"სრულიად საიდუმლოდ": "ბოროტების იმპერიის" საიდუმლო სპეცოპერაცია - როგორ გაამწარა რომის პაპმა ბრეჟნევი - კვირის პალიტრა

"სრულიად საიდუმლოდ": "ბოროტების იმპერიის" საიდუმლო სპეცოპერაცია - როგორ გაამწარა რომის პაპმა ბრეჟნევი

ხვალ, 7 მაისს, ვატიკანში, სიქსტის კაპელაში, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე ჩატარდება საზეიმო წირვა და დაიწყება ახალი პაპის არჩევის ოფიციალური პროცედურები (კონკლავი). რამდენ ხანს გასტანს ეს პროცესი, უცნობია, თუმცა ის კი შეიძლება ნამდვილად ითქვას, რომ კონკლავის შედეგებს მოუთმენლად ელიან არა მარტო კათოლიკურ სამყაროში, არამედ - მთელ მსოფლიოში. რომის პაპს დივიზიები და არმიები არ სჭირდება: მისი ენციკლიკა მძლავრი იარაღია!

პაპი ფრანცისკე კარგად აცნობიერებდა ამას, ამიტომაც ცდილობდა, ძალზე ფრთხილი ყოფილიყო შეფასებების დროს, რათა მიკერძოება არ დაებრალებინათ.

2024 წლის სექტემბერში ფრანცისკემ განაცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ადგილობრივმა კათოლიკეებმა ხმა „ნაკლებ ბოროტებას უნდა მისცენო". პაპ ფრანცისკეს თქმით, ორივე კანდიდატი „სიცოცხლის წინააღმდეგია... ერთი მიგრანტებს ქვეყნიდან ყრის, მეორე კი - ბავშვებს კლავსო“.

პირველ შემთხვევაში, პაპი დონალდ ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკას, ხოლო მეორე შემთხვევაში - ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის აბორტებისადმი ლიბერალურ დამოკიდებულებას გულისხმობდა. წარმოშობით არგენტინელი ხორხე მარიო ბერგოლიო (Jorge Mario Bergoglio) რომის პაპად 2013 წლის 13 მარტს აირჩიეს. თორმეტი წლის მოღვაწეობის მანძილზე პაპი ფრანცისკე სამშობლოში არ ჩასულა, მიუხედავად იმისა, რომ არგენტინის მოსაზღვრე ქვეყნებში მრავალგზის იმყოფებოდა. მან ამგვარად ახსნა ეს გადაწყვეტილება: არგენტინა პოლიტიკურად ძალზე პოლარიზებულია და ყველა ეცდებოდა, ჩემი ვიზიტი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინაო. ძალზე ლოგიკური შეფასებაა.

პაპა ფრანცისკე აქტიურად იყო ჩართული გლობალურ დიპლომატიაში. მან შუამავლის როლი შეასრულა 2014-2015 წლებში აშშ-სა და კუბას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში, რასაც მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მოჰყვა. „წმინდა საყდარს“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ხმის უფლება არ აქვს და ის მუდმივი დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს. ამის მიუხედავად, ვატიკანი აქტიურად მონაწილეობს გლობალური პრობლემების განხილვაში.

მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ და ლოკალურ პროცესებზე რომის პაპის გავლენა ყოველთვის იყო, თუმცა XX საუკუნეში ერთადერთი პაპი იოანე პავლე II გახლდათ, რომელმაც უდიდეს გეოპოლიტიკურ ცვლილებებს მისცა ბიძგი.

1978 წლის ბოლოდან „წმინდა საყდარი“, პაპის მეთაურობით, ღიად ჩაება ე.წ. სოციალისტური ბანაკის წინააღმდეგ ბრძოლაში და თუ „ბოროტების იმპერია“ დაემხო, ამაში იოანე პავლე II-ის დამსახურებაცაა.

„წმინდა საყდრის“ მეთაურად არჩევისთანავე წარმოშობით პოლონელმა იოანე პავლე II-მ სამშობლოში ჩასვლა გადაწყვიტა. ეს სწრაფადვე გახდა ცნობილი ვატიკანში მოქმედი კა-გე-ბეს აგენტურისთვის და ინფორმაცია „ცენტრში“ გააგზავნეს. საკითხი იმდენად მნიშვნელოვანი იყო საბჭოთა რეჟიმისთვის, რომ პოლიტბიუროს საგანგებო სხდომა მოიწვიეს, რათა ვიზიტის ჩაშლის კონკრეტული გზები დაესახათ. საბჭოთა „ნორჩ ლიდერებს“ (მათგან ყველაზე „ახალგაზრდა“ 70 წელს იყო გადაცილებული) კიდევ ის უხეთქავდათ გულს, რომ პოლონეთის „სოციალისტურ-კომუნისტური“ ხელისუფლება იოანე პავლე II-ის სამშობლოში ჩასვლას არ ეწინააღმდეგებოდა.

kiss-1746512860.jpg

ლეონიდ ბრეჟნევი და ედვარდ გერეკი, 1975 წელი. მაშინ ასეთებიც ხდებოდა...

