენ? მოვბრუნდი და უშიშროების თანამშრომლებს, რომლებიც სულ კუდში დამდევდნენ, დავუძახე. პასუხი მოვთხოვე, ამას რას აკეთებთ-მეთქი. ხელები გაშალეს, ჩვენ რა ვქნათ, ხომ ხედავ, რა სიტუაციაა, უნდა წახვიდეო.
დავასაფლავე ჩემი ძმა, სამ დღეში ისევ შავი "ვოლგით" მომაკითხეს და ისევ რუსეთის მიმართულებით გამიშვეს. მე რუსეთში არ გავჩერდი, პირდაპირ უკრაინაში გადავედი და მას შემდეგ იქ ვცხოვრობ.
- ოჯახი იქ შექმენით?
- საქართველოში შვილი მყავს. უკრაინაში მოგვიანებით მეორე ოჯახი შევქმენი.
- ომის დაწყებამდე რას საქმიანობდით?
- მარიუპოლში ვცხოვრობდი და ბავშვებს კარატეში ვავარჯიშებდი. 2022 წელს რუსები რომ შემოიჭრნენ, ჩემ თვალწინ შემზარავი ამბავი მოხდა.
ჩვენი საცხოვრებელი სახლის წინ სამშობიარო იყო. რუსებმა დაბომბვა რომ დაიწყეს, რამდენიმე კაცთან ერთად შევვარდი... სამ ჩვილს დავავლე ხელი, გულში ჩავიკარი და ისე გამოვვარდი. დავაწვინე ბავშვები და მესმის მეგობრის სიტყვები, კახა, დაჭრილი ხარო. ვუპასუხე, არა-მეთქი და ტანზე დავიხედე, სულ სისხლიანი ვიყავი. სამივე ჩვილი მკვდარი იყო, აი, მაშინ აფხაზეთი დამიდგა თვალწინ... იმ დღესვე წავედი და იარაღი მოვითხოვე.
ზოგჯერ სოციალურ ქსელში გვწერენ, დაქირავებულები ხართ, ფულის გამო იბრძვითო. აქ ძირითადად ის ბიჭები არიან, ვისაც აფხაზეთისა და ცხინვალის ომის დროს ოჯახი აუწიოკეს, ნათესავები და მეგობრები დაუხოცეს. ამ ომმა მოგვცა საშუალება, რომ მტერზე ჯავრი გვეყარა. უკრაინელები იარაღს არავის აძლევენ კონტრაქტზე ხელის მოწერის გარეშე. კონტრაქტს რომ მოაწერეს ხელი, ხელფასიც დაენიშნათ.
- თქვენი დაკვირვებით, რით განსხვავდება აფხაზეთის ომი უკრაინის ომისგან?
- ძალიან მნიშვნელოვანი რამით, ყველაფრის მიუხედავად, მებრძოლები ერთმანეთს პატივს ვცემდით. ტყვეებს უკადრებელს არც ჩვენ ვაკადრებდით და არც ისინი, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. ალბათ, აფხაზები არ აძლევდნენ ამის უფლებას, ახლა რუსების სახე ბოლომდე დავინახე, ამათზე დაუნდობელი ხალხი არ არსებობს. ნამდვილი ვაჟკაცი, მეომარი, იარაღაყრილი და დაჭრილი კაცის წამებას არ იკადრებს. როდესაც ჩვენ აგვყავს ტყვეები, ოჯახში დარეკვის უფლებას ვაძლევთ და მათ მშობლებს ვეუბნებით, რომ უკრაინელ ტყვეებზე რომ გავცვლით, აქეთ აღარ გამოუშვათ თქვენი ოჯახის წევრები-მეთქი. იცით, რუსები რას აკეთებენ? ურეკავენ უკრაინელი ტყვეების ოჯახის წევრებს და მათ წამებას აყურებინებენ. არსებობს ვიდეო, სადაც რუსი ჯარისკაცი სამი დღის მკვდარ უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარს ნაჯახით ჩეხავს.
ტექნოლოგიურადაც განსხვავებული ომია... აქ რუსული ხასიათის კიდევ ერთი სიმახინჯე დავინახე - საკუთარი ხალხი არაფრად არ მიაჩნიათ, ძაღლებივით ექცევიან, ჰოსპიტლებიდან დაჭრილებს ერეკებიან წინა ხაზზე. ვიდეოც გვაქვს გადაღებული, რუსი ჯარისკაცი ყავარჯნებით მიდის შეტევაზე. რა თქმა უნდა, ტყვედ ჩავარდა ის უბედური. ძალიან ბევრი რუსი იღუპება ყოველდღიურად, ვხოცავთ და ისინი კიდევ უშვებენ... ერთ უკრაინელ ჯარისკაცზე 14 რუსი მოდის, დღეში 5000-6000 რუსი ჯარისკაცი იღუპება. ჩვენს მხარესაც ბევრი იღუპება, მაგრამ ამდენი ნამდვილად არა.
