ხადას ხევის ბედნიერება, ანუ სიყვარული გაცოცხლებულ კერაზე... - კვირის პალიტრა

ხადას ხევის ბედნიერება, ანუ სიყვარული გაცოცხლებულ კერაზე...

ქორწილზე დიდი ბედნიერება ამქვეყნად ბევრი არც არაფერია - ახალი ოჯახი ეფუძნება, ახალი სიცოცხლე უნდა დაიწყოს და ეს საოცარი შეგრძნებაა: ბუნება მხოლოდ სიცოცხლის გაგრძელების წესით ცხოვრობს. თუმცა განსხვავებების მშვენიერი პალიტრა ქორწილებშიც არის.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ გიორგი როსტიაშვილისა და გვანცა წოწკოლაურის ქორწილის კადრებს იმდენი ემოცია, სითბო და დალოცვა ახლავს, გინდა თუ არა, ამ ქორწილის სტუმარს გხდის. რატომ? ახლავე აგიხსნით? გიორგი მთიულია და ქორწილი ისე გადაიხადა,­ როგორც მუდამ იხდიდნენ ხევში - თეთრ ცხენზე ამხედრებულმა შორი გზიდან მოიყვანა პატარძალი, რომელსაც მაყრად თან შვიდი ცხენოსანი მოჰყვა. ზუსტად ისე, როგორც ცნობილ სიმღერაშია, "შვიდი მაყარი თან მოჰყვა, შვიდივე ცხენოსნიანი".

მხოლოდ ესეც არ ყოფილა - სანამ პატარძალს მოიყვანდა, მანამდე თბილისიდან ხევში, სოფელ ხადაში წავიდა, გაუკაცრიელებული წინაპართა კერა მოძებნა, მეგობრები დაიხმარა და როგორც თავად ამბობს, ქოხი ააშენა. თუმცა, მგონი, ის ქოხი კი არა, ყველაზე ბედნიერი სახლია დედამიწის ზურგზე, რომელიც იმ კაცმა ააშენა, რომელმაც თავისი კერის ხმა გაიგონა - ეს ხმაც ხომ ყველას არ ესმის. შემდეგ "ქოხის" ფოტო გამოაქვეყნა და მიაწერა: "მთები მიბარებს, რომ წამოხვალ, არ დატოვო, პატარძალი წამოიყვანეო". ასეც ქნა: პატარძალიც სულ მალე გაჩნდა ხევის ოდესღაც მიტოვებულ და ისევ გაცოცხლებულ კერაზე.

მთელ ამ ამბავში დიდი საქმე ისიც იყო, რომ ცხენზე ამხედრებულმა პატარძალმაც დიდი გზა გამოიარა, ხადის სალოცავში სიძეს შეხვდა, ჯვარი დაიწერა და ასე დაიწყო ბედნიერება. ახლა, როგორც იტყვიან, უნდა ვთქვა: "ჭირი იქა, ლხინი აქა". თუმცა ჯერ არ დავასრულებ. გავაგრძელებ და სიძე-პატარძლის მეგობარს გიორგი თადიაურს მოვაყოლებ, ზუსტად როგორ იყო ეს ამბავი, მიტოვებული კერის აღორძინების და ახალი სიცოცხლის დაწყების, კიდევ შვიდცხენოსნიანი პატარძლის.

patarzali1-1746385220.jpg

- ხევში სოფელი ხადა, ალბათ, ბევრმა იცის, ულამაზესი სოფელია, გული ხარობს, როცა იქ ხარ. წლების წინ სოფელი დაცარიელდა, მხოლოდ სამი-ოთხი ოჯახი დარჩა და გიორგის მამა-პაპამაც დატოვა იქაურობა, მაგრამ, როგორც ჩანს, იმდენი სიყვარული გამოიყოლეს, გიორგის გულში უფრო გაღვივდა და ხადაში თავად ააშენა პატარა სახლი ცარიელ მიწაზე. მეგობრებიც დაიხმარა.

- გაიხაროს, თანაც რა ქორწილი გადაიხადა! უამრავი ადამიანი უსურვებს ბედნიერებას სოციალური ქსელით.

- გვანცა უკარგესი გოგოა. ალბათ, გიკვირთ, საიდან იცის ცხენის ტარება. საიდან და, თავადაც ფშაველია და ისწავლა. ხადის შესასვლელში დაახვედრეს პატარძალსა და მის მაყარს ცხენები. დაახლოებით 7-8 კილომეტრი იარა ხადას სალოცავამდე ცხენით.

- და დედოფლის თეთრი კაბით, არ ციოდა?

- არ ციოდა, მზე იყო და გაათბო ქორწილი.

ვისაც ეს ქორწილი არ უნახავს, ვერ გაიგებს, ეს რა განცდა იყო. ბევრს ვუსურვებ ასეთივე ქორწილი ჰქონოდეს, ამდენი სიმღერით, ლექსითა და სიყვარულით გამთბარი.

- რას საქმიანობს სიძე-პატარძალი?

- ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ცდილობენ საარსებო სახსარი თავად იშოვონ, ოღონდ საქართველოში, ტრადიციები შეინახონ და იცხოვრონ წინაპართა გაგრძელებად.

- ბედნიერი იყვნენ, იმდენი შვილით იცხოვრონ, რამდენსაც ღმერთი მისცემთ.

- გმადლობთ. თავადაც ნატრობენ ბედნიერ საქართველოს და იციან, რომ აუცილებლად გვექნება. დანარჩენს ცხოვრება აჩვენებთ. ჩვენ, მეგობრები, ყოველთვის უღალატოდ ვიქნებით მათ გვერდით.