„ღვინოს ექიმების ფაქიზი ხელი ეტყობა“ - კვირის პალიტრა

„ღვინოს ექიმების ფაქიზი ხელი ეტყობა“

ზვიად დუშმანაშვილი ექიმია, მაგრამ სამედიცინო პრაქტიკა ამჟამად არა აქვს. 2017-2018 წლებში ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში საოჯახო მეურნეობას მიჰყო ხელი. როგორც ბატონი ზვიადი ამბობს, ენისელი ძველი, ტრადიციული სოფელია და იქ მოწეული ყურძნით საბჭოთა პერიოდში კონიაკი "ენისელი" მზადდებოდა. სოფელს მევენახეობის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ამას მიწაც ხელს უწყობს და კლიმატიც, საქმეში კი ასევე ექიმი მეუღლე, ნინო ჩახტაური უდგას მხარში.

ზვიად დუშმანაშვილი:

- ფრანგ მეღვინე სპეციალისტებს ენისელისა და წინანდლის ნიადაგისა და კლიმატის ანალიზები აქვთ გაკეთებული და დასკვნებიც დაწერილი, რომ ეს ტერიტორია მევენახეობა-მეღვინეობისთვის ოპტიმალური ზონაა. ენისელმაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ საამისოდ საუკეთესო ადგილია.

მე მცირემიწიანი დამწყები მევენახე და მეღვინე გახლავართ. ტერიტორია, სადაც ვენახი მაქვს გაშენებული, ჩვენმა ოჯახმა 90-იან წლებში მიიღო, რასაც სხვა ფართობიც დავამატე და 4 ჰექტარი გამოვიდა.

00c356ee-d36f-4a87-a9a7-12db2f77654a-1746690126.jpg

ნინო ჩახტაური:

- ვენახს ამ 4 ჰექტარზე იშვიათი, ხარისხიანი და ძველი ქართული ჯიშებით ვაშენებთ. დავიწყეთ 2017-2018 წლებში და ნელ-ნელა ვამატებდით, ჩვენი ფინანსებიდან გამომდინარე.

ზვიადი:

- ამჟამად 2 ჰექტარამდე სულ შევსებულია. დაახლოებით ათი ჯიში გვაქვს. საბჭოთა პერიოდში კახეთში ყველას რქაწითელი მოჰყავდა, ჩვენ კი ძველი ჯიშები გავიხსენეთ. აქ არის ქისი, ხიხვი, კახური მწვანე, კახური მცვივანი, თეთრი ბუდეშური, ვცადეთ ქართლის ჯიშებიც - ჩინებული და გორული მწვანე. გვაქვს ჰამბურგული მუსკატი (სხვაგვარად ვარდისფერი მუსკატი ჰქვია) - მის მომატებას კიდევ ვაპირებ. ამ ჯიშის ვენახები დედოფლისწყაროს ბოლო სოფელ ფიროსმანშია გაშენებული, სადაც ახლა აჭარლები ცხოვრობენ. ბიოლოგიური მასალა - კვირტი იქიდან წამოვიღე და მერე თვითონ გავახარე... რა თქმა უნდა, საფერავიც გვაქვს.

29bdaf1c-c53f-40fb-b554-14812a89f320-1746690126.jpg

- რა ეტაპზეა თქვენი ვენახი, რომელიც 2 ჰექტარამდეა სხვადასხვა ყურძნის ჯიშით შევსებული?

- უკვე მოსავლიანია. წლეულს ბიომევენახეობაზე გადასვლას ვაპირებ. მინდა შევამცირო ის პრეპარატები, რომლებიც მევენახეობა-მეღვინეობისთვის მაინცდამაინც სასურველი არ არის. ნელ-ნელა ბიოპრეპარატებზე გადავალთ... 5-6 წელი სჭირდება ბიომეურნეობის სერტიფიკატის აღებას.

- მარანიც ხომ გაქვთ?

