სტუმარ-მასპინძლობა "არალეგალურად" - რამდენი არალეგალი უცხოელი იმყოფება საქართველოში, რას საქმიანობენ ისინი და შეიცავს თუ არა ეს რისკებს?! - კვირის პალიტრა

სტუმარ-მასპინძლობა "არალეგალურად" - რამდენი არალეგალი უცხოელი იმყოფება საქართველოში, რას საქმიანობენ ისინი და შეიცავს თუ არა ეს რისკებს?!

საქართველოს შრომით ბაზარზე უცხო­ელი მიგრანტების სიჭარბეა.­ რამდენიმე დღის წინ ცნობილი­ გახდა, რომ შს სამინისტრო უცხოელი მიგრანტების დასაქმების­ საკითხის რეგულირებაზე მუშაობს. "იმის გამო, რომ კანონმდებლობა ამ ნაწილში გაუმართავია, იყო შემთხვევები­, როცა სამუშაო ქართველმა დასაქმებულებმა დაკარგეს და მათი ადგილი უცხოელებმა დაიკავს", - ამბობს შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე. როგორც შსს იუწყება, დღეისთვის ქვეყანაში 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტია. რომელი ქვეყნებიდან მოდიან, რას საქმიანობენ ისინი ჩვენთან და რა შეიძლება მოჰყვეს ამას, ამ საკითხებზე ვისაუბრეთ ეკონომიკის ექსპერტ სოსო არჩვაძესთან.

- ეს არის ნაწილი იმ ზოგადი პრობლემისა, რაც უკავშირდება გლობალიზაციის პირობებში მოსახლეობის მობილურობის ზრდას. ტექნიკა, ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, რომ ადამიანები სწრაფად გადაადგილდნენ არა მარტო ერთ ქვეყანაში, არამედ სახელმწიფოთა შორისაც. ამას ხელს უწყობს როგორც სატრანსპორტო-საკომუნიკაციო საშუალებების განვითარება, ისე მოსახლეობის შემოსავლებისა და კეთილდღეობის მატებაც, თანაც ეს არის, ასე ვთქვათ, ქუჩა ორმხრივი მოძრაობით. საქართველოს მოქალაქეები­ მასობრივად არიან გასული ქვეყნიდან და ეს სიცარიელე ივსება სხვა, შედარებით ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან, რომლებსაც საქართველოსთან ნაკლები შეხება აქვთ კულტურული, ისტორიული, ეთნოფსიქოლოგიური ნიშნებით და ეს გარკვეული საფრთხის მატარებელია მაშინ, როდესაც ჩვენი­ მოსახლეობის რაოდენობა არ იზრდება.

- რას გულისხმობთ?

- შემიძლია ერთი რიცხვი დაგისახელოთ: დაბადებულთა და გარდაცვალებათა შორის სხვაობამ ამ საუკუნეში - 2001-დან 2024 წლის ჩათვლით, მხოლოდ 5,8 ათასი შეადგინა. დაიბადა 1 283 400 ბავშვი და იმავე პერიოდში გარდაიცვალა 1 177 600 კაცი. ამასთან, ბოლო 5 წლის განმავლობაში მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის­ უარყოფითი სალდო, ანუ გარდაცვალებათა მეტობა დაბადებაზე, არის 31 800. უფრო თვალსაჩინო რომ იყოს, ეს არის იმაზე მეტი, ვიდრე დღეისთვის საჩხერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაა - ანუ ჩავთვალოთ, რომ 5 წელიწადში ერთი მუნიციპალიტეტისხელა მოსახლეობა დააკლდა საქართველოს მხოლოდ ბუნებრივი მოძრაობის გამო. ამასთან, არის კიდევ მიგრაციული ფაქტორი.

2001-2024 წლის ჩათვლით, საქართველოდან გავიდა დაახლოებით 400 ათასით მეტი საქართველოს მოქალაქე, ვიდრე შემოვიდა. შედარებისათვის: ეს არის დაახლოებით 150 ათასით იმაზე მეტი, ვიდრე იყო ტყვეთა გაყიდვის შედეგად საქა­რთველოს დემოგრაფიული ზარალი მთელი­ საუკუნე-ნახევრის განმავლობაში - XVII საუკუნის შუახანებიდან XVIII საუკუნის ბოლომდე.

ეს იმაზე მეტიც კი გამოდის, რამდენიც განიცადა საქართველომ ფიზიკური დანაკარგის სახით მეორე მსოფლიო ომში - ამ მშვიდობიან პერიოდში კი საქართველოდან გავიდა 400 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე, ვიდრე შემოვიდა.

