"უფლისციხე არის უფლის სახლი. იქ შესვლა უნდა იყოს უფასო" - რა ინციდენტი მოხდა უფლისციხის მუზეუმში და რას ითხოვდნენ აქციის მონაწილეები?
ინციდენტი მოხდა უფლისციხის მუზეუმში. მოქალაქეთა ჯგუფმა მუზეუმის შესასვლელი გადაკეტა.
"უფლისციხე არის უფლის სახლი. იქ შესვლა უნდა იყოს უფასო. მე რატომ უნდა გადავიხადო 15 ლარი? ოჯახი რომ მოვიდეთ აქ, 100 ლარი უნდა გადავიხადო? ბევრს არა აქვს ეს თანხა. გამოდის, რომ ოჯახები დარჩებიან უფლისციხის ნახვის გარეშე. აგერ გადავიხდით თითო კაცზე 2 ლარს, როგორც დასუფთავების გადასახადს და შევალთ" - აცხადებდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე. მუზეუმის თანამშრომლები მათ უხსნიდნენ, რომ სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით, ფასები სხვადასხვანაირია. ზოგი კატეგორიისთვის კი უფასოცაა. ,,ფასებთან დაკავშირებით თუ პრეტენზია გაქვთ, ეს შეგიძლიათ გაასაჩივროთ იქ, სადაც ფასებს ადგენენ. გველოდებიან სტუმრები, რომლებსაც უფლისციხის ნახვა სურთ. იქნებ გაათავისუფლოთ შესასვლელი. სოციალურად დაუცველებისთვის, დევნილებისთვის, ვეტერანებისთვის არის უფასო. მოსწავლეებისთვის ერთი ლარი'' - უხსნიდნენ აქციის მონაწილეებს მუზეუმის თანამშრომლები. მიუხედავად თხოვნისა, აქციის მონაწილეებმა გზა არ გახსნეს. ორი ადამიანის გარდა, დადგენილ კატეგორიას სხვა არ აკმაყოფილებდა. მუზეუმის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს. პოლიციის გადაწყვეტილებით, აქციის მონაწილეები მუზეუმში უფასოდ შეუშვეს და გზაც გაიხსნა. ,,ასე გავათავისუფლებთ ყველგან საქართველოს'' - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.
წყარო: ქართლის ამბები