- დიახ, მარანს ამჟამად ვაფართოებთ. სხვადასხვა მოცულობის 8 ქვევრი გვაქვს. ძველი ჩაყრილია, მაგრამ ხელახლა გავსანთლე - ოსტატი ზესტაფონიდან ჩამოვიყვანე და თაფლის სანთლით დავამუშავეთ. გვაქვს ასევე მუხის კასრები და ინვენტარი, რაც ამ მეურნეობას სჭირდებოდა - ეს ყველაფერი დაგვხვდა. სხვა საჭირო ტექნიკასა და ნივთებს ნელ-ნელა ვყიდულობთ, მათ შორის, უჟანგავი ლითონის ავზებს.

გვაქვს ასევე ფრანგული ყურძნის ჯიშებიც, ოღონდ ჯერ სატესტოდ. მათ შორისაა შარდონე, შირაზი, ბურგუნდიული, გვინდა კაბერნე-სოვინიონიც მივამატოთ.

d7467d38-6e5d-4a73-afcb-99d666b4c6f9-1746690127.jpg

- საბოლოოდ რა რაოდენობის ღვინოს იღებთ?

- დაახლოებით 2,5-3 ტონას. შარშანწინდელი ბოთლშია ჩამოსხმული - ბოთლში მიდის დავარგება. უკვე გასაყიდადაა გამზადებული. შარშანდელი მოსავალი დავარგების პროცესშია და შემოდგომა-ზამთრისთვის ბოთლებში გადატანას ვაპირებ. ახლა დაახლოებით 1000 ბოთლი გვაქვს მზად, შემოდგომაზე რაოდენობა მოიმატებს. კუპაჟებსაც ვაკეთებთ და მონოღვინოებსაც.

- ექიმები მეღვინეობას მისდევთ - რა არის ეს საქმე თქვენთვის?

- ჩემთვის ძალიან ძვირფასი პროცესია. მიზნად მქონდა დასახული, ეს საქმე დამეწყო. ტრადიციული მეღვინეობა, რაც საქართველოშია, თითქოს აღარ იყო ავტორიტეტული... ამიტომ მინდოდა ჩვენი პატარა წარმოებით ნამდვილი ღვინის დაყენების პრაქტიკა აღგვედგინა, გაგვეცოცხლებინა მივიწყებული ყურძნის ჯიშები და დაგვეყენებინა ღვინოები, რომლებსაც ქარხნები და დიდი წარმოებები ვერ გააკეთებენ. რა თქმა უნდა, ამას კომერციული მიზნებიც ახლავს.

მომავლის საქმედ იმას ვთვლი, რომ საქართველოში ღვინის ავტორიტეტი გაიზარდოს. როგორც ვთქვი, ამ საქმეში მაინცდამაინც სახელოვანი წარსული არა გვაქვს - ეს იყო ამ საქმეში ჩემი მოტივაცია. ვისურვე მქონოდა პატარა საოჯახო მეურნეობა, საიდანაც პატარა შემოსავალსაც მივიღებდით, თან ამ სურვილსა და ამბიციას დავიკმაყოფილებდით და კეთილშობილ ქართულ საქმეს გავაკეთებდით.

- ტექნოლოგიაზეც ვისაუბროთ...

- როცა ყურძენს ვწურავთ, კლერტს ვაცლით... ღვინოს ქვევრში ჭაჭაზე სხვადასხვა დაყოვნებით ვაყენებთ. ზოგჯერ ერთი თვის შემდეგ ამოგვაქვს ღვინო, ზოგჯერ 4-5 თვეს ვაჩერებთ. ტრადიციული კახური წესის თანახმად ვამზადებთ, როგორც საქმე მოითხოვს.

- მოკლედ, ენისელში დაბადებულმა იცოდით ამ სოფლის პოტენციალი და წამოიწყეთ კიდეც ეს საქმე...