საბჭოთა ლიდერმა ლეონიდ ბრეჟნევმა (1906-1982) პოლონელ კოლეგას ედვარდ გერეკს (1913-2001) დაურეკა, ჯერ ტკბილად მოიკითხა, შემდეგ კი „მეგობრულად“ ურჩია, რომის პაპის ვიზიტი ნებისმიერი საშუალებით ჩაეშალა.

„როგორ შეიძლება პოლონეთში არ მივიღოთ პოლონელი პაპი, როდესაც ჩემი თანამემამულეების უმეტესობა კათოლიკეა?“ – გაოცება ვერ დამალა გერეკმა. ბრეჟნევი ბევრს ეცადა, თუმცა გერეკი ვერ დაითანხმა. მაშინ კი საბჭოთა ლიდერმა გაბრაზებულმა ჩაიბურტყუნა: „გომულკა ( პოლონეთის ხელმძღვანელი გერეკამდე - ბ.ა.) შენზე უკეთესი კომუნისტი იყო, რადგან მან პაპი პავლე VI პოლონეთში არ შეუშვა და არაფერი საშინელი არ მომხდარაო“, თან დაამატა: „კარგი, რაც გინდა, ის გააკეთე, შენ და შენმა პარტიამ მერე არ ინანოთო“ და ტელეფონი გათიშა. უნდა ითქვას, რომ ედვარდ გერეკი ძალზე საინტერესო პოლიტიკური მოღვაწე იყო: პოლიტიკურ ოპოზიციასთან კომპრომისის მიღწევას ცდილობდა და ეწინააღმდეგებოდა ძალის გამოყენებას. მან კათოლიკურ ეკლესიასთან თანამშრომლობა დაიწყო და სწორედ ამის შედეგი იყო, რომ 1979 წლის 2 ივნისს პაპი იოანე პავლე II პირველად ეწვია სოციალისტურ ქვეყანას - თავის სამშობლოს, პოლონეთს. ამ ვიზიტმა პოლონელებში განსაკუთრებული მძლავრი მუხტი შექმნა, რაც, უპირველესად, ხელისუფლების წინააღმდეგ მოძრაობის გააქტიურებით და 1980 წლის შემოდგომაზე დამოუკიდებელი პროფკავშირული გაერთიანება „სოლიდარობის“ შექმნით გამოიხატა. ეს იყო „სოციალისტური ბანაკის“ რყევის დასაწყისი.

ioane-pavle-ii-1746512899.jpg

პოლონელებს იოანე პავლე II მართლაც, რომ მესიად მოევლინა. 1979 წლის 2 ივნისი.

ედვარდ გერეკის, რომლის მცირე წვლილიც არსებობს ამ „რყევებში“, კარიერის შემდგომ წლებს ბოლოს დავუბრუნდები.

სოციალისტურ ქვეყანაში რომის პაპის ვიზიტი საბჭოთა ხელისუფლებისთვის ნამდვილი შოკი იყო: საბჭოთა პროპაგანდას ვატიკანი ერთ-ერთ მთავარ მტრად ჰყავდა წარმოჩენილი და ამ „მტერს“ მილიონობით სოციალისტური პოლონეთის მოქალაქე ზარ-ზეიმით, რომ დახვდა, კრემლში მიხვდნენ, რომ იოანე პავლე II-ის სახით სერიოზული „თავისტკივილი“ გაუჩნდათ.

1980 წლის 13 ნოემბერს პოლიტბიურომ დაამტკიცა კა-გე-ბეს მიერ მომზადებული საიდუმლო დოკუმენტი: „გადაწყვეტილება ვატიკანის მიერ სოციალისტური სახელმწიფოების მიმართ წარმოებული პოლიტიკის წინააღმდეგ მუშაობის შესახებ“.

დოკუმენტში აღნიშნული იყო: „ვატიკანმა დაიწყო იდეოლოგიური ბრძოლა სოციალისტური ქვეყნების წინააღმდეგ. იოანე პავლე II-ის არჩევის შემდეგ, პაპის პოლიტიკა საბჭოთა კავშირის კათოლიკური რეგიონების, განსაკუთრებით - უკრაინის, ლიტვის, ლატვიისა და ბელორუსიის მიმართ, უფრო აგრესიული გახდა“. კა-გე-ბეს დაევალა „საბჭოთა ბლოკის“ ქვეყნებში პროპაგანდისტული კამპანიის ორგანიზება, „რათა ეჩვენებინა, რომ ვატიკანის პოლიტიკა ეწინააღმდეგებოდა კათოლიკური ეკლესიის ცხოვრებას“. „დასავლეთში“ კი უნდა დაეწყოთ აქტიური ოპერაციები, „რათა ეჩვენებინათ, რომ ახალი პაპის, იოანე პავლე II-ის ხელმძღვანელობა საშიში იყო კათოლიკური ეკლესიისთვის“.