ახლა ვრწმუნდები, თუ რამე საშინელება და სისასტიკეა მომხდარი აფხაზეთის ომში, ყველაფრის ინიციატორები რუსები იქნებოდნენ. ქალების, ბავშვების, მოხუცების, ტყვეების წამება და გაუპატიურება რუსების ხელწერაა.
რუსი არ არის მეომარი, რუსი ტერორისტია და რაც მალე გავიაზრებთ ამას თითოეული ჩვენგანი, ჩვენთვისვე იქნება უკეთესი. ვეკითხები მათ, ვინც ამბობს, რუსეთი ჩვენი მეგობარიაო. როდის იყო რუსეთი ჩვენი მეგობარი, ქართველი გოგონა რომ გაატყავეს და "ქართული ხორცი" დააწერეს, თუ კაცები, ცოცხლად რომ ჩაყარეს ჭაში?!
- ახლა რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე?
- ფრონტზე იმედიანი განწყობაა, იარაღი ჯერ გვაქვს, ორი კვირის წინაც მივიღეთ ამერიკისგან იარაღი. იმედია, დახმარება მომავალშიც იქნება. რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიის შემდეგ ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ და ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი ჰქონდათ. ისე, იქ ძალიან კარგად გამოჩნდა, ვინ არის ნამდვილი ლიდერი.
- რას გულისხმობთ?
- მე არა ვარ ზელენსკის თაყვანისმცემელი, არც ჩემს უკრაინელ მეუღლეს აქვს ხმა მიცემული მისთვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტრამპმა და ჯეი დი ვენსმა თეთრ სახლში მიიწვიეს და შეურაცხმყოფელი განცხადებით თავს დაესხნენ, ყველანი მის გარშემო დავირაზმეთ. დაზუსტებით ახლა ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ძალიან დამაიმედებელი ინფორმაცია მოდის ჩვენამდე. არ არის გამორიცხული, ყველაფერი აგვისტოს ბოლომდე დასრულდეს.
- ინტერვიუს დასაწყისში თქვენ მხედრიონელებთან დაპირისპირების შესახებ ისაუბრეთ, როგორც ვიცი, ბევრი მათგანი ახლა უკრაინაშია.
- შეიძლება რომელიმე მათგანს საქართველოში რომ გადავყროდი, სხვანაირად დავლაპარაკებოდი, მაგრამ დღეს უკრაინაში ვართ, სხვა ქვეყანაში, სადაც საერთო მტერს ვებრძვით. ამიტომ, რაც ჩვენ შორის საქართველოში მოხდა, გახსენება არ მინდა. სამწუხაროდ, იმ ავბედით დროს ბევრი შეცდა. უკრაინაში ყველამ იცის ჩემი ვინაობა, ბევრიც მერიდება... მე სხვანაირი კაცი ვარ, ქართველის ხელის გარტყმას ან გინებას სხვა ეროვნების ადამიანს არ და ვერ დავანახვებ. არა ვარ ისეთი პიროვნება, თავის ქება რომ უყვართ, ან კი კაცის მკვლელობა რა სატრაბახოა? პირიქით, მამძიმებს იმის შეგრძნება, რომ ვიღაცას მამა მოვუკალი, ვიღაცას ძმა, შვილი...
- ომის დამთავრების შემდეგ რას აპირებთ?
- ამ მთავრობის გამო ვერ ჩამოვდივარ, არ ვენდობი. დარწმუნებული ვარ, რუსებს გადასცემენ ჩემს თავს. კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც საქართველოში არ ჩამოვდივარ, ვერ ავიტან იმის ყურებას, თუ როგორ არხეინად დადიან და როგორ მასპინძლებივით გრძნობენ თავს რუსები ჩემს ქვეყანაში. მე რუსებმა და რუსების დაქირავებულმა მოღალატე ქართველებმა მაწამეს, ძმა მომიკლეს, ჩემი პრეზიდენტი მოკლეს და სამშობლოდან გამომაგდეს. არა უშავს, მოვა დრო და გამარჯვებული დავბრუნდები ჩემს საქართველოში.
ხათუნა ბახტურიძე