"მამა, მამაო" - არაადამიანურად ღრიალებდა, დავიწვი მისი საცოდაობით. მკვლელი საცხობში მუშაობს" - ვაგზალზე მომხდარი ტრაგედიის დეტალები - კვირის პალიტრა

"მამა, მამაო" - არაადამიანურად ღრიალებდა, დავიწვი მისი საცოდაობით. მკვლელი საცხობში მუშაობს" - ვაგზალზე მომხდარი ტრაგედიის დეტალები

სადგურის მოედანზე ახალგაზრდა, 53 წლის მამაკაცი (ე.კ.) მოკლეს. როგორც თვითმხილველები "კვირის პალიტრასთან" ჰყვებიან, მამაკაცს ყელი აქვს გამოჭრილი. მათივე თქმით, მოკლულს იქვე მდებარე საცხობში მომუშავე პირი ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი დანით ისეთი დაზიანებები მიაყენა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მათ შორის ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ. დაკითხვაზე გადაიყვანეს რამდენიმე თვითმხილველი, თავად მამაკაცის ცხედარი კი პროზექტურაში გადაასვენეს.

ერთ-ერთი თვითმხილველი "კვირის პალიტრასთან" ჰყვება:

"მოკლული მამაკაცი ლუდით ხელში საცხობის წინ მდებარე მაგიდასთან სკამზე ჩამოჯდა (ქილა გახსნილიც არ ჰქონდა, დალევა უნდოდა). ამის გამო, საცხობში მომუშავე მამაკაცმა მას შენიშნვა მისცა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, რადგან თუ იქ არაფერს შეიძენდა, ისე დაჯდომის უფლებას არ მისცემდა. ე.კ. შეპასუხებია, რა მოხდება ცოტა ხანს ვიჯდებიო, რასაც შელაპარაკება მოჰყვა და საცხობის თანამშრომელმა მას ყელის არეში დანით ჭრილობა მიაყენა.

ხალხი მიცვივდა, ერთი გოგონა გულის მასაჟს უტარებდა, ყველა საშინელ ემოციებში იყო. ადგილზე პოლიციაც მივიდა, ამ დროს მამაკაცის ტელეფონმა დარეკა და პოლიციელმა უპასუხა, დაღუპული რომ იყო არ უთხრა - ცუდად არისო, როგორც ჩანს, შვილი იყო, რადგან მალევე, ადგილზე მოვარდა და ყვიროდა, "მამა, მამაო", მერე პროზექტურაში წაჰყვა. არაადამიანურად ღრიალებდა, დავიწვი მისი საცოდაობით".

სამართალდამცავებმა ლენტი უკვე მოხსნეს, ტერიტორია გადარეცხილია და მოძრაობა აღდგა.

(სპეციალურად საიტისთვის)

ვაგზალზე მომხდარი მკვლელობის დეტალები: "ძირს ეგდო, საკმაოდ კარგად ჩაცმული მამაკაცი იყო, ჯერ უჩხუბიათ და მერე მოკლა. დამნაშავე დაკავებულიაო"