ეს კიდევ ყველაფერი არ არის. გადიან შედარებით ახალგაზრდები. გასულთა მედიანური ანუ საშუალო ასაკი 7-8 წლით უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე საქართველოს მოსახლეობის შესაბამისი ასაკი, ბრუნდებიან უფრო ასაკოვანი და ნაკლებად შრომისუნარიანები. ეს არის მთავარი ფაქტორები და მთავარი გამოწვევა. ამიტომ, დემოგრაფიული პრობლემა გაცილებით მწვავეა­ და უფრო დიდ ყურადღებას იმსახურებს, ვიდრე ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ადგილი, რომელიც საქართველოს უკავია მსოფლიოს ქვეყნებს შორის მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი სამამულო პროდუქტით თუ ზრდის ტემპით. თუ არ იქნა საკმარისი რაოდენობა მკვიდრი აბორიგენი მოსახლეობისა, უკვე იმოქმედებს პრინციპი, რომელიც ქართულ ანდაზაშია კრისტალიზებული - "უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო". ეს ფიგურალური ნათქვამია, მაგრამ არცთუ ისე შორეული მაჩვენებელი რეალობასთან დაკავშირებით.

- ეს ფაქტორები ნამდვილად დამაფიქრებელია. რაც შეეხება არალეგალურ მიგრაციას, ამასთან დაკავშირებით რა მონაცემები გაქვთ?

- საქართველოში შემოდის სხვა ქვეყნის უფრო მეტი მოქალაქე, ვიდრე გადის. ეს ტენდენცია წლიდან წლამდე შენარჩუნებულია. სამწუხაროდ, საუკუნის დამდეგს სათანადო სტატისტიკის არარსებობის გამო ზუსტი ინფორმაცია ამის თაობაზე არ არის და შესაძლოა ესეც არის იმის განმაპირობებელი, რომ დაუზუსტებელი მონაცემები არსებობს ემიგრაციაზეც. მაგრამ რომ ავიღოთ 2012 წლის შემდგომი პერიოდი, ამის მიხედვით საქართველოში შემოვიდა 272 ათასით მეტი სხვა ქვეყნის მოქალაქე, ვიდრე გავიდა. რამდენი იყო მანამდე და როგორია ფაქტობრივი მდგომარეობა, ძნელი საკითხავია.

თბილისი ყოველთვის იყო მულტი­კულტურული და მრავალეთნიკური, მრავა­ლკონფესიური ქალაქი, მაგრამ ახლა იგრძნობა მულტირასობრივ ქალაქად მისი ტრანსფორმირება და ამას თანამდევი შედეგებიც მოჰყვება.

განსხვავებული მენტალიტეტის, ფსიქიკის, ფასეულობათა მქონე პირთა მომძლავრებით შესაძლოა დისკომფორტი შეიქმნას მკვიდრი მოსახლეობისთვის. ჩვენი მოსახლეობის ბუნებრივი მატების ტემპი რომ საკმაოდ სწრაფი იყოს და მოსახლეობის რიცხოვნობა კი არ იკლებდეს, არამედ სოლიდურად მატულობდეს, ეს შესაძლოა ნაკლებად დამაზიანებელი ყოფილიყო, მაგრამ როდესაც მკვიდრი მოსახლეობის რაოდენობა არ იზრდება, ცალკეული წლების მიხედვით, პირიქით, მცირდება, ბუნებრივი მატების მაჩვენებელი ნეგატიურია, ასეთ პირობებში უცხო კულტურისა და ფასეულობების წარმომადგენელთა მომატება ქვეყანაში სერიოზული საფრთხის მატარებელია როგორც დემოგრაფიული, ისე სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით.

- როგორც ითქვა, შემოსულთა უმრავლესობა არალეგალურად იმყოფება ჩვენს ქვეყანაში. როგორ ხვდებიან აქ?

- უვიზო რეჟიმით ჩამოსვლის შემთხვევაში აღრიცხვიანობის სისტემაში არსებული ხარვეზების გამო, ზუსტი რიცხვის დადგენა ვერ ხერხდება. ეს დამახასიათებელია თანამედროვე ეპოქისთვის, არა მარტო დემოკრატიული ქვეყნებისთვის, არამედ ისეთი ავტორიტარული სახელმწიფოებისთვისაც, როგორიც ჩინეთია. ერთ-ერთი ბოლო აღწერის დროს ხელმეორე, საკონტროლო ჩამოვლის შედეგად ჩინეთში აღმოაჩინეს დამატებით 65 მილიონი კაცი პირვანდელ აღწერასთან შედარებით და ახლა იქ, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები გაცილებით მკაცრად დგანან ავტორიტარული რეჟიმის სადარაჯოზე, იქ რომ ასეთი პრობლემებია, ჩვენთან, სადაც გაცილებით ლიბერალურია შემოსვლა-გასვლის რეჟიმი, ეს ნამდვილად მოსალოდნელი იყო.

ახლა აქცენტი უნდა გაკეთდეს არა იმაზე, რა გვეშველება, არამედ იმაზე, რომ არალეგალურად და ლეგალურად შემოსულებმა არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რაც დააზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს, მშვიდობას, ქვეყნის განვითარების მოდელს.

წაიკითხე ვრცლად