ინდოეთ-პაკისტანის ომი დაიწყო - ვისი ჯარი უფრო ძლიერია და მივა თუ არა საქმე მსოფლიო მასშტაბის კატასტრიფამდე - კვირის პალიტრა

ინდოეთ-პაკისტანის ომი დაიწყო - ვისი ჯარი უფრო ძლიერია და მივა თუ არა საქმე მსოფლიო მასშტაბის კატასტროფამდე

ორმა ბირთვულმა ქვეყანამ ერთმანეთს დაარტყა, ოღონდ ჯერ ბირთვული ქობინების გარეშე... ინდოეთ-პაკისტანის ომი დაიწყო...

უკვე მოხდა სარაკეტო დარტყმების გაცვლა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა ორი მხრიდან...

ყველაფერი კი ასე იწყებოდა - 2025 წლის 22 აპრილს ქაშმირში მყოფ ტურისტებს ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს და 26 კაცი მოკლეს, რაშიც ინდოეთმა ტერორისტული დაჯგუფება "ლაშქარ-ე-თაიბა" დაადანაშაულა, რომელსაც, ინდოეთის სპეცსამსახურების მტკიცებით, პაკისტანი მფარველობს.

6 მაისს ინდოეთმა ამ სისხლიანი ტერაქტის საპასუხოდ პაკისტანზე განახორციელა სარაკეტო დარტყმები, რომელიც 25 წუთს გრძელდებოდა, ოპერაცია „სინდურის“ ფარგლებში.

„მართმსაჯულება შედგა“ - ამ სიტყვებით ინდოეთმა დაადასტურა პაკისტანზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმა, ოღონდ ხაზი გაუსვა, რომ საჰაერო დარტყმების სამიზნეები იყო არა პაკისტანის სამხედრო ობიექტები, არამედ ტერორისტული დაჯგუფება "ლაშქარ-ე-თაიბას" საწვრთნელი ბაზები.

თუმცა ოფიციალურ ისლამაბადს არ სჯერა დელის განცხადებების და თავის მხრივაც აქტიურ საბრძოლო მოქმედებებზე გადავიდა, რის შემდეგაც უშუალოდ ინდოეთის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდო რამდენიმე ინდური გამანადგურებელი თვითმფრინავი, მათ შორის - ფრანგული წარმოების „რაფალიც“, რაც პაკისტანელმა მფრინავებმა, სავარაუდოდ, შორს, თითქმის 200 კმ-ზე მფრენი ჩინური წარმოების „ჰაერი-ჰაერის“ კლასის მართვადი საავიაციო რაკეტებით შეძლეს.

როგორც ჩანს, ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები ძალას იკრებს და საჰაერო ორთაბრძოლებიდან სახმელეთო შეტაკებებზე გადასვლასაც უნდა ველოდოთ.

ჯერჯერობით, ბირთვული იარაღის გამოყენებით დამუქრება არც ინდურ და არც პაკისტანურ მხარეს არ წამოსცდენია, თუმცა გამორიცხული არაფერია, იმის გათვალისწინებით, თუ რა სამხედრო პოტენციალს ფლობს მეზობელი, მაგრამ ისტორიულად მუდმივად დაპირისპირებული ეს ორი ქვეყანა.

მათი სამხედრო ძლიერება შემდეგნაირად გამოიყურება:

ინდოეთის სამხედრო პოტენციალი მნიშვნელოვნად აღემატება პაკისტანისას - თუკი ინდოეთის თავდაცვის ბიუჯეტი 90 მლრდ დოლარს აღწევს, პაკისტანი სამხედრო მიზნებისთვის მხოლოდ 11 მლრდ დოლარს ხარჯავს. ინდოეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს 1,45 მლნ სამხედრო და შეუძლია 1,115 მლნ რეზერვისტის მობილიზებაც, პაკისტანს კი ბრძოლის ველზე მხოლოდ 645 ათასი სამხედროს და 550 ათასი რეზერვისტის გაყვანა შეუძლია.