კა-გე-ბე და პოლონეთის სპეცსამსახურები კოორდინირებულად მოქმედებდნენ. ვარშავაში მოქმედმა კა-გე-ბეს მისიამ „ცენტრს“ (იგულისხმება სუკ-ის ხელმძღვანელობა - ბ.ა.) მოახსენა, რომ ჩვენს მეგობრებს (ანუ პოლონელებს - ბ.ა.) აქვთ სერიოზული ოპერატიული პოზიციები ვატიკანში, რაც საშუალებას აძლევთ, პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ რომის პაპთან. ჩვენს მეგობრებს ჰყავთ აგენტები კათოლიკე სტუდენტების ლიდერებს შორისაც, რომლებიც მუდმივ კონტაქტში არიან ვატიკანის წრეებთან და აქვთ ოპერატიული შესაძლებლობები „ვატიკანის რადიოსა“ და პაპის სამდივნოშიო.

ცენტრმა უპასუხა წინადადებით, რომ „პოლონელ მეგობრებთან“ ერთად ჩაეტარებინათ ერთობლივი გრძელვადიანი ოპერაციები შემდეგი მიზნებით:

• გავლენა მოახდინონ ვატიკანის პოლიტიკაზე ცალკეულ საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით;

• გაზარდონ უთანხმოება ვატიკანსა და აშშ-ს, ისრაელსა და სხვა ქვეყნებს შორის;

• გაზარდონ შიდადაპირისპირება ვატიკანში;

- გამოიყენონ კა-გე-ბეს აქტივები რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში, საქართველოსა და სომხურ გრიგორიანულ ეკლესიებში;

- შეიმუშავონ და განახორციელონ აქტიური ზომები ამ ეკლესიებსა და ვატიკანს შორის კონტაქტების გაფართოების წინააღმდეგ.

ukazanie-1746512919.jpg

1981 წლის 21 აპრილს კა-გე-ბეს თავმჯდომარე იური ანდროპოვის ხელმოწერით მოკავშირე რესპუბლიკების სუკ-ის თავმჯდომარეებსა და სხვა ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს დაეგზავნათ „სრულიად საიდუმლო“ მითითება ვატიკანის „ძირგამომთხრელი საქმიანობის“ შესახებ.

ხომ გაგიგონიათ ანდაზა: „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდისო“, – „სოციალისტური სპეცსამსახურების“ შეტევების მიუხედავად, იოანე პავლე II მეთოდურად აგრძელებდა „ბოროტების იმპერიის“ ნგრევას. 1981 წლის 15 იანვარს იოანე პავლე II-მ ვატიკანში „სოლიდარობის“ ლიდერი ლეხ ვალენსა მიიღო. ათეულობით ტელევიზიის კამერების წინ პონტიფიკმა ისტორიული ფრაზა წარმოსთქვა: „შვილი მოვიდა მამის სანახავადო“. ეს ფაქტობრივად ლეხ ვალენსას და პოლონეთის წინააღმდეგობის მთელი მოძრაობის დალოცვა იყო.

shexvedra-vatikanshi-1746512951.jpg

ისტორიული შეხვედრა ვატიკანში

ამ რამდენიმე წლის წინ „სოლიდარობის“ ყოფილმა ლიდერმა ლეხ ვალენსამ განაცხადა: იოანე პავლეს პაპად არჩევისა და პოლონეთში მისი ვიზიტის გარეშე კომუნიზმი არ დასრულდებოდა ან, სულ მცირე, ეს გაცილებით გვიან და მეტი სისხლისღვრით მოხდებოდაო. უნდა დავეთანხმოთ ყოფილ დისიდენტსა და ყოფილ პრეზიდენტს.

ახლა ედვარდ გერეკი გავიხსენოთ, რომელსაც 1979 წლის დასაწყისში ლეონიდ ბრეჟნევი არაორაზროვნად დაემუქრა. 1980 წლის 6 სექტემბერს ედვარდ გერეკი გაათავისუფლეს თანამდებობიდან. 1981 წლის ივლისში იგი პარტიიდან გარიცხეს და მალევე დააპატიმრეს. ედვარდ გერეკი მხოლოდ ბრეჟნევის გარდაცვალების შემდეგ, 1982 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს პატიმრობიდან.

7 მაისს ახალი პაპის არჩევის ოფიციალური პროცედურები კი დაიწყება, თუმცა უცნობია, როდის იქნება ახალი პონტიფიკი არჩეული. კანდიდატურები საკმაოზე ბევრია. კონკლავში არც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების ჩარევაა გამორიცხული. ეს გარემოება კიდევ უფრო ამწვავებს იმ ფარულ დაპირისპირებას, რომელიც ვატიკანში ყოველთვის იყო სხვადასხვა კლანებს (ლიბერალებსა და კონსერვატორებს) შორის. თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რომელი დაჯგუფება გაიმარჯვებს, ამას დრო გვიჩვენებს. ერთი კი მთავარია: დიდ-პატარა „ბოროტების იმპერიები“ კვლავ დასანგრევია და ახალი პაპიც ისეთივე შეუპოვარი უნდა იყოს, როგორიც იოანე პავლე II გახლდათ.

(დასასრული)