- კი, ამ სოფელში დავიბადე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რაიონი ქინძმარაულის ზონად გადაიქცა, ენისელი და შემოგარენი სოფლები, ვფიქრობ, ცალკე მიკროზონაა რქაწითლისა და კახური მწვანისთვის. ამით მზადდებოდა საკონიაკე მასალები და ტრადიციული კონიაკი "ენისელი". ამ სოფელს გამორჩეული მიწები აქვს, გამორჩეული მევენახეობის კულტურა და რესურსი. ეს ყველაფერი ნიადაგისა და მიკროკლიმატის დამსახურებაა. ამიტომაც იყო, რომ დიდი სურვილი გამიჩნდა, პატარა წვლილი შემეტანა ენისელის მევენახეობა-მეღვინეობაში. ამ ყველაფერში ნინო მეხმარება, საქმეს ერთად ვუძღვებით როგორც ფიზიკურად, ასევე ფინანსურად. დაქირავებულ შრომას ნაკლებად ვიყენებთ. მარანს მე ვუძღვები. კონსულტანტებად პროფესიონალი მეღვინეები გვყავს, მათ შორის ჩვენი მეგობრები. ღვინის წარმოებაში კიდევ რამდენიმე ექიმია, რომლებსაც მინიწარმოებები აქვთ და ვთანამშრომლობთ. ვენახის სამუშაოებზე კი როცა საჭიროა, ხალხს ვიხმართ.

c611e658-fd07-42cf-9776-a13aba89ba1f-1746690126.jpg

ნინო:

- ზვიადს ამ ყველაფერში მხარს ვუჭერ. ჩვენთვის მთავარია, შვილებს დავუტოვოთ ეს აწყობილი საქმე და შემდგომ, რაც ასევე მნიშვნელოვანია, მათ განაგრძონ. როგორც შეუძლიათ, მუშაობენ, გვეხმარებიან. სამი შვილი გვყავს: 22 წლის, 16-ის და 12-ის.

ჩვენს პროდუქტს ვინც სინჯავს, ყველას მოსწონს. კვეხნაში არ ჩამომართვათ და, ჩვენს ღვინოზე ლეგენდები დადის.

- როგორ ფიქრობთ, რატომ მოსწონთ ექიმების ღვინო?

- ჩემთან ერთი ღვინის სპეციალისტი მოვიდა, რომელიც იმპორტსა და ექსპორტზე მუშაობს. ღვინის გაყიდვებში დიდი გამოცდილება აქვს. გავასინჯე და მითხრა, პრემიუმღვინოებია და ექიმის ფაქიზი ხელი ეტყობაო.

მეღვინეობა აკადემიურად არ მისწავლია, მაგრამ მედიცინაში ვისწავლე ასეპტიკის წესები, ჰიგიენის ნორმები, რაც ღვინის წარმოებისას მადგება. ვიცი, როგორ დავიცვა ბაქტერიებისა და დაავადებებისგან.

ღვინო უნდა იყოს მაქსიმალურად ჯანსაღი და ჩემი სამედიცინო განათლება ამ საქმეშიც მადგება. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ღვინომ დროს გაუძლოს და არ გაფუჭდეს. საერთოდ, საოჯახო მეურნეობებს ეს პრობლემა აქვთ. ასე რომ, ჩვენი ღვინო ვინც გასინჯა, არავის ავიწყდება, შემიძლია თამამად ვთქვა. შარშანაც ვმონაწილეობდი ახალი ღვინის ფესტივალში და წლეულსაც წარდგენილი მაქვს პროდუქცია...

- უახლოეს მომავალში რა გეგმები გაქვთ?

- ვენახის გაზრდას ვაპირებთ. გვსურს დასახელებულ ჯიშებს მივამატოთ. მივხედავთ მარკეტინგსაც, ღვინის სააგენტოსთან გავლილი გვაქვს პროცედურები. სააგენტოს მოთხოვნები აქვს, მათ შორისა ტესტირება, ღვინის ლაბორატორიული შემოწმება, რათა შესაბამისი სერტიფიკატი გასცენ, ღვინო ქსელში გასაყიდად შევიდეს. ახლა ღვინის რეალიზაციას დავიწყებთ. ისეთი შემოთავაზებებიც არის, რომ ჩვენი პროდუქტი საზღვრებს გარეთაც გავიდეს. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ის ჩვენთვის ახლა იხსნება და ყველაფერი კიდევ კარგად გამოჩნდება... ასე რომ, გვიყვარს საქმე, რასაც ვაკეთებთ.