ინდოეთის სამხედრო-საზღვაო ძალების განკარგულებაშია 294 ხომალდი, მათ შორის - ორი ავიამზიდი და 18 წყალქვეშა ნავი (ატომურის ჩათვლით, რომელიც რუსეთს აქვს მიქირავებული), მაშინ როდესაც პაკისტანელი მეზღვაურების არსენალში მხოლოდ 114 ხომალდია, მათგან 8 წყალქვეშა ნავი და არც ერთი ავიამზიდი.

ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალები მოითვლის 2 296 სამხედრო დანიშნულების საფრენ აპარატს, მათ შორის - 606 გამანადგურებელ თვითმფრინავს და 869 შვეულმფრენს, პაკისტანელ მფრინავებს კი შეუძლიათ გამოიყენონ 1 434 საფრენი აპარტი, მათ შორის - 387 გამანადგურებელი და 352 შვეულმფრენი.

ინდოეთის სახმელეთო ჯარების არსენალშია 4 114 ტანკი და 3 243 საარტილერიო დანადგარი, პაკისტანის არმიის შეიარაღებაში კი - 3 742 ტანკი და 3 228 საარტილერიო დანადგარი.

ნათლად ჩანს, რომ არმიის პირადი შემადგენლობის რაოდენობითა და ჩვეულებრივი შეიარაღების რაოდენობით ინდოეთი მნიშვნელოვნად ჯაბნის მეზობელ პაკისტანს, თუმცა მათი ბირთვული არსენალები თითქმის უტოლდება ერთმანეთს - ინდოეთს 180-მდე, ხოლო პაკისტანს - 170-ზე მეტი ბირთვული მუხტი აქვს, რაც მათ სტრატეგიულ საბრძოლო შესაძლებლობებს ათანაბრებს, თუკი საქმე სწორედ ბირთვულ დაპირისპირებებამდე მივიდა, ამ ორ მეზობელ ქვეყანას შორის.

ჩვეულებრივ შეიარაღებასა და არმიების რიცხოვნობაში ინდოეთის თითქმის სამმაგმა უპირატესობამ პაკისტანს შეიძლება, გადაადგმევინოს გადამწყვეტი ნაბიჯი ბირთვული იარაღის პირველად გამოყენებაზე, თუკი ამ ომმა მართლაც ფართო მასშტაბები შეიძინა და ისლამაბადი დამარცხების საშიშროების წინაშე აღმოჩნდა...

იმედია, საქმე აქამდე არ მივა, თუნდაც სხვა ქვეყნების ჩარევის გამოც, თუმცა უკვე კარგადაა ცნობილი, თუ ვინ ვის უჭერს მხარს - ჩინეთი და თურქეთი პაკისტანის მხარესაა, ისრაელს კი, ტრადიციულად, კარგი ურთიერთობა აქვს ინდოეთთან (თავის მხრივ, იძაბება სიტუაცია თურქეთსა და ისრაელს შორის, სირიის საკითხში). ტრამპის ამერიკა რას მოიმოქმედებს წინასწარ ძნელი განსასაზღვრელია, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონსა და დელის კარგი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა აკავშირებთ და, ამასთან, ტრამპს ჩინეთისთვის „სავაჭრო ომი“ აქვს გამოცხადებული.

ძალზე საინტერესოა სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს მეზობლის - აზერბაიჯანის პოზიცია, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან მუდმივად გრძნობდა პაკისტანის მხურვალე მხარდაჭერას - ყარაბაღის კონფლიქტის გამო. ისლამაბადს დღემდე არ უღიარებია სომხეთის დამოუკიდებლობა და ამასთან, ინდოეთი დღეს სომხეთს აიარაღებს, რაც კიდევ უფრო აახლოვებს ბაქოსა და ისლამაბადის პოზიციებს, იმის გათვალისწინებითაც, რომ თურქეთი უკვე უგზავნის შეიარაღებას პაკისტანს.