ოთხი უცნაურობა თბილისში არშემდგარ აფეთქებების საფრთხესთან დაკავშირებით
საქართველოში აშშ-ის საელჩომ 7 მაისის საღამოს თავის ვებგვერდზე ამ შინაარსის ძალზე ყურადსაღები ინფორმაცია გაავრცელა - “გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აშშ-ის საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ ცნობები მიიღო:
“ისთ ფოინთ” სავაჭრო ცენტრში - ალექსანდრე თვალჭრელიძის ქ. 2;
“გალერია თბილისი” სავაჭრო ცენტრში - შოთა რუსთაველის გამზირი 2/4;
თბილისის სავაჭრო სივრცე [“თბილისი მოლი”] - დავით აღმაშენებლის გამზირი 16.
თბილისის საელჩოს უსაფრთხოების რეგიონულმა ოფისმა ურჩია საელჩოს ყველა თანამშრომელს, მოერიდონ ამ ადგილებს შემდგომ გაფრთხილებამდე. გთხოვთ, თვალყური ადევნოთ ადგილობრივ ამბებს განახლებისთვის. დამატებით ინფორმაციას, როცა გვექნება, შეგატყობინებთ"...
კონკრეტულ მასობრივი თავშეყრის ადგილებზე ტერორისტული აფეთქებების საფრთხის შესახებ ინფორმაციის გავრცელება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ისეთი მნიშვნელოვანი წარმომადგენლობიდან, როგორსაც აშშ-ის საელჩო წარმოადგენს, მართლაც რომ უდიდეს დაფიქრებას და გათვალისწინებას მოითხოვდა, თუმცა...
თუმცა აშშ-ის საელჩოს ამ კონკრეტულ განცხადებაში რამდენიმე ძალიან უცნაური დეტალი შეიმჩნევა, რისი ინტერპრეტაცია ქართველ საზოგადოებაში სხვადასხვანაირად შეიძლება მოხდეს...
პირველი უცნაურობა - აშშ-ის საელჩოს ამ განცხადებას მალევე მოჰყვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური პასუხიც - "შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე".
„მოქალაქეთა უსაფრთხოება სამსახურის უმთავრესი პრიორიტეტია და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სამსახური ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას ახორციელებს.
მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომდგენლებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან”.
გამოდის, რომ აშშ-ის საელჩოს თავისი განცხადების გავრცელებამდე არ გაუფრთხილებია საქართველოს სუს-ი, რაც ძალიან უცნაურად მოჩანს იმის ფონზე, რომ ბოლო წლებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის (რომელსაც ემორჩილებიან აშშ-ის საელჩოები მთელ მსოფლიოში) ყოველწლიურ მოხსენებებში, რომელიც საქართველოს ეხება, ყოველთვის დადებითად იყო ასახული ამერიკული და ქართული სპეცსამსახურების ურთიერთანამშრომლობა, ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების საქმეში და თუკი აქამდე ასე თანამშომლობდნენ ამერიკული და ქართული მხარეები, რა მოხდა ამ ბოლო, კონკრეტულ შემთხვევაში ისეთი, რომ აშშ-ის საელჩომ არ გააფრთხილა საქართველოს სუს-ი?
მეორე უცნაურობა - თბილისის ამ სამივე სავაჭრო ცენტრს საღამოობით ათასობით ადამიანი სტუმრობს, და არა მარტო აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები. თუკი ამერიკულ სპეცსამსახურებს ჰქონდათ საფუძველი თავისი საელჩოს თანამშრომლების გასაფრთხილებლად, ადგილობრივი მოსახლეობის გაფრთხილება ზედმეტი გახლდათ? ყველა ხომ არ კითხულობს აშშ-ის საელჩოს ვებგვერდს?
მესამე უცნაურობა - აშშ-ის საელჩოს მიერ თავის ვებგვერდზე ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული გაფრთხილება, აფეთქებების საფრთხის შესახებ, ბუნებრივია, გადათარგმნილი და გავრცელებული იქნა ქართული მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ, რასაც შეიძლება გამოეწვია პანიკა მითითებულ სამივე სავაჭრო ცენტრში. მით უმეტეს, რომ ამ სავაჭრო ცენტრების დაცვის სამსახურებიც არ იყვნენ გაფრთხილებულნი შესაძლო საფრთხის თაობაზე, ხოლო თავის მხრივ რა საშიშროებას შეიცავს პანიკასაყოლილი ხალხის მასის გამოქცევა სავაჭრო ცენტრების შენობებიდან, ძნელი წარმოსადგენი არ გახლავთ...
მეოთხე უცნაურობა - აშშ-ის საელჩომ ამ განცხადებით მხოლოდ თავისი თანამშრომლები გააფრთხილა და არა აშშ-ის ყველა ის მოქალაქე, რომლებიც იმ დროს შეიძლება ყოფილიყვნენ ამ სავაჭრო ცენტრებში, მით უმეტეს, რომ საქართველოში და კერძოდ, თბილისში, აშშ-ის ათასობით მოქალაქე იმყოფება ტურისტის სახით ან სულაც - მუშაობს.
არადა აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების გაფრთხილებისთვის რა საჭირო გახლდათ საელჩოს ოფიციალურ, ღია ვებგვერდზე ამის დაწერა, როდესაც თბილისის საელჩოს უსაფრთხოების რეგიონულ ოფისს ბუნებრივია, აქვს საელჩოს ყველა თანამშრომლის მობილური ტელეფონის ნომერი, მეილები და დახურული კავშირის საშუალებით მათი გაფრთხილება ისედაც შეეძლო ორიოდე წამში?