12 მაისს „კვირის პალიტრის“ ნომერში კონვერტი გზავნილისთვის მომავალში კვლავ დაგხვდებათ - მკითხველთა თხოვნით: კიდევ ერთი შანსი „პალიტრისგან“
“კვირის პალიტრის“ უნიკალური პროექტის „გზავნილი მომავალში“ გამეორებამ უზარმაზარი ინტერესი გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ გაზეთის 21 აპრილის, 28 აპრილისა და 5 მაისის ნომრებში მოქალაქეებს დახვდათ კონვერტის ბლანკი. ჩვენს მკითხველს ჰქონდა შესაძლებლობა, ძვირფასი ადამიანებისთვის, შთამომავლებისთვის და თუნდაც ქვეყნისთვის მიეწერათ წერილი. ადრესატი გზავნილს, ავტორის სურვილისამებრ, მიიღებს 10 ან 25 წლის შემდეგ (2035 ან 2050 წელს).
მომავალში გზავნილისადმი ინტერესმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მკითხველთა არც თუ მცირე ნაწილმა ვერ მოასწრო „კვირის პალიტრის“ შეძენა და შესაბამისად, მომავალში წერილის გაგზავნა. სატელეფონო ზარებით, რედაქციაში პირადად მოსვლით თუ სოციალური ქსელების საშუალებით ძალიან ბევრი მოქალაქე გვთხოვს, რომ იქნებ, მათაც მიეცეთ ამ უპრეცედენტო პროექტში მონაწილეობის საშუალება.
ამ უზარმაზარი ინტერესიდან და მოქალაქეების თხოვნიდან გამომდინარე, „კვირის პალიტრამ“ მიიღო გადაწყვეტილება პროექტის „გზავნილი მომავალში“ გახანგრძლივების შესახებ.
კერძოდ, გაზეთ „კვირის პალიტრის“ 12 მაისის ნომერშიც დაგხვდებათ კონვერტის ბლანკი (დეტალური ინსტრუქციით) რომ თქვენც შეძლოთ წერილის მიწერა მომავალში.
თქვენ მიერ დაწერილი წერილები დაილუქება საგანგებოდ დამზადებულ სკივრში და შეინახება ეროვნულიი არქივის საცავში.
წერილის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 31 მაისი!
2035 ან 2050 წელს კი თქვენი წერილის ადრესატები აუცილებლად შეიტყობენ, რომ მათ სახელზე წერილია!
მისწერე მომავალს 2035 ან 2050 წელში - შექმენი ისტორია!